პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ის მესამე ოპოზიციური ძალა შეიქმნას, რომელზეც უკვე დიდი ხანია საუბარი მიდის. კუკავა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ერთ ბლოკად გაერთიანებას არ გამორიცხავს და ეს, სავარაუდოდ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდება: „ბურჯანაძესთან გაერთიანება ჯერჯერობით იდეის დონეზეა და თუ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენ ბლოკში გავერთიანდებით, ამაში არაფერია გასაკვირი“, - ამბობს კუკავა. თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს. როგორ წარმოუდგენია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს ბურჯანაძესთან გაერთიანება და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა, ამ და სხვა თემებზე presage.tv კახა კუკავას ესაუბრა: რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ნინო ბურჯანაძესთან ერთად ბლოკის შექმნას ვგეგმავთ, მაგრამ შემოთავაზებისშემთხვევაში „ქართულ ოცნებასთანაც“ ითანამშრომლებთ? - ამითი გვინდოდა დაგვეფიქსირებინა, რომ ოპოზიციური ერთიანობის მომხრე ვართ, თუმცა იცით, რომ „რესპუბლიკური პარტიისა“ და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის კატეგორიულობის გამო, ეს ერთობა არ შედგა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ შეიქმნას უფრო მცირე საარჩევნო ბლოკი, სადაც „თავისუფალი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი წამყვანი ძალა. დღეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კონსულტაციებზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვთქვით ადრე, რომ საამისო მზადფყოფნა გვქონდა და პრინციპში, ეს მზადყოფნა ახლაც არსებობს, უბრალოდ, „რესპუბლიკური პარტიისა“ და მათი პარტნიორების კატეგორიული პოზიციის გამო, შეთანხმება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ მაინც გაუგებარია, რა იყო რესპუბლიკელებისა და მათი პარტნიორების კატეგორიულობის მიზეზი, რადგანკოალიციაში არიან ძალებიც, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეები არიან და არც ნატოში შესვლაამათთვის იდეა-ფიქსი, ვგულისხმობ, თუნდაც, მრეწველებს. თქვენი აზრით, რაიმე სხვა მიზეზი ხომ არ ჰქონდა რესპუბლიკელების მხრიდან ამ კატეგორიულობას? - ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, იმიტომ, რომ ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და ვერავის ვერ მოახვევ თავს, გინდა თუ არა, ერთად ვიყოთო. მთავარი არის ის, რომ რესპუბლიკელების მეშვეობით კოალიციამ განაცხადა, კახა კუკავასა და ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა არის გამორიცხულიო. ჩვენ ეს მივიღეთ ცნობად, რა თქმა უნდა, არანაირ კონსულტაციაში შესვლას არ ვაპირებთ, უბრალოდ, ქართულმა საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ ერთად რომ არ ვდგავართ, ეს არ არის ჩვენი ბრალი. ხშირად მეკითხებიან ქუჩაში, როდესაც ხალხს ვხვდები, რატომ არ ხართ ერთადო, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ პასუხისმგებლობა. როდესაც ამბობთ, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შემთხვევაში არ გამორიცხავთ „ქართულ ოცნებასთან“თანამშრომლობასაც, გულისხმობთ მხოლოდ „თავისუფალ საქართველოს“ თუ მთლიანად ახალი პოლიტიკური ცენტრისთანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“? - მესამე პოლიტიკური ცენტრი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, არის მხოლოდ იდეა და მე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ სახელით ვსაუბრობ. ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მესამე პოლიტიკურ ცენტრში გარდა ბურჯანაძისა და თქვენი პარტიისა? - ჯერჯერობით, არ არის რაიმე კონტურები, თუმცა სამომავლოდ არ გამოვრიცხავთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობასაც, თუმცა ძირითადი არის „თავისუფალი საქართველო“ და „დემოკრატიული მოძრაობა“. შეიძლება იყვნენ სხვა სუბიექტებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალური არ არის. შეიძლება თუ არა ამ სხვა სუბიექტებში მოიაზრებოდეს, მაგალითად, „ლეიბორისტული პარტია“? - ჩვენ ბატონ შალვასთან თანამშრომლობის წინააღმდეგიც არ ვართ, უბრალოდ ჩვენ ვიცით „ლეიბორისტული პარტიის“ პოზიცია, ისინი ზოგადად, ვინმესთან ბლოკში შესვლის წინააღმდეგები არიან. რაც შეეხება არჩევნებს, თქვენ ამბობთ, რომ ხმების დაახლოებით 50% -ს წაიღებს ოპოზიცია მთლიანად, ეს ნიშნავს, რომთქვენი გათვლებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ დოზით ვეღარ გააყალბებს არჩევნებს, როგორც ამას სხვა დროს ახერხებდა? - ვფიქრობ, რომ დღეს ხმები დაახლოებით თანაბრად ნაწილდება საზოგადოებაში, მაგრამ კონკრეტული შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი საარჩევნო სტრატეგია იქნება არჩეული. იმიტომ, რომ შეიძლება ოპოზიციის ხმები დანაწილდეს და ვერ მივიღოთ ის შედეგი, რაც ერთიანობის შემთხვევაში იქნებოდა მიღწეული. ამიტომ ფიქრობთ, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს? - რა თქმა უნდა, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ეს არის გამოსავალი და არა მხოლოდ საქართველოში. არ ფიქრობთ, რომ მსგავსი გზა უკვე გამოვიარეთ, როდესაც შევარდნაძის წინააღმდეგ გაერთიანდა მთელი ქართულიოპოზიცია? - შევარდნაძის წინააღმდეგ იბრძოდა რეალური ოპოზიცია და ალბათ, იცით, რომ დღეს გარკვეული ძალები, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციას უწოდებენ, სინამდვილეში ხელისუფლებასთან შეჩნეული არიან თანამშრომლობაში. სხვათა შორის, მსგავს პოლიტიკურ ძალებს ოპოზიციის მარცხის მიზეზადაც ასახელებენ ხოლმე. ახლა მაინც თუ არსებობსრაიმე სტრატეგია, ან პრინციპი, რაც ასე ვთქვათ, მსგავ სუბიექტებს ოპოზიციასთან მიკედლების შანსს არ დაუტოვებს? - ყველას თავ-თავისი შეხედულებები გვაქვს, თუმცა ეს სუბიექტური აზრია და საჯაროდ არ გამოვიტანდი. თუმცა ამაზე საკმაოდ ბევრს ლაპარაკობენ და იგივე ნინო ბურჯანაძესაც ბევრჯერ გაუკეთებია ამის შესახებ განცხადებები თუმინიშნებები... - ერთ რამეს ვიტყოდი, დღეს საზოგადოება ხედავს, ვინ რა პროგრამით გამოდის და რეალურად ხელისუფლებისაგან განსხვავებული პროგრამა აქვს ჯერჯერობით, მხოლოდ პარტია „თავისუფალ საქართველოს“, როგორც საგარეო, ისე საშინაო საკითხებში და ძალიან ბევრი პარტია, რომელიც თავს ოპოზიციურს უწოდებს, ისინიც ზუსტად იგივე პოსტულატებს ახმოვანებენ, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება. ეს არის ნატოში ინტეგრაცია, ავღანეთის საომარ ოპერაციებში მონაწილეობა, ფინანსური ამნისტია კორუმპირებული ჩინოვნიკებისათვის, ბათუმში უცნაური მეჩეთის მშენებლობა და ა.შ. ვის გულისხმობთ, პრინციპში, „ქართული ოცნებაცაა“ დასავლური ვექტორის მომხრე, თუმცა რუსეთთან ჯანსაღიურთიერთობის მოწინააღმდეგეც არ არის... - „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოლიტიკური პროგრამა, მათი სტრატეგია არის, „ესეც მინდა, ისიც მინდა“ და ასე ვთქვათ, ორი კურდღლის მადევრები არიან. მათ უნდათ მიიღონ პროდასავლური ელექტორატის ხმებიც და ეროვნული ელექტორატის ხმებიც. ეს სტრატეია გაამართლებს თუ პირუკუ შედეგს მოიტანს, რომ ვერც ერთის ნდობას ვერ მოიპოვებენ, ამას მხოლოდ პრაქტიკა გამოაჩენს. განცხადებების დონეზე მოგვისმენია მათი მხრიდან, რომ აქვთ გარკვეული პოზიცია, ზოგიერთი წარმომადგენლები სხვა ტიპის განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც მერე სხვები უარყოფენ და ა.შ. არც ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, გარდა „თავისუფალი საქართველოსი“, არ გვინახავს დაწერილი პროგრამა, რას აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. როგორც თქვით, გაქვთ მოლოდინი, რომ ოპოზიცია ხმების საკმაოდ დიდ რაოდენობას მიიღებს. თვლით თუ არა, რომ NDI-სადა IRI-ს კვლევებმაც იგივე სურათი აჩვენა? - NDI და IRI ახმოვანებენ იმას, რასაც ფიქრობს აშშ-ს საელჩო და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი. მათ კვლევებში შეიძლება წავიკითხოთ ასეთი მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებაში უნდა დარჩეს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალებს უნდა წარმოადგენდნენ „ქართული ოცნება“ და „ქრისტიანულ დემოკრატიული მოძრაობა“. ეს არის მათი პოზიცია, რომელსაც უბრალოდ, დაარქვეს გამოკითხვა, სინამდვილეში, შეიძლებოდა ამ კვლევებისთვის დაგვერქმია თავისი რეალური სახელი - ეს არის განცხადება და არა გამოკვლევა. უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად მოგვევლინება? - რა თქმა უნდა, არა მხოლოდ წინა, არამედ ყველა არჩევნებზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ეს არის აშშ-ს თუ ამ კონკრეტული ორგანიზაციების, NDI-სა და IRI-ს პოზიცია? - ეს არის აშშ-ს პოზიცია და მე სასაცილოდ არ მყოფნის, როდესაც რომელიმე ე.წ. ექსპერტი აცხადებს, რომ არა, იცით რა ამერიკელები რა შუაში არიან, ლუის ნავარო არის ცუდი კაცი და ა.შ. აშშ-ს ხელისუფლება არის ისეთი მოწესრიგებული და ისეთი დისციპლინირებული, რომ შეუძლებელია იქ ასეთი რაღაც ხდებოდეს, რომ ობამა სააკაშვილის წინააღმდეგი იყოს, ჰილარი კლინტონი სააკაშვილის წინააღმდეგი იყოს და ლუის ნავარო მას უჭერდეს მხარს. ეს სერიოზულ არგუმენტად საერთოდ არ მიმაჩნია. თუმცა, აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ბევრმა პოლიტიკოსმა გააკეთა განცხადება, რომ ისმესიჯები, რაც ვაშინგტონიდან წამოვიდა, იყო გაფრთხილება და არა მხარდაჭერა სააკაშვილისა.. - გაგიგონიათ, ალბათ, ცნობილი ანდაზა, „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“. ინტერპრეტაცია შეიძლება ყველაფრის, შეიძლება ასეთი ინტერპრეტაციაც, რომ იმიტომ აკრიტიკებს, რომ მხარს უჭერს. თეორიულად ყველაფრის თქმა შეიძლება. პრაქტიკულად კი NDI-ს გამოკვლევები არის ქაღალდზე დაწერილი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ამერიკის მთავრობის აზრით, სააკაშვილს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ NDI-ს გამოკვლევები შემთხვევითობას წარმოადენდა, აგერ ორ კვირაში დაეწია IRI-ს გამოკვლევები, სადაც ზუსტად იგივე მონაცემები იქნა დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია. დავუბრუნდეთ რუსეთის თემას. თქვენი პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თქვენს დამსახურებად თვლით, რომ რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის ნელ-ნელა იხსნება. თუმცა, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ არჩეულ სტრატეგიას არ ღალატობს და მისი ერთ-ერთი ბოლო განცხადება იყო, რომ რუსეთს სურს ქვეყნის მართვა საქართველოსგან ისწავლოს, მაგრამ არ გამოსდისო. იმოქმედებს თუ არა ამგვარი განცხადებები იმ პატარა ბილიკზე, რომელიც გაიხსნა რუსული ბაზრის მიმართულებით? - ის რომ, ეს მართლაც „თავისუფალი საქართველოს“ დამსახურებაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ, რომ არც ერთ სხვა პარტიას მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება სააკაშვილის პოზიციას, ეს ხელისშემშლელია, თუმცა ჩვენ ჩვენსას მაინც ვაკეთებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ამ ავადმყოფი ადამიანის მოსაზრება, არამედ, კახელი გლეხი, აჭარელი მეციტრუსე, გურული მეჩაიე. მათ ჩვენ მოგვცეს დავალება, რომ მათი პროდუქცია უნდა გავიტანოთ რუსეთის ბაზარზე. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „თავისუფალი საქართველოს“ ამ ინიციატივას აქვს 100%-იანი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, სააკაშვილისა და რამდენიმე იმბეცილის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებიდან, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ზოგიერთ კომპანიას, რომელსაც სურს რუსულ ბაზარზე პროდუქციის გატანა აქვს პრობლემები, მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ „სარაჯიშვილი“ რომელმაც ერთი წელია, ვერ შეძლო რუსეთში პროდუქციის ექსპორტირება... - სარაჯიშვილი არ თანამშრომლობს პარტია „თავისუფალ საქართველოსთან“. ის დამოუკიდებლად ცდილობს ამის მიღწევას და ამიტომ კომენტარიც უშუალოდ მათგან უნდა აიღოთ. ანუ, ვისაც თქვენ უწევთ რეკომენდაციას თუ შუამდგომლობთ მხოლოდ ისინი ხვდებიან რუსულ ბაზარზე? - არა მხოლოდ „სარაჯიშვილის“ შემთხვევაში, არამედ ზოგადად არის ასეთი კონტექსტი, რომ ხან უნდათ რუსულ ბაზარზე გასვლა და ხან არ უნდათ. ეტყობა, როცა საქართველოს ხელისუფლებიდან შეაშინებენ, აღარ უნდათ. „სარაჯიშვილის“ მხრიდანაც რამდენჯერმე მოვისმინეთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებსო, მაშინ, როცა განაცხადი უკვე შეტანილი ჰქონდათ. რისი იმედი ჰქონდათ ამ კომპანიაში, არ ვიცი, მე მონი, ცოტა სასაცილოა, რომ ჩუმად გაეტანა კომპანიას პროდუქცია ისე, რომ ამის შესახებ სააკაშვილს ვერ შეეტყო. გამოდის, რომ ონიშჩენკო კი არა თვითონ სააკაშვილია ქართული პროდუქციის რუსეთში გატანის წინააღმდეგი... - რა თქმა უნდა, სააკაშვილს უნდა, ამტკიცოს, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი, რომელთან შერიგების შანსი ჩვენ არ გაგვაჩნია და ძალიან უცნაური იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში, კახელი გლეხი, რომელმაც ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა ამერიკელებისგან, ჩინელებისგან, სულს მოითქვამს, სწორედ თავისი პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანის შედეგად. მაშინ სააკაშვილის მიზანი რა არის? - მისი მიზანი არის თავისი რეჟიმის შენარჩუნება და ამას უკავშირებს ანტირუსულ ისტერიკას, იმ იმედით, რომ ამერიკა ანტირუსული ლიდერის დამხობას არ დაუშვებს. ანუ, თქვენც ეთანხმებით მოსაზრებას, რომ სააკაშვილს პუტინი აწყობს, პუტინს კი სააკაშვილი? - არ ვფიქრობ, რომ პუტინს აწყობს სააკაშვილი, უბრალოდ, დღევანდელი სააკაშვილი არის მათთვის უფრო მისაღები, ვიდრე 5 წლის წინანდელი სააკაშვილი, როდესაც მას ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის დაახლოებით ისეთ ვითარებაში, რა ვითარებაშიც არის დავუშვათ, ბაშარ ასადი - კი არის პრეზიდენტი, მაგრამ ყველამ იცის, რომ რამდენიმე თვეში უნდა წარდგეს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე. პუტინისთვის ასეთი დამფრთხალი კურდღელი ბევრად უფრო კომფორტული ვარიანტია, ვიდრე სააკაშვილი 5 წლის წინ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩვენ ნატოში უნდა შევიდეთ. გასაგებია, რომ ქართველი გლეხისთვის რუსული ბაზარი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ როგორ ფიქრობთ რა პოლიტიკური დივიდენდები შეიძლება მოგიტანოთ ალექსანდრე ებრალიძის მხარდაჭერამ, რომელიც საქართველოში არც თუ პოპულარულია? - გასაგებია, რომ ალექსანდრე ებრალიძე პოპულარობით არ სარგებლობს „რუსთავი 2“-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ სხვა ე.წ. ფსევდოლიბერალურ წრეებში, მაგრამ ვერავინ ვერ მოიყვანს არგუმენტს, რომ მას საქართველოს წინაააღმდეგ რამე გაუკეთებია. ეს არის ქართველი მეცენატი და პატრიოტი, რომელმაც საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ბევრი კარგი ქართული საქმე გააკეთა. პატივს ვცემ ადამიანს მის მიერ გაკეთებული საქმეებით და არა იმით, „რუსთავი 2“-ზე ვინ რას იტყვის, ეს არ არის ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი. რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დროს თუ ყოფილა ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსულ ბაზარზე ბევრად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის? - რა თქმა უნდა, ყოფილა და გეტყვით იმასაც, რომ კულუარულ საუბრებში ეს საკითხი განიხილება ბევრად უფრო ღიად და კონსტრუქციულად. ზუსტი მოდელების განსაზღვრა დღეს შეიძლება ძალიან გაჭირდეს, მაგრამ გეტყვით რამდენიმე გარემოებას, რომელიც აბსოლუტურად დამტკიცებულია და ამისი დადასტურება შეუძლია ყველას, ვისაც რუსეთთან რაიმე ურთიერთობა აქვს. პირველი, რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაფერში არ სჭირდება და არ აინტერესებს. ეს ტერიტორიები თავისი საზღვაო სანაპიროებით, ციტრუსებით საკურორტო ზონებით და ა.შ. რუსეთისთვის არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, პირიქით, ეს არის ტვირთი რუსეთისათვის. ორივე ეს ტერიტორია არის რუსეთისთვის ბერკეტი და ინსტრუმენტი საქართველოზე გავლენისათვის. რა თქმა უნდა, თუ საქართველო რუსეთს შესთავაზებს ურთიერთობის ისეთ მოდელს და კონცეფციას, რომელიც მისაღები იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ კონტროლის განხორციელება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, იქნება აბსოლუტურად რეალური. |