საარსებო მინიმუმს, რომელიც მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, უკვე წლებია, ექსპერტები აკრიტიკებენ. განსაკუთრებულ პროტესტს კი პროდუქტების ის რაოდენობა იწვევს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2003 წელს დაამტკიცა და მას შემდეგ ის არავის შეუცვლია. სპეციალისტები ამბობენ, რომ პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით 3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება.
რატომ განსხვავდება ქართული სასურსათო კალათა საერთაშორისო ნორმებისგან, ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი არ აქვს. "რაც შეეხება კალათის კორექტირებას, ჯერჯერობით ამაზე არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს", - განუცხადეს "მთელ კვირას" ზურაბ ჭიაბერაშვილის უწყებაში.
სასურსათო კალათა
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული ნაკრები, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.
საარსებო მინიმუმს კი სტატისტიკის სამსახური განსაზღვრავს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2003 წელს გამოცემული ბრძანების შესაბამისად.
საერთო ჯამში, ყოველდღიურ მინიმალურ ნორმად შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 300 კილოკალორიაა მიჩნეული. მინიმალურ სასურსათო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტია. ყველაზე დიდი წილი საქართველოს შრომისუნარიანი მამაკაცის, სახელმწიფოს მიერ მინიმალურ ნორმად დათვლილ რაციონში უჭირავს პურს (579,6 კილოკალორია, რაც დღიურად 250 გრამი პურის მოხმარებას ნიშნავს), მეორე ადგილასაა ხორბლის ფქვილი (227,6 კილოკალორია, დღიურად - 70 გრამი), მათ მოსდევს - სიმინდის ფქვილი და სხვა (123,8 კილოკალორია, დღიურად - 40 გრამი), შაქარი (199,6 კილოკალორია, დღიურად - 50 გრამი), თუმცა საკონდიტრო ნაწარმის დღიური მინიმალური ოდენობად 5 გრამია მიჩნეული (ენერგეტიკული ღირებულება - 20,7 კილოკალორია).
მართალია, კარტოფილს დღიურ რაციონში მეექვსე ადგილი უჭირავს (80,4 კილოკალორია), სამაგიეროდ, მისი დღიური რაოდენობა 150 გრამია. ძროხისა და ხბოს ხორცის დღიურ ნორმად 40 გრამია დადგენილი (ენერგეტიკული ღირებულება - 65,3 კილოკალორია).
ისევე, როგორც ნედლი და გაყინული თევზისა (სულ რაღაც, 15 კილოკალორია), შინაური ფრინველის დღიურ ნორმად - 20 გრამია დაწესებული (ენერგეტიკული ღირებულება 26,9 კილოკალორია), ხოლო ღორის ხორცის - 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება - 32,7 კილოკალორია).
საკმაოდ საინტერესოა, რომ ხახვის დღიური ნორმა 25 გრამია (ენერგეტიკული ღირებულება - 11,2 კილოკალორია), მაშინ, როდესაც ბადრიჯნის - 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება - 2,4 კილოკალორია).
ქართული სასურსათო კალათა - ცილოვანი შიმშილის საფრთხე
მართალია, დღიურ 2 300 კილოკალორიას ექსპერტები ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევენ, იმის გათვალისწინებითაც, რომ თითქმის ანალოგიური მაჩვენებლებია ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, თუმცა, მათი თქმით, პრობლემა არა იმდენად კალორიების რაოდენობაა, რამდენადაც ამ სიაში ჩამოთვლილი პროდუქტების რაოდენობა.
მაგალითად, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილ მინიმალურ სასურსათო კალათაში პროდუქტები არასწორადაა განაწილებული.
"სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ მინიმალურ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულება უნდა იყოს 2 150 კილოკალორია, ჩვენთან ეს 2 300 კილოკალორიაა. მაგრამ ჩვენი კალათის ნაკლი ისაა, რომ მასში არასწორადაა პროდუქტები გადანაწილებული, რადგან არ შეიძლება ადამიანი რაღაცას გარკვეული რაოდენობის ქვევით მოიხმარდეს.
"მაგალითად, ავიღოთ ხორცი, რომლის დღიური ნორმა აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 67 გრამი, ჩვენს სასურსათო კალათაში კი მისი წილი არის სულ რაღაც 40 გრამი. ხორცი არის ცილა და შესაბამისად, ის აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას სჭირდება.
"გვახსოვს, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ბავშვთა სიკვდიალიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ ცილის ნაკლებობა იყო. არადა, ცილას ადამიანი ფიზიოლოგიური ნორმით უნდა მოიხმარდეს დღე-ღამეში 110 გრამს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბარისას პაატა კოღუაშვილი და აქვე დასძენს, რომ "მინიმალურ კალათაში შემცირებული ხორცის რაოდენობის ფონზე გაზრდილია კარტოფილის რაოდენობა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას არაფერს არ აძლევს".
"ადამიანმა უნდა მიიღოს როგორც ცილა, ასევე ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები და ა.შ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყოს ჰარმონიზებული. ვიმეორებ, ჩვენს მინიმალურ სასურსათო კალათაში, რომლის საერთო ენერგეტიკული ღირებულება 2 300 კალორიაა, იქ ეს ყველაფერი დარღვეულია. გაზრდილია ისეთი პროდუქტების რაოდენობა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს.
"კალათაში ჩამოთვლილი პროდუქტების რაოდენობა დაახლოებით 3,5 წლის ბავშვის ნორმაა და ამით არ შეიძლება, ზრდასრული ადამიანი იკვებებოდეს. ადამიანმა ამ სიით კვება რომ გადაწყვიტოს, მისი ნარჩენი ჯანმრთელობა დავა ნულზე, მას ექნება მხოლოდ ადგომის, ხელ-პირის დაბანის, გავლა-გამოვლის ენერგია, სხვას ვერაფერს გააკეთებს. ორგანიზმი სწრაფად გამოიფიტება", - დასძინა კოღუაშვილმა.
ამასთან, ექსპერტს კიდევ ერთი საგანგაშო მონაცემები მოჰყავს. კერძოდ, მისი თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობის 50% გაეროს მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე - 2 100 კილოკალორიაზე ნაკლებ საკვებს იღებს, ანუ იკვებება 1 900-2 000 კილოკალორიით, ხოლო მოსახლეობის 20% იკვებება სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ აბსოლუტურ მინიმუმზე - 1 800 კილოკალორიაზე ნაკლებით, 1 600 კალორიით.
"1 500 კალორიის ქვემოთ კვებისას იწყება ცილოვანი შიმშილი, რაც იწვევს სიკვდილს. საერთო ჯამში კი, საქართველოს მოსახლეობის 70% არასრულფასოვნად იკვებება და მას იმის ენერგეტიკაც კი არ აქვს, რომ რაღაც გააპროტესტოს და დაიყვიროს", - აღნიშნა კოღუაშვილმა.
კვების მრეწველობის სპეციალისტი, შოთა ჩხეიძე, რომელიც 1998-2005 წლებში ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტში სასურსათო უსაფრთხოების დაცვის კუთხით მუშაობდა და იყო საქართველოს წარმომადგენელი, ამბობს, რომ ქართულ სასურსათო კალათაში შეტანილი პროდუქტები და მათი ნორმა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
ამის მაგალითად კი მას იმ კომიტეტის მიერ დამტკიცებული მონაცემები მოჰყავს, სადაც ის მუშაობდა.
"აღმოჩნდა, რომ ნატოს სოფლის მეურნეობის დაგეგმარებისა და ჯანდაცვის კომიტეტმა 2011 წლის ივნისში მიიღო ახალი ნორმები, რომელიც ძველისგან თითქმის არ განსხვავდება, მაგრამ ქართული მისგან ძალიან შორს დგას. იქ ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო ნორმებით ხორცისა და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის შეადგენს 200 გრამს, საქართველოში კი სულ რაღაც 70 გრამია. პურისა და პურპროდუქტების საერთაშორისო ნორმაა 200 გრამი, ჩვენთან - 380 გრამი, მოხმარება კი 700 გრამი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პურის მოხმარება სიღარიბის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.
"ამავე მონაცემების მიხედვით, ადამიანმა დღეში 680 გრამი რძე და რძის პროდუქტები უნდა მიიღოს. საქართველოში ეს ნორმა მხოლოდ 215 გრამია. ბოსტნეულის წილი საერთაშორისო ნორმებით 680 გრამს შეადგენს, ქართული ნორმებით 332 გრამს. ხილის დღიური ნორმა 454 გრამია, ჩვენთან სულ რაღაც 200 გრამი და ა.შ.", - განუცხადა "მთელ კვირას" შოთა ჩხეიძემ.
მისივე თქმით, პროდუქტების ის რაოდენობა, რაც დღეს ქართულ მინიმალურ სასურსათო კალათაშია მოცემული, საერთაშორისო ნორმების მიხედვით 3,5-4 წლის ბავშვის კვების რაციონსაც კი ჩამორჩება. კერძოდ, საერთაშორისო ნორმებით, ამ ასაკის ბავშვებისთვის ხორცის და ხორცპროდუქტების დღიური ნორმა 113 გრამია, რძე და რძის პროდუქტების - 567 გრამი, ბოსტნეულის - 342 გრამი და ა.შ.
"სასურსათო კალათა მხოლოდ კალორიები არ არის, ადამიანმა შეიძლება დღეში მიიღოს 3 ათასი კალორია, მაგრამ მისი კვების რაციონი იყოს სრულიად დაუბალანსებელი, ანუ არ შეიცავდეს ის პროდუქტები იმ მიკროელემენტს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელია.
"სამწუხაროდ, საქართველოში იმის გამო, რომ ცხოვრების დონე არის ძალიან დაბალი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბევრი ადამიანია და პროდუქტებზე დაწესებულია მაღალი ფასი, მოსახლეობის დიდი ნაწილი იკვებება პურით. პური კი აბსოლუტურად არ იძლევა იმ ინგრედიენტებს, რაც ორგანიზმს სჭირდება, ის ძირითადად არის ნახშირწყლების წყარო.
"კვების რაციონში ერთ-ერთი მთავარია ცილები. ცილების დღიური ნორმა, უფრო ზუსტად, ხორცისა და ხორცპროდუქტების, არის 200 გრამი. ჩვენს სასურსათო კალათაში კი მისი წილი თითქმის 3-ჯერ ცოტაა. ცილები შეიძლება მიიღო ხილ-ბოსტნეულით, მაგრამ მისი წილი და მოხმარებაც ძალიან მცირეა. ცილის გარეშე კი სიცოცხლე წარმოუდგენელია, არადა, დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ცილების დეფიციტს განიცდის, რაც განსაკუთრებით გავლენას ბავშვებზე ახდენს. ცილა, განსაკუთრებით კი ხორცი, ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს, ის ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.
"მაგრამ თუკი ზრდასრულმა ადამიანმა დაიწყო საქართველოს სასურსათო კალათით გათვალისწინებული პროდუქტების იმ რაოდენობით მიღება, მაშინ წარმოიქმნება ცილოვანი დეფიციტი, გადაგვარდება კუნთოვანი ქსოვილი და გამოიფიტება, რასაც შემდგომ უკვე მოჰყვება სხვადასხვა ტიპის აშლილობები, მათ შორის ნერვული. იმისათვის, რომ ადამიანის ორგანიზმი ამ ყველაფერს გადაურჩეს, საჭიროა ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, საჭიროა, ხალხს ჰქონდეს სამსახური და შესაბამისი ანაზღაურება", - დასძინა შოთა ჩხეიძემ.
კვების მრეწველობის სპეციალისტებისაგან განსხვავებით, დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2 300 კილოკალორია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისია, განსხვავებულია მხოლოდ სპორტსმენის კვების კალორაჟი.
"ადამიანის ენერგეტიკული მოთხოვნილება დგინდება იმის მიხედვით, თუ რამდენ ენერგიას ხარჯავს ის დღეში. თუ არ მუშაობს, ან მუშაობს, მაგრამ ფიზიკურად არ არის დატვირთული, მაშინ ეს 2 300 კალორია სრულიად საკმარისია. რაც უფრო იზრდება დატვირთვა, იზრდება კალორაჟის რაოდენობაც, რადგან ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს და შესაბამისად, უფრო მეტი სჭირდება, რომ შეივსოს. მაგალითად, სპორტსმენებს, რომლებიც ვარჯიშობენ, დღიური ნორმა 4 ათას კალორიაზე მეტი უნდა იყოს", - განაცხადა "მთელ კვირასთან" საუბრისას დიეტოლოგმა თამუნა ზერეკიძემ.
ანალოგიური მოსაზრება აქვს კვების ექსპერტ ქეთევან დადიანს. მისი თქმით, მინიმალური კალათა აკმაყოფილებს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას და იქ გათვალისწინებულია ძირითადად ის ენერგია, რომლიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების შესანარჩუნებლად.
"სპეციალური ნორმაა, რომ ერთ საათში ადამიანმა უნდა მიიღოს მისი წონის შესაბამისი კალორია, მაგალითად, თუ არის 70 კილო, მან დღეში უნდა მიიღოს 1 680 კილოკალორია. განსხვავებულია სპორტსმენების სიტუაცია, რომელთაც ბევრად მეტი კალორიის მიღება სჭირდებათ, ვიდრე სხვას.
"ასე რომ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ადამიანი რა საქმიანობას ასრულებს და რა წონა აქვს. შენ თუ ხარჯავ 3 ათას კილოკალორიას დღეში, უნდა მიიღო 3 ათასი კილოკალორია ენერგიის შესატყვისი საკვები რაციონი და მასში უნდა იყოს გადანაწილებული ყველა პროდუქტი", - ამბობს ქეთევან დადიანი.