ესაძე „სახალხო კრებით“ უკმაყოფილოა, ესაძით - გაფრინდაშვილი

ესაძე „სახალხო კრებით“ უკმაყოფილოა, ესაძით - გაფრინდაშვილი

 

დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“ სახალხო კრების  აღმასრულებელი საბჭოს და „დარბაზის“ წევრთა შეხვედრის შემდეგ „კრების“ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი და რეჟისორი რეზო ესაძე სერიოზულად შეკამათდნენ. რეზო ესაძეს „სახალხო წარმოადგენლობითი კრების“ მიერ არჩეული კურსი აღარ აკმაყოფილებს.

„რა, შევიკრიბოთ 26 მაისს, წავიდეთ ეკლესიაში, გარდაცვლილები წმინდანებად შევრაცხოთ და ეს არის „სახალხო კრების“ მაქსიმუმი?! უფრო უნდა გავაქტიურდეთ“ - განუცხადა ნონა გაფრინდაშვილს რეზო ესაძემ.

„გავაქტიურდეთ, ბატონო რეზო, ვინ გიშლით, მოიყვანეთ მხარდამჭერები!“- მიუგო საპასუხოდ ნონა გაფრინდაშვილმა.

„მე კი არ უნდა მოვიყვანო, ქალბატონო ნონა, თქვენ და საერთოდ „კრებამ“ და მისმა გეგმებმა უნდა მოიზიდოს ხალხი“, – შეეწინააღმდეგა რეზო ესაძე.

„ამას ძალიან ბევრი ფინანსები სჭირდება. მე აქტიურობასთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს, ბატონო რეზო“, – მიუგო, თავის მხრივ, ნონა გაფრინდაშვილმა.

„მე კიდევ სხვა გზას ვხედავ. მომავალს ვხედავ და ეს მომავალი არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას უკავშირდება“, - განუცხადა ნონა გაფრინდაშვილს რეზო ესაძემ.

ამ შეკამათების შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ივერონი“ ავრცელებს.

რა გახდა რეზო ესაძესა და ნონა გაფრინდაშვილს შორის შეკამათების საბაბი და ხომ არ აპირებს ესაძე ბიძინა ივანიშვილის გუნდში გადასვლას, ამასთან დაკავშირებით presage.tv რეზო ესაძეს ესაუბრა. იგი „სახალხო კრებაში“ დაპირისპირებას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ კრებისგან მეტ აქტიურობას ითხოვს. ესაძეს თქმით, მას მიაჩნია, რომ „სახალხო კრება“ უფრო უნდა გააქტიურდეს, რადგან მხოლოდ ლაპარაკით საქმე არ კეთდება.

„კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ხალხთან ახლოს. ცუდია ბევრი ჭკვიანი ადამიანი რომ შემოვიკრიბოთ გარშემო? ქართველი გლეხი ისეთი ჭკვიანია, რომ ჩაუჯდები ლაპარაკში, მას არავინ სჯობს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხალხთან მეტი სიახლოვე გვმართებს“, - აცხადებს რეზო ესაძე.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მის მიერ ნათქვამ ფრაზას, რეჟისორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილში ხედავს დიდ სახელმწიფო მოღვაწეს და რა თქმა უნდა, მას უკავშირებს საქართველოს მომავალს. Presage.tv-ს კითხვაზე, ხომ არ აპირებს რეზო ესაძე ბიძინა ივანიშვილის გუნდს შეუერთდეს, რეჟისორი კატეგორიულად უარყოფს.

„მე რომ რომელიმე პარტიაში გაწევრიანება მდომებოდა, აქამდე გავაკეთებდი ამას. მე არ ვარ პოლიტიკოსი. მე ვარ ჩემი სამშობლოს მოჭირნახულე და მასზე გულატკიებული ადამიანი. ამასთანავე, ვცდილობ, რომ ხალხთან ვიყო“, - ამბობს ესაძე. იგი უარყოფს ნონა გაფრინდაშვილთან დაპირისპირებას და ამბობს, რომ „სახალხო კრება“ არის ძალიან ჯანმრთელი, დაწყობილი და სიკეთისკენ მიმართული ორგანიზმი.

ამის შემდეგ presage.tv ნონა გაფრინდაშვილს დაუკავშირდა. მან განგვიმარტა, რომ დღეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც „სახალხო კრების“ მიერ 21-დან 26 მაისის ჩათვლით სამოქმედო გეგმაზე იყო საუბარი და მოხდა პოზიციების შეჯერება. როდესაც ქალაბატონ ნონას რეზო ესაძის მიერ „სახალხო კრების“ მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე დავუსვით კითხვა, მან გვირჩია რეზო ესაძისთვის გვეკითხა, კონკრეტულად რა პრეტენზია აქვს მას „სახალხო კრებასთან“.

ჩვენ, რეზო ესაძის მიერ, ჩვეთან გამოთქმული მოსაზრება გავაცანით ნონა გაფრინდაშვილს, რაზეც მან განმარტა, რომ რეზო ესაძის შენიშვნები ეხებოდა ისეთ საკითხებს, რაც დემოკრატიულ ქვეყნებს ახასიათებს. გაფრინდაშვილი ასევე უარყოფს უთანხმოებას კრების შიგნით და ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს.

„რეზო ესაძეს ჰკითხეთ, რა პრეტენზიები აქვს მას „სახალხო კრებასთან“. მე ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ. „სახალხო კრების“ ქმედებებისთვის არაფერი დაგვიკლია. ამიტომ, თუ რეზო ესაძეს აქვს რაიმე მოსაზრება, ამის შესახებ გითხრათ თქვენ. რაც შეეხება დაპირისპირებას კრებაში, უთანხმოება აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენს შორის, როგორც იტყვიან, არის სრული იდილია. მე მგონი ცხოვრებამ, „სახალხო კრების“ ისტორიამ დაგვანახა, რომ ჩვენ ერთად ვართ. დღეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ამაზე სხვა არაფრის თქმას მეტად არ ვაპირებ“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა presage.tv-სთან საუბარში.

მან ასევე არ ისურვა რეზო ესაძის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ნათქვამის კომენტირება.