”თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერები პირისპირ, პირველად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიცნეს. ორიოდ დღის დაფუძნებული ორგანიზაციის წევრები საპატიმროებს ეწვიენ და იქ არსებული არაადამიანური პირობები გააპროტესტეს.
ირაკლი ალასანიას ახალგაზრდა მხარდამჭერთა ლიდერი, 28-წლის სულხან ღლონტი პრესა.გე-ს სტუმარია.
რატომ გამოარჩია პოლიტიკური პარტიის ახლადშექმნილმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ პატიმართა უფლებები? ეს პიარ-სტრატეგიაა?
-ეს არის კონკრეტული გზავნილი საზოგადოებისათვის. ჩვენი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი სფერო ადამიანის უფლებებია. შეუძლებელია გქონდეს პრეტენზია, რომ წარმოადგენ მომავალ პოლიტიკურ თაობას და მთავარ პრინციპად არ გაიხადო ადამიანის უფლებების დაცვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მთავარი ამოსავალი არის ადამიანი.
ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა არის ის, რომ იგი განიხილავს ადამიანს, არა როგორც მიზანს, არამედ როგორც რესურსს. ეს არის პოლიტიკის დეჰუმანიზაცია და ამას ძალიან სერიოზული პრობლემები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის.
თეოლოგიური სენტენციაა, რომ რაც კი შექმნილა უფლის მიერ, ყველაფრის გვირგვინი არის ადამიანი და ყველაფერი დანარჩენი სწორედ მისთვისაა შექმნილი. ხელისუფლები კი გვეუბნებიან, რომ არის კიდევ რაღაც “ინტერესები”, “ღირებულებები”, რომელთაც უნდა ემსახურებოდეს ასობით და ათასობით მასსად ქცეული ადამიანთა კრებული. ამ იდეალებთან შედარებით კი, მათი სოციალური ყოფა და თვით სიცოცხლეც კი არაფერია. ჩვენ ამას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით.
რა თქმა უნდა, სხვა ბევრი პრობლემატიკით შეგვეძლო დაგვეწყო ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ავირჩიეთ დღეს ყველაზე უფლებაშეზღუდული მოქალაქეები, ანუ პატიმრები. იქ სადაც საზოგადოება პრაქტიკულად ვერ ახორციელებს ხელისუფლების კონტროლს, მაგალითად საპატიმროებში, ხელისუფლება თავის ნამდვილ სახეს ავლენს, სახეს რომელიც საკუთარ თავზე ათიათასობის საქართველოს მოქალაქემ გამოსცადა საპატიმროებში. ეს სახე არის დაუნდობელი, კანონდამრღვევი და არაჰუმანური.
პატიმრების უფლებების დაცვით, ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ჩვენ მოქალაქეების დიფერენცირებას არ ვახდენთ - პრივილეგირებულად, ან პირიქით თავისუფლებაშეზღუდულად, ბრძენად და უსწავლელად, ჩვენს მომხრედ და სხვის მომხრედ, ქართველად და არაქართველად…. ჩვენ ყველა ადამიანის უფლებებს დავიცავთ.
კონკრეტულად, რის გაკეთებას გეგმავთ?
-მოძრაობას ექნება ორი ძირითადი მიმართულება: საზოგადოებრივი აქტიურობა და შიდა პარტიული სტრუქტურების სრულყოფა. იმისათვის, რომ გქონდეს რეალური შანსი გამარჯვების, უნდა იყო ორგანიზებული და კომპეტენტური, იმედი გვაქვს, რომ ზუსტად ასეთ მოძრაობას ჩამოვაყალიბებთ.
უკვე მიმდინარეობს რეგიონალური სტრუქტურების ფორმირება და ფრონტი იქნება ძალიან ფართო, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვფიქრობ ჩვენმა თაობამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას უდგას.
ირაკლი ალასანია არის ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, რომელსაც ახალგაზრდების (და არა მარტო) სახით ეყოლება კარგად ორგანიზებული მხარდამჭერთა ჯგუფები მთელი საქართველოს მაშტაბით.
სულხან, შევნიშნავ და გეტყვი, რომ როცა ხელისუფლების ალტერნატივაზე საუბრობ, ლიდერს, ირაკლი ალასანიას ახსენებ , დამეთანხმები ალბათ, რომ პოლიტიკოსის დღეგრძელობა მისი პირადი რეიტინგისა და პოპულარობის გარდა, გუნდის სიძლიერეზე, მსოფლმხედველობაზე, პროგრამაზეცაა დამოკიდებული. რას სთავაზობს ახალს ამომრჩეველს თქვენი პოლიტიკური გუნდი?
-ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ისე, ძალიან ხშირად ჩვენს საზოგადოებაში ვერ ავლებენ ზღვარს ლიდერსა და კერპს შორის, მაგრამ ეს სხვა საკითხია… ირაკლი ალასანია ”თავისუფალ დემოკრატებში” არის თანასწორთაგან უპირატესი, უპირატესი არის იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა განაპირობებს მის მიმართ.
მეორე მხრივ, საზოგადოებას და მათ შორის, პარტიის შიგნით მყოფ ადამიანებს ჩვენ განვიხილავთ აბსოლუტურად თანასწორად , ამგვარი შიდაპარტიული სიტუაციისა და განწყობის მთავარი მოდერატორი არის სწორედ ირაკლი ალასანია.
რაც შეეხება პროგრამებს და ხედვებს, თქვენ იცით, რომ ალიანსი გამოირჩეოდა ყველა სხვა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისგან იმით, რომ ჩვენ გვქონდა რეალური, შესრულებადი წინასაარჩევნო პროგრამა და მოსახლეობას არ ვუყვებოდით ზღაპრებს უფასო ცხოვრებასთან დაკავშირებით. შემდეგ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ უფრო ეფექტურ, პროგრამას შევთავაზებთ ამომრჩეველს.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ თქვენს ლიდერს აკლია ქარიზმა, ის არ არის ”მიტინგების არწივი”, რაც ასე საჭიროა ოპოზიციონერი ლიდერისათვის პოლარიზებული ელექტორატის პირობებში
–”ქარიზმა” თეოლოგიური ტერმინია და მადლს, განსაკუთრებულ ღვთაებრივ ნიჭს ნიშნავს. თუმცა პოლიტიკოსის მიმართ ცოტა სხვა კონტექსტში იყენებენ ამ სიტყვას… ასეთი ტიპის ლიდერების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა ბრმაა, დამოკიდებულება კი ემოციური, რაც ლიდერს ხშირად უბიძგებს იმისაკენ, რომ იგი გავიდეს სამართლებრივი წესრიგიდან, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია.
ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლების, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მომხრენი ვართ, ჩვენი ხედვა ეფუძნება საზოგადოებასთან ერთად ქვეყნის მართვას. ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ქვეყნის მართვის ჩვენეული ხედვა ჰორიზონტალურია, ანუ თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეფუძნება.
მე არ მივცემ თავს კადნიერების უფლებას, ვაკრიტიკო საზოგადოება, მაგრამ როგორც ახალგაზრდა პოლიტკოსს, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს მომავალი პოლიტიკური თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვიტყვი: - ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ ადამიანებს, რომელთაც ზეადამიანური ამოცანების შესრულებას დავუსახავთ, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ხელისუფალი, რომელიც მართავს არა ხალხს, როგორც შუასაუკუნეების მონარქი, არამედ სახელმწიფოს, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებაშია მიღებული.
როცა სწორად გავიგებთ სიტყვა „ქარიზმატულს“, ანუ მადლმოსილს, მივხვდებით, რომ მისი შინაარსი არ გულისხმობს ”სიშლეგეს”, უფრო პირიქით, შინაარსობრივად ეს სიტყვა, უფრო სიმშვიდეს, სიბრძნეს, კეთილგონიერებას ასახავს.
როგორ ფიქრობ, ალასანია არის ლიდერი, რომელიც თანამედროვე ხედვას მოიტანს ქართულ პოლიტიკაში?
ეს ერთხელ უკვე გააკეთა, იგი არ მოექცა საზოგადოების სიმპატიის ტყვეობაში და უარი თქვა იმ გზაზე, რომელიც ჩვენი ხედვით ქვეყნისთვის სახიფათოა.
მან განაგრძო საკუთარი პრინციპების, ხასიათის ერთგულება და საკუთარი გზა აირჩია. ჩვენ საზოგადოებაზე მაღალი წარმოდგენის ვართ და გვჯერა, რომ ემოციებზე დამყარებულ ყალბ რიტორიკას დიდი მომავალი არ აქვს. ”თავისუფალი დემოკრატები” ვირჩევთ ჩვენი სტრატეგიის, მიზანმიმართულად, ერთგულად, მოჩვენებითი, გარეგნული ეფექტების გარეშე განხორციელების გზას და ვიცით, რომ ეს ჩვენი მაღალკულტურული ერის თანაგძნობის ღირსი გახდება.
-ხანგრძლივი და შეუქცევადი სტაბილურობა; ქვეყნის, როგორც სუბიექტის სრულფასოვანი მონაწილეობა საერთაშორისო პროცესებში; მოქალაქეთა უფლებების პრიორიტეტი… ეს ის ნათელი გზავნილებია, რომლებიც არ შეიძლება ჩაანაცვლო, თუნდაც რეიტინგზე ზრუნვის ამოცანით.
ირაკლი ალასანიამ სერიოზული პასუხისმგელობა აიღო თავის თავზე, როცა გადაწყვიტა ფაქტიურად შეცვალოს ოპოზიციური ბრძოლის ტაქტიკა და გემოვნება. რას გვთავაზობს პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი, რომელთა რიცხვი თანდათან მცირდება - რომ საჭიროა დაუმორჩილებლობა, რევოლუცია და ა.შ.
იყო პერიოდი, როცა ალასანია მიტინგებზე მათ გვერდით იდგა და სოლიდარობასაც უცხადებდა…
-მაშინაც და ახლაც, ძირითადი მოთხოვნა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მათი დამოუკიდებლობა იყო. ეხლაც აქტიურად მიდის მუშაობა საარჩევნო პროცესების დახვეწაზე, რაც საბოლოოდ ცუდი ხელისუფლების, კარგით ჩანაცვლებისთვის საუკუთესო და დემოკრატიული გზაა. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, ეხლა საზოგადოების გადასაწყვეტია, რომელ გზას დაუჭერს მხარს.
ანუ ოპოზიციის ერთიანობას საბოლოოდ შეუდგა წყალი?
ვფიქრობ, რომ ხელისუფლების შეცვლა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ გზაზე იქნება პოლიტიკური და თემატური ერთობები, ეს აუცილებელიც არის. თუმცა ლიდერების ნაწილმა, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან უნისონში მიიღეს გადაწყვეტილება დარტყმები მიიტანონ ირაკლი ალასანიაზე, ეს განპირობებულია მარტივად გამოსაცნობი მიზეზებით.
მათ გააცნობიერეს, რომ ირაკლი ალასანია არის ლიდერი, რომელსაც ხანგრძლივი პოლიტიკური სიცოცხლისთვის საჭირო ენერგია გააჩნია. ამას ვერ ეგუება ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილიც და ამით არის განპირობებული ძირითადი დარტყმები „თავისუფალ დემოკრატებზე“.
პოლიტიკური პარტიებიდან ბევრსა აქვს მსგავსი პრეტენზია, რომ სწორედ მათი ეშინია და მათ დისკრედიტაციაზე მუშაობს ხელისუფლება და მისი სატელიტი პარტიები…
-მოდი გავაანალიზოთ, უახლოეს წარსულში, პოლიტიკური დაპირისპირებების დროს, ხელისუფლება არ აღიარებდა ოპოზიციას, როგორც სრულფასოვან მომლაპარაკებელ მხარეს.
ავტორიტარულ ხელისუფლებას, რომელიც მიდრეკილია ტოტალიტარიზმისკენ აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება. საჭიროა ზეწოლა, იმისთვის, რომ ვერ შესძლოს კლასიკურ ავტორიტარულ მმართველობად ჩამოყალიბება. ამის მისაღწევად კი, დასავლეთი ოპოზიციის ლეგიტიმაციას მიმართავს და ამ გზით აძლიერებს მის პოზიციებს.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ირაკლი ალასანიას ცნობადობამ ოპოზიციის ლეგიტიმაციის ხარისხი გაზარდა. მან მოიტანა საერთაშორისო მხარდაჭერა და თანაგრძნობა, რაც ასე სჭირდებოდა ოპოზიციას და ბუნებრივია ეს კონტროლად იგრძნო სააკაშვილის რეჟიმმა და დაუყოვნებლივ დაიწყო მზაკვრული გეგმების განხორციელება, რომელიც იმედი მაქვს, რომ საბოლოო შედეგს ვერ გამოიღებს.
მოდი, ”თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულ მოძრაობას დავუბრუნდეთ. კომკავშირიდან მოყოლებული, ფაქტიურად ყველა ახალგაზრდული მოძრაობა თანატოლებში და საერთოდ, საზოგადოებაში ”ნორჩი კარიერისტების” ასოციაციას იწვევდა. როგორ აპირებთ გახადოთ თქვენი თანამოაზრეები და მისწვდეთ იმ ახალგაზრდების გულებს, რომლებიც უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ აპოლიტიკურები არიან და უფროსების მსგავსად, იმედგაცრუებულები და მეტწილად ნიჰილისტები.
-მთავარი აქ არის ფილოსოფია, რომელიც ახალგაზრდულ მოძრაობას გააჩნია. ის ხალხი, რომელიც არის ჩვენს მოძრაობაში გაერთიანებული, არის მსოფლმხედველობრივად, შინაგანი მრწამსითა და მისწრაფებებით განსხვავებული. ჩვენი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ღირებულებებისთვის, ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
აქ არიან თეოლოგები, იურისტები ფილოსოფიის კურსდამთავრებულები - ეს კომკავშირის, ახალგაზრდა ”მოქალაქეებისა” და ”ნაცებისაგან” სრულიად განსხვავებული კონტიგენტია, სხვა იდეალებითა და მისწრაფებებით. არაფერი აკავშირებთ ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციებთან, მათ შორის არც ”დაყენებული სახეები”. ჩვენი მოძრაობა ამ მემკვიდრეობისაგან თავისუფალია და ჩვენი გზავნილიც ახალგაზრდობისათვის ესაა: - ”გათავისუფლდი!”.
ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ ყველამ ძალა, იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ მასიურ კონტროლს და მასიურ პროპაგანდას. გავთავისუფლდეთ, ვიყოთ თავისუფალი მოქალაქეები. წარმოუდგენელია, შეშინებულმა, კაპიტულანტური სულის ადამიანებმა შექმნან ქვეყანა, რომელიც 21-ე საუკუნის გამოწვევებს უპასუხებს.
რამდენ წევრს ითვლის ამ ეტაპზე მოძრაობა?
-ზუსტად გამიძნელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფად და დინამიურად იზრდება ჩვენი რიგები. ეს კი მაძლევს წარმატებული საქმიანობის დიდ იმედს.