რატომ დაკარგა საქართველომ ნატოს ტვირთები?

რატომ დაკარგა საქართველომ ნატოს ტვირთები?

 

 
 "radiotavisupleba.ge"
 
ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ გაააქტიურა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თემა. პოლიტიკურ სპექტრში დიდი მარჩიელობაა იმაზე, თუ რა სახის გზავნილს მიიღებს საქართველო ჩიკაგოდან - გვაღირსებენ MAP-ს (გაწევრიანების სამოქმედო გეგმას) თუ გვაკმარებენ მხოლოდ ANP-ს (ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას), სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მტკიცედ ემხრობა ნატოში ინტეგრაციას თუ ბიძინა ივანიშვილის „კოალიცია“, ჯერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს თუ ნატო ოკუპირებული აფხაზეთითა და სამხრეთ ოსეთითაც „შეეხვეწება“ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. და იმ დროს, როდესაც ქართული პოლიტიკური და საექსპერტო საზოგადოება ასეთ მაღალ მატერიებზე მსჯელობს, საქართველომ, საკუთარი შიდა პოლიტიკის წყალობით, დაკარგა კონკრეტული შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყნებისათვის ავღანეთში საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირებით ღებულობდა.

მთავარია, რომ აღარ გვყავს რუსული „ბორტები“

ქართულ ავიაკომპანია „სკაი ჯორჯიას“ 2009 წლიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთები გადაჰქონდა ავღანეთში განლაგებული ნატოს წევრი ქვეყნების - ძირითადად საფრანგეთისა და გერმანიის - სამხედრო კონტინგენტებისათვის. კომპანიის გენერალური დირექტორის გიორგი კოდუას ინფორმაციით, ნატოს ტვირთების ტრანსპორტირების უფლება კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებით მოიპოვა. ქართული დროშის ქვეშ კომპანიის ეკიპაჟები ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ასრულებდნენ რეისებს ავღანეთში, კომპანია ასაქმებდა რამდენიმე ათეულ მფრინავსა და ტექნიკურ პერსონალს და ყოველ წელს ამ მომსახურებით საქართველოს ბიუჯეტში, ჯამურად, სერიოზული თანხები იყრიდა თავს:

„ხუთი თვითმფრინავით ვმუშაობდი. ევროპიდან ვატარებდი ტვირთებს - გერმანია, ნორვეგია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი... ბრატისლავიდანაც გამიკეთებია რეისები. ნუ, სუყველა რეისი მიდიოდა თბილისის გავლით და 25-30 მილიონი ევრო შემოდიოდა წლიურად მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაში. ეს იყო „ვისოლი“, „სოკარი“, „ტავ“-ის აეროპორტი, ჩვენი შემოსავლები, ხელფასები, სამსახურები. რა ვიცი, ათასი რამ.“ 

მაგრამ ეს შემოსავლები საქართველომ 2011 წლის ნოემბერში დაკარგა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კომპანია „სკაი ჯორჯიას“ ფრენების ლიცენზია გაუუქმა. სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ კომპანიას ტვირთები გადაჰქონდა რუსული წარმოების ძველი თვითმფრინავებით და ვერ აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებს. გიორგი კარბელაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიიჩნევს, რომ კომპანია „სკაი ჯორჯიას“ და ყველა სხვა კომპანიებს, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საერთაშორისო მოთხოვნებს, ფრენების განხორციელება სრულიად კანონიერად აეკრძალათ:

„კოდუა ჭკვიანი კაცია, ძლიერი ოჯახი აქვს, ყველაფერი, მაგრამ არის რაღაცა, რაც არის სახელმწიფო ინტერესი. თვითმფრინავი რომ ჩამოუვარდება და ზოგი იარაღის გადატანაში დაიჭირეს... იარაღი გადაჰქონდათ... გემი ქართული დროშით ცურავდა... ბევრი ფაქტი იყო, რომ თვითმფრინავები დაიჭირეს. საერთოდ, 42 თვითმფრინავი იყო, რომლებიც ხმარებიდან ამოვიღეთ - „ილები“, „ანები“... რუსული წარმოებისა იყო 99 პროცენტი ამ თვითმფრინავებისა. დღეს არც ერთი წარმოება რუსული ბორტისა საქართველოს რეგისტრში აღარ ჰყავს. არც ერთი რუსული ბორტი.“

გადაწყვეტილება კონკურენტების გულის გასახარად

მაშინ როცა ეკონომიკის სამინისტრო ამაყობს იმით, რომ „რეგისტრაციაში აღარ არის არც ერთი რუსული ბორტი“, ნატოს ქვეყნები განაგრძობენ ავღანეთში თავიანთი სამხედრო ნაწილების მომარაგებას მეტწილად სწორედ რუსული წარმოების თვითმფრინავებით. განსხვავება ისაა, რომ ფულს ამჯერად ნატოს წევრი ქვეყნები არა ქართულ საავიაციო კომპანიას, არამედ რუსულ, ბელორუსულ და აზერბაიჯანულ საავიაციო კომპანიებს ურიცხავენ იმავე მომსახურებისათვის, რასაც ქართული „სკაი ჯორჯია“ ორი წლის განმავლობაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე ახორციელებდა.

„ჩემი ტვირთები... ახლა ეს უმნიშვნელოა, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ამ ტვირთების ნაწილი რუსეთიდან წავიდა, ნაწილი აზერბაიჯანიდან მიდის და ნაწილი კიდევ ბელორუსიიდან და დუბაიდან. ანუ დაიშალა ეს ტვირთები და, რა თქმა უნდა, ჩვენმა კონკურენტმა მეზობლებმა წაიღეს ჩვენი შემოსავლები, დარჩნენ ჩვენი ბიჭები უმუშევრები და, რა თქმა უნდა, იმათ დაემატათ შემოსავლები და ისინი უფრო გამდიდრდნენ და სხვაგან წავიდა ეს შემოსავლები. და ამაზე მწყდება გული.“

მაგრამ „სკაი ჯორჯიას“ თვითმფრინავების გაჩერებასა და კომპანიის ფაქტობრივ დახურვაზე გული არ სწყდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც უფრო დიდ სიკეთედ მიიჩნევს იმას, რომ ქვეყანა გათავისუფლდა მოძველებული საფრენი აპარატებისაგან და, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ამბობს, საქართველოს ავიაციამ თავიდან აიცილა საფრთხე მოხვედრილიყო საერთაშორისო „შავ სიაში“:

„საქართველოს ბიუჯეტმა მე არ ვიცი რა დაკარგა, მაგრამ რაც არ უნდა დაეკარგა, ჩვენთვის, კიდევე ერთხელ ვიმეორებ, მთავარი არის უსაფრთხოება და მთავარი არის მომავალი. ძალიან რთული იყო 42 თვითმფრინავის რეგისტრაციიდან ამოღება, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, მთლიანად ქვეყანა გაშავდებოდა და ეს პირდაპირ უთხრეს პრეზიდენტს. ყველამ იცოდა, რომ ჩვენ ვიყავით გაშავებულები. და ერთ ღამეში გავაკეთეთ ეს და დღეს მოხდა ისე, რომ, პირიქით, დასარეგისტრირებლად ჩვენთან მოდიან სხვა კომპანიები და ჩვენთან მართლა რიგი დადგა, რომ, აი, საქართველოს დროშის ქვეშ ვიფრენთ. “

კოდუასა და ქობალიას ჩხუბში „გაჭყლეტილი კოზაკი“

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ასეთ მიდგომას ეკონომიკურად, სამართლებრივად და პოლიტიკურად მცდარს უწოდებს კომპანია „სკაი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

„ტვირთები რატომაა გაჩერებული და იმიტომ, რომ ერთს ამბობენ, საქართველო უნდა იყოს რეგიონალური ცენტრიო, და ამ დროს ასეთი პროექტები ჩერდება. ჰოდა, ეს არის სწორედ ის, რომ ჯობია ჩვენ საქმე ვაკეთოთ და ეს საქმიანი კონტრაქტები შევინარჩუნოთ, ვიდრე ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ევროპისაკენ მივდივართ, და საქმე კი სხვამ აკეთოს.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ კომპანია „სკაი ჯორჯიას“ სარჩელი, გიორგი კოდუას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 მაისს უნდა განიხილოს. გიორგი კოდუა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული მოხელის, საქართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსის ერეკლე კოდუას ძმაა, დარწმუნებულია, რომ ამ სარჩელს უფრო წააგებს, ვიდრე მოიგებს, რადგან, გიორგი კარბელაშვილისა და მინისტრ ვერა ქობალიას სახით, მას საქართველოს პრეზიდენტთან კიდევ უფრო დაახლოებული პირები უპირისპირდებიან.

ამ ორ ძლიერ კლანსა და ჯგუფს შორის დაპირისპირება საქართველოს მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა საერთოდ არ აინტერესებდეს, ნაწილმა კი შეიძლება თქვას, ორივეს თავში ქვა უხლიაო, მაგრამ აქ ზუსტად იმ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც „ორ აქლემს შორის კოზაკი იჭყლიტება.“ კოზაკი კი საქართველოა, რომელიც, „სკაი ჯორჯიას“ თუნდაც მოძველებული საბჭოთა თვითმფრინავებით, სოლიდურ მწვანე დოლარებს და პასტელისფერ ევროებს შოულობდა და ახლა ეს ყველაფერი სამუდამოდ დაკარგა.

მაშინაც კი, თუკი მოხდა სასწაული და „სკაი ჯორჯიამ“ მოიგო სასამართლო პროცესი, ნატოს საავიაციო ტვირთებს აღარავინ დაუბრუნებს იმ კომპანიას, რომელსაც ფრენების რეგისტრაციაზე უარს თავად მისივე ქვეყნის ხელისუფლება ეუბნება.