დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც ხელისუფლებამ კონსტიტუციაში იმ ცვლილების შეტანის იდეა გაახმოვანა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებდა, ითქვა, რომ ეს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კეთდებოდა და ისიც კი ითქვა, რომ ეს წრე კიდევ უფრო გაფართოვდებოდა. აშკარა იყო, რომ ეს ინიციატივა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამო დადგა დღის წესრიგში, რათა ქართულ თუ საერთაშორისო საზოგადოებას ივანიშვილის მოქალაქეობის თემა სალაპარაკოდ არ ჰქონოდა. პრინციპში, სწორედ ეს მიზეზი დაასახელა საკითხის ინიციატორმა, „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ამ იდეის გაჟღერებისას. ცხადია, ამ ინიციატივას ექსპერტების დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა იმ არგუმენტით, რომ არ შეიძლება, კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგება ხდებოდეს და ივანიშვილის საკითხი არა კონსტიტუციის შეცვლით, არამედ პრეზიდენტის ერთი ბრძანებულებით უნდა გადაწყვეტილიყო. მით უმეტეს, რომ იურისტთა შეფასებით, სამოქალაქო რეესტრის დასკვნა უკანონო იყო. სწორედ ამიტომ, ინიციატივის გაჟღერების მეორე დღესვე ხელისუფლებაც და თარგამაძეც უკვე იმას აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილისთვის კი არ იქნა მიღებული, არამედ იმისთვის, რომ საქართველოს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ გააჩნიათ, არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლებოდათ. სწორედ ამ კონტექსტით განიხილებოდა ეს პროექტი ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი განხილვის კომისიაში. მაგრამ საპარლამენტო განხილვის დაწყების წინ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება ამ ქართველებზე ზრუნვას, რატომღაც, მხოლოდ 2015 წლამდე აპირებს. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობაც შეეძლებათ და კენჭის ყრის უფლებაც ექნებათ. თუმცა, არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს უკანასკნელთ ბოლო სამი წელი საქართველოში მაინც უნდა ჰქონდეს გატარებული. აღსანიშნავია, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას თავიდან კამათი მოჰყვა რამდენიმე თემასთან დაკავშირებით. მათ შორის, ძირითადი იყო ის, რომ კონსტიტუცია ერთი ადამიანის ინტერესებს არ უნდა ერგებოდეს. ამასთან, ისიც ითქვა, რომ არ შეიძლებოდა, ადამიანს მისცემოდა პასიური საარჩევნო უფლება, ანუ არჩევნებში საკუთარი კანდიდატის წარდგენის უფლება და არ ჰქონოდა აქტიური უფლება - ხმის მიცემის უფლება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს არც ერთი საარჩევნო უფლება არ გააჩნიათ. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს, რომელსაც ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, მხოლოდ პასიური საარჩევნო ხმის უფლება უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ექნებოდა. გუშინ საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული მუხლი კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერება და ის მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კი, რომელიც გუშინ, საზოგადოებრივი განხილვის კომისიის სხდომის შემდეგ გაიმართა, აღნიშნულმა მუხლმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადა. კერძოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და საქართველოში ათი წელი მაინც უცხოვრიათ, როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო უფლებაც ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ. ასევე გაჩნდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით, ასეთი უფლებების მოპოვებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ათი წელი მაინც უცხოვრია საქართველოში, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. აღნიშნული მუხლი 2015 წლის პირველ იანვრამდე იმუშავებს. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი საარჩევნო კოდექსის ნორმების გათვალისწინებას უკავშირებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა კიდევ ერთი ცვლილება განიცადოს. ეს ცვლილება კი უკვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეხებათ. კონსტიტუციის დღეს მოქმედი ნორმის თანახმად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეკრძალება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი. პავლე კუბლაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ეს მუხლიც შეიცვლება და ასეთ პირებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. საინტერესო კი ის იყო, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ სცადეს, რომ განხილვის პროცედურა ისე წარმოეჩინათ, თითქოს, მათ შორის შეთანხმებული არ ყოფილა. საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი ინიციატივით გამოვიდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე საქართველოში დაბადებულ პირს პასიური და აქტიური საარჩევნო უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიენიჭოს, თუ ის ბოლო სამი წელი ცხოვრობს საქართველოში. კუბლაშვილი კი აღფრთოვანებით შეხვდა და, ლამის, ისიც კი უთხრა, ეს რა კარგი რამ მოგიფიქრებიათო. თუმცა, ეს ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე დარიგებულ პროექტებში უკვე ასახული იყო. „ლალიაშვილს ინიციტივა დაყენებული არ ჰქონდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის უკვე ასახული ჰქონდა პროექტში. გამოდის, რომ ბატონი ლალიაშვილი ფიქრობდა, პავლე კუბლაშვილი კი წერდა“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ „ეს ყველაფერი არის საკმაოდ დიდი და გაუგებარი პოლიტიკური აბრაკა-დაბრა, რომლის გაგება, როგორც ჩანს, მხოლოდ ნაციონალებს და ქდმ-ს შეუძლია“. საკონსტიტუციო ცვლილების საპარლამენტო განხილვა დღეს იწყება. ცაგარეიშვილი კი ამბობს, რომ მისი ფრაქცია ამ პროექტს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ივანიშვილი ამას აუცილებლად გამოყენებს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. |