თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ აგარაკზე „ბრეინშტორმინგისთვის“ რამდენიმე გამოჩენილი ეკონომისტი, თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი, შეკრიბა. მათ შორის გახლდათ, ხოსე პინიერა, ჩილეში, გენერალ აუგუსტო პინოჩეტის თექვსმეტწლიანი დიქტატურის პერიოდის ყოფილი მინისტრი.
ბ-ნი პინიერა მხოლოდ ეკონომიკური რჩევებით არ შემოიფარგლა და იმავდროულად გააფრთხილა პუტინი, რომ არ ღირს „ზედმეტად დიდხანს ზედმეტად დიდი ძალაუფლების შენარჩუნება“. შემდეგ საკუთარ სტატიაში, რომელიც შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთ რუსულ გაზეთში გამოაქვეყნა, მან პირდაპირ მოუწოდა პუტინს ორი ვადის შემდეგ ხელისუფლებიდან წასულიყო.
მიუხედავად ამისა, პუტინი განაგრძობდა რუსეთში ხელისუფლების შენარჩუნებას – თავდაპირველად როგორც პრეზიდენტი, შემდეგ კი როგორც პრემიერ-მინისტრი. 59 წლის ლიდერმა გაუძლო გასული ზამთრის მასშტაბურ ანტისამთავრობო გამოსვლებს, მარტში სკრუპულოზურად დადგმულ არჩევნებშიც გაიმარჯვა და ორშაბათს მესამე საპრეზიდენტო ვადის აღსრულებას უნდა შეუდგეს. ბ-ნი პუტინი არ გამორიცხავს, რომ 2018 წელს კვლავ მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში; ასეთ შემთხვევაში კი მას ხელისუფლებაში ყოფნა 24 წელი მოუწევს, რაც სტალინს თუ არ ჩავთვლით, კრემლის ლიდერების ხელისუფლებაში ყოფნის ყველა ვადას აჭარბებს. თუმცა, ის პირობას დებს, რომ წავა, თუკი ხალხის მხარდაჭერას დაკარგავს.
მაგრამ, სინამდვილეში, ისეთ მდგომარეობაში მყოფ მმართველებს, როგორიც ბ-ნი პუტინია ძალაუფლებაზე უარის თქმა არ უყვართ, და ამის არცთუ უმნიშვნელო მიზეზი ისიც არის, რომ საკუთარი მემკვიდრეების ეშინიათ. მონარქებს თუ არ ჩავთვლით, უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა მაგალითი არსებობს ისეთი ავტოკრატებისა, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ და თანამდებობაზე ყოფნის დროს მშვიდად გარდაიცვალნენ ან მშვიდად წავიდნენ პოსტებიდან. გავიხსენოთ ის სამწუხარო მაგალითები, როგორიცაა შარშანწინდელი არაბული გაზაფხულის შედეგები ეგვიპტის ლიდერის, ჰოსნი მუბარაქისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ციხეში აღმოჩნდა და ლიბიის დიქტატორის დასასრული, რომელიც დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ დანარჩენმა დიქტატორებმა (ანგოლადან სირიამდე) ეს გაითვალისწინეს და ძალაუფლების განმტკიცებას შეუდგნენ.
ცივი ომის ბოლო ათწლეულიდან დაწყებული, მე ვაკვირდებოდი ავტოკრატების დაცემას ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ამიტომ ამ პროცესის ადრეული ნიშნები ჩემთვის ნაცნობია. სამოქალაქო გამოღვიძების რუსული ზამთარი, ძალიან გავდა 1983 წელს გამართულ პირველ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს (ქვაბის სახურავების ბრახუნით) გენერალ პინოჩეტის წინააღმდეგ. ეს აქციები ხმაურიანი და ცალსახა სიგნალი გახდა იმისა, რომ ჩილეს მოსახლეობამ შიში დაძლია და გამოსვლა დაიწყეს დიქტატორის წინააღმდეგ, თუმცა ამ უკანაკნელმა ძალაუფლება კიდევ შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა.
პუტინის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ის განასახიერებს რეჟიმს, რომელიც კორუფციასა და დაშინებაზე დგას. მის ზოგიერთ მხარდამჭერსაც კი ეჭვი ეპარება იმაში, რომ რეჟიმის საყრდენი ბოძები (არჩევნებში მანიპულაცია, მორჩილი სასამართლო, ლოიალური ძალოვანი უწყებები) შეძლებენ დემოკრატიისკენ სულ უფრო მზარდ მოწოდებებთან გამკლავებას.
მაშ ასე, რა არის მისი გამოსავლის ყველაზე რეალური სტრატეგიები? როცა არ უნდა დადგეს მისთვის დაფიქრების დრო, გამოსავალი არც ისე ბევრი აღმოჩნდება. დემოკრატიული მშენებლობის ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ავტოკრატებისთვის არ არსებობს პენსიაზე გასვლის ისეთი უსაფრთხო გზები, რომელიც უზრუნველყოფდა მათთვის მშვიდობიან დაშვებას ისეთ შემთხვევაშიც, თუკი წასვლას დათანხმდებიან.
მიუხედავად ამისა, მოვიყვან არჩევანის რამდენიმე ვარიანტს და წამყვანი ავტოკრატიული მოდელების ჩამონათვალს, რომლის გამოყენებაც პუტინს შეუძლია:
ვარიანტი 1. ხალხის დემოკრატიისკენ წაყვანა. განას ყოფილმა სამხედრო დიქტატორმა, ავიაციის კაპიტანმა ჯერი ჯონ როულინგსმა, კვეთრად შეცვალა კურსი, როდესაც მისმა სოციალისტურმა გარდაქმნებმა კრახი განიცადა და რეჟიმს ფული გამოელია. მან ეკონომიკა ლიბერალიზაციის გზით ააღორძინა, შემდეგ ღია პოლიტიკური კონკურენცია დაუშვა და თავისუფალ არჩევნებში პრეზიდენტად ორჯერ აირჩიეს. დემოკრატიის მხარდაჭერით მანამ, სანამ ამას მისგან განას მოქალაქეები მოითხოვდნენ, მან პოპულარობა მოიპოვა და შეამცირა რისკი იმისა, რომ წარსული სისასტიკეებისა და ექსცესების გამო პასუხს მოსთხოვდნენ. კაპიტანმა როულინგსმა, რომელმაც ხელისუფლებაში 20 წელიწადზე მეტი გაატარა, 2001 წელს, მორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება.
ვარიანტი 2. უკანდახევის გზების გაუვნებელყოფა. 1990 წელს დანიელ ორტეგა, რომლის 10 წლიანი სანდინიური რეჟიმი აშშ-დან შეიარაღებულმა აჯანყებულების მოძრაობამ შეასუსტა, ნიკარაგუაში პირველი თავისუფალი არჩევნების ჩატარებას დათანხმდა – და დამარცხდა. წასვლის წინ მან შეთანხმება გააფორმა, რომელიც ყველა მხარეს ავალდებულებდა წარსულის გამო შურისძიებისგან თავის შეკავებას. ის ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ ორტეგას ძმა შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტს შეინარჩუნებდა. გარდა ამისა, წარმავალმა ლიდერმა თავის თანამებრძოლ-სანდინისტებს ნაჩქარევად დაურიგა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო საკუთრება (ამ დარიგებაში, რომელსაც „პინიატა“ შეარქვეს, რამდენიმე დიდი სახლიც მოხვდა კვარტალში, სადაც იმ დროს მეც ვცხოვრობდი). ამან განამტკიცა სანდინისტთა პოზიციები, რომლებიც ოპოზიცურ პარტიად გარდაქმნის შემდეგ, ორტეგასადმი ლოიალურ და გავლენიან ძალად დარჩნენ და დაეხმარნენ მას 2006-2011 წლების არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებაში.
ვარიანტი 3. ბოლო წუთამდე ბრძოლა. ეკონომიკის დანგრევისა და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობის პირობებშიც, პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, როგორც ჩანს ზიმბაბვეს მართვას ცხოვრების ბოლომდე აპირებს. ის უკვე 32 წელი ქვეყნის სათავეშია, ერთმანეთს უზავებს რა შეზღუდულ ღიაობას პოპულიზმს და როდესაც ეს აუცილებელია პოლიციურ სისასტიკეს. მისი წასვლის სტრატეგია, როგორც ჩანს იმაში მდგომარეობას, რომ არ უნდა წავიდეს. უცხოეთიდან ზეწოლის შესუსტების მიზნით, 2008 წელს მან თავის მთავარ მეტოქესთან ხელისუფლების განაწილებაზე შეთანხმება გააფორმა, მაგრამ განაგრძო მისი თანამებრძოლების დევნა და დაპატიმრება. თებერვალში მუგაბემ დაბადების 88 წლისთავი აღნიშნა და განაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამ ვერსიის პატარა საიდუმლო: ალმასებით ვაჭრობით მიღებული მოგება, ძალოვანი უწყებების და მეგობრების ვიწრო წრის ლოიალობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
ვარიანტი 4. დინასტიის დაფუძნება ან ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნა. მონარქია – კარგი საშუალებაა ქვეყნის მარწუხებში შენარჩუნებითვის, მაგრამ უგვირგვინო ავტოკრატებსაც აქვთ საკუთარი შესაძლებლობები. ფიდელ კასტრომ თავისი დიქტატორული ძალაუფლება კუბაში საკუთარ ძმას გადასცა. ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანი თავის შვილს უბოძა. ჩინელმა კომუნისტებმა ერთპარტიული მმართველობის და ლიდერების ცვლის ისეთი მექანიზმი შეიმუშავეს, რომელიც მექსიკაში და საბჭოთა კავშირში ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა. უკანასკნელ შემთხვევაში ლიდერებს უწევთ შეგუება მათი პირადი ძალაუფლების შეზღუდვასთან (მაგალითად ჩინელი პრეზიდენტების მმართველობის ვადა ლიმიტირებულია), სამაგიეროდ ეს ამცირებს დამხობის ან გაკიცხვის, ასევე მემკვიდრის მხრიდან ღალატის შესაძლებლობას.
ბ-ნი პუტინის განკითხვის დღე, როდესაც მას მოუწევს რომელიმე სტრატეგიის არჩევა, ჯერ კიდევ შორსაა – შესაძლოა ის წლების შემდეგ დადგეს. დღეს მისი პოზიცია ბევრი თვალსაზრისით ძლიერია. მან რუსეთის ნავთობზე კონტროლი დიდწილად სახელმწიფოს დაუბრუნა. სპეცსამსახურები მისი ერთგულნი არიან. კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პუტინს მაჩოდ წარმოადგენენ – შეადარეთ ეს დასნეულებულ მუბარაქს ან შერცხვენილ სლობოდან მილოშევიჩს, რომელმაც კოსოვოში დამარცხების შემდეგ სერბეთზე კონტროლი დაკარგა.
რუსული ოპოზიცია ბევრად უფრო სუსტი და დანაწევრებული ჩანს, ვიდრე ის მშვიდობიანი მოძრაობები, რომლებმაც დაამხო მილოშევიჩის რეჟიმი 2000 წელს და რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოსა და უკრაინაში ჩამოყალიბებული რეჟიმები. რუსეთში არ არიან ველმირ ილიჩის, პატარა ქალაქის უშიშარი მერის, მსგავსი ფიგურები. ამ ადამიანმა, რომელთანაც სერბეთში ურთიერთობა მქონდა, უკმაყოფილო პოლიციელებთან საკუთარი კავშირებისა და კონტაქტების წყალობით, მიაღწია იმას, რომ პოლიციელები მასობრივად გადავიდნენ სახალხო მოძრაობის მხარეს, რამაც რეჟიმს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
არეულობამ რუსეთის საზღვართან ასეთ სიახლოვეში ბ-ნი პუტინი შეაშფოთა და აიძულა ის კრემლის მხარდამჭერი ახალგაზრდების მობილიზაციისკენ, რომ წინააღმდეგობა გაეწია რუსული ოპოზიციისთვის და შეეზღუდა ოპოზიციური მოძრაობის დასავლური დაფინანსება.
„არავის ამ რევოლუციების დინამიკა ისე დეტალურად და ყურადღებით არ შეუსწავლია, ვიდრე პუტინს, რომელიც ცდილობდა მათ აღკვეთას“, – ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლარი დაიმონდი, დემოკრატიულ გარდაქმნებთან დაკავშირებული საკითხების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი. „მე ის მოხერხებულ და მოქნილ ავტოკრატად მიმაჩნია“.
დაემორჩილება თუ არა ის საზოგადოებრივ ზეწოლას და რუსეთს დემოკრატიისკენ წაიყვანს (ვარიანტი 1) თუ მკაცრ კურსს აირჩევს (ვარიანტი 3)? კრემლის ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა ბ-ნ პუტინს „ევოლუციური მიდგომის“ მომხრე უწოდა, რომელიც შეძლებს პოლიტიკის ლიბერალიზაციას იმ დოზით, რა დოზითაც ამას ხალხი ითხოვს.
თუმცა, ნიუ-ორკის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიუს ბუენო დე მესკიტას (წიგნის „დიქტატორის სამაგიდო წიგნი“ («The Dictator’s Handbook») ავტორს)) მიაჩნია, რომ ბ-ნ პუტინს რეჟიმის შემსუბუქების სერიოზული სტმული არ ექნება, ვიდრე რუსეთში ნავთობით მიღებული შემოსავლები საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ ადამიანთა გარკვეული ვიწრო წრე დააკმაყოფილოს.
„მას არ სჭირდება მასობრივი მხარდაჭერა“, – ამტკიცებს ბუენო დე მესკიტა, რომელიც სამეცნიერო წრეებში ცნობილია თავისი კვლევებით პოლიტიკური გადარჩენის ტექნოლოგიების შესახებ სხვადასხვა ქვეყნებში. „თუმცა, მას პრობლემები შეექმნება, თუკი ის შეწყვეტს არმიის და სპეცსასამსახურების დაფინანსებას“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროფესორის აზრით, პუტინი, როგორც ჩანს მაგალითს აიღებს მუგაბესგან. „აქედან ერთი გაკვეთილია: ხელისუფლებაზე ჩამოკიდება ძალიან დიდხანს შეიძლება“.
თუმცა, გლებ პავლოვსკის, რომელიც წლების განმავლობაში იმიჯის საკითხებზე კრემლის კოსნულტანტი იყო, ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია. ადრე თუ გვიან, მისი თქმით, პუტინი ტიპურ რუსულ გამოსავალს მიმართავს – აირჩევს ორ ლოიალურ მხარდამჭერს, რომლებიც დაიცავენ მას დევნისგან, და ისეთ არჩევნებს გამართავს, რომელშიც, როგორც ჩანს ერთ-ერთი მათგანი გაიმარჯვებს. პუტინი თავადაც ასე მოვიდა ხელისუფლებაში – პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ის მემკვიდრედ აირჩია, რის შემდეგაც მან აპატია თავის ავადმყოფ პატრონს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები.
თუმცა აქაც ერთგვარი ხაფანგებია. პუტინმა გადაწყვიტა არ შეექმნა ჩინური ტიპის მმართველი პარტია, რომელიც მსგავსს ტრანსფორმაციას უზრუნველყოფდა. ხოლო, როგორც ეს საკუთარ თავზე გენერალმა პინოჩეტმა გამოსცადა, წასვლის ყველაზე კარგად დამუშავებული გეგმაც კი შეიძლება ჩაიშალოს.
ჩილეს დიქტატორმა პრეზიდენტის პოსტი 1990 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა მას რეფერენდუმში მხარი არ დაუჭირეს, თუმცა შემდეგ 8 წლის განმავლობაში არმიის ხელმძღვანელის პოსტს ინარჩუნებდა, უფრო მოგვიანებით კი გახდა ულიმიტოდ არარჩეული სენატორი. ეს მას საკმარისს ძალაუფლებას აძლევდა იმისთვის, რომ მთავრობების არჩევაზე გავლენა მოეხდინა და იმედი ჰქონოდა, რომ კანონზე მაღლა იდგებოდა.
მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა უცხოელი იურისტების გამჭრიახობა. 1998 წელს ის ბრიტანეთში, ესპანელი მოსამართლის მიერ გენოციდის, წამების და ადამიანების გატაცების ბრალდების საფუძველზე გაცემული ორდერის თანახმად დააპატიმრეს. საბოლოო ჯამში ის უკან, ჩილეში დააბრუნეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლო წლები ადამიანის უფლებების დარღვევასთან და პირად გამდიდრებასთან დაკავშირებული სარჩელების მოგერიებაში გაატარა.
საინტერესოა, რომ პინოჩეტმა, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთ-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა ის დამსახურებული რისხვა, რომელიც მას თავს დაატყდა.
„მე ბევრს ვკითხულობ, განსაკუთრებით ისტორიულ ლიტერატურას“, – განაცხად მან, „ისტორია კი გვასწავლის, რომ დიქტატორები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ“.
foreignpress.ge