ალტერნატიული პროფკავშირი გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ

ალტერნატიული პროფკავშირი გაერთიანებული პროფკავშირების წინააღმდეგ

 

თოთხმეტმა დამოუკიდებელმა პროფესიულმა ასოციაციამ “თავისუფალი პროფკავშირის” დამფუძნებელი საინიციატივო ჯგუფის სხდომა გამართა და ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლითაც ალტერნატიული პროფკავშირი “თავისუფალი პროფკავშირი - სოლიდარობა 2” დააფუძნა. მოვლენების ასეთი განვითარება ძალიან არ ეჭაშნიკა გაერთიანებულ პროფკავშირებს. ახალი და ძველი პროფესიული ორგანიზაციები თავიდანვე ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცნენ.

როგორც თავისუფალ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარემ და საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა, “სოლიდარობა 2” ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელ ალტერნატიულ პროფკავშირს წარმოადგენს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა, 90 წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედებს მხოლოდ ერთი, “კომუნისტურ-ნაცისტურ-ფაშისტური ტიპის პროფკავშირი”.

პროფკავშირების სისტემაში არაფერი შეცვლილა და არსებული პროფკავშირები უმოქმედოა. ის გახდა ხელისუფლების მარიონეტი და ემსახურება დასაქმებულთა სამსახურიდან გაყრის საქმეს.  “სოლიდარობა 2” კი პირდაპირ დაიცავს დასაქმებულთა უფლებებს.

ჩვენ გვინდა შევცვალოთ ის კანონები, რომლებიც დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას უშლის ხელს. გვინდა შევცვალოთ ის დისკრიმინაციული კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს დამსაქმებელს დასაქმებული უაპელაციოდ, ახსნა-განმარტების გარეშე გამოაგდოს სამსახურიდან”, - აღნიშნა შალამბერიძემ.

“სოლიდარობა 2-ის” მთავარი მიზნები საკანონმდებლო ცვლილებებს უკავშირდება. ახალ პროფკავშირულ გაერთიანებაში შევლენ ორგანიზაციები: “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის”, “გარემოვაჭრეთა ლიგა”, “თბილისელ პედაგოგთა და მშობელთა კავშირი”, “თავისუფალ მოვაჭრეთა ასოციაცია”, რკინიგზელთა თავისუფალი პროფკავშირი”, “ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო ცენტრი”, “ტრანსპორტელთა თავისუფალი კავშირი”, “ექიმთა უფლებების დაცვის ლიგა” და კიდევ რამდენიმე ასოციაცია.

“რამდენადაც დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფკავშირი წარმოადგენს ხელისუფლების სათავეში მოვარდნილ ბანდიტთა კლასის ნების განმხორციელებელ ორგანოს და არ იცავს იმ ადამიანების პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს, რომელთა ინტერესების სადარაჯოზეც უნდა მოქმედებდეს პროფკავშირი, ჩვენ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომელთა შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი დამოუკიდებელი პროფესიული ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ვაცხადებთ, რომ ვქმნით ალტერნატიულ პროფკავშირს. ვაერთიანებთ ჩვენს ძალებს, სოლიდარულად თითოეული პროფესიის ადამიანის უფლებების, ინტერესებისა და ღირსების დასაცავად”, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის მდივანმა ნატო სოფრომაძემ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში მოამზადებენ დამფუძნებელ დოკუმენტაციას და ყრილობებს ჩაატარებენ.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ახალი პროფკავშირის სტრუქტურა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და, დაფუძნების შემთხვევაშიც, ეს იქნება არა პროფკავშირი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაცია:

“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, თითოეული ეს ორგანიზაცია, რომელიც აფუძნებს ახალ პროფკავშირს, კონკრეტული პროფესიის მიხედვით ადამიანებს არ აერთიანებს, იქ გარკვეული აღრევაა და, ამდენად, ეს იქნება არა პროფკავშირი, კლასიკური გაგებით, არამედ ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაცია”, - ამბობს ლიპარტელიანი.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ეთერ მათურელის შეფასებით, პროფკავშირი პროფესიის ნიშნით დასაქმებული ადამიანების ერთიანობაა, ალექსანდრე შალამბერიძე კი საზოგადოების ყურადღების მიპყრობას უმუშევართა გამოყენებით ცდილობს:

“შალამბერიძე - კაცი, რომელიც იყო პარლამენტის წევრი და მხარი დაუჭირა იმ მავნე შრომის კოდექსს, რომელსაც დღემდე აპროტესტებს საქართველოს პროფკავშირი - დღეს ცდილობს იყოს პატრონი და გულშემატკივარი უმუშევრად დარჩენილი ხალხისა, არადა, სწორედ მისი პარლამენტარობის დროს მიღებულმა შრომის კოდექსმა დატოვა ეს ხალხი ქუჩაში”, - აცხადებს ეთერ მათურელი.

ამ დამოკიდებულებიდან და განცხადებიდან გამომდინარე, ორი პროფკავშირი ერთ მდელოზე ვერ მოძოვს, მათ შორის მუდმივი ქიშპი და დაპირისპირება იქნება.