21-ე საუკუნის სინათლის ქალაქში დენის ქვითრებს მათემატიკის რვეულის უჯრედებიან ფურცელზე წერენ და აბონენტებს ისე ურიგებენ. ამ სასაცილო “ქვითრების” არსებობა უტყუარი ფაქტია, მაგრამ კომუნალურ სფეროში ამგვარი შემოქმედებითი უნარი ვინ გამოიჩინა, გასარკვევი მხოლოდ ეს არის. ყველა კომპანია თუ სამოხელეო უწყება “წყნეთურ ინოვაციასთან” კავშირს კატეგორიულად უარყოფს. წყნეთში მცხოვრებ დევნილებს, რომელთაც ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ, რვეულის ფურცელზე დაწერილი “ქვითრები” მიუვიდათ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” წყნეთში მცხოვრებმა დევნილებმა თავად აცნობეს. მათი თქმით, დევნილებს ჰპირდებოდნენ, რომ გამრიცხველიანებამდე შეუნარჩუნდებოდათ ელექტროენერგიის შეღავათები. გამრიცხველიანების პროცესი კი, დღემდე არ არის დაწყებული. დევნილები ამბობენ, რომ 1-ლი იანვრიდან დღემდე, საერთო მრიცხველებზე ძალიან მაღალი დავალიანებები დაუგროვდათ და ამას ემატება დასუფთავების გადასახადიც მიუხედავად იმისა, რომ არსად, სადაც გამრიცხველიანება არ არის, ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადი არ არის მიბმული. “ჩვენ ვიცოდით, რომ ბინების დაკანონების შემდეგ, ელექტროენერგიის შეღავათები მოგვეხსნებოდა, თუმცა ამასობაში განმრიცხველიანება უნდა მომხდარიყო და გვეცოდინებოდა, რას ვიხდით და ვის ვუხდით. ახლა კი დევნილების ნაწილმა მიიღო ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება, რომ გადაინაწილონ, ძველი, საბჭოთა მრიცხველებით დაწერილი თანხები, რომელთა უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. ზოგს კი დაურიგდა რვეულის ფურცელზე დაწერილი ე.წ. ქვითრები, სადაც ელექტროენერგიაზე დამატებულია ნაგვის გადასახადიც და იქვე მითითებულია ანგარიშის ნომერი”, - აცხადებენ დევნილები და დასძენენ, რომ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ყოველდღიურად პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ისმენენ. დევნილები ითხოვენ იურიდიულ დადასტურებას, რომ კონკრეტულმა პიროვნებებმა ეს თანხები მართლაც უნდა გადაიხადონ და თანხა, კონკრეტულ ადრესატამდე მივა და არა “ვიღაცის” ანგარიშზე დაჯდება. “რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ მითითებული ანგარიშის ნომერი რომელიმე პიროვნებას ან პარტიას არ ეკუთვნის?” - ამბობენ დევნილები. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებულთა სიაში მოხვედრა გაუგებრობის ბრალი იყოს და ხელისუფლებას საკითხის დროულად გარკვევას სთხოვენ. დიდგორის რაიონის გამგეობა წყნეთში ჩასახლებული დევნილებისთვის რვეულის ფურცელზე დაწერილი ელექტროენერგიის ე.წ. ქვითრების დარიგებას გამორიცხავს. როგორც რაიონის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნათია მსხილაძემ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს მოხმარებული ელექტორენერგიისა და ნაგვის ნარჩენების გადასახადი რვეულის ფურცელზე დაწერილი მიუვიდათ. “ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს საერთო მრიცხველი აქვთ და საერთო ქვითრით სარგებლობენ”, - აღნიშნა ნათია მსხილაძემ. “ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება” ცოტა ხმამაღალი განაცხადია, რადგან დევნილებმა ე.წ. ქვითრები წარმოადგინეს და მისი ფოტოსურათები ინტერნეტის მეშვეობითაც გავრცელდა. ასე რომ, წყნეთში მათემატიკის რვეულის წითელხაზიან ფურცელზე ჩამოწერილი დენის გადასახადის ჩამორიგების ფაქტი, სიმართლეს სრულად შეესაბამება. თუკი დიდგორელ მოხელეებს უნდოდათ ეთქვათ, რომ ეს “ქვითრები” ფარატინა ქაღალდია (პრინციპში ასეც არის) და მოსახლეობამ ყურადღება არ მიაქციოსო, ეს სხვა საკითხია. “ფურცლოვანი ქვითრების” თაობაზე ინფორმაციას კომპანია “თელასშიც” უარყოფენ. კომპანიის პერესსამსახურის ხელმძღვანელის, ვალერი ფანცულაიას განცხადებით, წყნეთში ჩასახლებულ დევნილებს მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადასახადი საერთო ქვითრით მისდით, რადგან დევნილებს საერთო მრიცხველი აქვთ. “ჩვენგან ინდივიდუალური და თანაც რვეულის ფურცელზე დაწერილი ქვითარი დევნილებს ვერ მიუვათ, ვინაიდან მათ საერთო მრიცხველი აქვთ”, - განაცხადა ვალერი ფანცულაიამ. |