თბილისში მოძრავი ავტობუსების მძღოლების ინფორმაციით, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობის ჯერ შემცირება, შემდეგ კი გაუქმება იგეგმება. ამის შესახებ ეჭვები დიდი ხანია, არსებობს და ის რუსთაველის გამზირზე ახალი სამარშრუტო ტაქსების გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა, რომლებიც მხოლოდ ავტობუსების გაჩერებაზე გააჩერებენ.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სამარშუტო ტაქსები, რომლებიც რუსთაველისა და მომავალში, ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყებენ მოძრაობას, ავტობუსებს არ ჩაანაცვლებენ. მათივე თქმით, სამარშრუტო ტაქსები რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობას არ შეაფერხებს.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეონა ნიორაძე კი განმარტავს, რომ სამარშრუტო ტაქსები მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სრულად შემოიყვანა და ისინი რუსთაველის გამზირზე ეტაპობრივად გამოჩნდებიან.
“ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შემოყვანილი სამარშრუტო ტაქსებით ქალაქი ნელ-ნელა დაიტვირთება, თუმცა ეს ავტობუსების რაოდენობის შემცირებას არანაირად არ გამოიწვევს”, -განაცხადა ნიორაძემ.
ახალ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ივლიან, ფეხზე მდგომ მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება. მათი რიცხვი არაუმეტეს 5 ადამიანით განისაზღვრება. უახლოეს მომავალში სამარშრუტო ხაზები ფუნქციონირებას ჭავჭავაძის გამზირზეც დაიწყებს.
თბილისის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის ინფორმაციით, ცენტრალურ უბნებში მიკროავტობუსები ტრამვაის ხაზის ექსპლოატაციაში შესვლამდე იმოძრავებენ. ტრამვაის ამოქმედების შემდეგ კი, თბილისის მერია ცენტრალურ გამზირებზე სამარშრუტო ტაქსების განრიგსა და მიმართულებებს თავიდან გადახედავს.
“ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ ავტობუსების გაჩერებებზე გაჩერდებიან, რაც ხელს შეუწყობს თავიდან ტრანსპორტის ქაოსური გადაადგილების თავიდან აცილებას”, - აცხადებენ მერიაში.
რუსთაველზე და ჭავჭავაძეზე “მარშრუტკების” დაბრუნებამ დედაქალაქის საკრებულოში პროტესტი სულ სხვა მიმართულებით გამოიწვია. საკრებულოს წევრი, ჯაბა სამუშია კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” სატენდერო პირობების დარღვევასა და მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “თბილისის მიკროავტობუსს” ორჯერ გადაუვადეს ტენდერის პირობების შესრულების ვადა, ამ დროისათვის 2 500 სამარშტურო მიკროავტობუსი ჯერ კიდევ შემოყვანილი არ არის.
სამუშიას თქმით, აპრილში გამართულ პრეზენტაციაზე “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობამ იცრუა, როდესაც თქვეს, რომ ტენდერის პირობები უკვე შესრულებული იყო. “საქმე გვაქვს ლობირებასთან, ტენდერის დროს სხვებს წააგებინეს ამ მონოპოლისტის გამო და ეს ერთი მონოპოლისტი არღვევს კანონს უკვე წელიწადნახევარია”, - აცხადებს სამუშია.
მისი თქმით, სატენდერო პირობების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა გათვალისწინებული იყო მილიონ 300 000 ლარი, თუმცა მიკროავტობუსს მხოლოდ 100-ლარიან ჯარიმას უწრენ. გარდა ამისა, სამუშია აცხადებს, რომ “თბილისის მიკროავტობუსმა” სხვადასხვა ხაზებზე სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა შეამცირა, ანუ თუ უნდა ყოფილიყო ერთ ხაზზე 30 სამარშრუტო ტაქსი, დღეს მოძრაობს - 25. გარდა ამისა, ბევრ სამარშრუტო ხაზზე ისევ ძველი მიკროავტობუსები მოძრაობს.
კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” დირექტორი გიგლა ჯაბიშვილმა სამუშიას ბრალდებებს მსწრაფლ უპასუხა. როგორც იგი ამტკიცებს, კომპანიამ ქალაქის მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულა. “პირველადი ვალდებულება, რაც იყო თბილისის მთავრობის მიერ, კომპანიამ შეასრულა პირნათლად და სქემის მიხედვით. ამჟამად მიმიდინარეობს ხაზების დაკომპლექტება და მთლიანად დასრულდება ივნისში. უკლებლივ ყველა ხაზზე იმოძრავებს მხოლოდ ახალი მიკროავტობუსი”, - განაცხადა ჯაბიშვილმა.
მისივე თქმით, პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო ჭიანურდება. “ეს პროცესი ლოჯისტიკურად რთული პროცესია, უნდა დამონტაჟდეს ნავიგაციის და გადახდის სისტემები, ფირნიში, ტაბლო. გარდა ამისა, ვალდებულება გვაქვს, დავასაქმოთ ყველა ძველი მძღოლი, მათთანაც მიმდინარეობს შეხვედრები და ხელშეკრულებების გაფორმება”, - განმარტავს ჯაბიშვილი.