თანაც, ყველას გაახსენდა Societe Generale-ის ტრეიდერის ჟერომ კერვიელი, რომელმაც თავის ბანკს 5 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა. განსხვავება ის გახლავთ, რომ იკსილის ყველა ქმედება თავისი ბანკის JP Morgan-ის კონტროლით ხორციელდებოდა და მას არავინ დაუზარალებია.
The Wall Street Journal-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრუნო იკსილი JP Morgan-ის გლობალურ საბანკო იმპერიაში მოღვაწე მრავალ ტრეიდერთაგან ერთ-ერთი გახლავთ. ეროვნებით ფრანგია, პარიზში ცხოვრობს, მაგრამ სამუშაო კვირას ლონდონში ატარებს, სადაც გარიგებებს თავის მოკრძალებულ ოფისში, ორ თანაშემწესთან ერთად ანხორციელებს. იმასაც ამბობენ, რომ “ფინანსების ვეშაპად” შერაცხული ბრუნო საკმაოდ თავმდაბალი მეოჯახეა.
აი ამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა ადამიანმა უზარმაზარი რისკი იტვირთა და მთელს მსოფლიოში სახელი გაითქვა. ამბობენ, რომ ამერიკის უმსხვილესი ბანკის JP Morgan-ის თავკაცი, თავად ჯეიმი დაიმონი ენდობოდა ბრუნოს და მის ოპერაციებს პირადად ადევნებდა თვალს. როგორც ჩანს, არც სცდებობა, იკსილმა ხომ თავის განყოფილებას წელიწადში 100 მილიონის ოდენობის მოგება მოუტანა, რაც მთელი ბანკის შემოსავლის ნახევარი პროცენტია.
ანუ, მსხვილ საქმეებს ბრუნო კარგა ხანია ატრიალებდა, მაგრამ თავისი შესაძლებლობები სრულად ბოლო პერიოდში გამოავლინა, როცა Markit CDX North America Investment Grade Series 9-ის კორპორატიული ვალების საკრედიტო დეფოლტურ სვოპებზე ვაჭრობის მოცულობამ ორი მესამედით მოიმატა. მის მიერ გახსნილი პოზიციის მოცულობა 100 მილიარდ დოლარს აღწევდა.
როგორც აღვნიშნეთ, ბრუნო უკანონოდ არ გარჯილა. მისი მოქმედება ბანკმა შეაფასა როგორც რისკებისაგან დაცვა და თავისუფალი სახსრების პერსპექტიული დაბანდება. მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, გაჩნდება შეკითხვები. ჯერ ერთი, ბევრს ეთიკურად არ მიაჩნია ბანკების პირადი კაპიტალით ტრეიდინგი და ამგვარი ოპერაციები ამერიკაში ივნისიდან იკრძალება. ამასთან, საკრედიტო დეფოლტური სვოპების ბაზარი, სადაც მსხვილი ბანკები დომინირებენ, საკმაოდ გაუმჭვირვალედ და მთელი ფინანსური სისტემისათვის სახიფათოდ ითვლება.
საინტერესოა, რომ საკრედიტო დეფოლტური სვოპების ბაზარი თავად JP Morgan-მა გასული საუკუნის 90-იან წლებში შექმნა. დერივატივების ეს სახეობა, რომელიც გაბანკროტებისაგან ამა თუ იმ ფირმის, ან სახელმწიფოს დაცვას წარმოადგენს, პირველად 1994 წელს ნავთობგიგანტ Exxon-ის დასაცავად გამოუშვეს. ტანკერის კატასტროფამ მაშინ კომპანიას პრობლემები შეუქმნა და JP Morgan-ისაგან იმ დროისათვის ასტრონომიული კრედიტი – 5 მილიარდი დოლარი მიიღო. თავად ბანკმა კი ზემოთ აღნიშნული მექანიზმით ნავთობგიგანტის გაბანკროტების შემთხვევაში რისკები და შესაძლო პრობლემები თავიდან აირიდა.
JP Morgan-ის მიბაძვით თამაშში ბაზრის სხვა მონაწილეებიც ჩაერთნენ. საბოლოოდ, დერივატივების გამოშვება ისეთმა ფირმებმაც დაიწყეს, საკრედიტო გარიგებებთან საერთოდ არანაირი კავშირი რომ არ ჰქონდათ. ბაზრის მოცულობა გაიზარდა და 2000-იანების ბოლოს რამდენიმე ათეულ ტრილიონ დოლარს მიაღწია. ანუ, პრაქტიკულად არაფრისაგან გლობალურ ბაზარზე ფინანსური კოლოსი გაჩნდა.
ამ ბაზარზე იკსილი მსხვილი მოთამაშეა. მის მიერ გახსნილი პოზიციების მოცულობა ბევრი ფინანსური ინსტიტუტის მოცულობას მთლიანად აღემატება. მოკლედ, მსოფლიომ ადამიანი-ფინანსები გაიცნო.