ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ქალაქში სავალალო მდგომარეობაა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი, ავტომობილებითა და სხვა სახის ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, მიმდინარე მშენებლობები და კატასტროფულად შემცირებული მწვანე საფარი სახელდება. ასეთი სისწრაფით უზარმაზარი და საღი ხეების გაჩეხვის პრეცედენტი დედაქალაქში არავის ახსოვს. საქართველოში მოძრავი მანქანების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი. ქალაქში ხშირია საცობები, რომლის დროსაც ყველაზე დიდი რაოდენობით გაიფქვევა მავნე ნივთიერებები. მტკვრის ხეობაში მოქცეული დედაქალაქი ბუნებრივად ცუდად ნიავდება და განსაკუთრებით ზაფხულობით აქ სმოგი ხშირია. მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, თბილისში ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდა ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების შეჩერების შემდეგ. ამასთან, არ მოწმდება საწვავის ხარისხიც. მეორადი მანქანების შემოყვანის აკრძალვაზე საუბარი კი ზედმეტია. “მანქანის გამონაბოლქვი 200-მდე ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, ესენია: ტყვია, უჯერი და ნაჯერი ნახშირწყალბადები, აზოტი, გოგირდი, ასევე ბენზოპირენი, რომელიც ტყვიაზე უარესია და კანცეროგენია. მართალია, ამ ნივთიერებას მანქანის გამონაბოლქვი ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ ის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგის ცენტრი კი სრულყოფილად არ იკვლევს ჰაერის დაბინძურების ხარისხს, მაგალითად, არ ზომავენ ჰაერში ტოქსიკურ მინარევებს, ალბათ, აკრძალული აქვთ”, - ამბობს გაჩეჩილაძე. სპეციალისტების გაანგარიშებით, დედაქალაქიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276 500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3% ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დარგის სპეციალისტთა თქმით, თბილისში მტვრის საშუალო კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 2,9-ჯერ აღემატება, აზოტის დიოქსიდი კი ნორმაზე 2,3-ჯერ მეტია. ცნობისთვის, 2000 წელს თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 12 წელი გავიდა, სიტუაცია ამ მიმართულებით არ გამოსწორებულა. უფრო მეტიც, როგორც გარემოსდამცველები ამბობენ, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა ბოლო წლებში კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან დედაქალაქში უდიდესი სისწრაფით იჩეხება აბსოლუტურად საღი ხეები. “როგორც ჩანს, თბილისში მწვანე ნარგავების საერთოდ განადგურებას აპირებენ. მათ ორმაგი მიზანი აქვთ. პირველი: ამაში ფული კეთდება. მრავალწლიან ხეებს ჭრიან და მათ მაგივრად ახალ ნერგებს რგავენ, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს ათმაგი ფასი უჯდება. მეორე: მონოპოლისტ ფირმებს, რომლებიც სხვადასხვა მაღაზიებს ხსნიან და ქსელებს აფართოებენ, ეს ხეები ხელს უშლის თავიანთი ბიზნესინტერესების განხორციელებაში. მაგალითად, ჭავჭავაძეზე პირწმინდად მოჭრეს ხეები, რადგან მაღაზიას აშენებენ. მრავალწლიანი ხეების მაგივრად კი გაურკვეველი ფუნქცია-დანიშნულების ნარგავები დარგეს”, - აცხადებს მწვანეთა პარტიის ლიდერი. “გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ეკოლოგიის მაგისტრი ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თბილისში განმწვანებული ტერიტორიები ევროპულ სტანდარტებზე ათჯერ ნაკლებია. “საინტერესოა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა დაინტერესებული წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხეების გაჩეხვის შედარებით ფარულ ტაქტიკას მიმართავენ. ისინი დღისით სამუშაოს ამზადებენ და საქმეს იიოლებენ, რომ ღამით ადვილად გაჩეხონ ხეები. ასე მოხდა “ვორონცოვზე” და ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც აბსოლუტურად საღი ცაცხვის ხეები გაიჩეხა”, - აცხადებს ეკოლოგიის მაგისტრი. “იჩეხება აბსოლუტურად ყველა ტიპის გამწვანება. ბაღები და პარკები, ქუჩისპირა გამწვანება... ხეები კორუფციული ინტერესების გამო ან სახლების ასაშენებლად იჩეხება. გამწვანებული ტერიტორიების ადგილზე ადმინისტრაციული შენობები და პოლიციის შუშის შენობებს აგებენ. დედამიწაზე გაუგია ვინმეს, რომ შეღებილი ფასადების თვალსაჩინოების გამო ვინმეს ხეები გაეჩეხოს?! რამდენად თავსებადი უხეო ქალაქი და ამასთან ერთად ევროპულ განვითარებასა და ქალაქის მშენებლობის ევროპულ სტილზე საუბარი?! ახლახან მსოფლიოს ოთხას ქალაქს შორის თბილისი უსაფრთხოების თვალსაზრისით მე-200 ადგილზე გამოცხადდა. ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო, ამასთან კი ხეების ჩეხვა პირდაპირ კავშირშია”, - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. ჰაერის დაბინძურება კი უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი ხდება. მაგალითად, მოსახლეობაში სასუნთქი გზებისა და ფილტვის დაავადების პროცენტული მაჩვენებლებით თბილისი მოწინავეა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად, დაავადებულ ადამიანთა რაოდენობაც იზრდება. დედაქალაქში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობენ ქალაქის მკვიდრნიც. კონსალტინგური კომპანია “ეისითი”-ს კვლევის მიხედვით, ათიდან რვა თბილისელი (77%) თვლის, რომ თბილისში ეკოლოგიურად ცუდი ან ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ რესპონდენტების უმრავლესობა (62%) ბოლო 10 წლის განმავლობაში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას ამჩნევს. რაც შეეხება მიზეზებს. ძირითად მიზეზად სახელდება ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები: გაუმართავი ავტომანქანების გამონაბოლქვი (70%), ცუდი ხარისხის საწვავი (57%) და გზების გადატვირთულობა (42%). მიზეზებს შორის ასევე დასახელდა ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი და ტყეების გაჩეხვა-განადგურების ფაქტები. |