საქართველოს ხელისუფლების წევრები მიხეილ სააკაშვილს ურჩევენ, 7 აგვისტოს, კოლუმბიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწროს, რადგან მათი აზრით, ლათინური ამერიკა, სეპარატისტული რესპუბლიკების არაღიარების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს კოლუმბიაში სააკაშვილის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ – პრესა.გე–სთან საუბრისას, კოლუმბიაში შესაძლო ვიზიტს ერთნი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ მისმა იქ ჩასვლამ სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხი შეიძლება დააჩქაროს; მეორენი კი მიიჩნევენ, რომ რაც მეტი მოკეთე ეყოლება ჩვენს ქვეყანას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის...
დღის პირველ ნახევარში, ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების პირველი მთავარი ახალი ამბავი კოლუმბიაში სააკაშვილის მიწვევა იყო – “მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციაზე ოფიციალურად მიიწვიეს. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი ქვეყნის დედაქალაქ ბოგოტაში 7 აგვისტოს გაიმართება“.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ ამბავს და მთავრობის სხდომაზე შესვლის წინ, ჟურნალისტებს განუხადა, რომ ლათინური ამერიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, სეპარატისტული რესპუბლიკების არაღიარების საკითხთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი 7 აგვისტოს კოლუმბიის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უნდა ჩავიდეს, რითაც მას საშუალება ეძლევა ურთიერთობა დაამყაროს სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.
მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურში ჯერჯერობით არ იციან, რას იზამს – კოლუმბიაში წავა, თუ 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი ბარამიძემაც გააკეთა კომენტარი, კოლუმბიაში სააკაშვილის შესაძლო ვიზიტზე, რომელიც “ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა. ბარამიძის აზრით, სააკაშვილის ვიზიტი კოლუმბიაში მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით – “რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ლათინურ ამერიკასთან აქტუალური გახდა. აქედან გამომდინარე, კოლუმბია, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და აშშ–ს მოკავშირე, ჩვენთვის საინტერესო პარტნიორია“.
რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ საერთოდ, რაც არ უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, მისი პარტიის აქტივისტები, მთავრობის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და სახელისუფლებო ტელეარხები ყველაფერზე იტყვიან, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოში.
დავით ზურაბიშვილი: “ხვალ ტანსაცმელი, რომ გამოიცვალოს, ამაზეც კი იტყვიან, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. საერთოდ, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, პროტოკოლის მიხედვით, მიწვევა აბსოლუტურად ყველა ქვეყნის პრეზიდენტს ეგზავნება. შემდეგ მიდის იმის გარკვევა, ვინ დაესწრება ამ ცერემონიას და ვინ არა. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ყველა არ დადის. ჩვენი ბიჭი რა თქმა უნდა, წავა – ოღონდ სადმე გაიქცეს და... იქაურ ბარებში, რომ არ გაისეირნოს, ისე როგორ იქნება?! ამ მიწვევას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. იქ არავინ აპირებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. რომც აპირებდნენ, სააკაშვილი ჩავა თუ არა, ხელს მაინც ვერ შეუშლის. სჯობია არ ჩავიდეს, თორემ რომ ნახონ, შეიძლება უფრო აღიარონ“.
ლეიბორისტი კახა ძაგანია, პრესა.გე–ს მათი პოლიტიკური პარტიის დაახლოებით ორი წლის წინანდელ შეგონებას ახსენებს, რომელიც მაშინ ხელისუფლებამ არ შეისმინა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და როგორც ჩანს, ახლა იღეს ყურად, ლეიბორიოსტების მაშინდელი მოწოდება.
კახა ძაგანია: “კოსოვო აღიარეს თუ არა, სანამ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება მოხდებოდა, ამ ხელისუფლების პირობებში საფრთხეს ვხედავდით და ამიტომ, მასმედიის საშუალებებით მათ შევუთვალეთ, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ემუშავათ იმისთვის, რომ ისინი დაემეგობრებინათ და ამ ქვეყნების მიერ არ მომხდარიყო სეპარატისტული რეგიონების აღიარება. სამწუხაროდ, მაშინ ხელისუფლებამ ცინიზმით გვიპასუხა. ახლა კარგი იქნება, თუ შეცდომას გამოასწორებენ; ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი მეგობარი ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ სააკაშვილს არ შესწევს უნარი საქართველოს დაუმეგობროს ქვეყნები, ხელისუფლებები და ამიტომაც ვთხოვთ წავიდეს ამ თანამდებობიდან და ასპარეზი სხვას დაუთმოს, თორემ, პიროვნული შეუთავსებლობა კი არა გვაქვს?!“
მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებას რაღაც მოვლენებიდან გადაჭარბებული მოლოდინების შექმნა სჩვევია.
ფიქრია ჩიხრაძე: “საერთოდ, ქვეყნები არ უნდა დავყოთ უმნიშვნელო, ნაკლებად მნიშვნელოვან და ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებად. თუმცა, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით არსებობს სტრატეგიული პარტნიორები და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ასეთ პარტნიორებთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ურთიერთობები, მაგრამ სამწუხაროდ, ამ გზას ჩვენ უკვე აცდენილი ვართ და ახლა მეჩვენება, რომ ოღონდ კი სადმე, ვინმემ სააკაშვილი დაპატიჟოს და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ მოვლენის გასაღება უნდათ, როგორც უმნიშვნელოვანესის და ძალიან გამორჩეული დატვრთვის მქონე მიწვევის“.
ჩიხრაძე თვლის, რომ არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით სააკაშვილის კოლუმბიაში მიწვევა ცუდი არ არის, მაგრამ დანარჩენი სხვა რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ შესაძლო ვიზიტს, “გარდა სააკაშვილის მორიგი ტურისტული გასეირნებისა“, ფიქრია ჩიხრაძეს ძნელად წარმოუდგენია.
“შეიძლება რაიმე სხვა დატვირთვაც ჰქონდეს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა იყოს უფრო თანმიმდევრული, სტაბილური და პროგნოზირებადი, ვიდრე აი, ეს ფრაგმენტული გაელვებები, სადღაც–სადღაც მიწვევებისა, ისეთ ქვეყნებში, რომელთანაც ჩვენ რაიმე განსაკუთრებული ურთიერთობა ახლო მომავალში სავარაუდოდ, არ უნდა გვაკავშირებდეს“, – ამბობს პრესა.გე–სთან საუბრისას მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე.
სანამ სააკაშვილი პლიაჟზე სეირნობს და თხილამურებით სრიალებს, აშშ და რუსეთი ერთობლივ სამხედრო სწავლებას იწყებენ
სანამ ხელისუფლების წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, კოლუმბიაში შესაძლო ვიზიტზე მსჯელობდნენ, სააკაშვილი ანაკლიის ახალ პლიაჟზე დასეირნობდა, საიდანაც ვერტმფრენით მესტიაში გადაინაცვლა, ბავშვთა შორის სამთო-სათხილამურო ტურნირს დაესწრო, ალბათ ბავშვობაც გაიხსენა და ტურნირის ფარგლებში თხილამურებითაც ისრიალა.
“ინტერპრესნიუსის“ ცნობით, იქვე განაცხადა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც შესაძლებელია ცურვა ტროპიკულ პლიაჟზე და ამასთანავე სრიალი თხილამურებით: “ანაკლია-მესტიის გზის მშენებლობა მიმდინარეობს და ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიიდან მესტიაში ჩასვლა 2 საათში იქნება შესაძლებელი. იანვრიდან ჩვენ ვიწყებთ რეკლამას მსოფლიოში საქართველოს შესახებ, რომ საქართველო არის ერთადერთი ადგილი ევროპაში, სადაც შეგიძლია იცურაო ტროპიკულ პლაჟზე, ანაკლიაში და ასევე შეგიძლია ორ საათში თხილამურებზე ისრიალო“.
სააკაშვილი თუ ანაკლიიდან მესტიაში გზის შემოკლებაზე ზრუნავს, მედვედევს აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ აძლევს მოსვენებას, მაგრამ იქვე, სხვათა შორის ამბობს, რომ “აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება რუსეთის თვითმიზანი არ არის“. “რია ნოვოსტის“ ცნობით, მედვედევმა იქვე დასძინა, რომ ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამ “რესპუბლიკების“ აღიარების პირობა კოლეგების, ანუ დსთ–ს ქვეყნების პრეზიდენტების თანდასწრებით დადო. ამასთან, მედვედევის მტკიცებით, ლუკაშენკო ამ ნაბიჯის გადადგმას მაქსიმალურად სწრაფად აპირებდა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თემურ იაკობაშვილი მედვედევს თბილისიდან გამოეხმაურა და ერთი მნიშვნელოვანი დანაპირები შეახსენა, რომელიც სააგენტო “პირველმა“ გაავრცელა – “მედვედევმა დადო პირობა, რომ რუსეთს დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქცევდა, თუმცა ეს დღემდე არ გაუკეთებია“.
იაკობაშვილის განმარტებით, რუსეთის მხრიდან მუდმივად ექნება ადგილი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლის მცდელობებს, თუმცა ეს ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს.
რუსეთი ერთი ხელით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სახელმწიფოებად შეკოწიწებას ცდილობს, ხოლო მეორით, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად აღიარებულ აშშ–სთან სამხედრო სწავლებას იწყებს. სააგენტო “პირველის“ ცნობით, 6-14 აგვისტოს რუსულ-ამერიკული სწავლება “ფხიზელი არწივი - 2010“ გაიმართება – “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, პოდპოლკოვნიკ ვლადიმერ დრიკის განცხადებით, სწავლება ტერორისტების მიერ საჰაერო ხომალდის გატაცების შემთხვევაში ერთობლივი ქმედებების გამომუშავებას ისახავს მიზნად. სწავლება ორ ეტაპად გაიმართება. აქტიური ნაწილის ჩატარება 6-დან 14 აგვისტოს პერიოდში იგეგმება. სწავლების ძირითადი შტაბები ხაბაროვსკში და კოლორადო-სპრინგში იქნება განლაგებული, დამხმარე შტაბები კი - პეტროპავლოვსკ-კამჩატსკსა და ანკორიჯში“.