რამაზ ნიკოლაიშვილს ინფარქტი რომ არ დაემართოს და ბევრმა ადამიანმა საკუთარი თავით რომ არ ზღოს, 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომა უნდა ჩატარდეს. ასეთია მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისადმი. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო რეგლამენტში სპეციალურ ცვლილებას ამზადებენ, რათა 26 მაისის საპარლამენტო სხდომა ქუთაისში საზეიმო ვითარებაში ჩატარდეს. რამდენად მორალურია პარლამენტის სხდომის საზეიმო განწყობით ჩატარება და ექნებათ კი დამხვდურ ქუთათურებს საზეიმოდ საქმე, როცა ყველას ახსოვს, რომ თავის დროზე, ამ გაუგებარი კონსტრუქციის საძირკვლის ჩაყრამდე, ქუთაისში გმირთა მემორიალის აფეთქებას ორი ადგილობრივი პირის - დედა- შვილის (ეკა ცუცხვაშვილისა და ნინო ჯინჭარაძის) სიცოცხლე ემსხვერპლა. თუმცა, ეს მორალური ტვირთი, ალბათ, ნაციონალურ განწყობაზე არ იმოქმედებს. რადგან პარტია მოითხოვს, ნაციონალი დეპუტატებიც უშიშრად შეაბიჯებენ დაუმთავრებელ ნაგებობაში და არად დაგიდევენ სამშენებლო სტანდარტებს, რომლის თანახმადაც, მსგავს შენობებში შესვლა აკრძალულია. იმედია, „ცისფერი მთების ანუ ტიანშანის“ ფინალივით არ დასრულდება მათი საზეიმო თავყრილობა... რაც შეეხება ოპოზიციონერ დეპუტატებს, ისინი სულაც არ აპირებენ სახელისუფლო პიარკამპანიის აქტორებად გადაიქცნენ და ამ მოტივით უარს აცხადებენ სააკაშვილის წინასაარჩევნო პიარისთვის გამიზნულ თამაშში მონაწილეობაზე. ასეა თუ ისე, ნაციონალები ტრიუმფალურად შეაბიჯებენ საქართველოს ყოფილ დედაქალაქში. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ მათთვის არც ამ შენობის მშენებლობა უკითხავს ვინმეს, არც პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხი გამხდარა, ფართო გაგებით, საერთო სახალხო განხილვის საგანი, ხოლო ის „საერთო სახალხო განხილვები“, რომელსაც აწარმოებს ხოლმე ხელისუფლება, ფორმალურია და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ცაგარეიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ეს იდეა გაჟღერდა, რამდენჯერმე შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია. მასში ჩაეწერა, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომები მომავალში ჩატარდება თბილისსა და ქუთაისში, შემდეგ იგივე მუხლი შეიცვალა და ჩაეწერა, რომ ჩატარდება მხოლოდ ქუთაისში, მოგვიანებით კი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ისევ შეიცვალა და იქ ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობა არის თბილისი, რუსთველის N8 და, ასევე, - ქუთაისის საპარლამენტო სასახლე. მოკლედ, ცაგარეიშვილის აზრით, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი, კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, მრავალტანჯულ მოვლენად გადაიქცა და ერთი ადამიანის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას დაექვემდებარა. „როდესაც გვეკითხებიან, რატომ არის ავტოკრატიული ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამიტომ არის, რომ საპარლამენტო რეზიდენციის გადატანის საკითხზე ადამიანები მსჯელობენ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ კაბინეტში და არავინ შეკითხვია აზრს იმერლებს, კახელებს, ქართლელებს... ეს, სულ მცირე, სარეფენდუმო საკითხია, უნდა გამოტანილიყო საერთო სახალხო რეფერენდუმზე და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, სად ერჩივნათ საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის დაარსება. კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც არ გვსურს ქუთაისში საზეიმო სხდომაზე დასწრება, ისაა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე, რაც იქ მშენებლობა მიმდინარეობს (და მშენებლობა მიდის უკვე ორი წელია), ვერ დავადგინეთ, რამდენი იხარჯება ამ მშენებლობაზე, ვინ არიან მხარჯველი უწყებები, ვინ არის შემსრულებელი, დიზაინერ-არქიტექტორი, ქართველია თუ უცხოელი?! არ არის გამორიცხული, მშენებლობაზე პრობაციონრები იყვნენ დასაქმებულნი, ისევე, როგორც ძველად გერმანელ ტყვეებს ამუშავებდნენ, დიდი სამამულო ომის დროს“. გია ცაგარეიშვილის თქმით, ქუთაისში ყოფნისას მან რამდენჯერმე ჩაუარა პარლამენტის მშენებლობის ადგილს და დარწმუნდა, რომ იქ ოთხ ცვლაში მიმდინარეობს მუშაობა, 24 საათიან რეჟიმში, დაჩქარებული ტემპით და ასეთი სიჩქარე რით დასრულდება, კაცმა არ იცის. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტისთვის შერჩეული ადგილმდებარეობის პრობლემატურობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რადგან საკმაოდ რთული რელიეფი, ჭაობიანი ადგილია, სადაც დიდი ტენიანობა და გრუნტის წყლებია. „არ ვიცი, სააკაშვილის ხელში ამის შესწავლა როდის მოხდებოდა, არავის გამოუქვეყნებია ამ მშენებლობაზე გასაცემი ნებართვა არის თუ არა შესაბამისობაში მოყვანილი ჩვენს კანონმდებლობასთან. თქვენ იცით, რა ტრაგიკული დასაწყისი ჰქონდა ამ მშენებლობას, ააფეთქეს მემორიალი, რაც, ჩემი აზრით, ვანდალიზმი იყო და ამით შეურაცხყვეს მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი ჩვენი ქართველი გმირები. ნანგრევებში მოჰყვა ერთი ოჯახი, დედა და შვილი, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ. ასეთი სისხლიანი დასაწყისი ჰქონდა ამ ყველაფერს. საღად მოაზროვნე ადამიანი ამ მშენებლობას სასწრაფოდ შეწყვეტდა და მოშორდებოდა ამ ადგილს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის იმპერატიულ გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელობა“. დეპუტატის თქმით, 26 მაისს ქუთაისში სხდომის გახსნა პიარაქციაა, რომელიც კარგად თავსებადია მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო ტექნოლოგიებთან. მისი აზრით, როგორც ჩანს, სააკაშვილს სურს, ქუთაისიდან გახსნას საარჩევნო კამპანია და ეს ყველაფერი პოლიტიკურ ტრიბუნად გადააქციოს, მიიღოს იქ სამხედრო აღლუმი. ამ ყველაფერში კი მონაწილეობას მიიღებენ სრულიად საქართველოს აგიტატორები, ნაცმოძრაობის წევრები. „მესმის, რომ ერთგვარად, ეს არის პოპულარული იდეა ქუთაისლებს შორის. ამ რეგიონს ძალიან უჭირს, გამოუვალი მდგომარეობაა. წარმოშობით იქაური ვარ, სიგიჟემდე მიყვარს ეს მხარე, მაგრამ უზარმაზარ თანხებზე, დაახლოებით 150 მილიონ ლარზეა საუბარი. ეს რომ გამოყოფოდა იმერეთის, ქუთაისის განვითარებას, სოციალურ პროექტებს, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა იმერეთი, ვიდრე ორი წლის წინ იყო. მაგრამ ყველაფერი მორგებულია იმაზე, აღსრულდეს სააკაშვილის იდეები და თვალებში ნაცარი შეაყარონ იმერლებს. მათ ეუბნებიან, ამ პროექტის დასრულების შემდეგ თითქოს დაიწყება იმერეთის ეკონომიკური აღორძინება. თუ ადამიანებს ამის სჯერათ, მე ვფიქრობ, ისინი მიამიტები ყოფილან“. ამასთან, გია ცაგარეიშვილი თავის ნაციონალ კოლეგებს ურჩევს, ქუთაისის პარლამენტის შენობაში შესაბამისი ჩაფხუტებით შევიდნენ, რადგან, შეიძლება, ან აგური მოხვდეთ თავში, ან სინკარი ჩამოინგრეს. „ნამდვილად არ ვისურვებდი ამას, მე არ ვარ სისხლისმსმელი მათსავით და ტრაგიკული შემთხვევისთვის არავის გავიმეტებ, მაგრამ უნდა მოუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. შენობის საზეიმო სხდომის გახსნისთვის ყველაფერს აკეთებენ. ამას არ სჭირდება არც ქვორუმი, არც დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა, რაც ლეგიტიმურს გახდიდა ამა თუ იმ სხდომას. თუ ვინმე იმისთვის დამძრახავს, რომ სააკაშვილის პიარ-კამპანიის ნაწილად არ გადავიქეცი, ასეთ ადამიანს ნაკლებად მოეკითხება ჭკუა. ეს სხდომა მართლაც საზეიმო იქნება, მიხეილ სააკაშვილს ძალიან უყვარს სახურავზე სუფრების გაშლა. შემდეგ, როგორც ჩანს, ჩაფხუტებით აბრძანდებიან და ერთ კარგს მოულხენენ საქართველოს პარლამენტის აუშენებელი შენობის სახურავზე ჯავშანტექნიკის გრიალში“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე Presage.tv-სთან საუბარში საქართველოს პოლიტიკური დედაქალაქის ქუთაისში გადატანის მცდელობას მიუღებელად მიიჩნევს. მისი აზრით, 26 მაისს პარლამენტის სხდომის ჩატარება ყოვლად დაუშვებელია, რადგან შენობა დასრულებული არ არის. „ვიცე-სპიკერმა მაჭავარიანმა ღიად განაცხადა, პარლამენტის შენობა არ არის დასრულებული, მაგრამ იქ სხდომის დარბაზი უკვე სრულდებაო. ეს დაახლოებით იგივეა, საცხოვრებლად ვარგისად რომ ცნოთ ბინა, რომლის ერთი ოთახი გარემონტებულია, მაგრამ ყველა დანარჩენი დაუმთავრებელია. ეს სამარცხვინო აქტია, ხინჯიან და ხარაჩოებიან შენობაში არ უნდა გაიმართოს მსგავსი ტიპის სახელმწიფო სხდომა“. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ნებისმიერი შენობის დასრულებას სპეციალური მიღება-ჩაბარების აქტის გამოცემა უნდა უძღოდეს, ექსპლუატაციაში უნდა იქნას მიღებული შენობა და ვარგისიანად ჩაითვალოს. ხოლო, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის სხდომას მართავ და დეპუტატებს ასეთ ნაკლოვან შენობაში ეპატიჟები, კანონიდან გამომდინარე, ეს არაა გონივრული მოქმედება. „ელემენტარულად, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, არ შეიძლება, ამ შენობამ ექსპლუატაცია დაიწყოს. ფაქტობრივად, ჩემი კოლეგები თავს საფრთხეში იგდებენ, როცა ხარაჩოებიან შენობაში შებრძანდებიან და იქ მოისურვებენ სხდომის ჩატარებას. უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ 26 მაისს მისი დასრულება ვერანაირად ვერ მოესწრება. ამიტომაც ღვარძლნარევი იუმორი ჩააქსოვა პრეზიდენტმა რამაზ ნიკოლაიშვილთან მიმართებით, როდესაც განაცხადა, რომ ნიკოლაიშვილს, შეიძლება, ინფრაქტი მოუვიდეს, თუ 26 მაისს შენობას არ დაასრულებს“. დეპუტატის თქმით, ეს იუმორნარევი და ღვარძლნარევი მუქარა არა მხოლოდ რამაზ ნიკოლაიშვილისკენ მიმართული მესიჯია, არამედ ეს არის გზავნილი მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ მოუწევთ სხდომის ჩატარება და ამას წინასწარ უნდა შეეგუონ. „ჩვენ არ ვაპირებთ, პრეზიდენტ სააკაშვილს ვდიოთ თბილისიდან ქუთაისში. ის, რომ 26 მაისს ცდილობს, გაერიდოს თბილისს, სრულიად ბუნებრივია. იცის, რომ 2011 წელს ხალხის წინაშე დანაშული აქვს ჩადენილი და, უბრალოდ, ერიდება ყველანაირ ექსცესს, რომელსაც შეიძლება, ადგილი ჰქონდეს 26 მაისს. ამ ექსცესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სრულიად ლეგიტიმურია საზოგადოების იმ ნაწილის მოთხოვნა, რომლებიც დაზარალდნენ 26 მაისს და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ, ხელყოფილ იქნა ფუნდამენტალური, კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება, რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ აქციის დარბევას, რომელზეც პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს სახელმწიფომ, მმართველმა გუნდმა და უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც 26 მაისს გაურბის თავის ხალხს თბილისიდან ქუთაისში დაუმთავრებელ შენობაში“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე. იგი მიიჩნევს, რომ დეპუტატს ვერავინ აიძულებს, პარლამენტის სხდომას დაესწროს. ხოლო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციები, რომლებიც ხელფასის დაქვითვას გულისხმობს, თუკი დეპუტატი სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერ გამოდგება. ამდენად, თუკი ოპოზიციონერ დეპუტატებს 26 მაისის სხდომაზე დაუსწრებლობის გამო ხელფასს დაუქვიათავენ, რა თქმა უნდა, მათ საკუთარი თავის დაცვის ბერკეტი ექნებათ. მათი არგუმენტი სწორედ ეს არასრულფასოვანი და არანორმირებული შენობაა, რომელშიც გამართულ საზეიმო სხდომაზე დასწრებასაც მათ უკანონოდ სთხოვენ. |