”ვარდების რევოლუციის” დღიდან საქართველოს მიზანი ევროკავშითან დაახლოვებაა”

”ვარდების რევოლუციის” დღიდან საქართველოს მიზანი ევროკავშითან დაახლოვებაა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე თბილისისთვის ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების საკითხზე მუშაობს. ის ფრანკოფონულ სამყაროსთან მისი ქვეყნის კავშირებს იხსენებს და უარყოფს მოსაზრებას, თითქოს საქართველო შეერთებული შტატების ხელში სათამაშო იყო

 

2008 წლის აგვისტო – 2012 წლის ოქტომბერი. რუსეთ საქართველოს ომიდან ორი წელი გავიდა. რა მდგომარეობაშია დღეს საქართველო? რატომ მონაწილობს მისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანკოფონი ქვეყნების სამიტში, რომელიც ქალაქ მონტროში იმართება? პარიზში განსწავლული თორნიკე გორდაძე, სადაც ის ჯონათან ლიტელს დაუმეგობრდა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და საკუთარი ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ გვიამბობს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი და თქვენ, მონტროში ფრანკოფონთა სამიტში მონაწილეობთ. რატომ?

- ჩვენი ყოფნა მონტროში შემთხვევითი არ არის. ფრანკოფონულ ქვეყნებთან ჩვენ ძველი ურთიერთობები გვაკავშირებს, რომლებიც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. ქართველ ხალხს დასავლეთთან, კერძოდ კი საფრანგეთთან, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა. როდესაც 1921 წელს, ახალგაზრდა ქართული ხელისუფლება ბოლშევიკებმა დაამხეს, ათწლეულების განმავლობაში ამ ხელისუფლების წარმომადგენლები პარიზში დევნილობაში ცხოვრობდნენ. საფრანგეთთან დღესაც ძალიან ახლო კავშირები გვაქვს. წელს თბილისში კავკასიის ფრანგული ლიცეუმი გავხსენით. სხვათა შორის, მთავრობის წევრთა მესამედი ფრანგულ ენაზე საუბრობს. პრეზიდენტის ერთ-ერთი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი ფრანგია. გავიხსენოთ ისიც, რომ საფრანგეთი რომელიც იმხანად ევროკავშირს თავმჯდომარეობდა 2008 წლის აგვისტოში აქტიურად იღწვოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავებაზე.

 

როგორ აფასებთ საქართველოს მდგომარეობას თბილისი-მოსკოვის კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ?

- სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა. 2008 წლის ზაფხულში ქვეყნის მომავალთან და მისი ინსტიტუტების სიმტკიცესთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები არსებობდა. რუსული არმია თბილისიდან 40 კილომეტრში იდგა. ქვეყანა გადარჩა, მაგრამ თავი ვერ აარიდა ტერიტორიის 20%-ის (აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის) ოკუპაციას და ათასობით ადამიანის დევნილობას, თუმცა ჩვენ შევძელით დემოკრატიის გადარჩენა. საქართველომ სერიოზული ეკონომიკური რეფორმები ჩაატარა, რომელმაც თავისი ნაყოფი გამოიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ 2009 წელს გადავიტანეთ უარყოფითი დინამიკა  – 3.9%, თუმცა 2010 წელს ის +6%-ს უტოლდება. ქვეყნის აღმშენებლობა  გამარტივებული იყო აშშ-ს და ევროკავშირის დახმარების წყალობით, რამაც ოთხი წლის განმავლობაში 4 მილიარდ დოლარს მიაღია. ”მსოფლიო ბანკის” მონაცემებით, ბიზნესისთვის სასიკეთო გარემოს მხრივ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად რჩება კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა.

 

თუმცა ომის შემდეგ, თქვენი პრეზიდენტი ძლიერი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, არაგონივრული მოქმედებებისა და მართვის ავტორიტარული სტილის გამო. მისი პოპულარობა საგრძნობლად დაეცა

- როდესაც თქვენ ხმათა 96%-ით აგირჩევენ, ბუნებრივია მოგვიანებით თქვენი პოპულარობა მხოლოდ შემცირდება, ეს გასაგებია. სააკაშვილის ხელისუფლებამ მტკივნეული რეფორმები ჩაატარა, რამაც ათასობით ქართველი უმუშევარი დატოვა. კრიმინალური სიტუაცია, რომლის დონეზეც ლათინური ამერიკის ქვეყნებისას უახლოვდებოდა, სწრაფად მოისპო. კრიმინალის დონე სულ მცირე დროში, რომელიც კარაკასისას უტოლდებოდა, ოსლოსას მიუახლოვდა. 1991 წლიდან ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსი გზა განვლო. არსებობდა საპრეზიდენტო რეჟიმის დამკვირდების ცდუნება, თუმცა სიტუაცია შეიცვლება. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რაც ევროპის საბჭომ მოიწონა. ახალმა კონსტიტუციამ, რომელიც 2013 წელს ამოქმედდება ნამდვილი საპარლამენტო დემოკრატიის პირობები უნდა შექმნას. ამით ჩვენ დავამტკიცებთ იმას, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შეუძლია სხვა გზით განვითარდეს, რომელსაც არ განსაზღვრავს ისეთი ცნებები, როგორებიცაა სუვერენული დემოკრატია და ხელისუფლების ვერტიკალი.

 

თბილისი მხოლოდ ამერიკის მზეს ფიცულობდა და ამერიკელმა ნეო-კონსერვატორებმა საქართველო სათამაშოდ აქციეს, რომ რუსეთი ჩიხში მოემწყვდიათ. რით ახსნით იმას, რომ საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირისკენ შემობრუნდა?

- ჩემთვის აქ საყოყმანო არაფერია. შეერთებულ შტატებთან ჩვენი კავშირი ახლაც მტკიცეა, მაგრამ მოდით ფაქტებს ნუ  დავამახინჯებთ. მაგალითად „ვარდების რევოლუცია“ შეერთებული შტატების წაქეზებული არ ყოფილა. აშშ-ს და საქართველოს საერთო ინტერესები გააჩნდა. შეერთებულ შტატებს სჭირდებოდა საქართველოსთან დაკავშირებული წარმატებული ისტორია, ხოლო საქართველო ვერ მისცემდა თავს იმის უფლებას, რომ უარი ეთქვა მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფოს მხარდაჭერაზე. მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2000-იანი წლების დასაწყისში ევროკავშირი გაფართოვებისთვის მზად არ იყო, თბილისი კი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ხედავდა, მაგრამ 2003 წლის ნოემბრიდან საქართველო ყოველთვის მიისწრაფვოდა ევროკავშირთან დაახლოვებისკენ. 2009 წელს დაწყებული „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროექტი ამ ამოცანას ამარტივებს და ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირმა რეგიონში უფრო აქტიური მოქმედება დაიწყო.

 

თქვენ იმ დელეგაციას ხელმძღვანელობთ, რომელმაც ბრიუსელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება უნდა მოამზადოს?

- ჩვენ ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოვების ფაზაში ვიმყოფებით. ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების გაფორმება და ამ გზით ოთხი უფლების განხორციელება: ადამიანთა თავისუფალი მიმოსვლა, მომსახურება, ქონებისა და კაპიტალის თავისუფალი მიმოქცევა. ევროკავშირში გაწევრიანება კი უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაა.

 

ევროკავშირის პოზიცია როგორია?

- მოლაპარაკებები ოთხ მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკა და უსაფრთხოება, სამართალი და თავისუფლებები, შეთანხმებები სექტორებს შორის და თავისუფალი ვაჭრობა. პირველი სამი მიმართულება არანაირ წინააღმდეგობას არ ხვდება, სამაგიეროდ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი საქართველოსთან ევროკავშირისთვის, რომელიც ხუთას მილიონ მომხმარებელს წარმოადგენს, ნაკლებად საინტერესოა, რადგან საქართველოს ბაზარი პატარაა, აქ 4.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ის როგორც სჩანს მზადაა თავისუფალ ვაჭრობაზე მსგავსი ხელშეკრულება ლიბიასთან გააფორმოს.

 

რას ფიქრობთ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებებზე ჟენევაში, სადაც უკვე მეცამტე რაუნდი გაიმართა?

- ამ მოლაპარაკებებს არსებობის უფლება აქვს. ეს ერთადერთი პირდაპირი დიალოგია რუსეთს და საქართველოს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემები აღარ არსებობს. ტალიავინის დასკვნამ რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევ მიზეზებზე ცხადყო, რომ ის არა 2008 წლის ზაფხულში, არამედ გაცილებით ადრე მოსკოვის პოლიტიკით დაიწყო, რომელიც აფხაზეთის და ოსეთის მცხოვრებლებს რუსულ პასპორტებს ურიგებდა. საბოლოო ჯამში ჩვენ ორი თანაბრად ცუდი არჩევანი გვქონდა: ან ინტერვენცია უნდა დაგვეშვა ან წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია და გადაგვერჩინა ის, რისი გადარჩენაც შესაძლებელი იყო. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ და ხაფანგში აღმოვჩნდით. რუსეთმა უკანონოდ აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს იმაზე საუბარს, რომ ეს ნამდვილი ოკუპაციაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ არც ევროკავშირმა და არც დსთ-მ ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარა.

[foreignpress.ge]