ხელისუფლება არჩევნების მოგებას ინფრასტრუქტურული პროექტებით აპირებს

ხელისუფლება არჩევნების მოგებას ინფრასტრუქტურული პროექტებით აპირებს

ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურული პროექტები გაააქტიურა. წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება, ანუ მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15%. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება მილიარდზე მეტ საბიუჯეტო თანხას ირიბად საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

კერძოდ, მთავრობის, პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, თითოეული პროექტის პრეზენტაციას სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე მართავს (დასაწყისში, შუაში და ბოლოს), შესაბამისად, ამგვარი ღონისძიებები მმართველი პარტიისთვის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად. თანაც, ამ პროექტებისთვის გათვალისწინებულ ფინანსებში დიდი წილი კრედიტებს უჭირავს.

რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი უცხოეთიდან მოზიდული კრედიტებით ფინანსდება. მაგალითად, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომელიც 2011 წელთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა და 4/5 კრედიტებით ფინანსდება. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ბიუჯეტიდან 505 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 219 მილიონი საბიუჯეტო სახსრებია, ხოლო 287 მილიონი კრედიტი. რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის კი 193 მილიონი ლარი დაიხარჯება, სახელმწიფოს ფული მხოლოდ 34 მილიონი ლარია, კრედიტი 153 მილიონ ლარს შეადგენს, გრანტი - 5 მილიონი ლარია. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე 161,3 მილიონი ლარია გამოყოფილი - 36 მილიონი ლარი სახელმწიფოს სახსრები, 125 მილიონი ლარი კი კრედიტი.

"ინფრასტრუქტურული პროექტები კარგი "კოზირია" ხელისუფლების ხელში, რადგანაც ხილული აქტივი იქმნება. სხვადასხვა ობიექტს ხელისუფლების წარმომადგენლები ხსნიან (ხშირად ამ საზეიმო გახსნებს მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატები ესწრებიან და ეს ღონისძიებები, როგორც წესი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შუქდება).

2012 წლისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მოცულობა 10 მლნ ლარით გაიზარდა და 50 მლნ ლარი შეადგინა. ამ პროგრამით, ძირითადად, ადგილობრივი (სოფლის) საჭიროებები ფინანსდება. ასევე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა გასამმაგდა და 297 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული ხარჯები, ერთი მხრივ, რეგიონული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხმარდება, მაგრამ მეორე მხრივ, ამგვარი ღონისძიებები მმართველი პარტიისთვის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტია პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად", - ამბობს დავით ნარმანია.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერი 888.9 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 490 მლნ ლარი თბილისისთვის არის გამოყოფილი, რაც 50 მლნ ლარით მეტია შარშან გათვალისწინებულ სახსრებზე.

"ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მის სიახლეს წარმოადგენს "ახალი ფორმატი", რაც იმაში მდგომარეობს, რომ პროექტი წარმოდგენილია პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად. თუმცა წინა წლების ბიუჯეტებისგან განსხვავებით, ასიგნებების ცხრილში დეტალურად აღარ არის გაწერილი ესა თუ ის ხარჯი", - ამბობს დავით ნარმანია.

ექსპერტ დემურ გიორხელიძის განცხადებით, საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილი ხარჯების კონტროლი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. იგი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატას არავინ მისცემს უფლებას, რომ ეს ხარჯი გააკონტროლოს, ამიტომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ყოველთვის ხდება სხვადასხვა ეჭვის საფუძველი.

"კონტროლის პალატა, უმოქმედობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის დეტალურ მონიტორინგს ვერ ახორციელებს. შესაბამისად, არ ვიცით, ინფრასტრუქტურისთვის გაწერილი ფინანსები რამდენად მიზნობრივად იხარჯება. რეალობაა ის, რომ ასეთი დიდი თანხის ხარჯვის პირობებში შესაბამის ეფექტს ვერ ვიღებთ. 

სამუშაოები ტარდება უხარისხოდ, რეაბილიტირებულ ინფრასტრუქტურას, მოკლე პერიოდში ისევ რეაბილიტაცია სჭირდება. ეს არის ნაჩქარევი, პროპაგანდისტული პროექტები. ამ ხარჯების შემოწმების შესაძლებლობა რომ არსებობდეს, გარწმუნებთ, რომ ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ", - ამბობს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტ ავთო სილაგაძის განცხადებით, როდესაც საბიუჯეტო სახსრები ქვეყნის სასიკეთოდ იხარჯება კარგია, თუმცა 2012 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება, ბუნებრივად, ბადებს ეჭვს, რომ ამ სახსრებს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს. - აჩვენებს მოსახლეობას, რომ მისი საარჩევნო დაპირებები სრულდება.

"კარგია, როდესაც საბიუჯეტო სახსრები ქვეყნის სასარგებლოდ იხარჯება, თუმცა ასეთი პროექტების განხორციელება წინასაარჩევნოდ მომგებიანია. ამომრჩეველის განწყობა მმართველი გუნდის სასარგებლოდ ყალიბდება. საინტერესო იქნება კონტროლის პალატის დასკვნა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ეს თანხა", - ამბობს ავთო სილაგაძე.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილ ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის და ამ მიმართულებით ბიუჯეტში პირველი ცვლილებებიც შედის. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 200,6 მილიონი ლარით იზრდება და სახელმწიფო ბიუჯეტი 8,216 მილიარდ ლარს მიაღწევს. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის ლიცენზიის საფასურიდან მიღებულმა სახსრებმა და ევროკავშირიდან დამატებით გამოყოფილმა გრანტებმა განაპირობა.

გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხა კახეთსა და იმერეთში დაგეგმილი ტურისტული და მუნიციპალური პროექტების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, ბაგრატის ტაძრისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, რთველის ჩატარების ხელშეწყობასა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის დაფინანსებას მოხმარდება.