როგორც უკვე ვწერდით, ოზურგეთში საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემპრესკონფერენცია გამართა და "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელი, კოტე შარაშენიძე ხელისუფლების მიერ ხელდასმულად მოიხსენია. ამ განცხადებას კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ტიფო მიქატაძე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დელეგატი, გელა ნაცვალაძე გამოეხმაურნენ.
_ ლელა ნაცვალაძის მხრიდან "ქართული ოცნების" ოზურგეთის ოფისის მისამართით გაკეთებული განცხადებები, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, _ გვითხრა ტიფო მიქატაძემ, _ ლელა ნაცვალაძის როლისა და ფუნქციის შესახებ "ოზურგეთის პოლიტიკაში" ჩემთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ერთ შტაბში გვიწევდა საქმიანობა, ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველი ადგილობრივი არჩევნებისა და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში. ის მაშინ "კონსერვატიულ პარტიას" წარმოადგენდა. ჩვენი ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე, მას ნაკლებად ვიცნობდი და მასზე, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ სახარბიელო ინფორმაცია გამაჩნდა. ამიტომაც ნაკლებად ვენდობოდი და ვცდილობდი, ინფორმაციის გადამოწმებას მისი შესახებ. რასაც ახლა ვიტყვი, საჯაროდ პირველად ვახმოვანებ _ ოთხჯერ ჩავუშვი მასთან "სანდოობის ტესტი" _ ერთი-ერთზე ყოფნისას "გავუმხილე" თითქოს "საიდუმლო" ინფორმაცია. ოთხჯერვე ტესტმა იმუშავა _ დილით ნათქვამს საღამოს ნაციონალების შტაბიდან ვიგებდი. ამ პერიოდიდან ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. მას შემდეგ, რამდენი წელია, ნაცვალაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია და ამის სურვილიც არ მაქვს. ჩვენ იმდენად განვსხვავდებით ცხოვრებისა და აზროვნების წესით, ღირებულებათა სისტემითა და ზნეობრივი პრინციპებით, შეხებისა და გადაკვეთის წერტილი არ გვაქვს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ლელა ნაცვალაძის სათოფეზე გაკარებაც არ შეიძლება _ მას ყველგან არაჯანსაღი ბაცილა შეაქვს. აღმოჩნდა, რომ ნაცვალაძის მიმართ ჩემი და კოტე შარაშენიძის დამოკიდებულებები ერთმანეთს დაემთხვა. მეორე, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, გაჩნდა რა ხელისუფლების შეცვლის მოლოდინი, ოზურგეთში გააქტიურდნენ ის ჯგუფები, რომლებიც ბოლო წლებში ოპოზიციურ მოედანზე თამაშობდნენ, ხოლო რეალურად ხელისუფლებისგან იმართებიან, ანუ "ფსევდოოპოზიციონერობენ". მათი სურვილია, კვლავ და კვლავ ხელთ იგდონ რეგიონში პოლიტიკური პროცესების მართვის სადავეები, ამჯერად კი დასაყრდენი სახელისუფლო ბრძოლაში მთავარი ფავორიტის კოალიცია "ქართული ოცნების" ოზურგეთის ოფისის წიაღში ნახონ. "ქართული ოცნების" ოზურგეთის შტაბის "დასაპყრობად" ხელისუფლებისა და მასთან ასოცირებული "ფსევდოოპოზიციური" ჯგუფების ბრძოლის არსენალში, როგორც ჩანს, ერთ-ერთი იარაღია შტაბის ხელმძღვანელის დისკრედიტაცია და მასზე "თავლაფის დასხმა". ზემოთ უკვე ნათქვამი პირადი გამოცდილებაც მკარნახობს, რომ ლელა ნაცვალაძე ამ გეგმის შეკვეთას ასრულებს. პირდაპირ გეტყვით _ ჩვენ არ დავუშვებთ ხელისუფლებაში იმ ადამიანების დარჩენასა თუ დაბრუნებას, რომლებმაც ოზურგეთი პოლიტიკური კორუფციის ბუდედ აქციეს და ვერანაირი ბინძური კამპანია ჩვენ წინააღმდეგ ამ განზრახვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს. დრო ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს. მიმაჩნია, რომ ლელა ნაცვალაძის განცხადებები ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელია პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ. მოვუწოდებ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელებს _ ბატონ შოთა გოგიბერიძეს და ბატონ თემურ სალუქვაძეს საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ აღნიშნულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, _ აღნიშნავს ტიფო მიქატაძე "გურია ნიუსთან" საუბარში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის დელეგატი გელა ნაცვალაძე: _ გავეცანი ლელა ნაცვალაძის განცხადებას კოალიციის წინააღმდეგ. მიმაჩნია, რომ ლელა ნაცვალაძე ამ საქციელით წყალს ასხამს ჩვენი ხელისუფლების წისქვილზე. ლელა ნაცვალაძეზე იქმნება ასეთი შთაბეჭდილება და მისი განცხადებებიდან გამომდინარე, მიჩნდება ეჭვი, რომ ის არის ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი პირი. არანაირი 500 კაცის ხელმოწერა არ აქვს (ეს დაუჯერებელია) კოტე შარაშენიძის პიროვნების წინააღმდეგ და თუ აქვს, ყველა აბსოლუტურად იქნება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხელდასხმულები. თუ ლელა ნაცვალაძე ამბობს, რომ გაჩნდა იმედი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვინ იქნება კოალიციის პირველი პირი ოზურგეთში. თუ ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიდის, კიდევ ვინ მიდის ივანიშვილის წინააღმდეგ? _ მიდის ხელისუფლება. ესე იგი, ვინ არის ლელა ნაცვალაძე? _ არის ხელისუფლება. ამ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე "გურია ნიუსთან" ასეთ კომენტარს აკეთებს: _ პირველ რიგში, მინდა ცალსახად განვაცხადო _ ჩემი პრესკონფერენცია ემსახურებოდა არა პირად წყენასა თუ ინტერესებს, არამედ, იყო დაკვეთა იმ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებმაც მთხოვეს მათი გულისტკივილი მიმეტანა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ყურამდე. იმასაც გეტყვით, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო შეპასუხება ჩემი კოლეგის მიმართ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დრო ყველაფერს გვაჩვენებს. რაც შეეხება ხელმოწერებს, იგი ნამდვილად არსებობს, გაცილებით მეტი, ვიდრე ციფრი დავასახელე, დღესაც გრძელდება და მას კონკრეტული ადრესატიც ჰყავს _ ის არის ბიძინა ივანიშვილი. გაგზავნაზე, გულწრფელად გეტყვით, თავს ვიკავებდი, მაგრამ, ჩემი კოლეგების არაკორექტული და თითიდან გამოწოვილი ბრალდებების შემდეგ, გადავწყვიტე, რომ პირადად ჩავიტანო "ქართული ოცნების" ოფისში, სადაც, საჭიროდ თუ ჩათვლიან, გადაამოწმებენ კიდეც. ბატონი ტიფო მიქატაძე, არ ვიცი, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობის რომელ ეტაპზე მიტარებდა სანდოობის ტესტს _ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა გამალებული, ლამის ხელჩართული ბრძოლა მქონდა კოტე ბერიძესთან და 6 800 ხმით ორი დეპუტატი შევედით საკრებულოში, თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროს გელენიძესთან, რამდენიმე მის თანამშრომელთან ხელჩართულ ბრძოლაში ვიყავი? როგორ არ ცდილობდნენ ჩემს დაშინებას, მაგრამ კარგად იცით, რომ არ გამოუვიდათ. ოზურგეთში, სწორედ ამ არჩევნებში დაამარცხა ოპოზიციამ ხელისუფლება! ბატონო ტიფო, ვიცი, რომ თქვენ ჩემზე ასე ფიქრობდით და რაღა ახლა გაიხსენეთ ან პირდაპირ რატომ არ მითხარით? ცოტა უხერხული ხომ არ არის თქვენგან ტყუილების თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ შარაშენიძეს კარგად არც კი იცნობდით და მხარი დაუჭირეთ. იქნებ, მისი წარსული შეგესწავლათ? მე, თქვენგან განსხვავებით, არასოდეს გავიფიქრებ იმას, რომ ქვეყანაში, სადაც ბიზნესის ტერორია, ასე აწყობილი ბიზნესი სწორედ იმიტომ გაქვთ, რომ ხელისუფლებასთან ხართ შეკრული _ ღმერთმა დამიფაროს, ეს რომ ვთქვა. მე ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანი ვარ, ვინც უკვე თითქმის ცხრა წელია, ღიად ებრძვის და ამხელს, კორუფციაში ადანაშაულებს ადგილობრივ ხელისუფლებას და არასდროს უკან არ იხევს, სხვებისგან განსხვავებით. გეთანხმებით, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ოზურგეთი პოლიტიკური კორუფციის ბუდედ აქციეს, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩნენ. სწორედ ამიტომაც ვილაშქრებ მათ წინააღმდეგ. რაც შეეხება ბატონ გელა ნაცვალაძეს, როგორც პოლიტიკოსს, მე ნამდვილად არ ვიცნობ. იგი ჩემი არც თუ შორეული ნათესავია, რომელიც, ვთვლი, რომ სპონტანურად "აღმოჩნდა" კოალიცია "ქართული ოცნების" გვერდით და სადღაც კაბინეტებში მჯდომი ადამიანების გულის მოსაგებად, ივიწყებს ტრადიციებს და უსაფუძვლოდ, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ხელისუფლებასთან ალიანსში მადანაშაულებს. ამით ბატონი გელა შეურაცხყოფს ათასობით ოზურგეთელს, რომელმაც დააფიქსირეს საკუთარი აზრი კოალიციის ხელმძღვანელის, კოტე შარაშენიძის მისამართით. მინდა, მივმართო მას: ბატონო გელა, სად ბრძანდებოდით უახლოესი წარსულის უმნიშვნელოვანეს დღეებში _ 7 ნოემბერს, 21-26 მაისს, იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქუჩაში იდგა, რეზინის ტყვიებს გულ-მკერდს უშვერდა, მხუთავი აირით იწამლებოდა, ხელისუფლება ბართლომეს ღამეს უწყობდა? რა იცით თქვენ ჩემი პოლიტიკური წარსულის შესახებ? თუ გინდათ, გავიხსენოთ თქვენი ადვოკატობისა და მოსამართლეობის პერიოდი, განსაკუთრებით, მოსამართლეობის ხანა _ ხომ არ შეგახსენოთ, რამდენი ადამიანი გააუბედურეთ პროცესების დროს და ხელისუფლების თამაში ითამაშეთ? რაც შეეხება სიყალბეს, ხელმოწერების გაყალბებას, ალბათ, თქვენს პრაქტიკაში ბევრი დოკუმენტი გაყალბებულა და ამიტომ გგონიათ, სხვაც იგივეს გაიმეორებს. ნუ ინერვიულებთ, სწორედ თქვენნაირ მოთამაშეებსა და გამყალბებლებს ვებრძვი დიდი ხანია. ხელისუფლება ამბობს: ვინც ნაციონალი არ არის, ყველა მტერია. სწორედ ამ აზრს გამოხატავს გელა ნაცვალაძე, როცა ამბობს: ვინც ივანიშვილს უპირისპირდება, ხელისუფლების პროექტიაო. მაგრამ, როგორც ჩანს, გელა ნაცვალაძემ არ იცის, რომ ივანიშვილის გამოჩენის დღიდანვე მისი აქტიური მხარდამჭერი ვარ, უფრო მეტიც, პირველ პრეზენტაციაზეც მიწვეული ვიყავი და "ქართულ ოცნებაში" გავწევრიანდი კიდეც, არ იცის ის, რომ უშუალო კავშირები მაქვს და დიდ პატივს ვცემ ივანიშვილის გარემოცვას და ბატონ ბიძინას. სულ პირველად, ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ჩემი და ჩემი გარემოცვის მიერ შეგროვდა 1 300 ხელმოწერ ისე, რომ ამისთვის "აფიშა" არ გამომიკრავს და თავი არ მომიწონებია. ბატონო გელა, თქვენ არ იცით, რა გაუგებრობაში აღმოჩნდით, როცა მე დამიპირისპირდით! და ბოლოს, მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ლელა ნაცვალაძესთან კინკლაობა და უსაფუძვლოდ დადანაშაულება განუზრახავს _ ოზურგეთელმა ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ლელა ნაცვალაძე. ამიტომ, ფუჭად დროის დაკარგვას ჯობს, ერთმანეთის გვერდში დგომა ვისწავლოთ და გავერთიანდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ყველა მსგავსი ქმედება ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს! |