„აფხაზეთი მაინც დაკარგულია და მოდით ახლა ვილაპარაკოთ ლაზიკაზე“

„აფხაზეთი მაინც დაკარგულია და მოდით ახლა ვილაპარაკოთ ლაზიკაზე“

„თუ ჩვენ ეს ყველაფერი დავამთავრეთ, რომელმა ნატომ და ევროკავშირმა უნდა თქვას ჩვენზე უარი. შეგვეხვეწებიან, რომ შევიდეთ. მანამდეა ჩვენთვის ძნელი, სანამ ჰგონიათ, რომ მორიგი ჩამორჩენილი და გაუბედურებული ქვეყანა მიადგა და ფხაჭნის მათ კარებს“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისივე ახსნა-განმარტებით, ნატო ეხვეწება ფინეთს, ევროკავშირი კი ნორვეგიას, რადგან ისინი განვითარებული ქვეყნები არიან და საქართველოც ასე უნდა განვითარდეს. ჩვენც უნდა მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რომ გვითხრან, აუცილებლად შემოდითო. მოკლედ, თუ საქართველოში აღმშენებლობა დასრულდება, ევროკავშირი და ნატო აქეთ შეეხვეწება საქართველოს მათთან გაერთიანებას.

ეს სიტყვები სააკაშვილმა ბათუმში თქვა.

 „სოხუმზე არ იწერებოდა სიმღერები, რადგან არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთს „ილუზიურად“ ვაკონტროლებდით. სოხუმში არ ისმოდა ქართული ენა. ყველამ გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რამდენი ქართული სიმღერა არის დაწერილი სოხუმზე. ყველა სიმღერა დაწერილი იყო ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზედაც კარგი სიმღერები დაიწერა, სოხუმზე არ იწერებოდა სიმღერები, რადგან არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში. დასავლეთ საქართველო გასული იყო საქართველოს კონტროლიდან. ეს ყველას დაგვავიწყდა და ახლა ყველაზე მთავარი ყვირილი არის ის, რომ აი, ჩვენ მიწებს ვკარგავთ“.

 ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში გააკეთა.

როგორ შეგვეხვეწება ნატო და ევროკავშირი - გეთაყვა, ჩვენთან მოდითო, მაშინ, როდესაც საქართველოს გააჩნია კონფლიქტური რეგიონები, სადაც სიტუაციის სტაბილურობის პერსპექტივა ახლო მომავალში არ ჩანს. რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს, ნიშნავს თუ არა ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას და ამით კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტას, ძნელი სათქმელია. ექსპერტებსა და პოლიტიკოსებსაც ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გააჩნიათ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაშორება სააკაშვილის გრძელვადიანი პერსპექტივაა.

„შემთხვევით არ უთქვამს სააკაშვილს, ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წელია, სააკაშვილი ცდილობს, აფხაზეთი დაგვავიწყოს და დაივიწყოს თვითონაც.

პირველად თვალშისაცემი გახდა მისი დისტანციური დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ, როდესაც 2011 წელს, პარლამენტში გამოსვლისას ერთი სიტყვითაც არ უხსენებია არც ცხინვალის რეგიონი, არც აფხაზეთი.

ყველაზე მნიშვნელოვნად  საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ითვლება პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტის წინაშე. შარშან ეჭვები გამიჩნდა და ვთქვი კიდეც, რომ ეს შემთხვევითი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ვთქვი, რომ დაველოდოთ მომავალ წელსაც და თუ კვლავ არ ახსენა კონფლიქტური რეგიონები, ეს ნიშნავს, რომ ამ ტენდენციას აქვს ადგილი.

წლევანდელ გამოსვლაზეც ერთი სიტყვითაც არ უხსენებია არც სამხრეთ ოსეთი, არც აფხაზეთი. აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, რომ არ ილაპარაკოს წარუმატებელ პროექტებზე, სადაც ჩაფლავდა. ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომ სახელმწიფო დააზარალა.

მაშინვე ვთქვი, სააკაშვილი გვამზადებს იმისათვის, რომ აფხაზეთი მაინც დაკარგულია და რა დროს აფხაზეთია, მოდით ახლა ვილაპარაკოთ ლაზიკაზე. თუმცა, მეგონა, ამაზე ლაპარაკს სააკაშვილი მას შემდეგ დაიწყებდა, რაც პოლკიტიკურ წარმატებას მიაღწევდა პარლამენტში. ჩემთვის მოულოდნელად მან პირდაპირ თქვა, საქართველო აფხაზეთს არასდროს არ აკონტროლებდაო. ეს ნიშნავს, რომ თუ არ აკონტროლებდა, დავანებოთ ახლა თავი ამას. ეს დიდი და მკაფიო სტრატეგიის ნაწილია და რა თქმა უნდა,  დამაფიქრებელია,“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

თუმცა, როგორც ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე ვარაუდობს, სააკაშვილის განცხადება არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება აფხაზეთზე უარის თქმას აპირებს.

„არ მგონია, სააკაშვილი აფხაზეთზე უარის თქმას აპირებდეს, იმიტომ,  რომ აქამდე მთელი მისი პოლიტიკა საპირისპირო იყო. თუ მან თქვა, რომ სიმღერები არ იწერებოდა, ეს მართლაც ასე იყო. ერთი-ორი ფილმი იყო გადაღებული და კომუნისტების პერიოდში ვამბობდი კიდეც, რატომ არ ვიღებდით ფილმებს აფხაზეთზე, რაღაცნაირად, განყენებულად იდგა მაშინაც აფხაზეთი“, - ამბობს ანჩაბაძე.

როდესაც ნატოსკენ სწრაფვაზეა ლაპარაკი ეს გულისხმობს, რომ ქვეყანას არ უნდა გააჩნდეს კონფლიქტური რეგიონები, ნიშნავს თუ არა ეს, რომ კონფლიქტური ტერიტორიები ან უნდა შემოვიერთოთ, ან მისი დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, თუმცა პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ნატო ჩვენგან არ ითხოვს არანაირ პირობას, რომ  დავთმოთ ტერიტორიები.

„უბრალოდ, ნატო ამბობს, რომ ვიდრე საზღვრებთან პრობლემები გაქვთ, რუსეთთან პრობლემები გაქვთ, მანამდე ნატოში ვერ მიგიღებთ. არავინ არ გეუბნება, რომ დათმე ტერიტორიები. არსად არავინ არ ამბობს ამას, რომ ეს ტერიტორიები ან უნდა დაიბრუნო, ან დაკარგო, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ნატოსგან მსგავს მესიჯს ვერასდროს ვერ მივიღებთ. ნუ დავაბრალებთ ამას ნატოს, მაგრამ ისიც ცალსახაა, რომ ნატოში ვერ გავწევრიანდებით, ვიდრე კონფლიქტებს არ მოვაგვარებთ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

„ნატოს აქვს ასეთი პრინციპი, მაგრამ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კონფლიქტური რეგიონების არარსებობის გარდა სხვა სერიოზული პრობლემებიც არსებობს და ნატოც, ცოტა არ იყოს, შორეულ პერსპექტივად მიმაჩნია, თუ თვითონ ნატომ არ შეცვალა გარკვეული სტანდარტები. ესეც მაშინ მოხდება, თუ მის ინტერესთა სფეროში მოხვდება საქართველო“, - მიიჩნევს გიორგი ანჩაბაძე.

რეალურად რა გეგმები აქვს სააკშვილს ძნელი სათქმელია, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ კონფლიტურ რეგიონებზე უარის თქმით ვაპირებთ ნატოსთან მიახლოებას, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პერსპექტივის შესახებ ეჭვი რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსმა გამოთქვა.

თუმცა პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ნატოს საკითხის სერიოზულად განხილვა ნაადრევია, რადგან სააკაშვილის ხელში ნატოში შესვლას ვერ ვეღირსებით.

„ნატო ჩვენგან ტერიტორიების დათმობას კი არა, დემოკრატიას მოითხოვს, დემოკრატია კი სააკაშვილის პირობებში არ იქნება, დემოკრატია ქვეყანაში მხოლოდ სააკაშვილის შემდეგ დადგება. როდესაც დემოკრატია დადგება, ამას თავისთავად მოჰყვება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

დღეს ვერაფრით ვერ ვაინტერესებთ აფხაზებს და ოსებს და მხოლოდ და მხოლოდ, მათ მიმართ აგრესიით შემოვიფარგლებით. დემოკრატია კი აგრესიას გამორიცხავს, გულისხმობს, დიალოგს, ნდობის აღდგენას და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში  დემოკრატიულ პროცესებზე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზებთან და ოსებთან შერიგება და ნატოში გაწევრიანება“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ სააკაშვილის პირობებში, აფხაზებთან ყველა მისასვლელი დაკარგულია, მაგრამ ხელისუფლება როცა შეიცვლება, შანსები, ურთიერთობა რომ აღვადგინოთ, მაღალი იქნება.

გიორგი ანჩაბაძე ამბობს, რომ ოცი წლის წინ გაცილებით მეტი შანსი იყო და რაც დრო გადის ამ შანსებს უფრო და უფრო ვკარგავთ. ანჩაბაძე ფიქრობს, რომ პირველ რიგში, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ნორმალური ურთიერთობა უნდა დამყარდეს, ეს არის აუცილებელი.

„არ უნდა იყოს დაპირისპირება, უნდა იყოს თავისუფალი მიმოსვლა, ნდობა უნდა გაჩნდეს, იმიტომ, რომ თუ ნდობა არ იქნება, ვერაფერს გადავწყვეტთ. შემდეგ უნდა მოვძებნოთ მოდელი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ეს როგორი მოდელი უნდა იყოს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიკვეთება, მაგრამ ეს დღესვეა საჭირო. ვერ გეტყვით, რომ რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ ნელ-ნელა პროცესი უნდა დაიწყოს“, - აცხადებს ანჩაბაძე.

რაც შეეხება აფხაზების დღევანდელ განწყობას, როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, უკვე სრული გაუცხოებაა საქართველოს მიმართ.

„აფხაზები საერთოდ აღარ ლაპარაკობენ საქართველოზე, დღეს ქართველები არ ელაპარაკებიან აფხაზებს და აფხაზებიც ამიტომ არ გველაპარაკებიან ჩვენ. როდესაც ჩვენ დაველაპარაკებით, დარწმუნებული ვარ, იქიდანაც გადმოიდგმება გარკვეული ნაბიჯები. წინასწარ ყველაფრის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ თუ ნაბიჯები არ გადავდგით, შედეგს ვერ მივაღწევთ ვერასდროს. ყველა ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთთან დიალოგის დაწყება შეიძლება. ეს იქნება გრძელვადიანი პროცესი, რადგან სააკაშვილმა ისე მოშალა და დაანგრია ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, ასე ადვილად ყველაფერი არ მოგვარდება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

2008 წლამდე ხელისუფლებას თითქოს გააჩნდა გარკვეული გეგმები და პროექტები, როგორ დაეინტერესებინა აფხაზები, იყო ლაპარაკი აფხაზეთთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზეც, იმისათვის რომ ეკონომიკურ კავშირებს ხალხის დაინტერესება და დაახლოება გამოეწვია, თუმცა, როგორც გიორგი ანჩაბაძე ამბობს, აფხაზებმა საქართველოს მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს 2008 წლის მოვლენების შემდეგ.

გიორგი ანჩაბაძე: „ნდობის შენება უნდა დაიწყოს. რადიკალური ნაბიჯებით მხოლოდ საქმის გაფუჭება შეიძლება. მუშაობა უნდა დაიწყოს, რომ ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება გაქრეს. ასეთ ვითარებაში არაფერი არ გამოვა და მივესალმები ყოველგვარ კონტაქტებსა და მოლაპარაკებებს. შესაძლოა, ამან უცებ შედეგი არც მოიტანოს, მაგრამ თუ ეს იქნება რეალური, გულწრფელი, ეს ამბავი ალბათ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა.

ეკონომიკური კავშირები კი აახლოებს ხალხს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გადამწყვეტი საკითხი იქნება. თუ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნაზე ორივე მხარე შეთანხმდება და ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იქნება, ეს არის სწორედ ის ნდობის აღდგენა, რაზედაც მოგახსენებდით.  თუ  რომელიმე მხარე ცალმხრივად მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს უარესი იქნება და კიდევ უფრო დაგვაშორებს ერთმანეთს და დაძაბულობას გაზრდის“.

ბოლო ცნობების თანახმად, ლაპარაკია იმაზე, რომ აფხაზეთს სურს დამოუკიდებლობა და არა რუსეთი ან საქართველო. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასეთი განწყობა კი აქვთ, მაგრამ ეს არარეალურია.

„ერთია რა სურთ, და მეორე, რა შესაძლებლობები და რა რეალობები გააჩნიათ. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, უკვე პირისპირ დაველაპარაკებით, გულახდილად და მთელი პასუხისმგებლობით. დაველაპარაკებით იმაზე რა შანსები აქვთ დამოუკიდებლობის, რა შანსები აქვთ საქართველოსთან ერთად ყოფნის, რისთვის უნდათ დამოუკიდებლობა და სურთ თუ არა მიიღონ დამოუკიდებლობის გარეშე ის, რაც დამოუკიდებლობით უნდათ მოიპოვონ.

იმიტომ, რომ ისინი დამოუკიდებლობას ვერ მიიღებენ ვერც რუსეთისგან და ვერც საქართველოსაგან. რუსეთი მათ გადაყლაპავს. მათ უნდა შევთავაზოთ სხვა რამ, გარდა დამოუკიდებლობისა და გარდა გაქართველებისა. აფხაზური იდენტობის გადარჩენა, მათზე ზრუნვა, კულტურის გადარჩენა. დღეს აფხაზებს ასე ველაპარაკებით თუ ქართული გვარი აქვს, ქართული რატომ არ იცის, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ არა ქართული არამედ სახელმწიფო კონტექსტი“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

აქვს თუ არა მომავალ ხელისუფლებას შანსი, აფხაზეთთან ურთიერთობები განაახლოს ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

„დღეს აფხაზეთში ორიენტაცია არის დამოუკიდებლობაზე და ასეთი პოზიცია გამყარებულია. იქ არ არის პოპულარული არც რუსეთში და არც საქართველოს შემადგენლობაში შესვლა.

ძნელია, წინასწარ განსაზღვრო, რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუშვებს თუ არა, არ ვიფიქრებდით, რომ რუსეთი ადგებოდა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობდა, ეს მოულოდნელად მოხდა. არავინ იცის, კიდევ რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი. თუმცა, რუსეთის მხრიდან უხეში ჩარევის მაგალითებიც არის ხოლმე, რაც აფხაზებში უკმაყოფილებას იწვევს.

2008 წლის შემდეგ უფრო ნაკლებად აინტერესებთ საქართველოს შიდა პოლიტიკა და ის, თუ ვინ არის ხელისუფალი, ომამდე უფრო მეტი დაინტერესება იყო, თუმცა წესით არც უნდა იყოს სულერთი, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფალი“, - ამბობს ანჩაბაძე.

რითია გამოწვეული დღევანდელი ხელისუფლების შეცდომები არაკომპეტენტურობითა და გამოუცდელობით, თუ ეს თავიდანვე მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი იყო, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი შედეგი ხელისუფლების უმეცრებით მივიღეთ.

პაატა ზაქარეიშვილი: „სააკშვილს რა თქმა უნდა, არ სურს აფხაზეთის დათმობა, მაგრამ პირველ რიგში, ხელისუფლებაში ყოფნა უნდა. თუ ხელისუფლების შენარჩუნება გამორიცხავს აფხაზეთის დაბრუნებას, ის ხელისუფლებაზე შეაჩერებს არჩევანს.

სწორედ ამიტომ აწყობს მტრის ხატად რუსეთის ყოლა. ამიტომ აძლიერებს რუსებს, უთმობს რა აფხაზეთს. როდესაც აფხაზებს არ ელაპარაკება, რუსებს აფხაზეთში კიდევ უფრო აძლიერებს... რუსეთსაც სჭირდება სააკაშვილი, რომელიც არ ელაპარაკება, და მის წინაშე არავითარი ვალდებულებები არ აქვს. ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოში მოვა, რუსეთი იძულებული იქნება, დაელაპარაკოს. ამიტომ რუსეთს არც აწყობს სააკაშვილის შეცვლა, რადგან ახალ ხელისუფლებასთან მოუწევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ლაპარაკი და რაც უფრო მეტად ლანძღავს პუტინი სააკაშვილს, მით უფრო მეტად აძლიერებს მის პოზიციებს საქართველოში“.