მისი აზრით, ეკონომიის რეჟიმს ევროპისათვის სხვა არაფერი მოაქვს, თუ არა ტანჯვა და არეულობა. ამასთან, სტიგლიცი თვლის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლევანდელი ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ აშკარა გახდა, რომ როცა საქმე ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება, ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება მართვის გარეშე რჩება.
ფინანსური მმართველები, დაწყებული ფინანსთა მინისტრებით და დამთავრებული კერძო ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელებით, გამუდმებით იმეორებენ მანტრას: კრიზისში მყოფმა ქვეყნებმა თავი წესრიგში უნდა მოიყვანონ, ბიუჯეტის დეფიციტი და სახელმწიფო ვალი შეამცირონ, სტრუქტურული რეფორმები და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება განახორციელონ. და, რაც მთავარია, რწმენა უნდა აღდგეს.
სტიგლიცის აზრით, ამგვარი მითითებების მოსმენა მათგან, ვინც მართავს ცენტრალურ ბანკებს, ფინანსთა სამინისტროებს, კერძო ბანკებს... ანუ, მათგან, ვინც ეს არეულობა შექმნა ცოტა არ იყოს გასაკვირია. როგორ შეიძლება საუბარი რწმენის აღდგენაზე, როცა კრიზისული ეკონომიკები რეცესიაში გადაეშვნენ? როგორ შეიძლება ზრდის გამოცოცხლება, როცა მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა ტარდება, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს მოთხოვნის, წარმოებისა და დასაქმების დონის შემცირებას?
ანალიტიკოსი ცალსახად აცხადებს, რომ ბაზრები სტაბილური არ არის და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ისინი არა მარტო გამუდმებით გენერირებენ დესტაბილიზაციას, არამედ, როცა მოთხოვნა იკლებს, ვარდნას ამწვავებენ. სულ უფრო იზრდება უმუშევრობა და მისი კიდევ უფრო გავრცელების შიში, რასაც მოჰყვება ხელფასების, ანუ, შემოსავლის შემცირება და მოთხოვნილების კლება. სახელმწიფო იძულებულია ვითომდა დაბალანსებული ბიუჯეტის სახით თავი ჩარჩოებში მოიქციოს, საგადასადო შემოსავლების შემცირებასთან ერთად დანახარჯები შეამციროს. ეს კი ავტომატური დესტაბილიზატორია, რაც ევროპას ნამდვილად არ სჭირდება.
არსებობს ალტერნატიული სტრატეგიები. ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, გერმანიას, ფინანსური მანევრის საშუალება აქვს. ამ საშუალების ინვესტიციებისათვის გამოყენებას აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, რაც მთელი ევროპისათვის დადებითი მომენტი იქნება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გადასახადებისა და დანახარჯების დაბალანსებული ზრდა ეკონომიკური ზრდის საწინდარია. თუ პროგრამა სწორად იქნება შემუშავებული, შიდა პროდუქტის მოცულობისა და დასაქმების დონის ზრდა, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს.
სტიგლიცის თქმით, მთავარია, ევროპამ იმოქმედოს როგორც ერთმა მთლიანმა და მაშინ მას კარგ ფორმაში შესვლა შეუძლია. მით უმეტეს, რომ ევროპაში უკვე არსებობს ინსტიტუტები, მაგალითად, ევროპის საინვესტიციო ბანკი, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ საჭირო ინვესტიციები და ეკონომიკის ფულადი წყურვილი მოკლან. აუცილებლად უნდა გაიზარდოს კრედიტირება, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. ნუთუ ძნელი გასაგებია, რომ ამგვარ სიტუაციაში ბანკების მიერ კრედიტების შემცირება არ შეიძლება?
ევროპა რომ ასე არის ჩაციკლული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკაში, პრობლემების არასწორი დიაგნოსტიკის მიზეზია. ფინანსურ კეთილგონიერებაზე ლექციების კითხვა პრობლემებს ვერ გადაჭრის. მიუხედავად იმისა, ევროპის პრობლემები დროებითია თუ ფუნდამენტური, მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
ეკონომიისაკენ სწრაფვის შედეგები მძიმე და ხანგრძლივი იქნება. თუ ევრო გადარჩება, ეს მიღწეული იქნება დიდი ტანჯვისა და მაღალი უმუშევრობის ფასად, განსაკუთრებით კრიზისულ ქვეყნებში. თავად კრიზისიც, ალბათ გავრცელდება. არ არსებობს მაგალითი, რომ მსხვილმა ეკონომიკამ, ევროპა კი სწორედ ამგვარია, ეკონომიის წყალობით მოახერხა გადარჩენა.
საზოგადოების ყველაზე ფასეული აქტივი – ადამიანური კაპიტალი დღეს იფლანგება და ნადგურდება. ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 50 პროცენტსაც კი აჭარბებს. ეს კი ძალიან დამთრგუნველია.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ევროპას დრო უმთავრდება. კრიზისი მწვავდება, ხეირიანი კი მის დასაძლევად არაფერი კეთდება, გარდა უაზრო, თვითგვემის მომტანი ეკონომიისა. თითქოს ევროპამ თავი ყულფში საკუთარი სურვილით გაყო და ელის როდის გაიგუდება.