ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის მერიაში საბიუჯეტო თანხების ფლანგვის გამაოგნებელი ფაქტები გამოიკვლია. არ არის გამორიცხული, რომ ამ კვლევის შემდეგ თბილისის მერის, გიგი უგულავასა და სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებობის საკითხი დადგეს. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ ათეულობით მილიონი ლარი გაურკვეველი მიზნებისთვის გაიფლანგა. არ არსებობს ღია და ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და კონკრეტულად რაში იხარჯებოდა სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული თანხა.
ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მასშტაბური მოცულობის ფინანსური სახსრები გამოიყო. ამ მხრივ, თვალშისაცემია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოები.
საიას იურისტის სულხან სალაძის თქმით, ამ საკითხით დაინტერესება გამოიწვია იმანაც, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში განმარტებულ "სახელმწიფო შესყიდვის" ცნებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილება შევიდა. არსებული ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი ჩანაწერი ფონდს უტოვებდა შესაძლებლობას, თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსებით შეძენილი სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის გვერდის ავლით შეესრულებინა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევა - რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა" ოთხი კონკრეტული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ საქმიანობას ეხება - "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი", "თბილისის განვითარების ფონდი", "ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდი" და "ქალაქ ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდზე". ამ შემთხვევაში, მხოლოდ თბილისზე შევჩერდებით.
"კვლევაზე მუშაობის ძირითად დაბრკოლებას სხვადასხვა საჯარო დაწესებულებიდან სასურველი ინფორმაციის მიღების სირთულე წარმოადგენდა. შესაბამისად, საიას, ხშირ შემთხვევაში, უხდებოდა ადრესატებისთვის დამატებითი განცხადებების გაგზავნა დაზუსტების მიზნით. თუმცა, არცთუ იშვიათად, სასურველი ინფორმაციის მიღება მაინც ვერ ხერხდებოდა", - ამბობს სულხან სალაძე.
შესაბამისად, შეუძლებელია იმ თანხების ზუსტი ოდენობის დადგენა, რომელიც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის განვითარების ფონდს წლების მანძილზე სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან გადაეცემოდა. მარტო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის 2005-2011 წლებში საბიუჯეტო სახსრებიდან გადაცემული თანხების ოდენობა მინიმუმ 288 434 800 ლარს შეადგენს.
ასევე ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდისა და ქუთაისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის დამფუძნებლები არ ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებას - გაწეული საქმიანობისა და ფონდის მდგომარეობის შესახებ, ყოველწლიურად, ანგარიშების დამფუძნებელს უნდა წარედგინოს.
სრული ქაოსი და განუკითხაობა ფონდში
2005 წლის 17 მარტს თბილისის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილით დაფუძნდა ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი. ფონდის მიზნებად და საქმიანობის საგნად არაერთი სფერო განისაზღვრა - ძველი თბილისის ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-გამაგრება, წყალსადენ-კანალიზაციისა და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია და სხვ.
თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისათვის ერთ თვეში 150 000 ლარის გადაცემის ვალდებულება აიღო. 2007 წლის ბიუჯეტით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის, შემოწირულობის სახით, 10 მილიონი ლარი გამოეყო. თუ რაში დაიხარჯა ეს 10 მილიონი ლარი, მერიამ ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დატოვა.
2007-09 წლებში თბილისის მერიამ სამჯერ შეცვალა ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის გამგეობის წევრთა რაოდენობა. პარალელურად, იცვლებოდა გამგეობის შემადგენლობაც, რასაც თან სდევდა წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება. 2012 წლის 7 მარტს, ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის სალიკვიდაციო ღონისძიებები დასრულებულად გამოცხადდა. შესაბამისად, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ ფინანსების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია დღემდე გაუმჭვირვალეა და სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საიდუმლოდაა გამოცხადებული.
თბილისის განვითარების ფონდის წესდებით განსაზღვრული მიზნები, უმრავლეს შემთხვევაში, იმეორებს თბილისის მთავრობის მიერ თბილისის განვითარების ფონდის დაფუძნებამდე ბევრად ადრე დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საწესდებო მიზნებს. საინტერესოა თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის შემადგენლობაც, რომელიც, ნაწილობრივ, იმავე პერსონებით არის წარმოდგენილი, რომლებითაც თავის დროზე ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის გამგეობა დაკომპლექტდა.
კერძოდ, თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის წევრები გახდნენ: 1. დავით ნინიძე 2. მამუკა ახვლედიანი 3. რამაზ სულამანიძე 4. ნოდარ სანდუხაძე 5. დავით ბურდული 6. თემურ გრიგალაშვილი 7. გიორგი ნიკოლაძე 8. დავით ავალიანი 9. არისი ბოჭოიძე. თბილისის განვითარების ფონდის ცხრაწევრიანი გამგეობის შემადგენლობიდან სამი წევრი - დავით ნინიძე, მამუკა ახვლედიანი და დავით ავალიანი, პარალელურად, ასევე, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის ხუთწევრიანი გამგეობის წევრებიც იყვნენ.
რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის დანარჩენ ექვს წევრს, მათგან ხუთი - თბილისის რაიონების გამგებლები არიან, ხოლო ერთი - თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი. თავის მხრივ, დავით ნინიძეს დღემდე უკავია თბილისის მერის პირველი მოადგილის - ვიცე-მერის თანამდებობა, ხოლო მამუკა ახვლედიანი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 2010-11 წლებში თბილისის ბიუჯეტიდან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი სწორედ თბილისის განვითარების ფონდს გადაეცა.
"აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ისევე, როგორც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის, ასევე თბილისის განვითარების ფონდის შემთხვევაშიც, საბიუჯეტო სახსრებიდან მიღებული ფინანსები და ამ ფინანსების ხარჯვა მოკლებულია გამჭვირვალობას", - ამბობს სულხან სალიძე.
მილიონები ძველ ქალაქში
თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის მიხედვით, განისაზღვრა ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯები, რომლის დაზუსტებულმა გეგმამ 65 379 400 ლარი შეადგინა. ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს, თბილისის 2008 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 49 311 600 ლარი გადაერიცხა. დაფინანსების კუთხით, გაცილებით მასშტაბური დაფინანსება მიიღო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა 2009 წლის ბიუჯეტიდან, საიდანაც ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯები 106 330.7 ლარით დაფინანსდა.
2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც იმ სამუშაოების და ღონისძიებების ჩამონათვალია მითითებული, რომელიც ფონდის მიერ ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიის აღდგენა-რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯებიდან დაფინანსდა. თუმცა, არც ერთ ღონისძიებასა თუ სამუშაოსთან დაკავშირებით არ არის მითითებული, კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა თითოეულ მათგანზე.
კიდევ უფრო მეტი თანხაა მიმართული თბილისის 2010 წლის ბიუჯეტიდან ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში - 134 155 000 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ამოიღეს ის ნაწილები, რომლებიც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისთვის გადარიცხულ თანხებს შეეხებოდა.
2011 წლის ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება მიიღო არამარტო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა, არამედ თბილისის განვითარების ფონდმაც. თბილისის ბიუჯეტში ყველა იმ ღონისძიების და პროექტის დაფინანსება გაიზარდა, საიდანაც 2010 წელს ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში ირიცხებოდა თანხები, არსად, არც ამ უკანასკნელის და არც თბილისის განვითარების ფონდისთვის გადარიცხული თანხების შესახებ არაფერია ნათქვამი.
გიგის მანიპულაციები რიყეზე
2010 წელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საინტერესოა რიყის გასხვისების საკითხი. საიას მიერ განხორციელებული კვლევების მიხედვით, პირველ შემთხვევაში, თბილისის მთავრობამ თავად გაასხვისა ტერიტორია, ხოლო მოგვიანებით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის საშუალებით, გამოისყიდა. ტერიტორიის გაყიდვასა და ყიდვას შორის სხვაობამ კი 15 764 500 ლარი შეადგინა.
2006 წლის 6 ივნისს თბილისის მთავრობამ შპს "ახალ რიყესთან", რომელიც იმავე წლის 14 აპრილს დაფუძნდა, უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის მთავრობამ "ახალ რიყეს" 43 350 კვ/მ მეტრი ფართობი გადასცა რიყის ტერიტორიაზე. ნასყიდობის ფასი 7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 12 540 500 ლარს შეადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს "ახალ რიყეს" ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის ღირებულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი თვის განმავლობაში უნდა დაეფარა.
აღსანიშნავია, რომ "ახალი რიყე" "ჯიემსი ჰოლდინგმა" და ფიზიკურმა პირმა ნიკოლოზ მახარაშვილმა დააფუძნეს. თითოეული მათგანის წილი კომპანიაში 50-50 პროცენტით განისაზღვრა, საწესდებო კაპიტალი კი - 200 ლარით. თავის მხრივ, შპს "ჯიემსი ჰოლდინგი", რომელიც შპს "ახალი რიყის" თანადამფუძნებელი და 50%-ის მფლობელი გახდა, 2005 წლის 12 იანვარს დაფუძნდა და კომპანიის 100%-ის მესაკუთრედ დღემდე რჩება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2004 წლის 6 აპრილს დარეგისტრირებული "ნიუკომ ესოშიეშენ ლიმითედი".
მოგვიანებით, "ჯიემსი ჰოლდინგმა" პარტნიორ ნიკოლოზ მახარაშვილისგან შეიძინა შპს "ახალ რიყეში" ამ უკანასკნელის კუთვნილი წილი - 50%. ამრიგად, გარიგების საფუძველზე, შპს "ჯიემსი ჰოლდინგი" შპს "ახალი რიყის" 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. იმავე 2006 წლის 14 ივნისს "ჯიემსი ჰოლდინგმა" შპს "ახალ რიყეში" კუთვნილი 100% წილიდან 80% ფიზიკურ პირს დავით იაკობაშვილს მიჰყიდა.
2008 წლის 30 დეკემბერს, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საინტერესო ხელშეკრულება დაიდო, ერთი მხრივ, შპს "ახალი რიყესა" და, მეორე მხრივ, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა შპს "ახალ რიყესთან" გააფორმა უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ფონდმა რიყის ტერიტორია შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით, ქონების მთლიანი საფასური 17 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა. ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შესაძენად, 17 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო, ხოლო დაფინანსირების მნიშვნელოვან წყაროს მისი დამფუძნებელი თბილისის მერია წარმოადგენდა.
"მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა კიდევ ერთი გარემოება. კერძოდ, იგივე უძრავი ქონება, რომელშიც ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდმა 17 მილიონი აშშ დოლარის (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) გადაიხადა, 2006 წელს თბილისის მერიამ თავად გაასხვისა 7 მლნ აშშ დოლარად", - ამბობს სულხან სალიძე.
უფრო მეტიც, 2008 წლის 30 დეკემბერს ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ "ახალი რიყისგან" გამოსყიდული 43 350 კვ/მ რიყის ტერიტორიის მესაკუთრე, 2009 წლის 12 თებერვალს, შპს "ახალი რიყის" 100% წილის მფლობელი საფრანგეთის მოქალაქე მიქაელი, ოსკიანი, სირილი, ჟაკი სენტირიანი ხდება. არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდა კონკრეტულად შპს "ახალი რიყის" პარტნიორების მიერ 100% წილის გასხვისება საფრანგეთის მოქალაქეზე.
2011 წლის 16 მარტს ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს შორის გაფორმდა უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფონდმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა თბილისში რიყის ტერიტორიაზე არსებული 40 997 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ამრიგად, თბილისის მთავრობის მიერ 2006 წლის 6 ივნისს თბილისში რიყის ტერიტორიაზე გასხვისებული 43 350 კვ/მ მიწის ნაკვეთის დიდი ნაწილი 2011 წლის 16 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში დაბრუნდა. მთლიანობაში კი, თბილისის ბიუჯეტმა 15 764 500 ლარით იზარალა.