მერიის ინფორმაციით, ოთხმეტრიანი კიპარისის ნერგებისა და მისი თანმდევი მომსახურების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. 120 კიპარისის ნერგი და თანმდევი მომსახურება თბილისის მერიამ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გრინსერვისისგან” 225 000 ლარად შეისყიდა. კომპანიის მიერ აღნიშნული შესყიდვის ფასის ადეკვატურობასთან დაკავშირებით ეჭვი ორგანიზაცია “საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოთქვა. ამ საკითხით დაინტერესებისთვის მერიამ ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა.
მერიაში აცხადებენ, რომ სატენდერო პროცედურების დაცვის მიუხედავად, “გრინსერვისმა” პროდუქციის შესყიდვა ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად მოახდინა, რაც ასახული არ იყო კომპანიის მიერ მერიაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერია აუქმებს კომპანია “გრინსერვისთან” ტენდერის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს. გაუქმებული მომსახურებების ხელახალ შესყიდვაზე ტენდერი 10 მაისს გამოცხადდება.
უგულავა ამ ყველაფრით ცდილობს თავისი და მთელი მერიის დანაშაული დაფაროს. ჯერ ერთი ტენდერი მერიამ გამოაცხადა და 120 ნერგის დარგისთვის ყოვლად უაზრო ფასი (225 000 ლარი) სწორედ მათ დაადგინეს. ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც შესაბამისად გაიმარჯვა და მერიამ თანხა გადაურიცხა. საინტერესოა, როდესაც უგულავას კანტორა შპს “გრინსერვისს” თანხას ურიცხვდა, არ იცოდა 1 ნერგს რა ფასად ყიდულობდა? როგორც ჩანს მერიაში ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციის განხორციელების უნარიც აღარ გააჩნიათ.
გარდა ამისა, ბარათაშვილის ქუჩაზე კიპარისები უკვე დარგულია და ტენდერის გაუქმება საქმეს რაღას უშველის? ან რა საჭიროა ახალი ტენდერის გამოცხადება? დარგულ მცენარეებს მოთხრიან და კონკურსში გამარჯვებული ახალი კომპანია თავიდან დარგავს?
მასალა კიპაროსების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ამ ორი კვირის წინათ გამოაქვეყნა. ქალაქის მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე 120 კვიპაროსი დარგო და თითო ნერგი 990 ლარი დაჯდა. შპს “გრინსერვისის” მფლობელები არიან ლაშა ფურცხვანიძე და კობა ხარშილაძე. ლაშა ფურცხვანიძე თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელია, ხოლო კობა ხარშილაძე - იმავე რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე.
ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კვიპაროსების დარგვის პარალელურად მათ მიერ ადრე დარგული ხეების მოჭრის გამო. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ბარათაშვილის ქუჩაზე ახალი ხეების დასარგავად 225 000 ლარი გამოყო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ყურადღება სწორედ აღნიშნულმა თანხამ მიიპყრო და გადაწყვიტეს, რომ შესაბამის სატენდერო დოკუმენტაციას გამოეთხოვა. როგორც აღმოჩნდა, თბილისის მერიამ მიმდინარე წლის 8 თებერვალს გამოაცხადა ტენდერი ბარათაშვილის ქუჩაზე დასარგავი ხე-მცენარეების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერიას განზრახული ჰქონდა შეესყიდა 120 ცალი კიპარისის ნერგი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 225 000 ლარი იყო დასახელებული.
ასეთი მცენარის მიწოდების სურვილი თუ საშუალება საქართველოში ერთადერთ კომპანიას, შპს “გრინსერვისს” აღმოაჩნდა და ტენდერშიც მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა. “გრინსერვისს” 2010 წლიდან დღემდე 17 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის ამ პერიოდში გადახდილი თანხა 4 მილიონ ლარს აღემატება.
“გრინსერვისის” პირველადი შეთავაზება მერიის მიერ გამოცხადებული სავარაუდო ღირებულების იდენტური აღმოჩნდა. რადგანაც “გრინსერვისს” ტენდერში კონკურენტი არ ჰყავდა, ეს თანხა (225 000 ლარი) შემდგომში არ შეცვლილა. თბილისის მერიასა და “გრინსერვისს” შორის ხელშეკრულება 13 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მერიამ კიპარისის თითო ნერგში “გრინსერვისს” 990 ლარი გადაუხადა - სულ 118 800 ლარი 120 ნერგის სანაცვლოდ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” გადაწყვიტა დაედგინა, თუ რა ფასს იხდიდა თბილისის მერია მსგავს საქონელში სხვა შემთხვევებში. შედარებისთვის, მერიის მიერ ამა წლის 30 იანვარს ერთ-ერთ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ისარგებლეს, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგების შესყიდვის თაობაზე გაფორმდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, მერიამ 5000 ცალი სხვადასხვა ჯიშის ნერგი იყიდა (კვიპაროსი, ცაცხვი, ნეკერჩხალი, კედარი, ფიჭვი, იფანი), ხოლო ერთი ნერგის მაქსიმალური ფასი 30 ლარი იყო, ანუ 33-ჯერ ნაკლები, ვიდრე ბარათაშვილის ქუჩის ტენდერის შემთხვევაში. მერიას ბარათაშვილის ქუჩისთვის მსგავსი ღირებულების ხეები რომ შეეძინა, შესყიდვის საერთო თანხა 118 800 ლარის ნაცვლად 3600 ლარი იქნებოდა.