სადაზღვევო კომპანიების ჩართვამ ჰოსპიტალურ სექტორში დაზღვევის სფეროს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ეს არ იყო მათ მიერ ბიზნესის განვითარებისთვის მიღებული ბუნებრივი გადაწყვეტილება.
“ხელისუფლება იძულებული გახდა გაეშვა “ბლოკ ჯორჯია”, რადგან იგი ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საბიუჯეტო სახსრებით მომხდარიყო საავადმყოფოების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ან ამ სფეროს მცოდნე ინვესტორები მოგვეწვია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჰოსპიტალური სექტორის გამართვა დაევალებინა სადაზღვევო კომპანიებისათვის, რომლებიც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხებით ფინანსდებიან. ეს კი მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხი გახდა ამ კომპანიებისთვის”, - აცხადებს დეპუტატი მაგდა ანიკაშვილი.
პირველ რიგში, ეს იყო დარტყმა მოქალაქეებისათვის, რომლებსაც ე.წ. კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ, რადგან სწორედ ამ პერიოდში გაძვირდა პაკეტები, შემცირდა სერვისების რაოდენობა და თანაგადახდის პროცენტი. ასევე პრობლემები შეექმნათ უმწეოებს, რომლებსაც სახელმწიფო დაზღვევა აქვთ, უამრავი ადამიანი ვერ იღებდა დაფინანსებას.
“როგორც ჩანს, ამან სერიოზული შედეგები გამოიწვია, რადგან უკვე 2 კომპანია აღარ არის ბაზარზე. კომპანიებმა სერიოზული ფინანსები მიმართეს ჰოსპიტალური სექტორისაკენ. ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ არ არის მომგებიანი. სახელმწიფოს ასეთი პირდაპირი ჩარევა კერძო სექტორში არ არის მისი განვითარებისთვის ხელსაყრელი”, - ამბობს ანიკაშვილი.
მისი ინფომარციით, არაოფიციალურ საუბრებში ყველა სადაზღვევო კომპანია ამბობს, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ. ასე რომ, გამორიცხული არ არის, “იმედი ელ”-ის ხვედრი სხვა კომპანიებმაც გაიზიარონ.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი ჰოსპიტალური სექტორის ფარგლებში აღებული ვალდებულებების გამო სხვა კომპანიების “იმედი ელის” მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას გამორიცხავს. როგორც მან რადიო “კომერსანტს” განუცხადა, სხვებმა საკუთარი ვალდებულებები თითქმის შეასრულეს, “იმედი ელს” კი დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა, რომლის ფინანსური უზრუნველყოფა ვეღარ მოახერხა.
საპარლამენტო ოპოზიცია სადაზღვევო კომპანიების ფინანსური პრობლემების შექმნის საფუძვლად ხელისუფლების ჩარევას და ეროვნული ბანკის უმოქმედობას ასახელებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის მოხსენებით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობამ ამ მხრივ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა. მათი აზრით, სადაზღვევო სფეროში სამთავრობო ჩარევის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც უკანასკნელ წლებში მოხდა და როდესაც ქვეყნის პირველმა პირებმა და მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა “სადაზღვევო კომპანიებს ურჩიეს, რომ ჰოსპიტლების მშენებლობაში ჩართულიყვნენ”.
ამის შედეგად სადაზღვევო კომპანიებმა ნაცვლად საკუთარი ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვისა, კომერციული ბანკებიდან უზარმაზარი კრედიტები აიღეს. შემდეგ კი კომპანიებმა გააძვირეს ინდივიდუალური თუ კორპორაციული მომხმარებლებისთვის სადაზღვევო პაკეტები და ხშირ შემთხვევაში გააუარესეს ის სერვისები, რომლებიც თუნდაც ერთი წლის წინ ხელმისაწვდომი იყო.
“ადრე თუ გვიან მივედით იმ შედეგამდე, რომ დღევანდელ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი კომპანიებიც კი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აღარ არიან გადახდისუნარიანები. აქ საუბარი არ არის პატარა და წვრილ სადაზღვევო კომპანიებზე, რომელთაც ბუნებრივად შეიძლებოდა შექმნოდა პრობლემები. საუბარია საქართველოს სადაზღვევო ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გამოცდილ კომპანიებზე, რომელთა შორის იყო და დღეს უკვე აღარ არის “იმედი ელ”-ი, რომელიც დღეს უკვეიძულებული გახდა შეერთებოდა “ალდაგი ბისიაი”-ს”, - განაცხადა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ.