მაინც ვინ არიან საქართველოში მოვლენილი გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც ხელისუფლებამ დიდი აჟიოტაჟით მოიწვია?! საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი მონიტორინგის განსახორციელებლად ჩამოსულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წევრებმა დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ პრესკონფერენცია გამართეს. მათი საუბრიდან გამომდინარე, გაირკვა, რომ ეს გრძელვადიანი დამკვირვებლები არც ისე მრავალრიცხოვანნი იქნებიან, რაც საქართველოსთანა პრობლემური რეგიონისთვის იქნებოდა შესაფერისი და სულ რაღაც 20-25 დამკვირვებლით შემოიფარგლებიან. მართალია, ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ორგანიზაციაში შემავალ ამერიკელ, კანადელ, ესპანელ თუ ფრანგ დამკვირვებლებს სწორედ სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებზე დაკვირვების მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ, მაგრამ უცხოური გამოცდილება ერთია და ქართული - მეორე.
Presage.tv-ს შეკითხვას, რომ საქართველოსთანა ქვეყნისთვის 20-25 დამკვირვებელი საკმარისი იქნებოდა თუ არა და ხომ არ აპირებდნენ დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას, ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ თანათავმჯდომარე ჯო ჯონსონი დადებითად გამოეხმაურა.
„კარგი შეკითხვაა, მაგრამ ჩვენ შემუშავებული გეგმით ვმოქმედებთ, ჩვენი წევრები პროფესიონალები არიან, ჩვენ საქართველოში არჩევნებამდე საკმაოდ ადრე ჩამოვედით და, თუ საშუალება გვექნება, დამკვირვებლების რაოდენობას დავამატებთ.“
თუმცა, პრესკონფერენციის მსვლელობისას გაირკვა, რომ 20-25 დამკვირვებელთან ერთად, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან, დამატებით დაკვირვებას 200-300 ადგილობრივი დამკვირვებელიც განახორციელებს. მართალია, წინასწარ არაა ცნობილი, ვინ იქნებიან ეს ადგილობრივი დამკვირვებლები, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არაა, რომ მათი კონტინგენტის შესავსებად ნაციონალები ძალისხმევას არ დაიშურებენ. ხოლო, თუკი უცხოელი დამკვირვებლები მათ საიმედოობას ეჭვქვეშ არ დააყენებენ, ცხადია, ამ არჩევნებზეც რეალობასთან აცდენილ სურათს დავინახავთ.
ამერიკული ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ ამერიკელი წევრები ჯო ჯონსონი, რონ კიჩი, ფლორენს მარდიროსიანი აცხადებენ, რომ ხანგრძლივვადიანი დამკვირვებლების გარდა (20-25 დამკვირვებელი), რომელთა უმრავლესობაც უკვე ორი კვირაა, საქართველოში იმყოფება და უახლოეს 7-10 დღეში კიდევ ელიან მათ შემომატებას. უშუალოდ არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, შესაძლოა, მონიტორინგის განსახორციელებლად სხვა მოკლევადიანი დამკვირვებლებიც ჩამოვიდნენ. სავარაუდოდ, მათი რიცხვი 200-დან 300-მდე იქნება.
სხვათაშორის, ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ ქალბატონი-წევრი ფლორენს მარდიროსიანი „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ამავე მისიით იმყოფებოდა საქართველოში, ამჟამად კი აინტერესებს, რვა წლის შემდეგ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რა შეიცვალა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ იგი არჩევნებზე დაკვირვებას აწარმოებდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსიაში, ცენტრალურ აზიაში.
საერთაშორისო დამკვირველები მზად არიან, წინასაარჩევნო პერიოდში შეხვდნენ არასამთავრობოებს, მედია თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართული იქნება საარჩევნო პროცესში. მათი დაკვირვების ობიექტი კი საარჩევნო ადმინისტრირების პროცესი იქნება. სწორედ ამისთვის შეისწავლეს საქართველოს საარჩევნო კოდექსი.
გარდა ამისა, ფლობენ ინფორმაციას, რომ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა რჩევები მისცეს საქართველოს მთავრობას.
ისინი ქართველი ჟურნალისტების პოზიციითაც ინტერესდებიან და პრესკონფერენციაზე დამსწრე მედიის წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავენ, კარგი იქნება თუ არა საქართველოში დარღვევების დროს ცხელი ხაზის ამოქმედება?! ეს მეთოდი მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ყოფილა აპრობირებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა კოლეგებმა დაუდასტურეს, რომ ცხელი ხაზის ამოქმედება ეფექტური იქნება, ცხადია, საქართველოში ცხელი ხაზის ამოქმედება არავის გაუკვირდება და ეს ყველა არჩევნებისდროინდელი გამოცდილებიდან ცნობილია და ისიც ცნობილია, რომ ამას არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
რაც მთავარია, გრძელვადიანი დამკვირვებლები გვამშვიდებენ, რომ არა მარტო წინასაარჩევნოდ, უშუალოდ არჩევნების პერიოდში დაგვეხმარებიან, არამედ, შესაძლოა, შემდგომშიც, ანუ არჩვნების ჩატარების კონკრეტული დღის შემდეგაც დარჩნენ საქართველოში.
ყველაზე მთავარი, ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წევრები ადასტურებენ, რომ ისინი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში და ზუსტად ციტირებენ სააკაშვილის აზრებს: „საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზე დაკვირვება“.
სხვათა შორის, საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ციტატა, ისევე, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის დაპირება (რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით ჩატარდება) ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დარიგებულ ინგლისურენოვან პრესრელიზშიც იკითხებოდა.
კიდევ ერთი, მართალია, ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ ცალკეული წევრებისგან შევეცადეთ, გაგვეგო, თუ ვინ აფინანსებდა ამ ორგანიზაციას, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით ისინი არ კონკრეტდებიან და აცხადებენ, რომ კვლავაც ჩაატარებენ პრესკონფერენციას, ხოლო არჩევნებამდე დარჩენილი ექვსი თვის მანძილზე ქართველი ჟურნალისტები დაწვრილებით შეიტყობენ მათი დაფინანსების წყაროს შესახებ, ისევე, როგორც მხოლოდ მომავალში გახდება საჯარო, თუ როგორ შეიძლება ამ ორგანიზაციის წევრებთან დაკავშირება.
ერთი რამ ცნობილია, რომ ეს ორგანიზაცია არჩევნებთან დაკავშირებით პროექტებზე მუშაობს და ისინი თავად იწვევენ სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო დამკვირვებლებს.