ხელისუფლება პარალელურ საბანკო სისტემას ქმნის. შეიქმნება საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებსაც ფიზიკური პირებისგან თანხის (ანაბრების) მოზიდვის უფლება ექნებათ. ამ ინიციატივაში სპეციალისტები მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავენ. კერძოდ, ბიზნესსტრუქტურა, რომელიც ზემაღალი საპროცენტო განაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობისგან ანაბრებს აკრეფს, შესაძლოა, საფინანსო ბაზრიდან აორთქლდეს და მეანაბრეები მოტყუებული და გაძარცვული დატოვოს. მით უმეტეს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ანაბრების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობს.
დეპუტატებმა პავლე კუბლაშვილმა, კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები მოამზადეს. კანონპროექტით შემოდის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდავს ან მის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების რაოდენობა ხუთ მილიონ ლარზე მეტი იქნება. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. თუმცა, კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ იურიდიული პირები, რომელთა მიერ მოზიდული სახსრები არ აღემატება 5 მილიონ ლარს ან სახსრების მოზიდვა ხორციელდება ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, გარკვეულ შემთხვევებში მაინც ვალდებულნი იქნებიან ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია გაიარონ. ასევე, პროექტის მიხედვით, ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება. საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ამ ინიციატივაში მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავს. მისი აზრით პარალელური საბანკო სისტემის შექმნამ, შესაძლოა, დააზარალოს, როგორც საფინანსო სექტორი, ისე მეანაბრეები, ვინაიდან საქართველოში ანაბრების დაცვის არანაირი გარანტია არ არსებობს. "იმ დროს, როდესაც ყველა ქვეყანა, 2008 წელს დაწყებული მსოფლიოს საფინანსო კრიზისის შემდეგ, ყველა შესაძლო ზომას იღებს, რათა საკუთარი საბანკო სექტორის ფინანსური მდგრადობა გააძლიეროს, ჩვენთან საპირისპირო რამ ხდება. იმ დროს, როდესაც ბაზელის კომიტეტმა შეიმუშავა საბანკო კაპიტალისადმი დამატებითი მკაცრი მოთხოვნები მომავალი საბანკო კრიზისების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეროვნული ბანკი, პარალელური საბანკო სექტორის შექმნით აპირებს ძირი გამოუთხაროს ისედაც სუსტ საფინანსო სისტემას. ეროვნული ბანკი გახდა არა მარტო მართული მავანთა მიერ, არამედ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის სერიოზული მუხრუჭიც. სებ-ის მიერ ე.წ. საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციობისთვის ხელის შეწყობა გზას უხსნის ფინანსური პირამიდების ახალ ეპოქას", - მიიჩნევს ლია ელიავა. ბიზნესსტრუქტურა, რომელიც ზემაღალი საპროცენტო განაკვეთების სანაცვლოდ მოსახლეობისგან ანაბრებს აკრეფს, სუსტი საზედამხედველო რეგულირების პირობებში, შეიძლება საფინანსო ბაზრიდან აორთქლდეს და მეანაბრეები მოტყუებული და გაძარცვული დატოვოს. ეს პრობლემა მით უფრო აქტუალურია, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად, არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც საბანკო ანაბრების დაცვის სახელმწიფო გარანტიები არ არსებობს, მაგალითად, ანაბრების დაზღვევა. ელიავას განცხადებით, თუ კომერციული ბანკების რეგულირების სისტემა მეტ-ნაკლებად პასუხობს საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, ე.წ. საკრედიტო ინსტიტუტებისადმი მოთხოვნები საგრძნობლად შერბილებული იქნება. "ეს გზა საქართველომ უკვე გამოიარა მღვრიე 90-იან წლებში, როდესაც ფინანსურმა პირამიდებმა ათეულ ათასობით ადამიანი დააზარალა და გააღატაკა. კონკრეტულად რა ამოძრავებს ეროვნულ ბანკს პარალელური საბანკო სექტორის შექმნით რთული სათქმელია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როგორც ხშირად, ახლაც საბანკო კანონმდებლობის ცვლილება მიმართულია რომელიმე ბიზნესტრუქტურის ინტერესების სასარგებლოდ ან საზიანოდ", - ამბობს ელიავა. ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუკი ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა, შეირყევა არა მარტო საფინანსო სექტორი, არამედ ქვეყნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობაც, რაც არასასურველ სოციალურ და პოლიტიკურ შედეგს გამოიწვევს. |