სტიქიური შემოტევა ყველა მიმართულებით

სტიქიური შემოტევა ყველა მიმართულებით

მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავსაშიშროება - სტიქიამ საქართველოს ერთბაშად და მოულოდნელად შემოუტია. საკმაოდ თბილი და ნაკლებნალექიანი გაზაფხულის პირობებში, არავინ ელოდებოდა ბუნებრივი პროცესების მკვეთრად გააქტიურებას, მაგრამ ვითარება უცებ შეიცვლა. საქართველოს მოსახლეობა განსაკუთრებით მიწისძვრამ დააფრთხო.

თუკი მიწისძვრის მთავარი შემოტევა გადავლილია, წყლადიდობის საშიშროება ჯერ კიდევ წინაა. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, ძლიერი წვიმები აღმოსავლეთ საქართველოში 9 მაისამდე გაგრძელდება. “უკვე რამდენიმე დღეა წვიმს აღმოსავლეთის უმეტეს და დასავლეთის ზოგიერთ რაგიონი, ძირითადად, იმერეთში. 9 მაისიდან გამოიდარებს. ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა საღამოს საათებში. 9 მაისიდან ტემპერატურაც აიწევს და 30 გრადუსს გაუტოლდება”, - აცხადებენ მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებაში.

“დამანგრეველი და საშიში წყალმოვარდნები ნამდვილად არ იქნება. შეიძლება რომელიმე პატარა მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდეს და ვიღაცის ნათესები დატბოროს. ისე, რომ მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდეს და დამანგრეველი იყოს ასეთ რამეს არ ველოდებით.

მიუხედავად იმისა, რომ საშიში არაფერია, მოსახლება მაინც გავაფრთხილეთ. ჩვენი პროგნოზი რეგიონალურ გუბერნიებში გადავაგზავნეთ და თავისთავად ცხადია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ”, - განუცხადა ჰიდროლოგიური პროგნოზების ხელმძღვანელმა ქეთევან წიკლაურმა.

დასავლეთ საქართველოში წყალდიდოებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა იქ ზვავსაშიშროებაა. გურიის რამდენიმე სოფელში მეწყერმა სახლები და შიდა სასოფლო გზები დააზიანა. გეოლოგთა ჯგუფები დასავლეთ საქართველოში უკვე გაგზავნილია და მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

“ზვავსაშიშროება არსებობს, ამიტომ ჯგუფები სიტუაციის გასაცნობად ადგილზე გავგზავნეთ და ცნობებს იქიდან გვაწვდიან.  გურიაში, იმერეთში და რაჭაში მეწყერი და ღვარცოფი განვითარდა, რის გამოს მდგომარეობა გართულებულია.

გურიაში ზვავმა გზები დააზიანა. ამის მიუხედავად მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდება, ადგილზე გეოლოგები იმყოფებიან და მოსახლეობას აფრთხილებენ”, - აღნიშნა გეოლოგმა ემილ წერეთელმა.

რთული რელიეფის გამო, საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კავკასიის გარემოსადაცვითი ქსელის მონაცემებით, ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.

პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია.