საქართველოში არ არსებობს იმის ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი ეწირება ყოველწლიურად შიმშილს. ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება დუმს, მაგრამ თუ ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსული ადამიანების რიცხვს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, ვითარება სავალალოა. მოწყალების მომლოდინე, ხელგაწვდილი მოხუცებიც კარგა ხანია, თბილისელებისთვის ჩვეულ სურათად იქცა. ასეთია XXI საუკუნის ქართული რეალობა _ უპატრონო, ან უსახლკარო მოხუცები, რომელთაგან უმეტეს მათგანს ქუჩაში სძინავს და ,,კათარზისში'' დადის გამოსაკვებად, ზოგს კი შიმშილისგან იმის ძალაც არ ჰყოფნის, ,,კათარზისამდე'' მიაღწიოს.
რამდენიმე დღის წინ, განახლებულ აღმაშენებელზე, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის მოწმე თავად გავხდი. ქვაფენილზე წაქცეულ მოხუც ქალბატონს ხალხი შემოხვეოდა და წამოყენებას ცდილობდა, მოხუცს ფეხსაცმელი არ ეცვა და დახეული წინდებიდან თითები მოუჩანდა. ის, რაც ტანზე ეცვა, იმას ტანსაცმელს ვერ ვუწოდებ _ დაკონკილი ჭუჭყიანი ჩვრები, რომლებიც ოდესღაც ალბათ მართლა იყო ტანსაცმელი. ვიღაცამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ვიღაცამ პატრული. თუმცა იქვე, რესტორან ,,საჭაშიკედან'' გამოსულმა თანამშრომელმა გვითხრა: ეს ქალი კარგა ხანია აქ ზის ქვაფენილზე, ცუდად რომ იყო, შევამჩნიეთ და ძალაგამოლეულს სკამიც ჩვენ გამოვუტანეთ. ვეცადეთ გაგვერკვია, ვინ არის და სად ცხოვრობს, მაგრამ არაადეკვატურია და სახლიდან გამოპარულს უფრო ჰგავს, ამიტომ სასწრაფოც გამოვიძახეთ ერთი საათის წინ და პატრულიც, მაგრამ არაფერი, მოვიდნენ, დახედეს და წავიდნენ ეს ჩვენ არ გვეხებაო. გაკვირვება ვერ დავმალე და რესტორნის თანამშრომლის სიტყვებში ეჭვი შევიტანე: რას ამბობთ, ავადმყოფ მოხუცს ვინ დატოვებდა ქუჩაში-მეთქი, იმანაც იქედან: ა, ბატონო, მიდი და დარეკეო. საპატრულოში განხორციელებული ზარის შემდეგ, მთელი 25 წუთი მოგვიხდა ლოდინი. საპატრულო და სასწრაფო თითქმის ერთდროულად გამოჩნდა და ხალხიც წაქცეულს შემოეცალა. მანქანიდან გადმოსულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საქმის ვითარება გამოიკითხა და ჩვენ თხოვნაზე, რამე ეღონა, განაცხადა: მე რა უნდა გავაკეთო, სად წავიყვანო, სახლში ხომ არ წავიყვანო?! _ როგორ, თქვენ გინდათ თქვათ, რომ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ქუჩაში დატოვებთ?! _ აღშფოთდა იქ შეკრებილი ხალხი. _ რა ვქნა, არ არსებობს ისეთი დაწესებულება, ეს ქალი რომ მივიყვანო და დაიტოვონ, _ გვითხრა და ოქმის შედგენას ფორმალობისთვის მაინც შეუდგა. სასწრაფო დახმარების ექიმები უფრო გულისხმიერები აღმოჩნდნენ და მოხუცი გულდასმით გასინჯეს. _ არტერიული წნევა ძალიან დაბალია, ეს ქალი მშიერია, თან არა ერთი და ორი დღის, ეტყობა, შიმშილისგან გახდა ცუდად. _ არ შეგიძლიათ, რომელიმე საავადმყოფოში გადაიყვანოთ, უფრო საფუძვლიანი გამოკვლევებისთვის? _ სამწუხაროდ, არ შეგვიძლია, ჩვენ რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. თუ შეგიძლიათ, საჭმელი მოუტანეთ და უკეთ გახდება... რესტორნის თანამშრომელმა მაშინვე გამოიტანა საჭმელი, ერთმა გამვლელმა გოგონამ იქვე ფეხსაცმლის მაღაზიაში ფეხსაცმელი შეუძინა და თავისი ხელით ჩააცვა... ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ პატრული, რომელიც ცოტა ხნის წინ, გულგრილი ღიმილით გვიხსნიდა საქმის ვითარებას და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე გასცლოდა იქაურობას, თავისი ხელით შეუდგა მშიერი მოხუცის გამოკვებას. _ იქნებ ,,კათარზისში'' მივიყვანოთ და დაიტოვებენ, ღამესაც გაათევინებენ და მერე იქნებ, პატრონიც გამოუჩნდეს? _ მეგონა, გამოსავალი ვიპოვე, მაგრამ აქაც იმედგაცრუებული დავრჩი. _ ,,კათარზისში'' არ მიიღებენ, რადგან ჯერ დღეა. იქ მოხუცებს მხოლოდ ღამის საათებში იღებენ, როცა დარწმუნდებიან, რომ წასასვლელი, მართლაც არსად აქვთ, _ ამიხსნა პატრულმა. _ წასასვლელი რომ აქვს ადამიანს, იმას ,,კათარზისში'' რა უნდა?! _ ვერ დავმალე გაკვირვება, _ ეს სადაური წესია, აბა ეგდოს ეს ქალი ქუჩაში და გადააბიჯონ გამვლელებმა?! მიმაყვანინეთ ეს მოხუცი ,,კათარზისში'' და მე ვთხოვ დირექტორს, რომ მიიღოს და ერთი ღამე გაათევინოს, ხვალ კი იქნებ, პატრონიც გამოუჩნდეს, ან ვინაობა და მისამართი დავადგინო. ,,კათარზისზე'' ძალიან სათნო წარმოდგენა მაქვს და ვიცი, ეს ორგანიზაცია როგორ ეხმარება მოხუცებს. მივედით... გარემონტებული სამსართულიანი შენობა საკმაოდ სუფთად გამოიყურება, ქვედა სართულზე განთავსებულია ჰოლი, შენობის უკან კოხტა პატარა სკვერია, სადაც სხედან საყვარელი მოხუცები _ ჭორაობენ, ნარდს თამაშობენ. მოკლედ, აქ მათთვის ყველანაირი კომფორტია შექმნილი, თუმცა... ეს შენობა მხოლოდ 10 მოხუცზეა გათვლილი, სათნოების სახლში მოხვედრის რიგში კი ბევრი დგას. შეზღუდული ადგილების გამო, თითოეულის რიგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვა, თუ პანსიონატში მცხოვრებთაგან რომელიმეს ოჯახის წევრი წაიყვანს ან გარდაიცვლება. მოხუცი ქალბატონი ერთი ღამით დაიტოვეს, ვიდრე მისი ვინაობისა და მისამართის დადგენას მოვახერხებდით. ის თბილისში მცხოვრები 72 წლის ნორა სართანია აღმოჩნდა. როგორც ყველა მსგავსი ბედის ადამიანს, მასაც საკუთარი მარტოობის ისტორია აღმოაჩნდა, მის მოყოლას აღარ დავიწყებ, რადგან ეს ისტორიები ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ეს ის ადამიანები არიან, ხელისუფლება რომ დელიკატურად ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ'' მყოფ ფენას უწოდებს, მაგრამ რეალურად, სიღატაკეში სძვრებათ სული. წესით, ამ ადამიანებს სახელმწიფომ უნდა უპატრონოს, რას აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა? ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებობს მოხუცთა თავშესაფრები, სადაც უპატრონო მოხუცები ცხოვრობენ. არსებობს ასევე უამრავი სოციალური პროგრამა, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს პროექტები ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ მათში ჩართვა ისეთივე პრივილეგიაა, როგორც ბევრი სხვა რამ საქართველოში. |