„ქართული ოცნების“ ლიდერები დუშეთის მოსახლეობას შეხვდნენ (video)

„ქართული ოცნების“ ლიდერები დუშეთის მოსახლეობას შეხვდნენ (video)

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს დუშეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საკუთარი გეგმები და პრიორიტეტები გააცნეს. 

შეხვედრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, „ქართული ოცნების“ დუშეთის ოფისის ხელმძღვანელის - დოდო ჩოხელის შვილს, გვანცა დოლიშვილს მანქანა დაუზიანეს.

შეხვედრის დაწყებისთანავე დუშეთის კულტურის სახლის დარბაზში, რომლის დასაქირავებლადაც „ქართულმა ოცნებამ“ 1000 ლარი გადაიხადა, დენი ჩაქრა. ელექტროენერგიის მიწოდება კულტურის სახლს 10 წუთში აღუდგა და შეხვედრაც დაიწყო.

„ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმები და პრიორიტეტები ადგილობრივ მოსახლეობას პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებმა - არჩილ კბილაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და სოზარ სუბარმა გააცნეს. საყოველთაო დაზღვევა, განათლების ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, სამართლებრივი სისტემის უზრუნველყოფა- ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს.

„გუშინ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელში ვიყავით და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა ვნახეთ. ეს ამაზრზენი სანახავია. არაფერია გარინდებულ სოფელზე ცუდი სანახავი. არაფერია იმაზე ცუდი სანახავი, როცა ხედავ სოფელს, სადაც ხალხი არ ცხოვრობს, ან შემორჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი ასაკოვანია და ბავშვების ჟივილ-ხივილი არ ისმის. რატომ იცლება სოფლები და რატომ იზრდება საქართველოდან მიგრაცია? ჩვენ ვიცით, როგორ და რა გზით უნდა შეიცვალოს არსებული ვითარება. ჩვენი ამოცანაა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტორებთან ერთად სახელმწიფომაც ჩადოს ფული. სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგ ადამიანი სოფელს დაუბრუნდება,“ - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრიორიტეტების შესახებ უფრო დაწვრილებით ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა. „ჩვენ შემოვიტანთ საყოველთაო დაზღვევას, დაზღვევას არა მხოლოდ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთათვის, არამედ ყველასთვის. სადაზღვევო პაკეტი გაითვალისწინებს სრულ მკურნალობას; სწორად განისაზღვრება საარსებო მინიმუმი და ის არ დაიბეგრება; შეიქმნება სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი. გლეხებს დავეხმარებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რეკომენდაციებით და მოსავლის დაზღვევის პროგრამებით. სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გაიზრდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სტუდენტთა ხვედრითი წილი. აღდგება სკოლამდელი აღზრდის სისტემა და საბავშვო ბაღები უფასო იქნება. ახლა ქვეყანა სავსეა უდანაშაულო დასჯილებით. გაძლევთ პირობას, რომ სამართლიანობა აღსდგება. ჩვენ თქვენი თანადგომით გავიმარჯვებთ და ყველაფერს ერთად გავაკეთებთ,“ - აღნიშნა ხმალაძემ.

სოზარ სუბარმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხელისუფლების ზეწოლას არ შეუშინდნენ და მათ ახალი ინიციატივა გააცნო. „მოგიწოდებთ ყველას - ნუ შეგეშინდებათ ხელისუფლების ზეწოლის და საარსებო საშუალების დაკარგვის. ყველა ადამიანი, რომელსაც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლებენ, ან სხვა პრობლემას შეუქმნიან, ფინანსურ დახმარებას მიიღებს. ამ მიზნით ფონდი „ქომაგი“ დაარსდა. ამ ფონდში თანხებს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და ბიზნესმენები ჩარიცხავენ,“ - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს სოზარ სუბარმა.

სუბარის თქმით, ფონდი „ქომაგი“ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევს. „ქომაგს“ პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა - ია მეტრეველი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა მოქალაქემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს წერილობითი განცხადება გადასცა. განცხადებაში მოსახლეობა გუდამაყრის ხეობაში, ბაკურხევის გზის რეაბილიტაციას და მდინარე შავ არაგვზე სამანქანო ხიდის გაკეთებას ითხოვდა. „საქართველოს ხელისუფლების მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის გამო ასეთი დახმარების უფლება არ გვაქვს. ოქტომბერში, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერს გავაკეთებთ,“ - განაცხადა ხმალაძემ.