67 ათასი ადამიანი ქონების დაკარგვის მოლოდინშია

67 ათასი ადამიანი ქონების დაკარგვის მოლოდინშია

მოვალეთა რეესტრში 67 ათასი აქტიური პირია, ანუ ეს ადამიანები, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ქონების დაკარგვის მოლოდინში არიან. მძიმე სოციალური პრობლემების გამო, მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებულ ადამიანთა მაჩვენებელი საკმაოდ სოლიდურია. 2010 წლიდან დღემდე რეესტრში 123 ათასი ადამიანი მოხვდა. ფაქტობრივად, დღეს საქართველოში იშვიათია ადამიანი, რომელსაც ბანკის, ორგანიზაციის ან კერძო პირის ვალი არ აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კერძო იპოთეკარები აქტიურობენ, რომლებიც ფულის მაძიებლებს, ქონების სანაცვლოდ, თანხას საკმაოდ მაღალ პროცენტად აძლევენ და ასეთი მოვალეები ხშირად ქონების დაკარგვისთვის არიან განწირულები.

2010 წლიდან დღემდე მოვალეთა რეესტრში 123 ათასი პირია დარეგისტრირებული. აქედან, რამდენმა ადამიანმა გადაიხადა ნებაყოფლობით ვალი და რამდენს იძულებით გადაახდევინეს (საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, მისი ქონების აუქციონზე გატანით), ეს სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, აუქციონების სიმრავლიდან გამომდინარე, ქონებადაკარგული ადამიანების რიცხვი საკმაოდ მაღალი იქნება. შეგახსენებთ, რომ მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების ქონებას აღმასრულებელი მოიძიებს და აყადაღებს. მოძიებიდან 2 თვის შემდეგ კი ამ ქონების იძულებითი რეალიზაცია აუქციონის წესით ხდება.

მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული ადამიანების ზრდასთან ერთად იზრდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ბიუჯეტში შენატანები. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს სააღსრულებო ბიურომ ბიუჯეტში 110 569 084,48 ლარი გადაირიცხა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. აღსრულების ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით, 2010 წელს ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროებიდან 83 264 955,88 ლარი შევიდა. სავარაუდოდ, 2012 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ექსპერტთა ნაწილი პრობლემური მოვალეების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემებისა, მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირებისა და სხვა მიზეზთა გამო, ქონების იძულებითი გაყიდვის საფრთხის წინაშე ძალიან ბევრი ოჯახი აღმოჩნდება.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოში სამართლებრივი ურთიერთობები და იურიდიული ფორმით პრობლემების მოგვარება თანდათან ფეხს იკიდებს.

 "ჩვენთან თანდათან ფეხს იკიდებს ის სიტუაცია, რომ პრობლემების გადაწყვეტა სამართლებრივი ურთიერთობებით უნდა მოხდეს. ადამიანმა, რომელიც რაღაც სესხს იღებს, იცის, რომ ის პასუხს თავისი ქონებით აგებს.

მაგალითად, ოჯახში თუ ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა, ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ქონება დააგირავოს. შემდეგ ვერ იხდის თანხას და მისი გაყიდვა ხდება. მართალია, ადრინდელთან შედარებით მოსახლეობაში მიმნდობი ადამიანების რიცხვი შემცირდა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში დაიხვეწა თაღლითური გზებით თანხების ამოღების პროცესი. იმისათვის, რომ პრობლემა აღარ იყოს, საჭიროა, მოსახლეობამ ეკონომიკურ თვითგანათლებას მიაქციოს ყურადღება, რათა არ გაებნენ ამ თაღლითურ სქემებში", - დასძინა არჩვაძემ.

მზარდი სტატისტიკის ფონზე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავს და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს.

"მოვალეთა რეესტრში ჩანაწერები არასტაბილურია, თუმცა ფაქტია, რომ ის მუდმივად იზრდება. ეს არის ცუდი ტენდენცია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის ასეთი განცხადებები, რომ საბანკო სექტორი გააქტიურდა და ამ სექტორში მდგომარეობა გამოსწორდა, მოვალეთა რეესტრში ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობის ზრდა სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ტენდენცია კი არის სახიფათო და არაჯანსაღი სიტუაციის მაჩვენებელი.

ცხადი ხდება, რომ მოსახლეობა კრედიტებს აქტიურად მოიხმარს, მაგრამ ვერ იხდის. საერთოდ, როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც მატულობს. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია და სოციალური ფონიც მძიმდება", - ამბობს კალანდაძე.

აღსრულების ბიუროს რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნინო გოგელაშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციების შესრულების ვალდებულება აიღო. ერთ-ერთი რეზოლუცია გულისხმობს იმას, რომ მოხდეს იმ პირების ქონების დაყადაღება, რომლებიც "ალ ქაიდასა" და "თალიბანში" შედიან, ან მათთან არიან დაკავშირებული. ამ რეზოლუციას, რომელიც სამსახურს შესასრულებლად გადაეცა, მოჰყვა ჩამონათვალი, რომელშიც 3 000-ზე მეტი ადამიანი შედის. შესაბამისად, მოვალეთა რეესტრში ამ პირების დარეგისტრირებაც მოხდა. ამ პირების ადგილსამყოფელი ცნობილი არ არის, მაგრამ თუ მათ სახელზე საქართველოს ტერიტორიაზე ქონება დარეგისტრირდა, ამ შემთხვევაში უკვე მოვალეთა რეესტრის პრინციპი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 15 ივლისს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღსრულების ბიუროს ერთ-ერთ ფორმად დაემატა პირის რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში. მოვალეთა რეესტრი არის იმ მონაცემთა ერთობლიობა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე ყველა სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი.

მათ მიმართაც იძულებითი აღსრულება 2010 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მოვალეთა რეესტრში პირი მხოლოდ მას შემდეგ ხვდება, რაც სასამართლო ან შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას გამოიტანსა; ანუ მოვალეთა რეესტრში რაოდენობის ზრდა პირდაპირაა მიბმული იმაზე, რამდენი საქმეა წარმოებაში, რამდენ საქმეზეა მიღებული გადაწყვეტილება. მოვალეთა რეესტრში ჩაბმულები არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოები. მათ მიერ, ქონების განკარგვამდე, მოწმდება იმყოფება თუ არა "მოვალეთა რეესტრის" ერთიან ბაზაში ქონების განმკარგავი პირი, რის შემდეგაც ხდება შესაბამისი რეგისტრაცია.

2010 წლის 1-ლი მარტიდან ერთიან ბაზაში საბანკო სექტორიც ჩაერთო, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროს აწვდის ინფორმაციას რეესტრში რეგისტრირებული პირების სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ.