ლადო პაპავა:

ლადო პაპავა: "მკვიდრი მოსახლეობა მიდის, სამაგიეროდ, "აფროქართველები" ჩამოდიან და მრავლდებიან"

 

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა თანდათან იზრდება. 2012 წლის მარტში შემოსული გზავნილების რაოდენობამ 108,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 5.4 მლნ დოლარით მეტია გასული წლის მარტის მაჩვენებელზე. რით არის გამოწვეული ეს და რა როლს ასრულებს ფულადი გზავნილები ჩვენს ეკონომიკაში? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:

- ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობის დადგენა საკმაოდ ადვილია, რადგან ეს ინფორმაცია რეგულარულად იბეჭდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, ეს არის ინფორმაცია საბანკო არხებით შემოსული ფულის შესახებ, სხვა გზით შემოსული ფულადი გზავნილების დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სურათი დაახლოებით ასეთია: თუ არ ჩავთვლით კრიზისულ 2008-2009 წლებს, ქვეყანაში წლის განმავლობაში საშუალოდ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოდის. აქედან დაახლოებით 60 პროცენტი არის გზავნილები რუსეთიდან, დანარჩენი კი იმ ქვეყნებიდან, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასულია საზღვარგარეთ და ისინი ინახავენ თავიანთ ოჯახებს საქართველოში. ძირითადად ეს არის მცირე ოდენობის თანხები, თუმცა, გზავნილები სასიცოცხლო ინიექციის როლს ასრულებს არა მარტო ამ ოჯახებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. მარტო ფულად გზავნილებზე რომ ვილაპარაკოთ, ეს შეცდომა იქნებოდა. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მსჯელობა ჩვენს საგარეო სავაჭრო ბალანსზე, რომელიც მკვეთრად უარყოფითია: დღეს იმპორტი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ექსპორტი. წესითა და რიგით, ამ განსხვავების გამო ლარი უნდა გაუფასურებულიყო, მაგრამ ეს არ ხდება რამდენიმე მიზეზის გამო: მართალია, საგარეო ვაჭრობაზე ვკარგავთ უცხოურ ვალუტას, მაგრამ იმავე ვალუტას ვიძენთ სწორედ ფულადი გზავნილებით. ერთ-ერთი წყარო, რომლითაც ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, სწორედ ეს გზავნილებია. ასევე მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი, რომლებსაც ასევე შემოაქვთ ვალუტა ქვეყანაში; უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა საერთაშორისო დახმარებებიც. სწორედ ამ წყაროების დამსახურებით არის დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური, მაგრამ ეს ხდება არა საქართველოს ეკონომიკის, არამედ ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ფულადი ინიექციების ხარჯზე. 

- გამოდის, რომ ქვეყნის ეკონომიკა უცხოეთიდან შემოსულ დახმარებებზე დგას.
- მეც სწორედ ეს გითხარით. რეალურად ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად განუვითარებელია. წლები გადის და უარყოფითი სავაჭრო სალდო კი არ იკლებს, არამედ იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არაკონკურენტუნარიანია. უპრიანი იქნება განვიხილოთ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურაც: მისი 20-21 პროცენტი მოდის მსუბუქ ავტომობილებზე, მაგრამ საქართველო მსუბუქი ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა რომ არ არის? - ეს არის ქვეყანაში შემოსული უცხოური ავტომობილების რეექსპორტი, მაგრამ ჩვენთან გატარებულია როგორც ექსპორტი. ასე რომ, ექსპორტის მეხუთედი უჭირავს ავტომობილებს, რომელსაც ჩვენი ეკონომიკა არ ქმნის. ქვეყნის ექსპორტში დაახლოებით 8-პროცენტიანი წილი მოდის ჯართზე. ამდენი ჯართი საქართველოში უკვე აღარ არის, მაგრამ იცით, რატომ მივიღეთ ასე მაღალი ეს მაჩვენებელი? - იმიტომ, რომ აზერბაიჯანული და სომხური ჯართი, რომელიც ფოთის პორტიდან გადის, საქართველოს ტერიტორიას გაივლის - ეს არის ექსპორტი მათთვის, ჩვენთვის კი, პრატიკულად რეექსპორტია. საბოლოოდ გამოდის, რომ თითქმის მესამედი ჩვენი ექსპორტისა, არ არის საქართველოს ეკონომიკის ფუნქციობის შედეგი. ეს არის უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ რომ არ არსებობდეს ფულის შემოდინების სხვადასხვა არხი, ქართული ეკონომიკა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში იქნებოდა. საერთოდ, ეკონომიკა უნდა შეფასდეს მისი საექსპორტო პოტენციალით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ისეთი მცირე ზომის ეკონომიკისათვის, როგორიც ჩვენია. 

- რით უნდა აიხსნას ფულადი გზავნილების რაოდენობის ზრდა ბოლო ხანებში? 
- ფულადი გზავნილების ზრდის ორი მიზეზი შეიძლება დასახელდეს: პირველი - იზრდება ემიგრანტების რიცხვი და მეორე - უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შემოსავლები მატულობს...

- ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოსახლეობის 26 პროცენტი ემიგრაციაში ცხოვრობს.
- ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან გამოდის, რომ მოსახლეობის მეოთხედზე მეტი ქვეყნიდან არის გასული. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მეოთხედმა აქ საარსებო წყარო ვერ იპოვა. ძალიან დიდია სეზონური მიგრაციის წილიც, როდესაც რაღაც სამუშაო ჩნდება, მოსახლეობის ნაწილი მიდის საზღვარგარეთ და შემდეგ უკან ბრუნდება. 

ბატონო ლადო, ხშირად ისმის საყვედური, რომ ქართველები ზარმაცები არიან და ამიტომაც გარბიან უცხო ქვეყნებში...
- მოდით, გავიხსენოთ, რომ უცხოეთში ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობა მძიმე შრომას ეწევა. როგორ, ქართველი კაცი წავიდა და რუსეთში რომელიღაც მეტალურგიულ ქარხანაში ან მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, როგორ ფიქრობთ, იმავეს აქ არ გააკეთებდა? თანაც, იქ ბინა აქვს დასაქირავებელი და მისთვის უცხო გარემოში ცხოვრობს. ამიტომ, ნურც იმაზე ვიტრაბახებთ, რომ ქართველი კაცი განსაკუთრებით შრომისმოყვარეა და თვითგვემასაც ნუ მივეცემით, რომ უზარმაცესი ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ მწარე სიმართლეს, რომელიც თავის დროზე დიდმა ილიამ გვითხრა ლუარსაბ თათქარიძის მხატვრული სახის შექმნით, მაგრამ ილიას არ უთქვამს, მთელი ქართველი ერი თათქარიძის მსგავსიაო. ჩემი აზრით, არც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოვირჩევით და არც განსაკუთრებული სიზარმაცით, ჩვეულებრივი ხალხი ვართ.

- ბოლო ხანს ჩვენი ხელისუფლება ხშირად ლაპარაკობს ქალაქების რეაბილიტაციაზე. ახლახან დაიწყეს მსჯელობა კახეთის, წყალტუბოს რეაბილიტაციაზე და ა.შ...
- წყალტუბოს რეაბილიტაციაზე საუბრისას ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ პრეზიდენტმა თქვა სიმართლე, რომლის თქმისგანაც აქამდე თავს იკავებდა: მაცალეთ 2, 3 4 წელიწადი და ამ ქალაქს ტურიზმის მექად გადავაქცევო, რითაც გვითხრა, რომ ის პრემიერმინისტრობას აპირებს. პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე მას წელიწად-ნახევარზე ცოტა მეტი დარჩა, მაგრამ კიდევ ითხოვს 4 წელიწადს. ამით, წყალტუბოში მან პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა საზოგადოებას. არ მინდა, მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს მე ცუდად აღვიქვამ აღმშენებლობას, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხშირად ფიქციაა. მაგალითად: ზარ-ზეიმით გაიხსნა ანაკლიის კურორტი, ითქვა, რომ იქ აიგო უნიკალური ხიდი, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი, მაგრამ მოვიდა წვიმა და ადიდებულმა ენგურმა ეს ხიდი უეცრად წაიღო. ზარ-ზეიმით გაიხსნა საკონცერტო დარბაზი ბათუმში და პირველივე კონცერტზე, წვიმამ რომ დასცხო, ჭერიდან წყალი წურწურით ჩამოდიოდა. გავიხსენოთ თბილისის აეროპორტი, რომლის სახურავიც ქარმა წაიღო. 

ახლა ნახეთ, რა საინტერესო ამბავი ხდება - 26 მაისს უნდა ჩატარდეს პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში. სააკაშვილი ამბობს, რომ შენობა 26 მაისს უნდა დასრულდეს, ამასთანავე საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, 26 მაისს პარლამენტი მხოლოდ ნაწილობრივ იქნება დასრულებული. ასეთი პრობლემები საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან ბევრია, ამიტომ, როცა რაღაც შენდება და კეთდება, კარგია, მაგრამ როცა ერთხელ გაკეთებული ხელახლა უნდა გაკეთდეს, ეს ცუდია. აღმაშენებლის გამზირის გალამაზება ყველას ახარებს, მაგრამ ჩამოსულმა სტუმარმა რა იცის, იმ გალამაზებული ფასადის მიღმა რა ხდება. აბა, მიდით და ჰკითხეთ ხალხს, რომელიც იქ ძველ, გაუბედურებულ სახლებში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება არ ფასადური წინსვლა, არამედ რეალური, ამ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეებიც არ გაიქცევიან ქვეყნიდან, რადგან ქართველი ერი თავისი ბუნებით არ არის მომთაბარე ერი, დღეს კი, თუნდაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის მეოთხედი ემიგრაციაშია. ეს ნიშნავს, რომ აქ უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა. ამ ფონზე საქართველოს მთავრობამ პარლამენტში შეიტანა ღიმილისმომგვრელი ინიციატივა, რომ უნდა შეიქმნას დიასპორის პარლამენტი. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ ეს ხალხი როგორმე სამშობლოს დაუბრუნდეს, არამედ ცდილობენ, რომ მათთვის შეიქმნას რაღაც ფსევდოპარლამენტი გაუგებარი ფუნქციითა და ასევე გაუგებარი არჩევნებით. როცა ასეთ კანონს იღებ, უცხოეთში გადახვეწილ შენს მოქალაქეს ეუბნები - იყავი იქ, სადაც ხარო. სამაგიეროდ, ჩვენთან ძალიან კარგად მრავლდებიან "აფროქართველები", ამერიკაში მათ აფროამერიკელებს უწოდებენ და ჩვენც რაღა დაგვრჩენია, სტილი უნდა შევინარჩუნოთ და ვთქვათ, რომ ისინი "აფროქართველები" არიან.

ცნობისათვის

საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 91,8 პროცენტი 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ეს ქვეყნებია: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, უკრაინა, ესპანეთი, თურქეთი, ისრაელი, ინდოეთი და გერმანია. პირველი ადგილი ჩარიცხვებში ტრადიციულად რუსეთს უკავია, საიდანაც ამა წლის მარტში თითქმის 60 მილიონი ამერიკული დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზეა საბერძნეთი - 12,3 მილიონი დოლარი, მესამეზე იტალია - 9,8 მილიონი, შემდეგ მოდიან აშშ - 6,8 მლნ, უკრაინა - 3,9 მლნ, თურქეთი - 2,5 მლნ, ესპანეთი - 2,7 მლნ, ინგლისი - 1,4 მლნ, ისრაელი - 1,2 მლნ, გერმანია - 1,1 მლნ, ინდოეთი - 1,2 მლნ. იანვარში ფულადმა გზავნილებმა უცხოეთიდან 84,5 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო თებერვალში - 96,4 მლნ ამერიკული დოლარი.