დემოკრატია აფხაზეთში: გამოსაცდელი წელიწადი

დემოკრატია აფხაზეთში: გამოსაცდელი წელიწადი

შავი ზღვის ერთ-ერთი რესპუბლიკის – აფხაზეთისათვის, პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული პერიოდი 2011 წელს, პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშის ნაადრევი სიკვდილით დაიწყო და შემდგომში მისი მემკვიდრის, ალექსანდრ ანქვაბის არჩევითა და მკვლელობის მცდელობის შავბნელი ამბით გაგრძელდა. მომდევნო გამოწვევები ქვეყნის ინსტიტუციონალურ და პროცესუალურ ინტეგრაციას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის, ამბობს ჯორჯ ჰიუიტმა. 

საქართველოსთან 14-თვიანი ომის შემდეგ, 1993 წელს აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებზე ჩაკირკიტება არ ღირდა, ვინაიდან ახალგაზრდა ქვეყანა დაღლილი იყო კონფლიქტებისა და ომის მძიმე მემკვიდრეობით და ის საერთაშორისო ზეწოლის, მუქარისა და მთელი რიგი გაუგებრობების იბიექტი იყო. შარშან აფხაზეთმა გაზარდა თავისი დემოკრატიული გამოცდილება, როდესაც 2011 წლის აგვისტოში სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ ახალი პრეზიდენტის არჩევნები ჩაატარა. 2012 წლის მარტში კი კვლავ ლეგიტიმური არჩევნებია დაგეგმილი.

საკონსტიტუციო პროცესები, რომლებზე დაყრდნობითაც ამ არჩევნებს მართავდნენ, ომის შემდგომ წლებში დადგინდა იმ კონსტიტუციის თანახმად, რომლის რატიფიცირებაც 1994 წლის 26 ნოემბერს მოხდა. 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ომის შემდეგ შავი ზღვის ტერიტორიაზე გამეფებული სიტუაციის გამო საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება არამიზანშეწონილად მიიჩნეოდა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახლად გარდაქმნილი იყო აფხაზეთის პარლამენტად. ახალი პარლამენტის ბრძანებულების მიხედვით კი ვლადისლავ არძინბა, რომელიც ომამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ომის პერიოდში – ქარიზმატული ლიდერი გახდა – რესპუბლიკის პრეზიდენტად დასახელდა. 1994 წლის ნოემბერში მიღებული კონსტიტუციის მიხედვით წამყვანი, აღმასრულებელი პრეზიდენტი და მასზე დაქვემდებარებული საკანონმდებლო ოპერაციები ტანდემში მართავდნენ ქვეყანას. პარლამენტის პირველი, კონკურენტუნარიანი არჩევნები ორი წლის შემდეგ, 1996 წლის ნოემბერში ჩატარდა.

მოგვყავს ციტატა აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციიდან, რათა ნათლად დავინახოთ, თუ რა მკაცრ ჩარჩოებში ჩასვა მომდევნო წლების განამავლობაში ამ დოკუმენტმა საარჩევნო პოლიტიკა და როგორ შექმნა პოტენციური ორაზროვნების პრეცედენტი. 36-ე და 37-ე მუხლების მესამე თავის დასაწყისში საკანონმდებლო ხელისუფლების შესახებ ნათქვამია, რომ „ყოველგვარი საკანონმდებლო ძალაუფლება, რომელიც კონსტიტუციამ დაადგინა, უნდა აღსრულდეს აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო ასამბლეის (ან პარლამენტის) მიერ“; და რომ „ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი 35 წევრისგან უნდა შედგებოდეს. პარლამენტის არჩევნები ერთიანი, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლების თანახმად და ფარული ხმის მიცემის მეშვეობით უნდა მოხდეს. პარლამენტის მუშაობის ვადა ხუთი წლით განისაზღვრება. საპარლამენტო არჩევნების პროცედურა საკონსტიტუციო კანონების თანახმად უნდა იქნას დადგენილი.“

ამისგან განსხვავებით მეოთხე თავის 48-ე მუხლი (აღმასრულებელ ხელისუფლებაზე) იწყება ასე: „აფხაზეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ძალაუფლება უნდა გადაეცეს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ქვეყნის მმართველი.“

მთლიანობაში მთავრობის ამ ორ განშტოებას შორის ურთიერთობა თბილი იყო, მაგრამ ხანდახან დაძაბულობასაც ჰქონდა ადგილი – მაგალითად 1998 წელს, როდესაც ვლადისლავ არძინბაზე ამბობდნენ, რომ მან თავს ზედმეტის უფლება მისცა და სცადა პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევა. 2009 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სერგეი ბაღაფშმა პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია; პროტესტი სესიებში მიმდინარე კამათში გადაიზარდა და კანონპროექტი გაუქმების მოთხოვნით ბაღაფშსვე დაუბრუნდა უკან.

(პრეზიდენტს სურდა, რომ პარლამენტს აღმოსავლეთ აფხაზეთში, საქართველოს მოსაზღვრე გალის რეგიონის მეგრელი მოსახლეობისათვის, აფხაზეთის პასპორტების მასობრივ გაცემაზე გაეცა სანქცია, რაც მათ ავტომატურად ხმის მიცემის უფლებას აძლევდა. მას შემდეგ, რაც ნაჩქარევად მიღებული კანონპროექტი უარყოფილ იქნა, გალის მეგრელი მოსახლეობის მხოლოდ 3,581-ს დარჩა ხმის მიცემის უფლება, რომელთაგანაც მხოლოდ 2,947-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა (აქედან 56% ხმებისა ბაღაფშს ერგო).

ასეთი უთანხმოება ადასტურებს ქვეყანაში ღია პოლიტიკური დაპირისპირების არსებობას. ეს უკვე აღინიშნა ამ დავისადმი მიძღვნილ მინიშნებაში „მშვიდობიანი ინიციატივების საერთაშორისო მიმოხილვა” (7/1999).

საპარლამენტო არჩევნები

2009 წელს სერგეი ბაღაფში მეორე ვადით აირჩიეს და ასე დაიწყო მისი საბოლოო ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა. ჩვეულებრივ, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები მისი პრეზიდენტობის ვადის შუაში, 2012 წელს უნდა ყოფილიყო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლისათვის იგეგმებოდა; მაგრამ 2011 წლის 29 მაისს 62 წლის ბაღაფში მოსკოვში სასუნთქ ტრაქტზე გადატანილი ოპერაციის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. მოულოდნელი და არასასურველი შოკის მიუხედავად აფხაზეთმა სიმშვიდე შეინარჩუნა და 2011 წლის 26 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა (ზუსტად ამავე რიცხვში 2008 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა).

პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა და რაულ ხაჯიმბა, რომელსაც აღამასრულებელი პოსტები ეკავა როგორც არძინბას, ასევე ბაღაფშის მმართველობისას (ამ უკანასკნელის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში). კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა და მედიის ყველა წყაროს მიერ სრულად და თავისუფლად შუქდებოდა. მთელი ქვეყნის მოლოდინი იმით დასრულდა, რომ ანქვაბმა ხმების 71.92% მიიღო და სუფთად გაიმარჯვა, რითაც მეორე ტური თავიდან აირიდა. ხმის მიცემის პროცესი (გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებით) და დათვლის პროცედურა (რომელიც თითოეულ საარჩევნო უბანზე განხორციელდა) დიდად მოიწონა სხვადასხვა ქვეყნის (საფრანგეთიდან დაწყებული – ფიჯითი დამთავრებული) 100-ზე მეტმა დამკვირვებელმა. მაგრამ ისევე, როგორც ყველა სხვა არჩევნები, რომლებიც აფხაზეთში 1993 წლის შემდეგ ჩატარებულა, საპრეზიდენტო არჩევნებიც ტრადიციულად საერთაშორისო თანამეგობრობამ არალეგიტიმურად სცნო.

სამართლებლივი არჩევნები ორ რაუნდად დუნედ წარიმართა 2012 წლის 10 მარტსა და 24 მარტს. ეს შეიძლება ამომრჩეველთა გადაღლილობის ბრალიც იყო… და მიუხედავად იმისა, რომ კამპანიაც აქტიური იყო და მას მასმედიაც ფართოდ აშუქებდა, წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა საგრძნობლად დაბალი იყო (44.51% პირველ რაუნდში და 46.21% მეორე რაუნდში). აფხაზეთის 25 ოლქში 148 კანდიდატი იყო, მაგრამ ქვეყნის მაჟორიტარული არჩევნების კანონების მიხედვით 10 მარტს მხოლოდ ცამეტმა კანდიდატმა გადალახა აუცილებელი ზღვარი.

ერთ-ერთი მათგანი ოპოზიცური პარტიის, „აფხაზეთის ეროვნული კავშირის ფორუმის“ თავმჯდომარე რაულ ხაჯიმბა იყო (2011 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ მას მხოლოდ მესამე ადგილი ეკავა). ხაჯიმბასათვის იმხანად მინიჭებული „პოლიტიკური გვამის“ სტატუსი ნაადრევი აღმოჩნდა. მაშინვე დაიწყო მოლაპარაკებები ხაჯიმბასათვის სპიკერის თანამდებობის შეთავაზებაზე, მაგრამ ეს პოსტი ვალერი ბგანბას ერგო. იგი წინა პარლამენტის წევრი იყო და თანამდებობაზე 3 აპრილს დაინიშნა.

დანარჩენი ოცი დეპუტატი 24 მარტს იქნა არჩეული და კიდევ ერთი ტური 6 მაისს ჩატარდება ერთ ოლქში (ნომერ პირველში) – იქ შედეგი ძალიან დაბალი იყო. გარდა ამისა, უმაღლეს სასამართლოს ჯერ კიდევ გამოსატანი აქვს დასკვნა სადავო ხმაზე კიდევ ერთ ოლქში (ნომერი 21), სადაც ტოპონიმისტი ვალერი კვარჩია არის ერთ-ერთი წევრი (კვარჩია ხელმძღვანელობს აფხაზურ კომისიას, რომელიც აფხაზური სოფლის აიბგასა და მისი შემოგარენის შესახებ რუსეთის პრეტენზიას ასაჩივრებს). ამ პროცესს ამჯერადაც აკვირდებოდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პროცედურა განკიცხვას არ იმსახურებდა. ახლადარჩეული პარალამენტის პირველი ერთიანი სხდომა 10 აპრილს გაიმართა.

თავისი სახელი თავიდან 156-მა კანდიდატმა დააფიქსირა – აქედან 35 რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიიდან იყო, ხოლო 126 – „საინიციატივო ჯგუფების“ წარმომადგენლები (რითაც ნომინაციის გაორმაგების ხარისხის მანიფესტაცია მოხდა). ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 151 მათგანი გაამართლა, რომელთაგანაც სამმა შემდგომში განაცხადი უკან გამოიტანა.

დარჩენილი 148 კანდიდატიდან 125 აფხაზი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზები მოსახლეობის, უხეშად რომ ვთქვათ, 50%-ს შეადგენენ. ეს ხაზს უსვამს 1993 წლის შემდეგ აფხაზების დომინანტობას პოლიტიკურ პროცესებში. სხვა ეთნიკური ჯგუფები (სავარაუდოდ ქართველების – ძირითადად გალელი მეგრელების, რომლებიც აფხაზეთში განაგრძობენ ცხოვრებას – გამორიცხვით) როგორც ჩანს, მაინც კმაყოფილები არიან არსებული სიტუაციით; იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აფხაზებმა ქართულ-აფხაზური ომისას უდიდესი მსხვერპლი გაიღეს.

დანარჩენ კანდიდატებს შორის იყვნენ თერთმეტი სომეხი (მოსახლეობის დაახლოებით 17%), რვა რუსი (მოსახლეობის დაახლოებით 10%), ორი ბერძენი, ორი ქართველი (მოსახლეობის დაახლოებით 20%), ერთი ყაბარდოელი და ერთი ოსი კანდიდატი. 33 უკვე არჩეულ დეპუტატს შორის არის სამი სომეხი და ერთი – ქართველი, მეგრელი. ამათგან ქალი მხოლოდ ერთია – ემა გამისონია. ყოფილი ვიცე-სპიკერი ირინე აგრბა (და ასევე ყოფილი სპიკერი ნუგზარ აშუბა)იმ ყოფილი 9 დეპუტატიდან მორჩენილ ექვსეულში იყვნენ, რომლებმაც გდარჩევის პროცესი ვერ გაიარეს.

ოპოზიციური პარტიების თერთმეტი კანდიდატიდან ოთხი წარმატებული აღმოჩნდა (ყველა მათგანი ხაჯიმბას პარტიიდანაა), მაშინ, როდესაც 2009-ში მთავარი პარტიის ბაღაფშ-ანქვაბის (”გაერთიანებული აფხაზეთი”) მხარდამჭერი მხოლოდ სამი წევრი იქნა არჩეული და წარმატებულ კანდიდატებს შორის იყო პარტიის თავმჯდომარე, დაურ თარბა. ერთი შეხედვით ეს შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც ანქვაბის რვათვიანი პრეზიდენტობისადმი იმედგაცრუების გამოხატვა. თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა, რადგან ”გაერთიანებული აფხაზეთი” შექმნა სერგეი ბარაფშმა და ის ძირითადად მასთან ასოცირდებოდა; მაშინ, როდესაც ანქვაბის პარტია, რომელიც მას მხარს უჭერდა, რეალურად უფრო მცირე ჯგუფიდან წარმოიშვა. მას ამ არჩევნებზე არცერთი კანდიდატი არ დაუსახელებია. აბა, კიდევ როგორ უნდა შევაფასოთ შედეგი?

მოქნილი რესპუბლიკა

2011 წელს ალექსანდრ ანქვაბის გამარჯვების მიზეზად ყველაზე ხშირად იმას ასახელებდნენ, რომ სავარაუდოდ სწორედ მას შეეძლო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. მან თავის მანიფესტში განაცხადა, რომ რეფორმებია იყო საჭირო, და მათ შორის – შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. 2012 წლის თებერვლის შუა რიცხვებში მან კიდევ ერთხელ დაასახელა ეს სამინისტრო, როგორც განსაკუთრებული ყურადღების ღირსი და ამავე დროს კადრების შეცვლის პროცესი დაიწყო. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ანქვაბის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ეს უკვე მეექვსე შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც იგი აფხაზეთის პოლიტიკას დაუბრუნდა (მანამდე ანქვაბს მოსკოვში რამდენიმეწლიანი წარმატებული ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა. მოსკოვში იგი არძინბასთან უთანხმოების შემდეგ გადავიდა, ომში აფხაზეთის გამარჯვების პერიოდში.)

22 თებერვალს, დილით, საავტომობილო კორტეჟი, რომელსაც პრეზიდენტი გუდაუთაში მდებარე მისი სახლიდან ჩვეული მარშრუტით სოხუმის ოფისამდე ტრასაზე გავლით უნდა მიეყვანა, ბომბებისა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გზისპირიდან განხორციელებული შეტევის ქვეშ აღმოჩნდა. ანქვაბი არ დაშავებულა, დაცვის ორი წევრი კი გარდაიცვალა.

ცხადია, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი რამ გაირკვა. იქნებ საზოგადოებამ გადაწყვიტა, არ მიეღო სავალდებულოდ წინა არჩევნების მოდელზე გაყოლა („ორივე გვარი ჭირსაც წაუღია“-ო), არამედ მხარი დაეჭირა ვინმე ახლისთვის; იმ იმედით, რომ ასე შედგენილი პარლამენტი უკეთესი საყრდენი იქნებოდა ანქვაბის ანტიკორუფციული მიზნებისათვის? თუ ასეა, მაშინ ეს შეიძლება აფხაზი ელექტორატის პოლიტიკური დახვეწილობის რაღაც დონეზე მიუთითებდეს.

ამასობაში აფხაზეთის მიმართ საერთაშორისო პოზიცია უცვლელი რჩება. ქვეყნების უმეტესობა ერთხმად უარზეა, რომ აფხაზეთი და მისი არჩევნები კანონიერად აღიაროს და ისინი ამას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ქართველი მოსახლეობა (უმეტესად, მეგრელები) იქ უკვე 1993 წლის სექტემბრიდან აღარ ცხოვრობს. ამის ნაცვლად, მათ ხშირ შემთხვევაში დევნილების ბედკრული ყოფა აქვთ (ან – იძულებით გადაადგილებული პირების. ამ ტერმინის გამოყენებას მოითხოვენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი კვლავაც საქართველოს ნაწილია) საქართველოში, ან სხვაგან. (საბჭოთა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავაც ურყევ დებულებად რჩება ევროკავშირისათვის, ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობისათვის და ამას ისინი აფხაზების თვითგამორკვევის უფლებაზე მაღლა აყენებენ (თუმცა, როდესაც საქმე სამხრეთ ატლანტიკის სივრცეში მდებარე ფოლკლენდის კუნძულებზე მიდგება, მინიმუმ ბრიტანეთის მთავრობა მაინც აყენებს თვითგამორკვევას პრიორიტეტების სიის სათავეში).

ეს მიდგომა ხელს არ უშლის აფხაზეთს სურვილში, გაამყაროს თავისი სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რაც ასევე ეკონომიკის გამოსწორებასა და ისეთი სოციალური პრობლემების მოგვარებას ნიშნავს, როგორიცაა, მაგალითად, გზებზე მომხდარი უაზრო დაღუპვის შემთხვევები (ცოტა ხნის წინ გუდაუთის მახლობლად მოხდა ავარია, რომელსაც ექვსი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა, რაც აუნაზღაურებელი დანაკარგია). კვლავაც გრძელდება უფრო ფართო აღიარებების ძიების პროცესი. მაგრამ არ ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დაყოლიება თუნდაც იმაზე, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს საკუთარი პასპორტებით შეეძლოთ სხვა ქვეყნებში გადაადგილება, რაც სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს (მაგ., არაღიარებული ქვეყნების, ტაივანისა და კოსოვოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, გადაადგილდნენ სხვა ქვეყნებში მხოლოდ თავიანთი ქვეყნების პასპორტებით).

სწორედ ამ პრობლემების დასმის საკითხი იდგა აფხაზეთის დელეგაციის დღის წესრიგში, როდესაც 29 მარტს ჟენევაში ჯერჯერობით ბოლო მოლაპარაკებები გაიმართა. თუმცა ამის განსახილველად დრო არ დარჩა. ქართული მხარე, თავის მხრივ, შეეცადა ქულები დაეწერა არც ისე პრობლემატურ საკითხზე, კერძოდ კი – საკითხზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ძეგლების განახლების შესახებ. გაკეთებულ იქნა უსაფუძვლო დასკვნები იმის შესახებ, რომ აფხაზები მოცემულ შანსს იყენებენ და ადგილობრივი არქიტექტურიდან საქართველოს კვალის გაქრობას ცდილობენ (ამაზე ბევრი ილაპარაკა საერთაშორისო მედიამ). ეს შეთითხნილი ბრალდება ძლიერ კონტრასტშია კულტურული ვანდალიზმის რეალურ აქტთან – იმ მოტივით, რომ აფხაზებისათვის მათივე მიწაზე არსებობის დოკუმენტური მასალა მოესპოთ, ადრეულ 1992-93 წლებში, ომისას, აფხაზეთის კვლევითი ინსტიტუტი და ბიბლიოთეკა, არქივთან ერთად სპეციალურად დაწვეს, რასაც ათასობით უძვირფასესი (და ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი) დოკუმენტისა და წიგნის დაკარგვა მოჰყვა.

აფხაზურმა მხარემ ამ ბრალდებების საპასუხოდ საერთაშორისო ინსპექციას ნება დართო, რათა მას შეემოწმებინა განახლებები ელირის (ილორის) მონასტერში, სადაც სტუმრებმა გასაკრიტიკებელი ვერაფერი იპოვეს. რაც შეეხება ბედიის ეკლესიას, რომელიც მეფე ბაგრატ მეორემ (მესამემ, ქართველების მტკიცებით) ააშენა და სადაც იგი დაიკრძალა (ბაგრატი შუა საუკუნეებში „ქართველთა და აფხაზთა“ სამეფოს პირველი სუვერენული მმართველი იყო), ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ომის მსვლელობისას ის ქართულმა მხარემ დაბომბა, რამაც ამ მონუმენტს დიდი ზიანი მიაყენა.

ეს ეკლესია აფხაზეთის როგორც საეკლესიო, ისევე საერო საზოგადოებისთვის სიამაყის წყაროა. მის ისტორიას და ფოტომასალას ადგილი ეთმობა ისეთ მდიდრულ გამოცემაში, როგორებიცაა 128-გვერდიანი წიგნი ”აფხაზეთის წმინდა ადგილები” (რუსულ ენაზე) და 239-გვერდიანი ალბომი ”აფხაზეთი” (2010 წელს რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული).

მაგრამ ეს დავა გადაფარა 22 თებერვალს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის გამოძიების შედეგად გამოწვეულმა ახალმა დაძაბულობამ. 17 აპრილს დააკავეს რამდენიმე პირი. იყო 53 წლის, ყოფილი აღამსრულებელი თანამდებობის პირის, ასლამეჯ კჩაჩის დაკავების მცდელობაც (იგი 1993-96 წლებში ადმინისტრაციის დაცვის უფროსი, ხოლო 1996-2003 წლებში რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო პრეზიდენტ არძინბას დროს). კჩაჩმა დაპატიმრებას ხელი თვითმკვლელობით შეუშალა. მეორე ეჭვმიტანილი, იმ დროისათვის უკვე დაკავებული, თიმურ ხუთაბა თავისივე საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, მესამე ეჭვმიტანილმაც თავის მოკვლა სცადა.

პრეზიდენტის სიკვდილის, ორი არჩევნების, მკვლელობის მცდელობის, აღიარებისთვის ბრძოლისა და საშინაო ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების მცდელობის; უსაფუძვლო ბრალდებების თავიდან აცილების საჭიროებისა და შემდეგ პრეზიდენტ ანქვაბზე თავდასხმის გამოძიების არაერთგვაროვანი და არეულ-დარეული გარემოებების ნაზავის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ დატვირთული წელიწადი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დემოკრატიამ და ინსტიტუციებმა თავიანთი სიმყარე დაამტკიცეს. მომავალმა გამოწვევებმა კი შეიძლება მათ კიდევ მეტი სიმტკიცე მოსთხოვოს.

ჯორჯ ჰიუიტი ლონდონის აფრიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლის (SOAS) კავკასიური ენების პროფესორია. ის რედაქტორია 1998 წელს როუტლეჯის მიერ გამოცემული წიგნისა – „აფხაზები: სახელმძღვანელო“.
foreignpress.ge