"კაცი იხვეწებოდა, ნუ დამიჭერთო და ახლა წილს ითხოვს?"
"არა მაქვს იმედი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მამაჩემის საქმე დაიძვრება"
სკანდალი, რომელიც გერმანული საავტომობილო ფირმა ,,მერსედესის''" ქართულ წარმომადგენლობაში განვითარებული მოვლენების გამო დაიწყო, არ ცხრება. შესაძლოა ამჯერად საქმე საერთაშორისო სკანდალამდეც მივიდეს. ასათიანების ოჯახს ყოფილმა საქმიანმა პარტნიორმა დავით ძოწენიძემ სასამართლო პროცესი მოუგო, შესაბამისად, ასათიანებს ჩამოართვეს 20%-იანი წილი შპს ,,აკაში". ის დავით ძოწენიძეს გადასცეს და ასათიანებს 900.000 ლარის (სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორედ ამდენს შეადგენს მიუღებელი დივიდენდები) გადახდაც დააკისრეს.
"მერსედესის'' ქართული წარმომადგენლობის ადვოკატის როინ მიგრიაულის განმარტებით, "მერსედესის''" ხელმძღვანელობისთვის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან საქმის სამართლებრივი მხარე შეუსაბამო იყო გადაწყვეტილებასთან, თუნდაც იმიტომ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ამ საქმის ხანდაზმულობის 12-წლიანი ვადა. მიგრიაულის თქმით, შეიძლება გერმანელმა ინვესტორებმა ახალი ინვესტიციების დაბანდებაზე უარი თქვან. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მაკა ასათიანთან:
- ყოველივე ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩემს აქტიურობასთან "მაესტროში".
დასკვნების გამოტანა იოლია, მით უმეტეს მაშინ, როცა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი თავად ამბობს, რომ არა მაკას დამოკიდებულება და ოპოზიციური შეხედულებები, ეს არ მოხდებოდაო.
ძოწენიძის საქციელი აბსოლუტურად ულოგიკოა. თავის დროზე ის მხოლოდ მენეჯერად დაიქირავეს.
- მაშინ წილი საიდან ჰქონდა კომპანიაში?
- მამამ აჩუქა, კარგად მუშაობის სტიმული რომ ჰქონოდა, მაგრამ უსინდისოდ მოიქცა. თანხების დანაკარგი გერმანულმა მხარემ აღმოაჩინა. ჯერ კიდევ 1996 წელს მამაჩემს მოსწერეს, რომ 200.000 მარკა იყო დაკარგული და ის ძოწენიძეს მიუთვისებია. ეს ამბავი რომ გაირკვა, ატყდა ერთი ხვეწნა-მუდარა, ძოწენიძე იხვეწებოდა, პოლიციას არ მიმართოთო. მამამაც არ მიმართა, ეს ამბავი მის ახალგაზრდობასა და გამოუცდელობას მიაწერა. ერთი სიტყვით, არ გაწირა ის. ცხადი იყო, ამ თანხის უკან მომტანი ძოწენიძე არ იყო და გაუშვა მამამ თავის გზაზე. ამ ყველაფრის შემდეგ, 2008 წელს ძოწენიძემ მიმართა სასამართლოს და 12 წლის შემდეგ განაცხადა, რომ არ იცოდა მისი პარტნიორთა რიგებიდან გასვლის ამბავი(?!). რაც მთავარია, ქართულმა სასამართლომ მისი აბსურდული არგუმენტი გაიზიარა და დაუკმაყოფილა სარჩელი - 20%-იანი, სინამდვილეში არარსებული წილი აღუდგინა.
აქამდე ძოწენიძეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. კაცი იხვეწებოდა, ნუ დამიჭერთო და ახლა წილს ითხოვს? სასამართლო კი არ ითვალისწინებს კანონს, მათ შორის - არც ხანდაზმულობის ვადას და ძოწენიძის მოთხოვნას აკმაყოფილებს. ეს არ არის კონკრეტული ინტერესი მაკა ასათიანის მიმართ?
- "მერსედესის" ქართული წარმომადგენლობის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ ამბის გამო შესაძლოა "მერსედესმა" საქართველოში ინვესტირებაზე უარი თქვას.
- რას გადაწყვეტს "მერსედესის" სათავო ოფისი, ვერ გეტყვით. ის კი ვიცი, რომ სათავო ოფისში აღშფოთებული არიან ამ უკანონობით. ძოწენიძეს რა რეპუტაციაც აქვს, კარგად იციან. გერმანელებმა შეისწავლეს დოკუმენტები და იციან, რაც მოხდა ქართულ სასამართლოში.
მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ყველაფერს ახლოს ვხედავ და ვგრძნობ. განსაკუთრებით იმ მოვლენების შემდეგ, რაც ჩემ ირგვლივ დატრიალდა. ქართულმა სასამართლომ თეთრზე მითხრა, შავიაო! ეს საქმე ევროპელ ადვოკატებს რომ გავაცანი, სასაცილოდაც არ ეყოთ. გაოგნებული აქეთ მეკითხებოდნენ, თქვენს ქვეყანაში რა ხდებაო? ახლა ვემზადები საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასასაჩივრებლად. შვეიცარიელი ადვოკატები უკვე ჩაერთვნენ პროცესში. ხომ ვიცოდი უსამართლობის უამრავი ფაქტი, ხომ კარგად ვიცი, რა ხდება ქართულ სასამართლოში, მაგრამ თუ კანონის, სინდის-ნამუსისა და სამართლის ასე გათელვას შეძლებდნენ, არ მეგონა.
- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რას იტყვით?
- პოლიტიკური მოვლენების შემფასებლად არ გამოვდგები, თუმცა ორიოდ სიტყვა მინდა ბიძინა ივანიშვილზე ვთქვა. მისი გამოჩენით მთავარი რამ უკვე მოხდა საქართველოში, - ხალხს იმედი გაუჩნდა. ამაზე უკეთეს, სწორ და დადებით მოვლენას ვერც ინატრებდა ქართველი საზოგადოება.
- "მაესტროს" დაფინანსებას კვლავ გააგრძელებთ?
- "მაესტროს" არ მოაკლდება არაფერი! მალე ამ ტელევიზიას ბევრად მეტი საშუალება ექნება. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
- მამათქვენის მკვლელობის საქმეში თუ არის სიახლე?
- პერიოდულად საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში შეგვაქვს განცხადებები, გვაინტერესებს, ძვრა თუ არის საქმეში, მაგრამ ამაოდ. ჩანს, ვიღაცას ხელს არ აძლევს ამ საქმის გახსნა. არა მაქვს იმედი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მამაჩემის საქმე დაიძვრება. მამაჩემის მკვლელობა არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, არ იყო ბანალური ისტორია. ის, რომ დღემდე საქმე გაუხსნელია, მეტყველებს, რომ ვიღაცას არ უნდა კახი ასათიანის მკვლელობის საქმის გახსნა. ეს ვიღაც კი ნამდვილად არ არის რიგითი მოკვდავი.
- ჩანს, თქვენ თქვენი ეჭვი და ვერსია გაქვთ.
- რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი. ახლა ამაზე ლაპარაკი ნაადრევია.
- საქართველოში როდის დაბრუნდებით?
- თავს ემიგრანტად არ ვთვლი. მე ქვეყნიდან ცოტა ხნით წავედი. აუცილებლად დავბრუნდები სამშობლოში. ვერ წარმომიდგენია სხვა ქვეყანა საქართველოს გარდა, სადაც სამუდამოდ შეიძლება ვიცხოვრო.
შემიძლია დღესვე ჩამოვიდე საქართველოში, მაგრამ რა იქნება, არ ვიცი. საქართველოში დიდი ბიზნესი მაქვს - "მერსედესი", "მაესტრო", სხვა ბიზნესიც.
ცხადია, პრობლემებს მიქმნიან, მაგრამ ვიბრძვი, არ ვაპირებ უკან დახევას, პირიქით, ეს მაძლიერებს. იმ სასაცილო სასამართლოს აუცილებლად მოვიტოვებთ უკან მეც და ქართველი ხალხიც. ამას სიყვარული შემაძლებინებს.
ყველაზე მეტად დღეს სამყაროს სიყვარული აკლია. ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ. კაცობრიობას, და უპირველესად ჩემს ხალხს, მინდა სიყვარულის უნარი ვუსურვო. ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება.