ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანს იტალიური კალია შეესია. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზემო ალვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით ქააძემ განუცხადა, კალიები ნათესებს ელვის სისწრაფით ანადგურებენ.
“ძალიან ცუდი მდგომარეობაა. დაახლოებით 300 ჰექტარი უკვე გადაძოვეს, აქამდე მხოლოდ ბალახს ჭამდნენ, ახლა უკვე ყანებს შეესივნენ და უკვე 15 ჰექტრამდე ყანა გაანადგურეს. პატარა, შავი ფერის კალიებია. როგორც წყლის ტალღა, ასე მოდის და უკან მარტო სიცარიელე რჩება. ძალიან ბევრია.
დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე და 5-10 სანტიმეტრის სისქეზე ერთმანეთზე არიან ასხმულები და ასე მოდიან. 3-4 დღეა შემოვიდნენ, მაგრამ მე გუშინ გავიგე. მუნიციპალიტეტის გამგეობა, გუბერნატორის ადმინისტრაცია და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში არიან და ველოდებით რეაგირებას”, _ აღნიშნა დავით ქააძემ.
კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეწამვლა დღეიდან უნდა დაეწყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო. “როგორც მითხრეს, წვიმიან ამინდში კალიები შებუდულები არიან. როგორც კი გამოამინდდება, შეწამვლა დაიწყება”, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.
კახეთამდე კალიები თბილისში გამოჩნდნენ. დაახლოებით 3 კვირის წინათ ეს სწორფრთიანი მწერები თემქაზე აფრთხობდნენ მოქალაქეებს. ამ რაიონის მოსახლეობა ჩიოდა, რომ კალიებმა უკვე მაღალ სართულებზეც კი ააღწიეს.
კალიები და ქვეწარმავლები თბილისის და კახეთის მოსახლეობას შარშანაც პრობლემას უქმნიდა. 2011 წლის ივლისში დედაქადაქს და კახეთს კალიები ერთდროულად შეესივნენ. სიღნაღში სიმინდისა და მზესუმზირის ნარგავების 100 ჰექტარის თითქმის მთლიანად გაანადგურეს. სხვათა შორის მაშინ ნათესებს ერთდროულად 8 სახეობის კალია უტევდა.
კალიების აპრილში გამოჩენას გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე ნაადრევად დათბობას უკავშირებს. “ტემპერატურამ უცებ აიწია და კალიები გამოიჩეკნენ. ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა სოფლის მეურნეობისთვის ძალიან ცუდია”, - განაცხადა ჩხობაძემ.
თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერ კალიების წიანააღმდეგ არ დარაზმულან. მათი ხელმძღვანელის, თემურ გიორგაძის თქმით, ჯერჯერობით კალიების მასობრივი გამოჩენა არ დაფიქსირებულა.
“თუ მასობრივად მოხდება კალიების გამოჩენა, დაიწყება პრევენციული ზომები - შეწამვლა. ამ ეტაპზე არ არის საჭიროება, რომ კალიების წინააღმდეგ რეაგირება დავიწყოთ”, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.
საქართველოში გავრცელებულ მომწვანო-მოყავისფრო კალიებს - იტალიურს ამსგავსებენ. ისინი, ძირითადად, გვხვდებიან მცენარეებით დაფარულ ადგილებში. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ამ ტიპის მწერები ადამიანის ჯანმრთელობისა და მით უფრო სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ისინი მხოლოდ სოფლის მეურნეობას აყენებენ ზიანს.