თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე

თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე

 

"თბილისი საცხოვრებლად ერთ-ერთი არასასურველი ქალაქი ყოფილა მსოფლიოში და ეს მაშინ, როცა ყოველდღე გვესმის, რომ აქ არის ყველაზე მაგარი გზები და ხიდები, საუკეთესო სკვერები და შადრევნები, რომ თბილისში ცხოვრება საამურია - კვლევა, რომელმაც ამ მოსაზრებას ცივი წყალი გადაასხა, საერთაშორისო ორგანიზაცია ECA International-მა ჩაატარა: ამ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 400 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქმა 199-ე ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისი აუტსაიდერთა შორის არის: რამდენიმე თვის წინ საკმაოდ ავტორიტეტულმა კომპანია Mercer-მა გამოაქვეყნა სარეიტინგო სია, რომელშიც ცხოვრების დონის მიხედვით 221 ქალაქს შორის თბილისი 214-ე ადგილზე იყო. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშიას სულაც არ აკვირვებს, რომ ჩვენი დედაქალაქი აუტსაიდერთა შორის არის", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე.

"სამწუხაროა, მაგრამ თბილისი კიდევ ერთ სარეიტინგო სიაში აღმოჩნდა სამარცხვინო ადგილზე. ამ სარეიტინგო სიაში ისეთი მეზობლები გვყავს, კაცი რომ არ ინატრებდა, რადგან არც ერთი მოწინავე სახელმწიფოს დედაქალაქი ჩვენს ახლომახლო არ ჭაჭანებს. სარეიტინგო სიის შედგენისას ბევრი რამ იყო გათვალისწინებული - ჯანდაცვა, სოციალური და ეკოლოგიური გარემო, ტრანსპორტი, კომუნიკაციები და ა.შ. ეს ყველაფერი შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და დაადგინეს, რომ თბილისში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მედია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, გვიმტკიცებს, რომ თბილისი ცხოვრების დონით ევროპული ქალაქია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ევროპელი ექსპერტები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. ამ სარეიტინგო სიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა აბსოლუტურად მცდარია: არ შეიძლება აშენო ხიდები და მოსახლეობა გყავდეს მშიერი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი უნდა იყოს არა კონცერტები და შადრევნები, არამედ ადამიანები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა სამუშია.

"სწორედ ამის გამო საკრებულოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" მკაცრად გავაკრიტიკეთ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სფეროს აკლდებოდა თანხა და გადადიოდა მუხლში, რომელიც საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გამართვას ითვალისწინებს. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება მოსახლეობის პრობლემების მიმართ. არამიზნობრივი ხარჯვის საუკეთესო ნიმუშია გმირთა მოედანი, რომელსაც, სულ მცირე, სამჯერ შეუცვალეს სახე. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება გადავყაროთ ფული წყალში მაშინ, როცა ამ თანხით უამრავი პრობლემის მოგვარება შეიძლება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თბილისში ძალიან მძიმე მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით: აღარაფერს ვამბობ დაბინძურებულ ჰაერსა და განადგურებულ მწვანე საფარზე, ლამის ყოველ მეორე დღეს შეგიძლიათ ნახოთ, რომ მტკვარი ნაგვითაა სავსე, როცა თავისუფლად შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. არსებობს სპეციალური მოწყობილობები, რომელიც მდინარეს წმენდს, მაგრამ ამისთვის თავს არავინ იწუხებს. ძალიან კარგია ევროპის მოედანთან ახალი პარკის მშენებლობა, მაგრამ ნუთუ ეს არის დედაქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? კომუნიკაციები მოსაწესრიგებელია და ამ დროს ჩვენ პარკებს ვაშენებთ. სხვათა შორის, ის, რომ დღეს თბილისში წყლის გადასახადი ძალიან მაღალია, პირდაპირ არის დამოკიდებული მოუწესრიგებელ კომუნიკაციებზე. მსოფლიოში, მგონი, ერთ-ერთ წამყვან ადგილზე ვართ წყლის დანაკარგის მიხედვით და ბუნებრივია, "თბილისის წყალი" ამ ზარალს ჩვენ გვახდევინებს. ალბათ, არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ არის ამდენი გახეთქილი მილი და დაზიანებული კომუნიკაციები, რამდენიც ჩვენთან", - განმარტავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 

"ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს ავადმყოფობის ეშინია - არ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ეკონომია გააკეთო და მერე ეს ფული კონცერტებში დახარჯო! ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში თბილისელებს ლამის გაუორმაგდათ გადასახადები - გაძვირებულია ტრანსპორტი, მიწის გადასახადი, მოიმატა წყლის, დენის, დასუფთავების ტარიფმა. რატომ უკვირთ, რომ ეს ყველაფერი თვალნათლივ აისახება საერთაშორისო რეიტინგებზე? ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმის მიუხედავად, რომ თითქოს ევროპაში აქვთ განათლება მიღებული, თავიანთი აზროვნებით ბოლშევიკები არიან. ყველაფერი ერთი ადამიანის ხელში! - ასეთია მათი დევიზი და ეს არის სწორედ ბოლშევიკური მიდგომა", - დასძენს ჯაბა სამუშია.

"ჩვენ ვეუბნებოდით, რომ იმ 5 ათასი მესაკუთრისათვის, რომლებსაც სამარშრუტო ტაქსი ჰყავდათ, მიგვეცა განსაზღვრული პირობები, რომ "მარშრუტკაში" 15 კაცზე მეტი არ უნდა ჩაესვათ, რომ ფეხზე არავინ უნდა მდგარიყო და ა.შ. არ დაიჯერეს და რა მივიღეთ? - გვყავს ერთი მონოპოლისტი, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება და დავკარგეთ 4 ათასზე მეტი კერძო მესაკუთრე, რომელიც თვითონ მოახერხებდა ყველაფრის ორგანიზებას, ინვესტიციებსაც თვითონ ჩადებდა და ქალაქში იმოძრავებდნენ გაცილებით კომფორტული ტაქსები. ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა. იგივე შეიძლება ითქვას ავტობუსებზეც, რომელთა რაოდენობაც ნამდვილად არ არის საკმარისი. დღევანდელ პერიოდს ხშირად ადარებენ შევარდნაძის ეპოქას, ცხრა წელიწადია შევარდნაძე წავიდა, სად ცხრა წლის წინანდელი მსოფლიო და სად დღევანდელი? რეიტინგის ავტორებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ თბილისელების დიდი ნაწილი ავარიულ სახლებში ცხოვრობს. წინა წლის ბიუჯეტში ავარიული სახლების სარეაბილიტაციო თანხას რამდენიმე მილიონი ლარი მოაკლეს და სხვა მუხლში გადაიტანეს, თითქოს ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს. ნახევარი ჩუღურეთი, სოლოლაკი, მთაწმინდა ავარიული სახლებით არის სავსე. სხვათა შორის, სახლები ხშირად ძველი კომუნიკაციების გამოც ზიანდება, მათ ქვეშ წყალი გროვდება და ამის გამო შენობა იბზარება და ფუჭდება", - აცხადებს ჯაბა სამუშია და შეკითხვას - "ხელისუფლების მომხრეები ხშირად ავლებენ პარალელს დღევანდელ და დავით აღმაშენებლის დროინდელ საქართველოს შორის. რას გვეტყოდით ამ შედარებაზე?" - პასუხობს:

"ეს აბსურდული შედარებაა. დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში ორჯერ გაიზარდა საქართველოს ტერიტორია. მან მთელი ცხოვრება ამ ქვეყნის გაძლიერებასა და განმტკიცებას შეალია, უფუნქციო შუშის ხიდი კი არ აუგია, გელათი ააშენა და იქ აკადემია გახსნა... სხვათა შორის, დავითის ხანაში საქართველო გაცილებით სამართლიანი სახელმწიფო იყო, ვიდრე დღეს არის. უდიდესი ღვაწლის გამო ქართველებმა ეს დიდი მეფე წმინდანად შერაცხეს. ამ ორი ეპოქის ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია".