„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“

„ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“

 

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა იწყება. დოკუმენტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა. დოკუმენტზე საპარლამენტო კომიტეტი მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად იმსჯლებს, რის შემდეგაც სტრატეგიის დოკუმენტს საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ. ავტორების თქმით, საქართველომ კავკასიაში რეგიონული ლიდერის ფუნქცია უნდა დაიმბრუნოს.   

კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ სტრატეგია ყველა იმ სფეროს მოიცავს, რომელიც კავკასიელ ხალხს ერთმანეთთან მრავალი საუკუნის განმავლობაში აკავშირებს. კერძოდ, სტრატეგია მოიცავს ხალხთა შორის კავშირებს, ადამიანის უფლებებს, თავისუფალ მასმედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, ისტორიული სამართლის დადგენის ხელშეწყობას, კულტურასა და ტრადიციებს და ა.შ. წიკლაურის თქმით, საქართველო კავკასიის განუყოფელი ნაწილია და რეგიონში მიმდინარე პროცესები მისთვის სულერთი არ არის.

„საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს ადამიანის უფლებები, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ასევე თავისუფალი მედია წარმოადგენს. საქართველო მზად არის, დაეხმაროს ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს ამ ფასეულობების დაცვასა და განვითარებაში. საქართველო ეთანხმება უამრავი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვით, ჩრდილოეთ კავკასიაში გამუდმებით მიმდინარეობს ადამიანთა ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი სხვა მოვლენები“, - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს მათი რეალური მდგომარეობის შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების გზით საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმაროს ასევე, მზადაა გახდეს თავისუფალი არენა ჩრდილოეთ კავკასიელი ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირებისათვის:

„საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხელი შეუწყოს ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ და პირიქით, მიაწოდოს სწორი ინფორმაცია მსოფლიო საზოგადოებას ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობის თაობაზე. ქართულ და ჩრდილოეთ კავკასიურ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით საქართველო მიესალმება კავკასიური თემატიკის ჟურნალისტური სიმპოზიუმების, თრეინინგების, ბლოგერული ინტერნეტ-კონფერენციების, ტელეხიდების, დებატებისა და დისკუსიების მოწყობას“.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ „ეს დოკუმენტი წამალია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა ცეცხლთან თამაშია“. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შექმნილი რეალობა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობები უფრო და უფრო ღრმავდება და რაზეც უვიზი რეჟიმის პირობებში საქართველოში შემოსულთა რაოდენობა მიუთითებს.

ხელისუფლების გაცხადებულ სტრატეგიაზე და მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტოლოგ სოსი ცისკარიშვილს ვესაუბრებით.

რამდენად შეულია დღევანდელ საქართველოს, კავკასიაში რეგიონული ლიდერის როლი იტვირთოს?

- ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი, საკუთარი გონიერების კოეფიციენტზე. ჯერ ერთი, ასეთი ინიციატივები აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისგან უნდა მოდიოდეს და პარლამენტში ამის მერე განიხილებოდეს; ხანგრძლივი კაბინეტური მუშაობა სჭირდება იმას, რის მიღწევასაც დღევანდელი საკანონმდებლო ორგანო აპირებს. მას კი დაფიქრებით, რაიმე საკითხში ჩაღრმავების უნარი არ გააჩნია; არ აქვს ასეთი ტიპის გამოცდილება. დაიძახებს ვიღაცა, მოიტანს ამბავს ავლაბრის რეზიდენციიდან და 15 წუთში გამომცხვარია პარლამენტის პოზიცია და სამივე მოსმენით კანონად იქნება მოვლენილი.

ამიტომ, საკმარისი ნდობა არ არსებობს იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსახლეობის მიერ აღიარებული იყოს, როგორც უპირობოდ შესასრულებელი დოკუმენტი. ჩვენს პარლამენტს არც ისეთი საერთაშორისო ავტორიტეტი აქვს, რომ მისი ნათქვამი გაზიარებული და მხარდაჭერილი იყოს ქვეყნების მიერ, რომელთა მიმართაც ის სტრატეგიას ჩამოაყალიბებს.

ამდენად, სერიოზული წინასწარი მუშაობის, ჯერ კაბინეტური და შემდგომ საჯარო განხილვების გარეშე, ნაუცბათევია ეს გადაწყვეტილებაც; და მოდით, ჯერ მათ მიერ აშენებული ლაზიკა დავათვალიეროთ და მერე ვიფიქროთ ყველამ ერთად, როგორ დავიბრუნოთ ლიდერობა კავკასიის რეგიონში.

ეს საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ, თვითონ ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენად არის შესაბამისი ფონი და შემხვედრი დამოკიდებულება, რომ თბილისიდან ამ მიმართულებით აქტიური პოლიტიკა გატარდეს?

– დღეს ვკარგავთ პოზიციებს სამხრეთ კავკასიაში. ამ ვითარებაში ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ლიდერობის პრეტენზიის გაცხადება მაგონებს ანდაზას, ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო. სამწუხაროდ, ხელი ავიღეთ აქტიურ ნეიტრალიტეტზე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაში, რამაც ორ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში შეგვაძლებინა თავიდან აგვერიდებინა რაიმე ტიპის ჩარევის საფრთხისგან სომხურ–აზერბაიჯანულ კონფლიქტში. სწორედ ნეიტრალურობის შენარჩუნების პოტენციალმა წყლიდან მშრალად ამოსვლა შეგვაძლებინა. ამ პოზიციას, მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ, ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი მეზობელი სახელმწიფოც აღიარებდა.

ასე რომ, როდესაც აქტიურ ნეიტრალიტეტს ვცვლით დაბალანსების პოლიტიკით,  გვინდა ხან ერთს ვასიამოვნოთ და ხანაც მეორეს, ამით პრაქტიკულად ორივეს ნაწყენ მდგომარეობაში ვტოვებთ ჩვენს მიმართ; რადგან ადამიანს წყენა უფრო ხანგრძლივად გაჰყვება ხოლმე მოსაგონებლად, ვიდრე რაიმე ტიპის კმაყოფილება.

ახლა, ვიდრე რაიმე მოგვიფიქრებია, დაგვიწერია და განგვიხილია, როცა საჯაროდ  ვაცხადებთ, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ლიდერობა ან გავხდეთ ლიდერები, უკაცრავად მაგრამ რა მონაცემით სჯობიხარ რომელიმე სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოს? აქამდე გაურკვეველი ავტორების, მეტნაკლებად დამაჯერებელი რეიტინგებით ვტრაბახობდით. ახლა ამ რეიტინგებშიც კი, ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს ჩამოვრჩებით. რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულ ხელისუფლებაზე, რომელიც რასაკვირველია არ დაუშვებს, რომ საქართველომ ხელის ფათური დაიწყოს ჩრდილო კავკასიის პრობლემებში. მოსკოვი სიამოვნებით გამოიყენებს ნებისმერ საბაბს იმისთვის, რომ 2008 წელი გაიმეოროს.

ბარემ ისიც ვთქვათ, რა მიიღო ქართულმა მხარემ ჩერქეზების გენოციდის ოფიციალური აღიარებით?

– მიიღო თავის ტკივილი; ასევე მიიღო ოპტიმიზმი ამ აღიარების მომხრე ადამიანების ჯგუფებისა. რასაკვირველია, ეს იყო უადგილო ბწკენა რუსული სახელმწიფოებრიობისთვის. აღიარების ეს მოტივი იმდენად ზედაპირზე იდო, რომ შემდგომში როგორც კი სომხების აღიარების თემა გაჩნდა, უცებ ხელისუფლებამ სირაქლემას პოზა დაიკავა და მოიმკო ეკლები ნაცვლად ვარდებისა, რასაც ელოდნენ. ამიტომ გამოუცდელმა პოლიტიკოსებმა სჯობს თავი შეიკავონ როგორც არაპოპულარული ნაბიჯებისგან, ასევე სრულიად გაუგებარი ვაჟკაცობისგან, რომელიც მას სანგრებში ჩასვლის აუცილებლობით მოუბრუნდება.