მალე ბაზარზე გაჩნდება საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ახალი ტიპი - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, რომელსაც ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. კვალიფიციური საკრედიტო - ინსტიტუტი იქნება იურიდიული პირი, რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა აღემატება ხუთ მილიონ ლარს. ასეთი პირი ვალდებული იქნება ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დარეგისტრირდეს და ეროვნული ბანკის მიერ მისთვის დადგენილი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
პროექტის თანახმად ეროვნულ ბანკს შეეძლება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, მათთვის შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენა, შემოწმება, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესება.
იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ მოზიდული სახსრები აღემატება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს, მაშინ ეროვნულ ბანკს შეეძლება მას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის აღება მოსთხოვოს.
იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს, მაშინ ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსურ ინსტიტუტს პასუხსიმგებლობა დაეკისრება.
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუ ასეთი სუბიექტი ეროვნული ბანკის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ის ლიკვიდაციით და 150 000 ლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილების უმთავრესი მიზანი საფინანსო სექტორში კონტროლის გამკაცრებაა. ეს იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რასაც ეროვნული ბანკი ბოლო წლების განმავლობაში ატარებს.
“არსებული ტენდენციით, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას, მონიტორინგსა და კონტროლს საბანკო სექტორზე ამკაცრებს იმისთვის, რომ ჩრდილოვანი მომენტები, რასაც აქვს ადგილები, მინიმუმამდე დაიყვანოს და საბანკო თუ არასაბანკო არხების ქვეშ უფრო მეტი რესურსი მოაქციოს, რათა შავი ფულის მოძრაობას ადგილი არ ჰქონდეს”, - აღნიშნა მან.
ექსპერტის აზრით, ამ შემთხვევაში ცვლილების ძირითადი ორიენტირი ეს ფაქტორია, თუმცა ნარმანია ამ ცვლილებას მეორე მომენტსაც უკავშირებს. მისი აზრით, გარკვეული ფინანსების ბრუნვის ლეგალიზაცია, რაც ამ ყველაფრის მერე მოხდება, ზრდის ბიუჯეტში შენატანის მოცულობას, ანუ ეს ორგანიზაციები უფრო მეტი მოგების და სხვა გადასახადების გადამხდელები იქნებიან.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შესაძლოა ამ ცვლილებამ ცალკეული ორგანიზაციების გაკოტრება გამოიწვიოს, ნარმანიას თქმით, ადმინისტრირების გამკაცრება გაკოტრების რისკს ყოველთვის ზრდის. “იმ ორგანიზაციას, რომელიც შედარებით სუსტია და არ იქნება მზად ამგვარი ადმინისტრირებისთვის, შეიძლება რთული მომენტი დაუდგეს”, - აღნიშნა ექსპერტმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
ნარმანიას მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების საჭიროება საფინანსო სექტორში იყო, რადგან კანონის მიღმა მუშაობა ან არალეგალურად საქმიანობა, ფულის ბრუნვა და ა.შ. ზოგადად ამ სექტორზე უარყოფითად მოქმედებს.