საბედისწერო 10

საბედისწერო 10

 

ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭება-არ მინიჭების საკითხი ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებას“ შორის საჯილდაო ქვად იქცა. სიტუაცია უკვე კურიოზული ხდება, რადგან კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, „2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა“.

დღეს კი ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ათი წელი საქართველოში არ უცხოვრია. „2004 წლიდან გადმოვედი საქართველოში საცხოვრებლად და 2005 წლიდან გადასახადებს ვიხდი, როგორც მობინადრე“, - აღნიშნა ივანიშვილმა. ამდენად, მას კონსტიტუციაში შესატან გარდამავალ დებულებაში დათქმული ათწლიანი ცენზი ვეღარ შეეხება.

საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ისე შეცვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ამის შესახებ განცხადება უკვე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ივანიშვილის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილი საქართველოში 2001 წლიდან ცხოვრობს, მაგრამ თუკი ამასთან დაკავშირებით გარკეული ეჭვები არსებობს და თვლიან, რომ საკითხს დაზუსტება სჭირდება, საკონსტიტიციო პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას კიდევ უფრო დავაზუსტებთ და 2005 წელს ჩავწერთ“, - აღნიშნა კუბლაშვილმა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საკონსტიტუციო ინიციატივის მთავარ მიზანს „იმ აჟიოტაჟის ჩაცხრობა წარმოადგენს, რომელიც ივანიშვილის საარჩევნო უფლებების გარშემოა შექმნილი“.

გარეშე დამკვირვებლისთვის კი ეს სიტუაცია რაღაც თამაშს დაემსგავსა, ჯერ ხელისუფლება „ჩააწვდის“ ივანიშვილს, მერე „ქართული ოცნების“ ლიდერი მისცემს „პასს“ ხელისუფლებას და უკვე მეორე თვეა ქართული საზოგადოების ნერვებზე თამაში გრძელდება. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკვირდებით, სააკაშვილმა და მისმა საპარლამენტო უმრავლესობამ კი ვერა და ვერ დააყენა საშველი ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას.

ყველაფერ ამის ფონზე გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. კერძოდ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეს ახალი ნორმა კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერება და მხოლოდ სამი წლით იმოქმედებს. თუმცა მოგვიანებით, კენჭისყრის დროს ნორმის ფორმულირება კვლავ შეიცვალა და საბოლოოდ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ეს ნორმა 2014 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს. თავად ის ფაქტი, რომ ნორმა დროებითია პოლიტიკურ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ ივანიშვილს პრეზიდენტის პოსტი შესთავაზოს, რათა მას მეტზე ამბიცია არ ჰქონდეს.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკულად ბუტაფორიულ ფიგურად რჩება და რეალური ძალაუფლება თავს იყრის პრემიერ-მინისტრის ხელში. სააკაშვილი რომ ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებს, ესეც არახალია, თუმცა მას მესამე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ აქვს. ამიტომ, საქართველოში ბევრს საუბრობენ მის „პუტინიზაციაზე“, ანუ იმაზე, რომ პუტინის მსგავსად, სააკაშვილი ხელისუფლების შესანარჩუნებლად პრეზიდენტის თანამდებობაზე მის მიერ მართულ ფიგურას დასვამს, ქვეყნის რეალური მმართველი კი თვითონ იქნება. ხუთი წლის გავლის შემდეგ კი კვლავ ქვეყნის პრეზიდენტად მოგვევლინება. მისთვის არც ის იქნება პრობლემა, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში კონსტიტუციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები, რომლებითაც პრეზიდენტს უფლება-მოსილება კვლავ გაეზრდება.

Presage.tv-სთან საუბარში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ობამას მასთან ვიზიტად მყოფი სააკაშვილისთვის უკითხავს აპირებს თუ არა იგი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემას, რაზეც სააკაშვილს უპასუხია, ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს მოქალაქეობა ექნებაო. ამ ფონზე იმის გაგებამ, რომ ივანიშვილისთვის განკუთვნილი საკონსტიტუციო ცვლილება ხელისუფლებამ 2014 წლის 1 იანვრამდე შემოიტანა, საყვარელიძეს უჩენს კითხვას - თუკი ეს ცვლილება საპარლამენტო არჩევლებისთვის არის გამიზნული, მაშინ რატომ ხდება მისი შემოტანა სწორედ ამ დრომდე.

„თუკი ეს ცვლილება საპარლამენტო არჩევნებისთვის არის გამიზნული, მაშინ მისი შემოტანა ერთი წლითაც საკმარისი იქნებოდა. ამ რედაქციით მისი შემოტანა (როგორც ის პირველი მოსმენით მიიღეს) ივანიშვილს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის უხსნის ხელ-ფეხს. ამიტომ ვიფიქრე, ამ ნორმის მიღებაში ხომ არ არის ჩადებული ის იდეა, რაც ადრე ტრიალებდა ნაციონალებში, რომ ივანიშვილის პრეზიდენტობას დასთანხმდნენ (როგორ უფრო ძალაგამოცლილ თანამდებობაზე), ხოლო საპარლამენტო არჩევნებზე იბრძოლონ ბოლომდე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე ივანიშვილისთვის ამ გზის დაცვას ათი წელი არ ჰყოფნის. სავარაუდოა, რომ ათამდე თვლა ხელისუფლებამ იცის და (ცდა ბედის მონახევრეაო) თუ გაუვიდოდათ, შეიძლებოდა ივანიშვილის საკონტიტუციო ბლოკირება მომხდარიყო. შეიძლება თქვან, რომ შეეშალათ და გამოასწორებენ, ეს გამოსწორება კი ვადებში გაიწელოს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე presage.tv-სთან საუბარში.

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ამდენჯერ შეცვლა მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად გაუაზრებლად მოქმედებს, რადგან გაუგებარია, მაშინ რაზე იმუშავეს ამ ერთი თვის განმავლობაში, თუკი ამ საკონსტიტუციო ცვლილებაში ისევ ცვლილებებია შესატანი. კობახიძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, როგორ მოქმედებს ხელისუფლება, მათ ჯერ ათწლიანი ცენზი დააწესეს, შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ ივანიშვილს 10 წელი საქართველოში არ უცხოვრია, ახლა ცდილობენ ამ სიტუაციას მოარგონ ეს საკნონმდებლო ცვლილება.

მანანა კობახიძე ამბობს, რომ მას ხელისუფლების ამგვარ ქმედებებზე უბრალოდ ეღიმება, რადგან ერთი მხრივ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, მეორე მხრივ, ახლა ცდილობენ ამ სიტუაციის გამოსწორებას.

„როდესაც ხელისუფლება ერთ კონკრეტულ ადამიანს (ვინც არ უნდა იყოს ის და ამაზე ბატონ ბიძინასაც იგივე პოზიცია აქვს) არგებს ქვეყნის უზენაეს კანონს, რათა კანონიერი და სამართლებრივად სწორი მოთხოვნა არ შეასრულოს, ეს არის ამ ხელისუფლების სახე და ზოგადად, ეს არის ჩვენი ქვეყნის სერიოზული პრობლემა“, - აცხადებს მანანა კობახიძე presage.tv-სთან საუბარში.

ჩვენს კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს შესთავაზოს პრეზიდენტის უუფლებო თანამდებობა და ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, როგორი იქნება ივანიშვილის პოზიცია, მანანა კობახიძე პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლებასთან არანაირ გარიგებებზე და შეთანხმებებზე არ წავა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, კოალიციას გამოცხადებული აქვს ბრძოლა ამ რეჟიმთან და ამ ბრძოლას ისინი ბოლომდე მიიყვანენ.

„ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და პარლამენტში უმრავლესობით მოსვლა. ამასთანავე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, გახდეს პრემიერ-მინისტრი და ქვეყანას სათავეში სწორედ ამ პოზიციიდან ჩაუდგეს. თუ ხელისუფლება რამეს ფიქრობს და გეგმავს, ეს მათი პრობლემაა. შეიძლება პრეზიდენტმა დილას გაიღვიძოს და რაღაც იდეები მოუვიდეს თავში, ჩვენ კი მის იდეებზე აწყობილი ვერ ვიქნებით. ბატონი რამაზ საყვარელიძე ძალიან გამოცდილი ანალიტიკოსია და რა თქმა უნდა, მას შეიძლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ ბატონი ბიძინა ხელისუფლებასთან რაიმე სახის გარიგებებზე და შეთავაზებებზე წავიდეს“, - ამბობს მანანა კობახიძე.