ევროკომისიას გადაწყვეტილი აქვს საინვესტიციო რესურსები ძირითადად ინფრასტრუქტურაში, ენერგიის აღდგენად წყაროებში და მოწინავე ტექნოლოგიებში ჩადოს. სახსრების გამოყოფა განხორციელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის და კერძო ინვესტორების მიერ ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის გარანტიით.
მეორე შემთხვევაში საუბარია 12 მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე, რომელიც ევროპის ფინანსური სტაბილურობის მექანიზმის ეგიდით კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი არ ყოფილა. ამ სახსრების დანიშნულება სახელმწიფო და კერძო კაპიტალის მეშვეობით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას გარანტორის როლში ყოფნა გახლავთ.
ევროკავშირის საინვესტიციო ბანკის სახსრების შევსების ერთ-ერთი ვარიანტი მისი წევრი ქვეყნების მიერ 10-10 მილიარდი ევროს ოდენობის შენატანი შეიძლება გახდეს. თუმცა, თუ ვალებში ჩაფლულ ევროპას გავითვალისწინებთ, ეს ცოტა არ იყოს, გასაკვირი იქნება. მოსალოდნელია, რომ ივნისის ბოლოს ბრიუსელის სამიტზე ევროკომისია წარმოადგენს “მარშალის გეგმის” მსგავს პროექტს.
როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის გეგმის მიხედვით განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღდგენა. “მარშალის გეგმამ” მოქმედება 1948 წლის აპრილში დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ მარტის დასაწყისში ევროპის ცენტრალური ბანკის თავკაცმა მარიო დრაგიმ წარმოადგინა “ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის ხელშეკრულება. ამ დროისათვის მასზე 25 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი. ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიუჯეტის სტაბილურობა და სახელმწიფო დანახარჯებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსწორებაა, არ შეუერთდნენ ჩეხეთი და დიდი ბრიტანეთი. ირლანდიამ კი, მართალია, ხელი მოაწერა, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ხელშეკრულების საჭიროებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს ჩაატარებს. იგი 31 მაისს არის დაგეგმილი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს ავტომატურ სანქციას შიდა პროდუქტის მოცულობის 0,1 პროცენტის ოდენობით იმ ქვეყნისათვის, რომლის ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის მოცულობის 3 პროცენტს ასცდება. ევროს ზონის ქვეყნებისაგან ამოღებული ეს სახსრები ფინანსური სტაბილურობის მუდმივ ფონდში გადაირიცხება.
ხელშეკრულების მიხედვით შემოღებულ იქნება დაბალანსებული ბიუჯეტის წესი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ბიუჯეტის ნულოვან დეფიციტს, ან მის პროფიციტს ითვალისწინებს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ამოქმედდება კორექციის ავტომატური მექანიზმი, რომელიც ყოველი ქვეყნისათვის ინდივიდუალურად შემუშავდება.
როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ადრე აღნიშნა, რომ პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის ფონდის მოცულობა, შეიძლება, 200 მილიარდი ევროთი, 700 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. თუმცა, ამ იდეას ანალიტიკოსთა ძალიან მცირე რიცხვი თუ იზიარებს. უმეტესობა თვლის, რომ ფონდის მოცულობის გაზრდა პრობლემებს არ გადაჭრის.
როგორც ცნობილია, მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება ძირითადად ფინანსურ გასაჭირში მყოფი ქვეყნების ლიკვიდურობის ამაღლებაში მდგომარეობს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს სახსრები სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციებში ილექება და ეკონომიკის რეალურ სექტორამდე ვერ აღწევს. ამიტომაც არის, რომ ეკონომიკის ზრდაზე რეალურ გავლენას ვერ ახდენს.
ამასთან, ანალიტიკოსები სკეპტიკურად აცხადებებნ, რომ 200 მილიარდით ფონდის გაზრდას არაფერი აქვს საერთო “მარშალის გეგმასთან”. თითქოს საუბარია ძალიან დიდ თანხაზე, მაგრამ რეალურად, ერთ საბერძნეთს იგი ლუკმად არ ეყოფა და მაინც რეცესიაში დარჩება.
ამიტომაც არის, რომ ანალიტიკოსები ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ ბრიუსელის სამიტზე რაიმე რეალურის განმსაზღვრელი გეგმა წარმოადგინონ. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობა წინასწარ აცხადებს, რომ ევროპის ეკონომიკის გადასარჩენად მიმართული ეს მცდელობები უკვე დაგვიანებულად შეიძლება ჩაითვალოს.