ნინო ჩხობაძე: დღეს, როცა ვსაუბრობთ, რომ ლაზიკა უნდა აშენდეს, ძალიან ხშირად ვადარებ იმ პროექტს, რომელიც 90-ანი წლების დასაწყისში ინტენსიურად იხილებოდა სამთავრობო სივრცეში და არა მარტო სამთავრობო სივრცეში, საზოგადოდ ბევრი პიროვნება იყო დაინტერესებული იმით, რომ შეერთებინათ შავი ზღვა კასპიის ზღვასთან. მე მსგავს პროექტებს ვუწოდებ „პროჟექტს“, იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეების გაკეთება ამ ტერიტორიაზე, არის ყოვლად შეუძლებელი.
ყველა ასეთი პროექტი უნდა გადიოდეს არამარტო ჩვეულებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სტრატეგიული გარემოსდაცვითი პროცედურა არის დანერგილი მსოფლიოში და მისი პრინციპებით უნდა იქნას განხილული. ჩვეულებრივისგან სტრატეგიული განსხვავდება იმით, რომ ჩვეულებრივი შეფასებისას ითვლება ზიანი, კომპენსაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა. სტრატეგიულის შემთხვევაში ითვლება რა მოხდება სოფლის მეურნეობაში, რა მოხდება ეკონომიკაში, რა მოხდება მოსახლეობის ჯანმრთელობის კუთხით, რა მოხდება სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე და პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებაში, მათ შორის ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციასთან მიმართებაში.
რას გულისხმობთ?
- საქართველო არის შავი ზღვის აუზის ქვეყანა, შესაბამისად მას აქვს გარკვეული ვალდებულებები და ეს არ არის მარტო გარემოსდაცვითი ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, სერიოზულად უნდა მიუდგეს ამას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები პირი, როცა იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ აკვატორიაში რაღაცის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვართ მიერთებული, როგორც საზღვაო ქვეყანა, ზღვების საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე მარპოლის კონვენციას. ეს არის ძალიან სერიოზული კონვენცია, რომელიც აძლევს საქართველოს საშუალებას განვითარდეს, როგორც საზღვაო ქვეყანა, იქნება ეს ფლოტი, თუ სხვა რამ, რაც უკავშირდება საზღვაო საქმიანობას. ანუ, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ამ კონვინციებს, ეს არის საერთაშორისო საზღვაო სამართალი, რომლის შესრულების ვალდებულებაც გვაქვს აღებული თავის დროზე. ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უპირობო ვალდებულება, რომელიც დაეკისრა საქართველოს, როცა ხდებოდა გაეროს წევრი. ამ პირობების დაკმაყოფილების გარეშე, საქართველო ვერ გახდებოდა გაეროს წევრი ქვეყანა. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, საერთაშორისო ასპარეზეც ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებული აქვს რამსარის კონვენცია, რომელმაც ასევე შეიძლება შეგვიქმნას ამ კუთხითპრობლემები?
- მინდა განვმარტო, რომ რამსარის კონვენცია იყო რატიფიცირებული როგორც საპარლამენტო, ასევე არასამთავრობო ინიციატივების საფუძველზე. ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელსაც 1995 წლის მოწვევის პარლამენტი საკუთარი ინიციატივით შეუერთდა. მანამ, 1993-95 წლებში, რამსარის კონვენციის სერიოზული მოთხოვნით ხდებოდა იმ ტერიტორიების შესწავლა, რომელიც უნდა შესულიყო რამსარის საიტის ქვეშ, ანუ საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია უნდა გამხდარიყო. რამსარის კონვენცია არის ძალიან უცნაური, სხვა გარემოსდაცვითი კონვენციებისგან განსხვავებით, რომელთა წევრი ქვეყანა ვალდებულია გადაიხადოს საწევრო გადასახადი. რამსარს ეს ვალდებულება არ აქვს, მას აქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები ყველა სახელმწიფოსთან და ყველა ცდილობს ის შეასრულოს. მათ შორისაა ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, გერმანია და ა.შ.
მოთხოვნა, რამსარის კონვენციასთან მიერთების წამოვიდა, მაშინ, როცა საქართველოს გაეროში გაწევრიანების საკითხი დადგა. მართალია, გავრცელებულია აზრი, რომ ეს არის მარტო გარემოსდაცვითი კონვენცია, მაგრამ, ეს ასე არ არის. ამ კონვენციასთან მიმართებაში არის ძალიან მკაცრი ეკონომიკური მოთხოვნებიც, რომლის დაფიქსირების შემდეგ, ქვეყანა ვალდებულია ის შეასრულოს. მოდი, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უკვე წითელი გვაქვს ანთებული, რადგან ყულევის ტერმინალის მშენებლობა იყო დარღვევა კონვენციის და მაშინ, საქართველოს მთავრობისგან მიიღეს ის წინაპირობა და დასაბუთება, რომ ეკონომიკურად ძალიან სჭირდებოდათ ამ ტერმინალის მშენებლობა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, ჩვენ უნდა მოგვეძებნა სხვა ტერიტორია და ის უნდა ყოფილიყო რამსარისგან აღიარებული. როგორც ვიცი კომპენსაციის ნაწილი ჩვენ შესრულებული არ გვაქვს და დამოკლეს მახვილივით ადევს საქართველოს, როგორც არშესრულებული ვალდებულება. ამაზე რეაგირება დაწყებულია, საკითხავი ის არის - რა შეიძლება საბოლოოდ მოხდეს?! ორი რამე-თუ ჩვენ ინტენსიურად დავარღვიეთ რამსარის მოთხოვნები და ვიღაცას დაებადა იდეა ამ კონვენციის დენონსაციისა, ამან შეიძლება საქართველოსთვის გამოიწვიოს გართულება საერთაშორისო პოლიტიკაში, იგივე გაეროსთან. გართულებები შეიძლება მოჰყვეს ნატოსკენ სწრაფვას, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კონვენცია, რომელიც მოქმედებს ვალდებულებებით, როგორც სამოქალაქო, ისე სხვადასხვა მიმართულებებით.
მაგალითისთვის, რამსარის კონვენციის აღმასრულებელი ორგანო აშშ-ში არის თავდაცვის სამინისტრო. რადგან იქ, ამ ვალდებულებებს ასრულებენ საზღვაო ქვედანაყოფები და ისინი არიან პასუხისმგებლები ყველა მოთხოვნის შესრულებაზე, ასევე ზღვის კანონმდებლობასთან მიმართებაში.
ანუ, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით რამსარის კონვენციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ქვეყანას?
- პირველ რიგში, ნებისმიერი სერიოზული ინვესტორი, სერიოზული მოთამაშეა, ყველა მულტინაციონალური კომპანია უფრთხის რამსარის კონვენციის ვალდებულებებს, ისინი ყოველთვის ცდილობენ მინიმალური ზიანი მიადგეს რამსარის საიტებს.
მე ვურჩევ ყველა ინვესტორს, რომელიც აპირებს ლაზიკას მშენებლობაში მონაწილეობის მიღებას, მანამდე გვაჩვენონ პროექტები, ვიდრე რამეს დაიწყებენ, რადგან საზოგადოებამ ვერ ნახა ეს პროექტები და სატელევიზიო კოლაჟებით შეუძლებელია სერიოზული განხილვა ექსპერტებისთვის. უნდა ვიცოდეთ, როგორც ტექნიკური ნაწილი, ისე კონცეფცია პროექტისა, მათ შორის, გეოგრაფიული კოორდინატებით, რაც მთავარია, უნდა იყოს ნათელი რას ვაპირებთ. მაღალსართულიანი შენობების აშენება ზღვის სანაპიროზე, განსაკუთრებით ჭაობიან ტერიტორიაზე არის პრაქტიკულად შეუძლებელი და ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ყველა შენობა - ჩაიძიროს წყალში და ლეგენდა ლაზიკაზე გაქრეს.
ნუ უყურებთ იმას, რომ ნიუ-იორკი არის აშენებული მაღალსართულიანი შენობებით. იცოდეთ, რომ ქალაქს პრობლემები შეექმნა ამის შედეგად, იმიტომ, რომ იმ დროს ბევრი რამ ბოლომდე შესწავლილი არ იყო. სხვისი შეცდომების განმეორება არაფრით არ მეტყველებს ქვეყნის განვითარებაზე.
თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ლაზიკას მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიისსიახლოვეს, დიდი რაოდენობით გემები ჩაიძირა საბჭოთა გენშტაბის ბრძანებით, ეს რამდენად სახიფათოა?
- საქართველოს წყლებში, ოფიციალურად გვაქვს დაფიქსირებული, სამი ტერიტორიულ წყლებში და ორი ეკონომიკურ წყლებში, ე.წ. სამხედრო სამარხები. ერთ-ერთი არის განლაგებული სუფსის ტერიტორიაზე, ერთი ოჩამჩირე-სოხუმის საზღვაო აკვატორიაში და ცნობილია, რომ ანაკლიის ეკონომიკური ზონის გასწვრივ ასეთი სამარხი აგრეთვე არსებობს. ასევე არსებობს ორი, აჭარის აკვატორიაში.
ეს არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გვაქვს, მაგრამ, ამის გარდა ჩვენ კიდევ გაგვაჩნია ინფორმაცია წყალქვეშა დანაღმულ ტერიტორიებზე. ჩვენთვის ეს არის ძალიან სახიფათო, თუმცა, ანაკლიის მიდამოებზე, ცოტაა ცნობილი. ყულევში, მდინარე ხობის წყლის შესართავთან, არის ძალიან ღრმა კანიონი და აქედან გამომდინარე ძნელი იყო ამის გაკეთება, მაგრამ იქ სხვა ხერხი იღონეს და ათეულობით გემი ჩაძირეს.
ეს არის თემა, რომელიც ბოლომდე არ არის გახსნილი ჩვენთვის. არსებობდა საბჭოთა დიდი სამხედრო ინდუსტრია, რომელიც კიდევ მალავს ძალიან ბევრ საიდუმლოს, რომელსაც ჩვენი შთამომავლობა, ალბათ, უფრო კარგად ამოხსნის.
გამოსავალი რაშია?
- შესწავლის გარეშე, რაიმე ქმედების დაწყება, არის მომავალი თაობების წინაშე ჩადენილი დანაშაული. იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა იყოს აწონილი, გაზომილი და დათვლილი.
კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, საფრთხე, რომელიც ჩვენ იქ გვემუქრება და მე ამას არ ვამბობ, როგორც ჩვეულებრივი გარემოსდამცველი, ვამბობ, რაც ვიცი და იციან ძალიან ბევრმა ექსპერტებმა საქართველოში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რადგან ეს არის ძალიან სახიფათო სანაპირო, მთელს შავიზღვისპირეთში.
ყველას მივმართავ, თუ ვინმეს გააჩნია, ან თუ ვინმეს შეუძლია საზოგადოებას გააცნოს ლაზიკის განვითარების პროექტი, ტექნიკური პროექტიც მათ შორის, მერწმუნეთ, რომ საქართველოში ბევრი პიროვნება არსებობს ჯერ კიდევ, ვისაც შეუძლია მისი სწორად წაკითხვა, რისკების გათვლაც და მიეცით ქართველ ექსპერტებს სწორი დასკვნების გაკეთების საშუალება.