მრავალპოლარულ ევროპას ახალი წესები სჭირდება

მრავალპოლარულ ევროპას ახალი წესები სჭირდება

[ივან კრასტევი, მარკ ლეონარდი; Financial Tims]

ამ კვირაში ნიკოლა სარკოზის, ანგელა მერკელის და დიმიტრი მედვედევის სამიტი გაიმართა, თუმცა დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ ის ფუჭი შეხვედრა იქნებოდა. საფრანგეთს სანახაობა, გერმანიას – რაციონალურობა, რუსეთს კი რაიმეს გაყიდვა სურს. ასე, რომ შანსი იმისა, რომ ისინი საერთო ენას გამონახავდნენ, ძალიან მცირე იყო. მაგრამ შესაძლოა, დოვილის (საფრანგეთის ჩრდილოეთი) სამიტი ის ფუჭი სამიტი აღმოჩნდეს, რომელსაც მაინც მოჰყვება გარკვეული შედეგები.

შეიძლება, მომავლის ისტორიკოსებმა გადაწყვიტონ, რომ ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც ევროპის ლიდერებმა გააცნობიერეს ის, რომ კონტინენტი მრავალპოლარული გახდა. თავად ამ სამიტის ჩატარების ფაქტი, ევროკავშირისთვის დამახასიათებელი სოლიფსიზმის დასასრულის დასაწყისზე მიუთითებს. ოთხმოცდაათიან წლებში ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ევროპა „პოსტთანამედროვე“ კონტინენტად გარდაიქმნებოდა, სადაც ძალთა ბალანსს უკვე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა.

 

ეროვნულ სუვერენიტეტს და საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამიჯვნას, ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებად აღარავინ მიიჩნევდა. თითქოს, ევროკავშირი და ნატო იქამდე გაფართოვდებოდა, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო მსგავს მეთოდს გაიზიარებდა. ბოლო დრომდე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა გარდაიქმნა, საქართველოსა და უკრინაში ერთგვარი პროევროპული სახალხო ნების ნიშნები გაჩნდა, ხოლო თურქეთი სტაბილურად მიიწევდა ევროკავშირის წევრობისკენ.     

  

მაგრამ ახლა, ერთპოლარული ევროპული წესრიგის პერსპექტივები ქრება. რუსეთი, რომელსაც არასდროს მოსწონდა ევროკავშირის და ნატოს გაფართოვების პროცესი, დღეს საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ღიად მოითხოვოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. თურქეთი უკმაყოფილოა იმით, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები მის მიღებასთან დაკავშირებულ  მოლაპარაკებებს ბლოკავენ, და სულ უფრო მეტად ეწევა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და  საკუთარი როლის გაფართოვების გზებს ეძებს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ აშშ უკიდურესად დაკავებულია ავღანეთით, ირანითა და ჩინეთით, რის გამოც სრულყოფილი დასავლური ზესახელმწიფოს როლს ვეღარ თამაშობს, ასე, რომ მრავალპოლარული ევროპის პერსპექტივა უკვე ჰორიზონტზეა. 

 

ახლა, ერთიანი მრავალმხრივი წერიგის ნაცვლად, რომლის ცენტრიც ევროკავშირსა და ნატოშია, ჩვენ სამი პოლუსის ჩამოყალიბების მოწმენი ვხდებით: რუსეთი, თურქეთი და ევროკავშირი – ყველა მათგანი „სამეზობლო პოლიტიკას“ ანვითარებს – ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში საკუთარი გავლენის სფეროების ჩამოყალიბების მიზნით. რა თქმა უნდა, ომი მსხვილ ზესახელმწიფოებს შორის ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ კონკურენცია იზრდება და არსებულმა ინსტიტუტებმა ვერ შეძლო ისეთი მოვლენების პრევენცია, როგორებიცაა 1998–99 წლების კოსოვოს კრიზისი, კავკასიაში გამალებული შეიარაღების შენელება, 2008 წელს ევროპისთვის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებები, რუსეთ– საქართველოს ომი და 2010 წლის არეულობა ყირგიზეთში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის სხვა „გაყინული კონფლიქტების“ მოგვარებაზე.

 

მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ბოლო ათლწლეულის განმავლობაში ევროკავშირი დიდწილად იმით იყო დაკავებული, რომ იცავდა სისტემას, რომელსაც თავად ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები უუნაროდ მიიჩნევენ. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ  მოსკოვის მოთხოვნას დაეწყოთ მოლაპარაკლებები უსაფრთხოების ირგვლივ, მხოლოდ იმიტომ რომ სტატუს–ქვოს შენარჩუნება სურდათ. მაგრამ, რადგან ოფიციალური ინსტიტუტები კუნკურენციის გამო პარალიზებულია, ევროკავშირი, რუსეთი და თურქეთი სულ უფრო მეტად მოქმედებენ ამ ინსტუტუტების გვერდის ავლით.

 

მაგალითად ბლოკის ცალკეულმა ქვეყნებმა აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ევროკავშირის წინააღმდეგობის მიუხედავად, თურქეთმა კი ბრაზილიასთან ერთად მოიფიქრა ის, თუ რა უნდა მოემოქმედათ ირანისგან მომავალ ბირთვულ საფრთხესთან დაკავშირებით ნატოსთან შეუთანხმებლად. ამგვარად, ევროპის ლიდერები მხარს უჭერენ ილუზორულ წესრიგს, რითაც რეალურ ქაოსს ქმნიან.   

 

აი რისთვის იყო საჭირო დოვილის სამიტი. მისი დღის წესრიგი სწორი გახლდათ, მონაწილეთა შემადგენლობა – არასწორი. ჩვენი აზრით, საჭირო იყო შეთანხმება არა ახალ შეთანხმებაზე ან ახალ შეხვედრაზე ბერლინს, პარიზს და მოსკოვს შორის. ამის ნაცვლად, ევროკავშირმა არაფორმალური სამმხრივი დიალოგის ორგანიზება უნდა მოახდინოს იმ ზესახელმწიფოებთან, რომლებიც განსაზღვრავენ კიდეც მის უსაფრთხოებას 21–ე საუკუნეში, ანუ რუსეთთან და თურქეთთან. თუკი ევროკავშირი მსგავსი ფორმატის წინადადებით გამოვა, მაშინ მას აღარ დასჭირდება თავდაცვით პოზაში ყოფნა, როგორც ეს  2008 წელს გააკეთა, როდესაც მედვედევმა მას უსაფრთხოებაზე ახალი ხელშეკრულება შესთავაზა.

 

თურქეთს ამ მაგიდასთან წამყვანი ადგილი ეკუთვნის (ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეწყვეტის გარეშე), და მაშინ ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ თურქებისთვის ევროპული თვითშეგნების შენარჩუნებას და ამავდროულად თურქეთის ძალის (როგორც „რბილი“, ასევე „ხისტი“ ძალის) მოთოკვას. ამავდროულად, შეხვედრაზე ბერლინის და პარიზის ნაცვლად ქალბატონი ეშტონი რომ ყოფილიყო (ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი), ის ანომალიური სიტუაცია დასრულდებოდა, რომელშიც ევროკავშირია, როდესაც ბლოკი (ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ–ერთი მთავარი სტრუქტურა) არ არის წარმოდგენილი არცერთ იმ ინსტიტუტში, რომელიც კონტინენტის უსაფრთხოებას  უზრუნველყოფს.   

      

ევროკავშირს ახალი სტრატეგიული მიდგომა ესაჭიროება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს შორის ომების პრევენციაში კი არ მდგომარეობს, არამედ მათ იმის გაცნობიერებაში დაეხმარება, რომ ცენტრთან არც ისე ახლოს და პერიფერიისგან არცთუ ისე შორის არიან, ასევე იმაში, რომ მეზობელი, რომელიც დაღუპვის პირასაა, ზოგჯერ ისევე საშიშია, როგორც მძლავრი მეზობელი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ ევროპა არა სამპოლუსიანი, არამედ სამმხრივი გახდეს. არაფორმალური სამხრივი დიალოგი ხელს შეუწყობს ძველი ინსტიტუტების გაცოცხლებას და ლორდ ისმეის თუ დავესესხებით, ის ევროკავშირს ერთიანს, რუსეთს – პოსტიმპერიალისტურს და თურქეთს – ევროპულს გახდის.

foreignpress.ge