ჯავახაძე ძიძიგურის და დავითაშვილისგან ნოღაიდელის ძველი ვალების გადახდას ითხოვს

ჯავახაძე ძიძიგურის და დავითაშვილისგან ნოღაიდელის ძველი ვალების გადახდას ითხოვს

 

საარჩევნო ბლოკ „ეროვნულ საბჭოსა“ და მეორეს მხრივ შპს „იუ-სი-ემ“-ს შორის, 2010 წლის 14 მაისს დაიდო ხელშეკრულება, „იუ-სი-ემ“-ის მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერდა დირექტორი გივი აფაქიძე, ხოლო „ეროვნული საბჭოდან“ მისი მმართველი დავით ნარსია.

ხელშეკრულების მიხედვით შპს-ს უნდა დაემზადებინა საარჩევნოდ ბანერები, პლაკატები და სხვა სახის საარჩევნო პროდუქცია.

„იუ-სი-ემ“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეასრულა, მაგრამ „ეროვნული საბჭოს“ მიერ დაკვეთის შემსრულებლისთვის თანხის გადახდა დღემდე არ მომხდარა.

„ეროვნული საბჭოს“ ერთ-ერთი სუბიექტის „სამართლიანი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ამჟამად როგორც ცნობილია, საქართველოში არ იმყოფება, ხოლო „ეროვნული საბჭოს“ სხვა სუბიექტები კონსერვატორები  და ხალხის პარტია არიან.

ამჟამად „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე აცხადებს, რომ გადასახდელი თანხა 20 ათასი ლარია, „ზვიადთან და კობასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, ამ თანხის გადახდის პასუხისმგებლობას არ ვიცილებ, ერთ მესამედს ამ თანხისას გადავიხდი, მაგრამ ორი მესამედი უნდა გადაიხადონ „ხალხის პარტიამ“ და „კონსერვატორებმა“, რომლებიც ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში იყვნენ. ხელშეკრულებაში მეორე მხარედ მითითებული კონკრეტულად ეროვნული საბჭოა. სტამბის ვალი ეროვნულ საბჭოს აქვს“ - აცხადებს სერგო ჯავახიძე.

სერგო ჯავახიძის ცნობით ყოველ თვეს ახალი მევალეები ჩნდებიან, რომლებიც ნოღაიდელის პარტნიორები იყვნენ. „ეროვნულმა საბჭომ“ გადაიხადოს, ძიძიგურს და დავითაშვილს, ჯავახიძის აზრით, ვალების გადახდა არ გაუჭირდებათ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თითო მილიონი მისცა. „კონსერვატორებისა“ და „ხალხის პარტიის“ ბუღალტრებმა უნდა ნახონ, რამდენი ექნებათ გადასახდელი და ამის მიხედვით ის თანხა გადაიხდონ, რაც საჭიროა.

იმ შემთხვევაში თუ დავითაშვილი და ძიძიგური ვალის გადახდაზე უარს იტყვიან, სერგო ჯავახაძე აცხადებს, რომ  თავადაც უარს იტყვის ვალის გადახდაზე, ვინაიდან მას  პარტიის თანხის გადარიცხვის უფლება არა აქვს. „ეროვნული საბჭოს“ დავალიანების გადასახდელად, ხელშეკრულებას დამოწმებულია მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ბეჭედით, ბლოკს თავისი ბეჭედი არ ჰქონდა და ჯავახიძის თქმით, არც უნდა ჰქონოდა.

თუ შპს „იუ-სი-ემი“ უჩივლებს „სამართლიან საქართველოს“, ჯავახიძეს მიაჩნია, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ვალის გადახდა დაეკისრებათ ზვიად ძიძიგურსაც და კობა დავითაშვილსაც. თუმცა, ჯავახაძე იმედოვნებს, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„კობას და ზვიადის პლაკატები დაიბეჭდა, „ეროვნული საბჭოსიც“ და მათ შორის - ჩემიც, ისინიც არიან „ეროვნული საბჭოს“ სამართალმემკვიდრეები. ნოღაიდელმა სოცილოგიური კვლევა შეუკვეთა და 44 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. ვერ დავადასტურებ, ნოღაიდელის ადგილმდებარეობას, ეს საქმე აღსრულებაშია, იმ კვირაში მისი ქონება გაიყიდება აუქციონზე, პარტიის წევრების ვალებიც ჰქონდა და იურიდიული პირებისაც. როგორც ნოღაიდელს ახასიათებს, თქვა - „ყველანი ფეხებზე მკიდიაო”, - განმარტავს სერგო ჯავახიძე.

ამგვარად, „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ეს დავალიანებები მხოლოდ ამ პარტიის გადასახდელი არ არის და სხვა სუბიექტებმაც უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა.

ორშაბათს ამ ხელშეკრულებების ასლები გადაეგზავნებათ „კონსერვატორებსა“ და „ხალხის პარტიის“ ლიდერებს. თუ დავითაშვილი და ძიძიგური ვალის გადახადაზე უარს იტყვიან, ამ თანხას სერგო ჯავახიძეც არ გადაიხდის და მისი გადახდა „ეროვნულ საბჭოს“ დაეკისრება.

Presage.tv  კობა დავითაშვილს დაუკავშირდა. მან კატეგორიულად უარი თქვა თანხის გადახდაზე და თქვა, რომ ნოღაიდელია პასუხისმგებელი ვალების გადაუხდელობაზე. საუბრის გაგრძელებაც არა ისურვა და ყურმილი დაკიდა. ზვიად ძიძიგურთან დაკავშირება კი ვერ მოვახერხეთ.

ორშაბათს როცა ხელშეკრულების ასლები „კონსერვატორებს“ და „ხალხის პარტიას“ ოფისებში მიუვათ, თავად გადაწყვეტენ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ვალის გადახდაზე.