“ქართულ პარტიას” ოფისისთვის შენობა ისრაელის მოქალაქეებმა დაუთმეს

“ქართულ პარტიას” ოფისისთვის შენობა ისრაელის მოქალაქეებმა დაუთმეს

“ქართულმა პარტიამ”  სათავო ოფისის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ახალი ოფისი უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. პრეზენტაცია პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ გახსნა და ჟურნალისტებს პარტიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ძაგნიძე და საზოგადოებრივი მისაღების უფროსი თაზო გამცემლიძე გააცნო.

 

”როგორც ამ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, მსურს, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ ქართული პარტიის ცენტრალური ოფისი, რომელიც მდებარეობს უზნაძის ქუჩა N113/ბ – ში . მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ქართული პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში “სამ საათზე”.

 

ქართულ პარტიას შეუფერხებელი კომუნიკაციის მიზნით, პრესასთან გახსნილი ურთიერთობა ექნება მხოლოდ, ჩვენი პრეს სამსახურის მეშვეობით და მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ, პრეს სამსახურის უფროსი ნინო ძაგნიძე. ქართულ პარტიას ექნება უწყვეტი კავშირი ქართველ ხალხთან და ამ მიზნით, იმოქმედებს საზოგადოებრივი მისაღები.

 

მსურს, წარმოგიდგინოთ საზოგადოებრივი მისაღების უფროსი, თაზო გამცემლიძე, საზოგადოებრივი მისაღების საშუალებით გვექნება ურთიერთობა მოქალაქეებთან, გაწევრიანების მსურველებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მხარი დაგვიჭიროს”, - განაცხადა კოკა გუნცაძემ და ჟურნალისტები ”სუფრასთან დაპატიჟა”.

 

კითხვაზე თუ ვინ იქნება პარტიის ხელმძღვანელი, კოკა გუნცაძემ უპასუხა - ”გთხოვთ მობრძანდეთ”. რის შემდეგაც შამპანიურების გახსნის პატივი საზოგადოებრივი მისაღების ხელმძღვანელს თაზო გამცემლიძეს ერგო.

 

მოკრძალებული პრეზენტაციის ოფიციალურ ნაწილს, სადაც მხოლოდ ჟურნალისტები მიიპატიჟეს, პარტიის ცნობილი სახეები ეროსი კიწმარიშვილი, სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე არ დასწრებიან. ლევან გაჩეჩილაძემ ოფისის ეზოში მყოფ ჟურნალისტებს პრეზენტაციის დაწყებამდე შენობის მეორე სართულიდან ღიმილით გადახედა, ისე, როგორც თავის დროზე, ირაკლი ოქრუაშვილმა გადმოიხედა ათონელზე მდებარე თავისი ყოფილი ოფისიდან.

 

პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის შემდეგ ჟურნალისტები მეორე სართულზე აიყვანეს, ოღონდ ტელე-კამერების გარეშე, სადაც ქართული პარტიის ცნობილ სახეებთან ერთად, ”ახალოფისობას” თეო ტლაშაძე, ირაკლი დოლაბერიძე და  ირაკლი ოქრუაშვილის უკვე დაშლილი პარტიის ყოფილი სხვა სახეები ჩაით ხელში აღნიშნავდნენ.

 

პარტიის წევრებმა აქაც ჟურნალისტების ”მადა დაიწუნეს”  და კითხვებზე პასუხის ნაცვლად, “ფურშეტი” შესთავაზეს. კვლავ საიდუმლოდ დარჩა, თუ რამდენს იხდის ფეშენებელურ, 4 სართულიან შენობაში ოქრუაშვილის ახალი პარტია. პარტიაში არც დაფინანსების წყაროებს ასახელებენ.

 

კითხვაზე თუ ვისგან იქირავა ოფისი ქართულმა პარტიამ, ეროსი კიწმარიშვილი პასუხობს: - ”ოფისი ისრაელის მოქალაქეებზეა გაფორმებული და დანარჩენს მას შემდეგ გაიგებთ, რაც ჩვენი პარტია დარეგისტრირდება და ყრილობასაც ჩავატარებთ”.

 

ბატონო ეროსი, რამდენს უხდით ისრაელის მოქალაქეებს?

-იმდენს, რამდენიც არის მისი საბაზრო ღირებულება. საჯარო რეესტრიდანაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა საკმაოდ ძვირი, 10 000 გიჯდებათ

-ტყულია!

 

შეგახსენებთ, რომ “ქართული პარტია” პოლიტიკურ ასპარეზზე ოფიციალურად 12 ოქტომბერს “შერატონ მეტეხი პალასში” გამოჩნდა. პოლიტიკურ სცენაზე კი, “ქართული პარტია” 24 ნოემბერს ავა დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.

 

ამ დღეს გაცხადდება პარტიაში ლიდერთა პოზიციებიც.