ამხ. სააკაშვილის «აკვიატებული ავადმყოფური აზრები» ლაზიკის გარშემო

ამხ. სააკაშვილის «აკვიატებული ავადმყოფური აზრები» ლაზიკის გარშემო

 

საქართველოს ცკ-ის გენერალური მდივანი, პროლეტარიატის ბელადი,  ამხანაგი მ. სააკაშვილი ლაზიკასთან დაკავშირებით ისეთ აზრებს ავითარებს თვით დიდ კომბინატორს, ამხანაგ ო. ბენდერს შეშურდებოდა. მისი აზრით, ახალი ქალაქი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე, ისე საერთაშორისო სავაჭრო პროცესებზე.

ლაზიკასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტმა საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შექმნა. კომისიის შემადგენლობაში შედიან: პავლე კუბლაშვილი, ლევან ვეფხვაძე, დავით დარჩიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი, გია თორთლაძე, ანდრო ალავიძე, გიორგი ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, გურამ ჩახვაძე, რატი მაისურაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პეტრე ცისკარიშვილი, პაატა დავითაია, გიორგი ცაგარეიშვილი, ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ძაგნიძე, ვასილ გონაშვილი, გიორგი კვერენჩიხლაძე, ირაკლი ბურდული, დავით კერესელიძე და ნანა ჯიბლაძე.

ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება და მას სპეციალური სტატუსი ექნება.

ლაზიკასთვის ამგვარი სტატუსის მინიჭების საკითხზე განმარტება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. მისი განმარტებით, იქ სპეციალური რეგულაციები იქნება როგორც საგადასახადო და ეკონომიკური, ისე სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით. «ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იარსებებს. ამის მიზანია, ახალი ქალაქი დამკვიდრდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო რუკაზე», - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ქალაქი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ქვეყნის შიგნით ეკონომიკაზე, ისე საერთაშორისო სავაჭრო პროცესებზე. სააკაშვილმა დაიგულა რა თავი ბათუმში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციაზე თავის სტილში გაუტია.

პრეზიდენტის განცხადებით, ლაზიკას ექნება მმართველობის განსაკუთრებული სტილი და განსხვავებული იურისდიქცია, რომელიც მაქსიმალურად მიმზიდველი და საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაზიკას განვითარებას რამდენიმე მიმართულებით აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა: მდებარეობს ოკუპირებულ აფხაზეთთან რამდენიმე კილომეტრში, ყველაზე ღრმა ბუნებრივ საპორტო კანიონთან შავ ზღვაზე, აქვს დიდი ტერიტორია და კარგი კლიმატი, ახლოა რკინიგზასთან და აეროპორტთან. პრეზიდენტის აზრით, ლაზიკა განსაკუთრებული ეკონომიკური პროექტია.

ლაზიკას პროექტზე საქართველოს ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯულია. ტერიტორიაზე შეტანილია ინერტული მასალა, დაწყებულია კომუნიკაციების გაყვანა, ასევე  ქალაქამდე მისასვლელი ცენტრალური მაგისტრალის და ხიდების მშენებლობა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ლაზიკას იგივე როლი ექნება, რაც თავის დროზე გერმანიის დედაქალაქ ბერლინს ჰქონდა.

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტის, ლადო პაპავას შეფასებით კი, ქალაქ ლაზიკის პროექტი არანაირ ეკონომიკურ გათვლებს არ ემყარება და რეალურად საქართველოს ამ ქალაქის ასაშენებლად  რესურსი არ გააჩნია. პაპავას განცხადებით, ეს უბრალოდ, აკვიატებული ავადმყოფური აზრია, რომლის ტყვეობაშიც დღეს  ხელისიუფლებაა.

„საერთოდ არანაირი გათვლა ამ პროექტს არა აქვს, ისევე როგორც ძალიან ბევრ რაიმეს ჩვენს ქვეყანაში. ეს უბრალოდ აკვიატებაა და ამ  აკვიატებას  მთელი ქვეყანა მიჰყვება. ამ აკვიატებაში დაიხარჯება მილიონები, მანამ სანამ  ესენი ხელისუფლებაში იქნებიან“, - განაცხადა პაპავამ.

შეკითხვის პასუხად, რეალურად შესაძლებელია ლაზიკაზე მართლაც დაიხარჯოს მილიონები, პაპავას მულტფილმის მაგალითი მოჰყავს: „სოფლის შენებას რა უნდა? კარგი პირველის თქმა უნდა. აი, ამ პირველს იძახიან და არიან“, - აღნიშნა from.ge-სთან საუბრისას პაპავამ.

მისივე თქმით, ის ხალხი, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და როგორც თვითონ ფიქრობენ,  50 წელი კიდევ ხელისუფლებაში იქნებიან, რაღაც სისულელეს გააკეთებენ.

„მაგალითად,  პირველი შენობა რომელიც ე.წ. ლაზიკაში შენდება ეს იუსტიციის სახლია.  ჭაობში აშენდება იუსტიციის სახლი,  რომელიც  კოღოებსა და ბაყაყებს მოემსახურება. ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება. თუ ქართველმა ხალხმა ამათ აცადა (არჩევნები მოდის და თუ არ შეიცვალა სიტუაცია), კიდევ რაღაც მორიგ სისულელს გააკეთებენ და  ქალაქს დაარქმევენ“, - განაცხადა პაპავამ.