"ვერაფერს გეტყვით. ხომ იცით, ვინც არ დუმს, ის არ ჭამს", - მითხრა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა, როდესაც რამდენიმე კითხვა დავუსვი. სულ ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ საზეიმოდ გვამცნო, რომ მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინა და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აღადგინა. გვაცნობეს ისიც, რომ სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა ლიმიტირებულია და 5 ადამიანით განისაზღვრა.
"ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან. რუსთაველის გამზირზე ჯერ მხოლოდ #2 მოძრაობს. უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსები ჭავჭავაძის გამზირზეც გამოჩნდებიან. რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მიკროავტობუსები ტრამვაის ხაზის ექსპლუატაციაში შესვლამდე იმოძრავებენ, ამის შემდეგ კი თბილისის მერია ცენტრალურ გამზირებზე მათ განრიგსა და მიმართულებებს თავიდან გადახედავს", - აღნიშნა საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადავწყვიტე, მძღოლებს პირადად გავსაუბრებოდი და სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, მათთან იმ პრობლემებზეც მელაპარაკა, რომლის წინაშეც თავად მძღოლები დგანან, მაგრამ - ამაოდ... თითოეულ მათგანს ისევე ეშინია, ჟურნალისტმა ზედმეტი არაფერი წამოაცდენინოს, როგორც ვთქვათ, ოფიცრებისა და სხვა ზემდგომებისგან დაშინებულ ჯარისკაცებს. ყველა მათგანი მირჩევდა, - თუ რამის გარკვევა გინდა, მძღოლთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ კაჭკაჭურს დაელაპარაკეო. რამდენიმე მძღოლი გასაუბრებაზე მხოლოდ იმ პირობით დამთანხმდა, რომ მათ ვინაობას არ გავამჟღავნებდი...
თემო, მძღოლი:
- მგზავრებისთვის ხელსაყრელია, რუსთაველზე მოძრაობა რომ აღდგა, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია. მგზავრებს უნდათ, რომ სადაც მოესურვებათ, იქ გავუჩეროთ, ჩვენ კი ამის უფლება არ გვაქვს. როცა ვუხსნი, რომ მათ გამო შეიძლება დამაჯარიმონ, მეჩხუბებიან და მწყევლიან კიდეც. შეურაცხყოფის ატანა მიწევს იმის გამოც, რომ მგზავრი "მარშრუტკაში" ვერ ამყავს. სატრანსპორტო სამსახურმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა: თუ ტაქსიში 5 კაცზე მეტს დააყენებთ, დაგაჯარიმებთო. ჩვენც არ მოგვწონს, მგზავრების რაოდენობა ლიმიტირებული რომ არის, რადგან ეს ჩვენს ჯიბეზეც აისახება, მაგრამ რა ვქნათ? აბა, ჯარიმის "აკიდება" ვის უნდა?!
- თქვენი დღიური შემოსავალი რამდენია?
- 15-დან 20 ლარამდე. საღამოს შინ 30 ლარი თუ წავიღე, იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა შინ ლარიც ვერ წამიღია. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ ვალიც კი მედება.
- ვალს რატომ იღებთ?
- თავად განსაჯეთ - იჯარის სახით, დღეში 63 ლარს ვიხდი, 25 ლარი კი სამარშრუტო ტაქსის ცვეთისთვის უნდა გადავდო; ამას ემატება საწვავის თანხა - 100 ლარი, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვიღებ. ჰოდა, განა რამდენი მგზავრი უნდა ამოვიდეს, რომ ეს ხარჯებიც გავისტუმრო და მეც დამრჩეს რამე? შაბათ-კვირას განსაკუთრებულად ცუდ დღეში ვარ, რადგანაც ამ დღეებში ქალაქში ნაკლები ხალხი მოძრაობს...
- ასეთ დღეებში კომპანია შეღავათს არ გიწესებთ?
- როგორ არა! როცა სალაროსთან მივდივარ და მოლარეს ვეუბნები, - დღეს 63 ლარი ვერ მოვაგროვე-მეთქი, მპასუხობს: კარგი, არა უშავს, მინუსში გადაგიტან და ხვალ "გავსწორდებითო". აი, ეს არის ჩვენი შეღავათი.
- სამარშრუტო ტაქსის ცვეთისთვის დღეში 25 ლარს რატომ იხდით? ავტომობილს შეკეთება ყოველდღე ესაჭიროება?
რეზო, მძღოლი:
- ავტომობილი ყოველდღე არ ფუჭდება, მაგრამ ვალდებული ვართ, 10 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ სამუხრუჭე ხუნდები, ზეთი გამოვცვალოთ... "მუხრუჭების" გამოცვლა "ფორდის ცენტრში" 205 ლარი გვიჯდება, არადა, სხვა ხელოსანთან რომ მივიდე, ამ ყველაფერში 40-დან 60 ლარამდე თანხის გადახდა მომიწევს; 60 ლარი იმ შემთხვევაში დამჭირდება, თუ ახალ "მუხრუჭს" ვიყიდი, ძველის შესაკეთებლად კი 40 ლარიც საკმარისია.
- მაშინ რატომ დადიხართ "ფორდის ცენტრში"?
- იმიტომ, რომ კონტრაქტში ესეც მითითებულია. ორი წლის განმავლობაში უფლება არ გვაქვს, ავტომობილი გასარემონტებლად სხვაგან მივიყვანოთ.
- სამარშრუტო ტაქსები ტექნიკურად რამდენად გამართულია? შეკეთება ხშირად სჭირდება?
- წესით, "მუხრუჭები" 10 ათასი კილომეტრის გავლამდე არ უნდა ცვდებოდეს, მაგრამ "ფორდის ცენტრში" ყოველი 5000 კილომეტრის გავლის შემდეგ გვიწევს "სტუმრობა". ძალიან ცუდ პირობებში ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. გვეუბნებიან, თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთო. ჩვენს ქვეყანაში იმდენი უმუშევარია, სამსახური რომ დავტოვო, შემცვლელს ხვალვე იპოვიან. ახლა ზაფხულის ისე მეშინია, როგორც კეთრის - ქალაქი ხალხისგან რომ დაიცლება, გეგმა როგორ უნდა შევასრულო?..
მძღოლთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ კაჭკაჭური მძღოლების "წუწუნს" გადაჭარბებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ საქმე არც ისე ცუდადაა:
- კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ყველაფერი დეტალურად გათვალა. მისი წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში დაჰყვებოდნენ მძღოლებს და მგზავრების რაოდენობას ითვლიდნენ. მათი გამოთვლების მიხედვით, მძღოლს ხარჯების გარდა, დღეში 40 ლარი მაინც უნდა დარჩეს.
- დაახლოებით 6 თუ 7 მძღოლს ველაპარაკე და ერთსაც არ უთქვამს, რომ დღეში 40 ლარი რჩება...
- კი, მაგრამ ეგენი სიგარეტისა და ჭამის ფულსაც კომპანიის ხარჯად მიიჩნევენ...
- იჯარის გადასახადი რამდენია?
- 43 ლარი.
-მაგრამ მძღოლები ამბობენ, რომ 63 ლარს იხდიან.
- არა, იჯარის გადასახადი მხოლოდ 43 ლარია, დანარჩენი კი "ხაზით" სარგებლობის გადასახადია.
- ხაზით სარგებლობის გადასახადი რამდენია?
- კილომეტრზე - 7 თეთრი. იცით, ძალიან ბევრმა მძღოლმა ბუღალტერია არ იცის, ხარჯებს სწორად ვერ ითვლის და ჰგონია, რომ კაბალურ პირობებში ამუშავებენ. ბევრმა მათგანმა ისიც კი არ იცის, რომ 28-დღიანი შვებულება ეკუთვნის. მათ შეუძლიათ, კვირას ავტომობილი საერთოდ არ გამოიყვანონ ავტოფარეხიდან. ყველას ვურჩევ, ბუღალტრები დაიქირაონ და თანხები სწორად დათვალონ. ეს იმისთვისაც არის კარგი, რომ საგადასახადოსთან ანგარიშსწორება სწორად აწარმოონ და ჯარიმები არ დაეკისროთ.
- ფიქრობთ, რომ მძღოლებს თავიანთი შემოსავალი ბუღალტრის დაქირავების საშუალებას აძლევს?
- მაშინ, თავად აწარმოონ საბუღალტრო საქმე. ეს ძნელი სულაც არ არის.
- მგზავრობის ღირებულების გაზრდა ხომ არ იგეგმება?
- არა. თავად სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა დადო ფიცი, რომ მგზავრობის საფასური არ მოიმატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლებიც გაფიცვას მოაწყობენ.
- მძღოლებს რატომ აიძულებენ, რომ ავტომობილი "ფორდის ცენტრში" შეაკეთონ?
- ცენტრში ავტომობილის შეკეთება ადრე მართლაც, ძვირი იყო, ახლა ცოტა გააიაფეს...
- როგორც ვნახე, სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობაში კონდიციონერი არ მუშაობს...
- ამ შემთხვევაშიც მართალი ბრძანდებით, - სამარშრუტო ტაქსების 80%-ში კონდიციონერი გაფუჭებულია. ახლახან თურქეთიდან ხელოსნები ჩამოიყვანეს და დღეში 2-3 ავტომობილს აკეთებენ, თანაც - უფასოდ.
- ე.ი. სამარშრუტო ტაქსების 80% ძველია?
- ყველა ავტომობილი ახალია, უბრალოდ, ზოგიერთ მათგანში კონდიციონერია გაფუჭებული.
- სამარშრუტო ტაქსები ჭავჭავაძის გამზირზე როდის დაიწყებენ მოძრაობას?
- სავარაუდოდ, ორ კვირაში. ჭავჭავაძის გამზირზე #170 ან #120 "მარშრუტკა" გამოჩნდება. სხვათა შორის, რუსთაველზე კიდევ ხუთი თუ ექვსი ხაზის გახსნა იგეგმება.