რა განწყობა აქვთ ქუთაისლებს პარლამენტის დაუმთავრებელი შენობის სახელდახელოდ მოწყობილ ერთ-ერთ დარბაზში პომპეზური სხდომის წინ და როგორ შეხვდებიან ისინი 26 მაისს დედაქალაქიდან ჩასულ მოზეიმე დეპუტატებს?! ამის შესახებ Presage.tv ქუთათურებს ესაუბრა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია აცხადებს, რომ პარლამენტის პომპეზურად გახსნას ქუთაისლები იუმორით ხვდებიან. „ქუთაისი არასდროს უჩიოდა გამჭრიახი და ჭკვიანი ადამიანების ნაკლებობას. საბედნიეროდ, დღესაც ასეა. ვინც რეალურად უყურებს სიტუაციას, ხვდება, რომ ეს პარლამენტი მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვისაა და ქუთაისის ეკონომიკურ აღმავლობას მხოლოდ იმას მოუტანს, რომ რესტორნებში რამდენიმე კილოთი მეტი ღორისა და ხბოს მწვადი, ასევე, ეკალა გაიყიდება. თუ იყიდებოდა 10 კილო, გაიყიდება 15 კილო - მეტი არაფერი. ეს კი, არავითარ დადებით სტიმულს ჩვენი ქალაქის ეკონომიკას არ მისცემს და, საერთოდ, თუკი პარლამენტები აძლევს სტიმულსა და განვითარებას ქალაქებს, მაშინ პარლამენტის შენობა ხუთი წლის შემდეგ ქუთაისიდან ვანში გადავიტანოთ, მერე - სამტრედიაში, მერე - წალენჯიხაში და ვატაროთ ასე პარლამენტები და გადავიტანოთ ქალაქები“, - აცხადებს გოგი წულაია. მისივე თქმით, არის გამონაკლისიც და ერთეულ ქუთაისლებს პარლამენტის მათ ქალაქში გახსნა უხარიათ. რეალურად კი პარლამენტის აშენებამ ქუთათურებს დისკომფორტის მეტი ჯერჯერობით, არაფერი მოუტანა - გადათხრილია გზები, გართულებულია მისვლა-მოსვლა. გოგი წულაიას თქმით, „მაგ პარლამენტისგან სხვა სიკეთე არაფერი გვაქვს. არც პერსპექტივაში იქნება, ამას ათვითცნობიერებს ქალაქის უდიდესი ნაწილი. ალბათ, იცით, რომ ქუთაისში მიშას მიერ დიდი ზარ-ზეიმით გახსნილ თეატრში, საიდანაც სიცილით გამოვიდა და ჩვენი ტერიტორია გადაულოცა აფხაზეთს, მაგი საქართველო არასდროს არ იყოო, რამდენიმე დღის წინ, უშუალოდ სპექტაკლის დროს, წყალი თქეშით ჩადიოდა და ხელახლა ხურავდნენ. ქუთაისლები იცინოდნენ. ლუდოვიკოზე როა ნათქვამი, ლუდოვიკომ მარილი გააძვირა და იკითხა, რა ხდება? ხალხი რას ამბობსო? გმინავს ხალხიო, - უპასუხეს. მერე კიდევ გააძვირა, რა ხდებაო? ისევ - გმინავს ხალხიო; კიდევ გაუძვირა და ბოლოს რომ იკითხა, რა ხდებაო? იცინის ხალხიო, - მიუგეს. - ახლა კი უნდა შევჩერდეთო, თორემ გლახადაა საქმეო, -უთქვამს. მე მგონი, ეს დრო დადგა ახლაც, ამ ხელისუფლებისთვის, უნდა შეჩერდნენ, რადგან ქუთაისლები უკვე მართლა იცინიან“. რაც შეეხება პარლამენტის დაჩქარებულ მშენებლობას, მართალია, გოგი წუალაია მშენებლობის საკითხში ექსპერტობას ვერ დაიჩემებს, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ რა ხარისხითაც პარლამენტს აშენებენ, იქ მისვლა საშიში იქნება. „მიუხედავად იმისა, რომ ეს პარლამენტარები ჩემს დიდ სიმპათიას არ იმსახურებენ, უფალს შევთხოვ, ახლადგახსნილ შენობაში რაიმე უბედურება არ მოხდეს“. მისივე ინფორმაციით, მშენებლობაზე ძირითადად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაყვანილი ადამიანები მუშობენ, 10 % თუ იქნება ქუთაისელი. თუმცა, გოგი წულაია ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავს და წინააღმდეგი არ არის, ქუთაისში თელაველმა იმუშაოს, მაგრამ იმასაც ხედავს, რომ მშენებლობაზე უცხოელებიც არიან დასაქმებულნი და მათ გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ. მაგალითად, მინის გაკვრაზე ესპანელები და თურქები მუშაობენ და ისინი უკეთეს პირობებში არიან. გოგი წულაიას ცნობით, ქუთაისური პარლამენტის კონსტრუქცია უცხოელ არქიტექტორს ეკუთვნის, სავარაუდოდ, - ესპანელ არქიტექტორს, რომელსაც მანამდე თბილისში უმუშავია. ყველაზე უცნაურად გოგი წულაიას ის ფაქტი მიაჩნია, რომ პარლამენტის მშენებლობაზე პრობაციონრები არიან დასაქმებულნი, რომლებიც წინასწარი გასაუბრების შემდეგ უფასო მშენებლობაზე დაიყოლიეს, რის სანაცვლოდაც პრობაციის დღეებისა და თვეების შემცირებას დაჰპირდნენ. „ეს მონათმფლობელობის დაბრუნებაა, მეტი არაფერი. ასეთ ადამიანს რომ ამუშავებ, რომელიც არ არის სპეციალისტი, რა ხალისითა და გულით იმუშავებს?! ამ მშენებლობაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, პირობები კი ძალიან ცუდია, დილიდან ღამემდე ამუშავებენ, 12 საათიანი სამუშაო დღეა, ესეც მონათმფლობელობის გადმონაშთია. გააჩნია, ვინ რა სამუშაოს ასრულებს, სხვადასხვანაირი ხელფასებია. მიწის მოპირკეთებაზე და მძიმე სამუშაოებზე დაბალი ხელფასებია, კაფელ-მეთლახის გაკვრისთვის, ელექტროობის გაყვანისთვის კი 700-800 ლარამდე იხდიან“. ამასთან, გოგი წულაიას თქმით, ქუთაისლების განწყობას ისიც ამძიმებს, რომ სწორედ ამ პარლამენტის მშენებლობამ შეიწირა მათი თანამემამულეები - დედა-შვილი ჯინჭარაძეები. „იმ ადგილთან მიმართებით, სადაც დედა-შვილი ჯინჭარაძეები დაიღუპნენ, ქუთაისლებს ძალიან ცუდი რეაქცია აქვთ. ვისთანაც კი მაქვს ურთიერთობა, მათ 99 %-ს ნეგატიური განწყობა აქვს და მარაზმად თვლიან იმ ადგილზე აღლუმის ჩატარებას, სადაც ასეთი ტრაგედია მოხდა. პარადის, აღლუმისა და დაშინების მოწყობა რისთვის სჭირდებათ?! აღლუმი ხომ ძალის დემონსტრირებაა?! ძალას კი ვის უჩვენებენ მაგენი?! რუსს მაგათი არ ეშინია, თურქს, ირანელს, აზერბაიჯანელს თუ სომეხს და ახლა მე მაშინებენ?“ - კითხულობს გოგი წულაია. Presage.tv წარმოშობით ქუთაისელს, ასოციაცია „სამშენებლო მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” ხელმძღვანელს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს ანზორ საკანდელიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მშობლიურ ქუთაისში ჩასვლისას პარლამენტის მშენებარე ტერიტორიას მიაშურა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ იქ ყველაფერი გასაიდუმლოებულია. „კაციშვილმა არ იცის, როგორ აშენებენ, რას აშენებენ. ვისაც ვკითხე, პასუხი ვერ მივიღე. არ იციან, პროექტის საბოლოო სახე რა იქნება, არ იციან ხარჯთაღრიცხვის შესახებ, ყველაფერი ძალიან ქაოსურად მიმდინარეობს და არ ვიცი, 26-სთვის რას აპირებენ, ეს თარიღი კი უკვე კარზეა მომდგარი. ითქვა, რომ ერთი დარბაზის გაკეთება უნდა მოესწროს, მაგრამ რა აუცილებელია ასეთი სიჩქარე და მაინცდამაინც 26 მაისს დარბაზის გახსნა?! საერთოდ, რა საჭიროა პარლამენტის ქუთაისში გადატანა? მე თავად ქუთაისელი ვარ, თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე გახლავართ და დასაქმების შესახებ არაერთი პროექტი მაქვს წარდგენილი ხელისუფლებაში, მაგრამ 1998 წლიდან არავინ რეაგირებას არ ახდენს“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე. მისი თქმით, იგი კაკო ბობოხიძესთან ერთად, ზვიად გამსახურდიას დროინდელი პარლამენტის დეპუტატი გახლდათ, ახლოსაც იყო კაკო ბობოხიძესთან, მაგრამ პირველად რომ გაიგო ბობოხიძის მიერ ამ იდეის წამოყენების შესახებ, ეგონა, კაკო ხუმრობდა. როცა ამ ყველაფერმა სერიოზული სახე მიიღო, ანზორ საკანდელიძემ პრეზიდენტ სააკაშვილს წერილი მისწერა, თუ ქუთაისის დახმარება გსურთ, ხალხის დასაქმება მცირე მეწარმეების გარეშე წარმოუდგენელია. „სხვათაშორის, 1998 წელს ვანო მერაბიშვილის ინიციატივით (მაშინ ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე იყო), დაარსდა მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, რაც მცირე მეწარმეობის ერთადერთი სტრუქტურა იყო საქართველოში, თუმცა დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანა, სადაც მცირე მეწარმეებს არ აქცევდნენ ყურადღებას. იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოზე. პრეზიდენტს მივწერე, მოდით, პარლამენტს კი ნუ შეცვლით, არამედ ამერიკული მოდელის შესაბამისად, მცირე საწარმოთა ცენტრი აღვადგინოთ და, კი ბატონო, იყოს ქუთაისში-თქო. დღეს თუ ხვალ ეს მაინც გასაკეთებელია... ახლა არ ვიცი, პარლამენტს რა ფუნქცია უნდა მიეცეს, როგორ უნდა იფუნქციონიროს ნახევრად თბილისში, ნახევრად ქუთაისში?!“ - კითხულობს ანზორ საკანდელიძე და სამშენებლო თვალსაზრისითაც, გაურკვევლობაშია, რადგან ვერსად მიაკვლია ქუთაისის პარლამენტის გასაიდუმლოებულ პროექტს. ვერც მშენებლებისგან მოიპოვა ინფორმაცია და დაასკვნა, ეტყობა, მშენებლებიც დაშინებულნი არიან და ამიტომაც დუმილს ამჯობინებენ. „ქუთაისში ყოფნისას მშენებარე ნაგებობის მახლობლად მანქანა გავაჩერე და გადავიხედე, ახლოს არ გიშვებენ. მშენებელი კაცი ვარ და, ვიზუალურად რაც ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ მშენებლობის დამთავრება ასე არ ხდება. ჯერ კარკასი არაა დასრულებული, შეკრული და ამას, მინიმუმ, ერთი წლის სამუშაოები სჭირდება. მანამდე კი პროექტი უნდა არსებობდეს და ამ პროექტმა უნდა გაიაროს ექსპერტიზა. რომელი მშენებელი აშენებს ამ პარლამენტს, უცნობია, ვისი პროექტია - ესეც უცნობია, სად დამუშავდა, არ ვიცით. ტიპური პროექტი რომ არაა, უკვე ეტყობა. ისეთი მოხაზულობა აქვს, რომ სეისმომედეგობის თვალსაზრისით, საშიშია. 1990 წლის პირველი იანვრიდან სეისმოსაშიშროებასთან ერთად, მთელ საქართველოში სეისმომედეგობა ერთი ბალითაა გაზრდილი. მაგალითად, ადრე თუ იყო 7 ბალზე გათვლილი, ახლა გახდა 8 ბალიანი. როგორც თბილისში, ისე ქუთაისში სეისმომედეგობა გაზრდილია. რამდენად არის ეს პროექტი კონსტრუქციულად სწორად შედგენილი და მასში სეისმომედეგობის ღონისძიებები როგორ არის ჩადებული და შემდეგ ეს ყველაფერი ადგილზე მშენებლობაში როგორ არის გადატანილი, არ ვიცით“, - აღნიშნა ანზორ საკანდელიძემ. მანვე ქუთაისის პარლამენტის მშენებარე ნაგებობის ზერელე დათვალიერებისას ჟანგიანი არმატურა შენიშნა, რის წინააღმდეგაც იგი წლების მანძილზე იბრძოდა, ვინაიდან ჟანგიანი ლითონი და ჟანგიანი არმატურა ბეტონში მოხვედრის შემდეგაც აგრძელებს კოროზიას, რის გამოც შენობის სეისმომედეგობა მცირდება. „არა მარტო ქუთაისში, თბილისშიც ჟანგიან არმატურებს იყენებენ. აგერ, პროკურატურის შენობას რომ აშენებენ, ისეთი ჟანგიანი არმატურები ვნახე, გამიკვირდა. იაფი ჯდება ჟანგიანი არმატურა და ამიტომაც შემოაქვთ საქართველოში. რუსეთმა გადაკეტა ეს გზა და, ერთი პერიოდი, უკრაინიდან რუსეთში არმატურისა და სამშენებლო ლითონის შეტანა საერთოდ აკრძალეს. ალბათ, ყველა ეს არმატურა საქართველოსკენ წამოვიდა, ჩვენთან საბაჟოზე არც ამოწმებენ. მშენებლობის ბუმი რომ იყო, მაშინ ვყვიროდი, შეამოწმეთ, საშიშროებაა. ერთი მილიონი ტონა რუსეთმა არ მიიღო და სად წავიდოდა?! შეიძლება, ჩვენს მიერ აშენებულ კედლებშია და გვაფრქვევს რადიაციას. მეორე უბედურებაა, რომ შემოწმების აპარატურა არ გვაქვს და არც ვამოწმებთ“. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის გამოცდილ სპეციალისტებს, ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, ყველა მათგანს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ ნაუცბათევ მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ამ თემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან. საკანდელიძის თქმით, ამ საქმეში გამოცდილი ქართველი მშენებლები ჩართულნი არ არიან. ქუთაისში არსებული სამშენებლო ფირმებიდან კი ინფორმაციის გატანა ჭირს. „აეროპორტის ამბავი გაიხსენეთ, ნაუცბათევად აშენებისას, რა თქმა უნდა, ხარვეზები გაიპარება. მშენებლობას თავისი ტექნოლოგიური თანმიმდევრობა აქვს. ბეტონმა თავის საპროექტო ვადას რომ მიაღწიოს და გამყარდეს, 28 დღე სჭირდება. მანამდე რომ დატვირთო, იმ შენობას ბზარები გაუჩნდება. შეიძლება, დღეს და ხვალ ეს ბზარები არ გამოჩნდეს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გამოვლინდება. აჩქარება ყველა საქმეში და მით უფრო, სამშენებლო საქმეში არ ივარგებს. ობიექტი უნდა ჩაბარდეს და მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს. ამის გარეშე შენობაში შესვლა არ შეიძლება. ალბათ, ჩვენს დეპუტატებს ასე უცაბედად საფრთხე არ ელით (ყოველ შემთხვევაში, მათთვის გამიზნულ დარბაზში), მაგრამ შენობა ნელ-ნელა დაიბზარება,“ - აცხადებს სპეციალისტი. |