სეისმოლოგები უახლოეს დღეებში მიწისქვეშა ბიძგების გაგრძელებას პროგნოზირებენ. თუმცა თვლიან, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგანაც არსებული კანონზომიერებიდან გამომდინარე, დიდ მიწისძვრას პატარა ბიძგები ყოველთვის მოჰყვება. სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის ზურაბ ჯავახიშვილის თქმით, კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია, ამიტომ დიდი მიწისძვრები აქ ხდება, თუმცა იშვიათად.
სეისმოლოგის განცხადებით, მიწისძვრა, რომელიც აზერბაიჯანში დაფიქსირდა, საკმაოდ ძლიერი იყო, ამიტომ მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება. "ასეთ მიწისძვრებს ჩვეულებრივ თან ახლავს პატარ-პატარა ბიძგები, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ეს ბიძგები თანდათან შესუსტდება", - უთხრა "რეზონანსს" ჯავახიშვილმა. მისივე თქმით, მიწისძვრის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია და ვერც იმის განსაზღვრა ხდება, თუ რამდენ ათწლეულში ერთხელ შეიძლება ელოდეს საქართველო დიდ მიწისძვრებს. "ასეთი მიწისძვრები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. თუმცა დაახლოებითი ინტერვალის განსაზღვრა, როგორც წესი, ძნელია. შეიძლება მიყოლებით მოხდეს, ან კიდევ დიდი პაუზის შემდეგ. "მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, რადგან კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია, განსაკუთრებით კი კავკასიონის მთები და ჯავახეთის ზეგანი. ეს მიწისძვრაც რაც დღეს მოხდა, სწორედ კავკასიონის სამხრეთ ფერდობის ქვეშ იყო, რაც სეისმურად აქტიურ რეგიონს მიეკუთვნება. "ასევე ყოველდღე ხდება უფრო სუსტი მიწისქვეშა ბიძგები. ამ მხრივაც განსაკუთრებული არაფერია. სეისმურად აქტიურ რეგიონში ვცხოვრობთ, ამიტომ დიდი მიწისძვრები იშვიათად, მაგრამ მოხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში ჯავახიშვილი. ჯავახიშვილი მოსახლეობას რამდენიმე რჩევასაც აძლევს: "რყევის დროს თავი შეიკავეთ შენობიდან გასვლისგან, დადექით კედელთან, ოღონდ თაროებისგან მოშორებით, რომ ჩამოვარდნის დროს რამე არ მოგხვდეთ. სკოლის მოსწავლეებს კი მერხის ქვეშ შეძრომას ვურჩევ". შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით მიწისძვრა აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე მოხდა. აზერბაიჯანში სიმძლავრემ 12-ბალიანი შკალით 7 ბალი შეადგინა. საქართველოში კი მიწისძვრის ეპიცენტრში მისი სიმძლავრე 5,8 ბალი იყო. მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა აზერბაიჯანში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, კახა აბდალაძემ განუცხადა, მიწისძვრის შედეგად 15-მა ადამიანმა მსუბუქი ტრავმები მიიღო. რაც შეეხება ზაქათალის, ალიაბადისა და კახის რაიონებში კომპაქტურად მცხოვრებ ქართველებს, საელჩოს ცნობით, მათ შორის დაშავებულები არ არიან, მაგრამ ამ რაიონებში დაზიანდა შენობები. კახა აბდალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზეა მიწისძვრით დაზარალებული რაიონების ხელმძღვანელობასთან. შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბია შექმნილი. აბდალაძის განცხადებით, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში უკვე ჩაფრინდა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი. მიწისძვრის შედეგად სიღნაღის რაიონ სოფელ ყარაღაჯანში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისის ძველ უბნებში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია. ძველი თბილისის რაიონის გამგებლის დავით ავალიანის განცხადებით, მიწისძვრასთან დაკავშირებით არცერთი გამოძახება არ დაფიქსირებულა. მიწისძვრის გამო, თბილისის ზოგიერთ სკოლებში სწავლის პროცესი შეჩერდა, რადგან მშობლების ნაწილმა შვილების სკოლებში დატოვებისგან თავი შეიკავა. "მიწისძვრის გამო სასწავლო პროცესი არ გადადებულა და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა თავად მშობლების გარკვეულმა ნაწილმა ბავშვები სახლებში წაიყვანა. ჩვენ მშობლებს, როგორც კანონიერ მეურვეებს, ხელს ვერ შევუშლით", - უთხრა "ინტეპრესნიუს" 161-ე სკოლის დირექტორმა. გუშინდელ მიწისძვრას მოგვიანებით განმეორებითი ბიძგებიც, მოჰყვა. დღის ბოლომდე მიწისძვრის ეპიცენტრში 20-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ამ ბიძგებიდან დაახლოებით 4-5 იყო 4 მაგნიტუდაზე მეტი, დანარჩენი - საშუალო და მცირე სიძლიერის. |