ახალი ლიდერი ჰყავს საფრანგეთსაც, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, მას „სოციალისტმა“ ფრანსუა ოლანდმა 4 %-ით სძლია.
როგორ რუსეთს მივიღებთ პუტინის ხელახალი გაპრეზიდენტებით, შეიცვლება თუ არა რუსულ-ფრანგული ურთიერთობები, და რას უნდა ველოდეთ ევროპაში ამ თემებზე პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გვესაუბრება:
სოსო ცინცაძე: ყურადღება მინდა გავამახვილო ორ მომენტზე. ის პროცესი, რომელიც დაიწყო დუმის არჩევნების შემდეგ, არ გამქრალა და პუტინსაც თავისი ექვსწლიანი მმართველობის ვადაში, არაერთი ასეთი სიურპრიზი ელის - რუსეთი იცვლება.
6 მაისის აქცია არაორგანიზებული და ქაოტური იყო, აკლდა წესრიგი ორგანიზატორთა მხრიდან, მაგრამ ხალხის უკმაყოფილება სუფთა რუსული ხასიათის გამოვლინება იყო.
რუსეთში ისტორიულად არასდროს არ ყოფილა და თუ ყოფილა ისიც ძალზე იშვიათად ევროპული ტიპის ცივილიზებული ეფექტური ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მსვლელობები, მიტინგები. ტყუილად ხომ არ წერდა პუშკინი „Не приведи Бог видеть русский бунт, бессмысленный и беспощадный!“- უაზრო და დაუნდობელი - აი, აქეთკენ მიდის საქმე.
დუმის არჩევნების შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციებში უკვე იგრძნობა ისტორიული, რუსული უკმაყოფილების მუხტი.
მეორეა, ის, რომ პუტინი სულაც არ აპირებს ლიბერალური პოლიტიკის რელსებზე გადაიყვანოს რუსეთი. მართალია, მას 6 მაისის პროტესტმა გაუფუჭა 7 მაისის ეფექტი, მაგრამ კრემლის ბრწყინვალების (ამას ხომ ვერავინ უარყოფს, რომ კრემლი მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი საგანძურია) მიღმა აშკარად ჩანდა, იმპერიული პოლიტიკის იდეური სიღატაკე. ერთი მხრივ იყო ბრწყინვალება, მეორე მხარეს - სიღატაკე.
ინაუგურაციაზე შეინიშნებოდა ევროპელი სტუმრების სიმცირეც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ევროპა პუტინს ეჭვის თვალითუყურებს?
- ის ფაქტიც, რომ ევროპელი სტუმრებიდანაც ბევრი არავინ ყოფილა, იყო სილვიო ბერლუსკონი და შრიოდერი, რომელიც ჩამოვიდა, მაგრამ არც გამოჩენილა, ამანაც ცხადყო ევროპის დამოკიდებულება.
სხვანაირი იყო თვითონ პუტინიც, კარგად მახსოვს, პუტინის წინა არჩევნები, მაშინ სულ სხვა ლიდერი იყო, დღეს იყო მოღუშული, წარბშეკრული, გრძნობდა, რომ წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, სოციალური დასაყრდენი დაკარგა. პირველი და მეორე არჩევნების დროს მას ასეთი დასაყრდენი ჰქონდა. დღეს კი მისი მთელი სოციალური დასაყრდენი კრემლში იყო თავმოყრილი.
კრემლში იყო სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, პუტინი პრაგმატიკოსია და კარგად იცის, როდის რა სჭირდება. რა თქმა უნდა, მისი დასაყრდენია ის ახლადშექმნილი, მესამე მნიშვნელოვანი სტრუქტურაც, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტი დაარქვა, სწორედ ეს სტრუქტურა იყო წარმოდგენილი ქუჩებში და პუტინის წესრიგს იცავდა. ანუ, მისი აქცენტი ძალოვანი სტრუქტურების მიმართ გაძლიერდა.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პუტინი მშვენივრად გრძნობს, რომ შესაძლოა, ეს მისი უკანასკნელი ინაუგურაცია იყოს და არ მგონია, მეორე ვადაზე წასვლა თვითონვე მოინდომოს. მისი ბროლის ოცნებაა, ეს პირველი ვადა, ეს 6 წელი, რაც პატარა დრო ნამდვილად არ არის, როგორმე გაიყვანოს.
თუმცა, ალბათ, ვერ ვიტყვით, რომ რუსეთის ლიდერი თავისი ძლევამოსილი იდეების განხორციელებისგან თავს შეიკავებს...
- როდესაც სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიოს ერთ-ერთ პოლუსობაზე, ასეთი განცხადებების კეთება შეუძლია, უკან არაფერზე დაიხევს. მედვედევმა მაინც წაიტრაბახა, რომ საქართველო დაამარცხეს და, რომ რუსეთმა აგრესორი შეაჩერა.
ეს მაშინ, როდესაც აღარავინ ლაპარაკობს გერმანული ფაშისტური აგრესიის შეჩერებაზე, დღეს რუსეთმა ახალი თემა გაიჩინა და მეორე მსოფლიო ომის თემა საქართველოს თემით ჩაანაცვლა.
პუტინმაც, თავის განცხადებაში ევრაზიის ლიდერობაზე გაამახვილა ყურადღება. ანუ, ის წერილი, რომელიც მან გამოაქვეყნა, ევრაზიული კავშირის შექმნაზე, რომელზეც ჩვენმა ზოგიერთმა ე.წ. ექსპერტმა ხელის აქნევით თქვა, არა, ეს პუტინმა თქვა და დაივიწყაო, უნდა ველოდეთ, რომ პუტინის მთელი პოლიტიკა ამ 6 წელიწადში გადატანილი იქნება ევრაზიის კავშირის შეკოწიწებაზე.
რაც შეეხება საქართველოს, ელოდებით რაიმე სიახლეს?
- არავითარი სიახლე საქართველოსთან მიმართებაში მოსალოდნელი არ არის. არ ვგულისხმობ ამ ვაჭრობას, „პეტრუშკის“ და წიწმატის შეტანას და მიმოსვლას, ეს კი ბატონო, ალბათ, მოხდება, მაგრამ რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, დეოკუპაციას რუსეთის პოლიტიკური ნებით, ამას, ალბათ, არ უნდა ველოდეთ.
ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა, რუსეთში კეთდებოდა პროგნოზები, რომ პუტინი ვეღარ იქნებოდა ძველებური პუტინიდა მსოფლიო ბევრად უფრო დემოკრატ მმართველს იხილავდა. თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ ეს ნიშნები ვერ შენიშნეთ.
- მსგავსი რამ ვერ დავინახე. სხვათა შორის, პუტინის დემოკრატიისკენ გადახრის ნიშნები არც მის უკანასკნელ განცხადებებში იგრძნობოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოსკოვში 300 ათასი დემონსტრანტი გამოვიდა, მას შემდეგ შეიცვალა პუტინის ტონალობა და, როგორც ჩანს, ამის შემდეგ ფსონი დადო ძალოვან სტრუქტურებზე.
ის ორი რეფორმა პუტინის და მედვედევის მიერ შემოთავაზებული, არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან 500 კაცის ხელმოწერით პარტიის შექმნა რუსეთისთვის ნიშნავს ოპოზიციის დაქსაქსვას - უამრავი წვრილ-წვრილი პარტია შეიქმნება. საქართველოში რომ 200-მდე პარტიაა, წარმოიდგინეთ, რუსეთში რა მოხდება. ამ პარტიებს კი არანაირი ძალა არ ექნებათ და გუბერნატორების არჩევნებიც ისევ კრემლის სიმპათიებით ჩატარდება. სერიოზული რეფორმების სუნიც კი არ დგას. ალბათ, პროხოროვსაც ასეთ პარტიას შეაქმნევინებენ...
ცოტა ხნის წინ CNN-თან ინტერვიუში მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთში „არაბული გაზაფხულის“ სურნელი იგრძნობა და ეს კიდევდიდხანს გაგრძელდება. თქვენი შეფასებით, ეს პროტესტი მიგვანიშნებს თუ არა რუსეთში „არაბული გაზაფხულის“ დასაწყისზე?
- რუსეთში არანაირ გაზაფხულს არ ველი, იმიტომ, რომ 6 მაისს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, და თვით მაკკეინისთვისაც უკვე ცნობილი უნდა იყოს, რომ რუსეთი უკან არაფერზე დაიხევს. არ მახსოვს, რომელიმე მიტინგზე 500-კაცამდე დაეპატიმრებინოთ. 6 მაისს 450 მომიტინგე დააპატიმრეს და მერე მთელი დღე უკვე მოსკოვში მიმდინარეობდა რეპრესიები. პუტინი ბრეჟნევი არ არის, რომ რასაც ეუბნებიან ის დაიჯეროს, მას თავისი ათასი წყარო აქვს, რომ სინამდვილე იცოდეს. ბრეჟნევი ისე მოკვდა, ის უბედური, ბოლომდე არ იცოდა, საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა.
დღეს თვითმფრინავიდან გადაღებულ ფოტოებს აჩვენებდნენ და იმ 10 წუთის მანძილზე, რომელიც პუტინს დასჭირდა თეთრი სახლიდან კრემლამდე, მოსკოვი ცარიელი იყო, არა პროტესტის ნიშნად, არამედ ხალხი ქუჩაში არ გამოუშვეს. ქუჩები კი არ გადაკეტეს - გაწმინდეს. ვერტმფრენიდან გადაღებული ცარიელი მოსკოვი, მკვდარი ქალაქი, სხვათა შორის, ევროპულმა ტელევიზიებმაც აჩვენეს.
პუტინს დედაქალაქში საკუთარი ხალხის ეშინია და პირველად, საკუთარი ხალხის შესაჩერებლად გამოიყვანა ჯარის ნაწილები. ამ დროს არავითარ რეფორმებზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. პუტინმა მშვენივრად იცის, რომ ის, რაც წამოიწყო გორბაჩოვმა და ზედ გადაყვა, იმას არ წამოიწყებს. პუტინს ეს გაკვეთილი მშვენივრად აქვს ათვისებული და ამიტომ, არანაირ სერიოზულ რეფორმებზე წამსვლელი არ არის.
არსებობს მოსაზრება, რომ რუსი ხალხისთვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ პუტინისნაირი ლიდერის ყოლაა...
- კი, ასეა რეგიონებში, მაგრამ დედაქალაქში, სადაც საშუალო კლასია და მეტი პოლიტიკური თავისუფლება უნდათ, ის არ არის მისაღები. თუმცა, ძირითადად მოსკოვსა და პეტერბურგზეა ლაპარაკი.
რეგიონებში პუტინი მისაღებია, რადგან, რა უნდა რუს გლეხს? - ორი რამ სჭირდება, თავი ბედნიერად რომ იგრძნოს, ეს არის არაყი და დერჟავული სულისკვეთება. ეს არის რუსი ობივატელის ორი სახარება და ასე იყო საუკუნეების მანძილზე.
დედაქალაქში პროტესტული სულისკვეთება არის, რომელსაც პუტინი ძალით მოუვლის, ხოლო რეგიონში მას მხარდაჭერა ექნება.
საფრანგეთსაც უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს, თქვენი პროგნოზით, რა სიახლეს უნდა ველოდეთ რუსულ-ფრანგულ ურთიერთობებში?
- ერთადერთი რისი თქმაც გადაჭრით შემიძლია ის არის, რომ ოლანდი „მისტრალს“ არავითარ შემთხვევაში რუსეთს აღარ მიჰყიდის.
რუსეთს რა თქმა უნდა, სარკოზი აწყობდა. დღეს თუ ვინმეს ჰგონია, რომ საფრანგეთმა საქართველოზე თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გაუფორმა რუსეთს, მინდა გითხრათ, რომ ეს ზღაპარი და დიდი ბლეფი იყო. სარკოზი მთელი ეს 4 წელიწადი მშვენივრად თანამშრომლობდა მედვედევთან. სწორედ სარკოზიმ მიჰყიდა რუსეთს „მისტრალები“, მიუხედავად ნატოს დანარჩენი წევრების პროტესტისა. კიდევ ორი „მისტრალის“ მიყიდვაა გეგმაში, მაგრამ ვფიქრობ, ოლანდი ამას შეაჩერებს.
საქართველოსთვის რა კუთხით არის საინტერესო საფრანგეთის არჩევნები?
- საფრანგეთის არჩევნები ჩვენთვის სულ სხვა მომენტით არის საინტერესო. მაშინ, როდესაც ჩვენთან ჯერ კიდევ პოპულარულია ბენდუქიძის ლიბერალური ეკონომიკა, ევროპამ საფრანგეთის სახით უარი თქვა ლიბერალურ ეკონომიკაზე.
შემთხვევითი არ იყო, რომ პრეზიდენტობის ათივე კანდიდატის პროგრამაში სიტყვა ლიბერალური ნახსენებიც არ ყოფილა.
საფრანგეთში ჩვენგან განსხვავებით, მდიდრად არ ითვლება ადამიანი თუ, სახლში მეორე მსოფლიო ომის დროს გამოშვებული მაცივარი და შავ-თეთრი ტელევიზორი უნახეს. იქ მდიდარი მართლა მდიდარია, ვისაც წელიწადში 300 ათას ევროზე მეტი აქვს შემოსავალი, ასეთ ადამიანებს მკვეთრად გაეზრდებათ გადასახადები და ასევე მკვეთრად გაიზრდება სოციალური ხარჯები.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ჰგავს რუზველტის ახალ კურსს, როდესაც მან გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მკვეთრად გაზარდა გადასახადები და სოციალური პროგრამები. ეს გამოაცხადა დღეს ოლანდმა და შეძლებს თუ არა, ეს, სხვა საკითხია.
გარდა ამისა, ასეთი შაქარ-ყინულოვანი ურთიერთობა აღარ ექნება პარიზს ბერლინთან, ვინაიდან ოლანდმა უკვე განაცხადა, რომ ის არ მიიღებს ხელშეკრულებას ფინანსურ დისციპლინაზე, რომელიც ორი თვის წინ საბერძნეთთან დაკავშირებული მოვლენების გამო დაიდო.
მკვეთრი დაპირისპირება არა, მაგრამ მოსალოდნელია აზრთა გარკვეული სხვადასხვაობები ბერლინსა და მოსკოვს შორის.
რუსეთთან ურთიერთობა მკვეთრად არ შეიცვლება, მაგრამ ის, რომ კრემლის პრესა ამ ერთი თვის მანძილზე არ მალავდა სარკოზისადმი სიმპათიებს, ეს ბევრ რამეზე მიგვანიშნებს.
როგორც ჩანს, მოსალონელია ევროპაში ბევრი რამ გადაიხედოს...
- ბევრი რამ არა, მაგრამ რასაკვირველია, კორექტივები იქნება. სერიოზული კორექტივები იქნება, ძირითადად, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში, შეიძლება საფრანგეთმა სამხედრო ხარჯებიც შეამციროს, იმიტომ, რომ ოლანდმა უკვე თქვა, რომ ავღანეთში არც ერთი ფრანგი არ დარჩება.
სოციალისტებს ყოველთვის თავიანთი პრინციპები აქვთ. უკვე 17 წელია ისინი საფრანგეთის ხელისუფლებაში აღარ არიან, მაგრამ მანამდე ხომ 14 წელი იყვნენ. ფრანგებს კარგად ახსოვთ მიტერანის ოქროს წლები, როგორც ამბობენ, „მაძღარი წლები“, ამიტომ, დღეს ოლანდს ძლიერი სოციალური ბაზა აქვს, მაგრამ პოლიტიკურ რელობას რომ წააწყდება, საინტერესოა, როგორ მოიქცევა, თუმცა ორ-სამ თვეში უკვე შეგვეძლება ანალიზი თუ საით მიჰყავს საფრანგეთი ფრანსუა ოლანდს.