ეს უკანასკნელი წინადადება ძალიან საყურადღებოა, რადგან მასში საუბარია აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. რა იგულისხმება ამაში? ყველამ კარგად ვიცით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პოზიცია, რომ იგი საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებებს თბილისზე გავლით არ განახორციელებს. ამ ფონზე უფრო საინტერესოა რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს. აფხაზეთის თემაზე presage.tv აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, გია გვაზავას ესაუბრა.
გია გვაზავა: „მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი კავშირშია კრემლთან, აფხაზეთის ხელისუფლებას და „პატრიოტულად“ განწყობილ აფხაზებში მუსირებს აზრი, რომ რამენაირად დაშორდნენ მოსკოვს. ამის ერთადერთი გზა არის ევროსტრუქტურები და მათ შორის ევროკავშირი. ჩვენთვის ერთადერთი მთავარი ვექტორი ის იქნება, ჩვენ შევძლოთ, რომ ევროკავშირისკენ და საერთოდ ევროპისკენ აფხაზეთი საქართველოს გავლით წავიდეს. მე არაერთ ადამიანს შევხვედრივარ, რომლებსაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით აქვთ კონკრეტული ხედვა, ან მუშაობენ ამ თემებზე (ევროპელებზე ვსაუბრობ) და ისინი გამოთქვამენ მზაობას, რომ აფხაზეთი რაც შეიძლება მეტად ჩამოაშორონ მოსკოვს და მისცენ ევროკავშირთან და ევროსტრუქტურებთან ურთიერთობის საშუალება.
აქ ერთი საფრთხე არსებობს - მე ვფიქრობ, რომ ევროპაშიც არსებობენ ძალები, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც კრემლი და არიან ძალები, რომლებიც რეალურად გვიდგანან მხარში და გვეხმარებიან. ამდენად, მთავარი არის ის, თუ როგორ წავა ეს პროცესი, ჩვენს გარეშე, თუ ჩვენთან ერთად, თორემ მოსკოვისა და აფხაზეთის ერთმანეთისგან დაშორების ერთადერთი გზა ევროკავშირისკენ ხედვაა. აფხაზეთში ძალიან მკვეთრად ჩანს, რომ უკვე დგას ეთნოსის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი ასიმილაციის კუთხით. აფხაზეთში დაახლოებით 3300 კაცზე მეტი კვდება (აფხაზები მაქვს მხედველობაში) და იბადება მხოლოდ 800 ბავშვი. ეს თვითონ აფხაზების მონაცემებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი თავის სამხედრო კონტინგენტს აფხაზეთში მუდმივად ზრდის და სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით ცდილობს, აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი რუსი ჩაიყვანოს. ამას დაუმატეთ სხვა ეთნოსებიც და დემოგრაფიული კუთხით აფხაზებს ძალიან ცუდი პერსპექტივა ესახებათ.
ახლა მათი სეპარატისტული მიზანი არის ჩვენთან დაშორება, ბრჭყალებში რომ ჩავსვათ, მათი ხედვით, მოგვიცილეს პატარა ჭირი და უბედურება და ახლა დიდ უბედურებას ებრძვიან. რამდენად გამოუვათ და როგორ დათმობს მოსკოვი ამას, ეს უკვე განსჯის საკითხია.
ცნობილია აფხაზეთის ხელისუფლების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თბილისზე გავლით დამყარებას. მათ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი, ისინი ვერ ხვდებიან რა საფრთხის წინაშე დგანან?
- არა, როგორ ვერ ხვდებიან, ძალიან კარგად იციან, ამ კუთხით რაც მოელით, მაგრამ ჯერ ერთი მოსკოვს ასე მარტივად ვერ გაექცევიან. ამიტომ ტიშკევიჩის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების მთავარი იდეა ალბათ ის იყო, რომ იგი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის წარმომადგენელია. ამიტომ აფხაზები ალბათ ფიქრობენ, რომ ტიშკევიჩი მათ სასიკეთოდ არაფერს გააკეთებდა. მეორეც, მათ არ სურთ დაანახონ მსოფლიოს, რეალურად რა ხდება აფხაზეთში, რომ ეს არის კორუფციაში და კრიმინალში ჩაფლული რეგიონი. ეს არის აფხაზების ასეთი ქცევის ძირითადი მიზეზები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსკოვის კარნახით კეთდება.
რამდენად ეფექტურია საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა აფხაზეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებშის კუთხით და ხომ არ არის ეს მხოლოდ რაღაც ფორმალობა?
- მაგალითად გაეროს მუშაობა იქ სუფთა ფორმალობა იყო. ამაზე მე ღიად ვსაუბრობდი და არა მხოლოდ მე, პარლამენტშიც არაერთხელ გაჟღერებულა და ექსპერტებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ გაერო პრაქტიკულად მაყურებლის როლში იყო და არანაირ ქმედით ფუნქციას არ ასრულებდა. შედარებით აქტიური იყო ეუთო. ამიტომ რუსებმა და აფხაზებმა იგი პრაქტიკულად ტერიტორიიდან გააძევეს. ამდენად, გააჩნია, საით მიდის აქტივობა და აქედან გამომდინარე მოქმედებს მოსკოვი.
ვერ გეტყვით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობა საქართველოში ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ იყო მაგალითად, როგორ მოგახსენეთ, ეუთო, ასევე ევროკავშირიც, რომლებიც უფრო ჩვენს პოზიციებს იცავდნენ და რეალურად ქმედით ნაბიჯებსაც დგამდნენ.
საერთოდ, მართალი რომ გითხრათ, დღევანდელი საერთაშორისო სამართალი არის ძლიერთა სამართალი, ეს არის რუსეთი, ამერიკა, ჩინეთი და სხვა დიდი ქვეყნები, ანუ ძლიერნი ამა ქვეყნისა. თუ მსოფლიო საზოგადოება როდესმე მიაღწევს განვითარების და დემოკრატიის იმ დონეს, რომ იგი მსოფლიოში რეალობას ასახავდეს, მაშინ მიმაჩნია, რომ პატარა ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ვეტოს უფლება, თავდაცვის უფლება და ა.შ. რადგან მათ არ აქვთ ატომური იარაღი, არ ჰყოფნით ადამიანების მასა და ა.შ. ამდენად, დღეს იმაზე საუბარი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ეფექტურები არიან, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ამავე დროს მათ გარეშე არ შეიძლება, ეს მომენტიც არის, თორემ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მოსკოვი შუამავალი ვერასოდეს იქნებოდა და ის მართვადი ქაოსი, რაც საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა, სწორედ კრემლში იყო დაგეგმილი და სწორედ კრემლი ახორციელებდა მას. თურმე 2008 წელს ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო. ეს ასე არ არის, რადგან მსოფლიომ ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ საუბედუროდ, ამ ორგანიზაციებში არიან ძალიან ბევრი პრორუსული ორიენტაციის აგენტები, ან მაგალითად ავიღოთ გერმანია, რომელი ყოველთვის ჩვენი მეგობარი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, რომ ისინი „გაზპრომზე“ არიან მიბმულები და ა.შ. ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში სწორედ ასეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეეძლოთ.
მსოფლიო დღეს არ არის იმაზე ორიენტირებული, რომ მხოლოდ სიმართლე დაიცვას. საუბედუროდ, ეს ორმაგი სტანდარტი ყველგან არსებობს, მაგრამ რა თქმა უნდა, მსოფლიო სტანდარტი დღეს ევროპული და ამერიკული დემოკრატიაა და ჩვენ იძულებულები ვართ ამ წესით ვითამაშოთ.