ისლანდიის კრიზისში დამნაშავეს ვერ პოულობენ

ისლანდიის კრიზისში დამნაშავეს ვერ პოულობენ

ისლანდიის ყოფილი პრემიერ_მინისტრი გეირ ჰაარდე, რომელსაც ბრალი 2008 წლის ქვეყნის გამჩანაგებელი ფინანსური კრიზისისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ედებოდა, საამართლომ პრაქტიკულად გაამართლა. თუ დამნაშავედ მიიჩნევდნენ, მაშინ ყოფილ ჩინოვნიკს 2 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. პროცესის შემდეგ ჰაარდემ სასამართლოს კიდევ ერთხელ უწოდა “პოლიტიკური ფარსი” და “გადასახადების გადამხდელთა ფულის უაზრო ფლანგვა”.


როგორც ცნობილია, 2008-2009 წლების გლობალური კრიზისისას ისლანდია მისი ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი გახდა. კერძოდ, ქვეყნის საბანკო სექტორი, რომელიც 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ძლიერ მაღალი ტემპით ვითარდებოდა, კოლაფსის პირას აღმოჩნდა.


2003 წლისათვის სამი უმსხვილესი ისლანდიური ბანკის Kaupthing-ის, Landsbanki-ის დაGGlitnir-ის აქტივები რამდენიმე მილიარდ დოლარს, თითქმის ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას უტოლდებოდა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში მათი აქტივები 140 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ქვეყნის შიდა პროდუქტის მოცულობას რამდენჯერმე გადააჭარბა.


როცა კრიზისი დაიწყო, უცხოელმა კლიენტებმა უსწრაფესად დაიწყეს თავიანთი სახსრების ისლანდიური ბანკებიდან გამოტანა, რამაც დიდი სამეული კინაღამ გააკოტრა. ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა Kaupthing-ის, Landsbanki-ის დაGGlitnir-ის ნაციონალიზაცია განეხორციელებინა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის დასახმარებლად მიემართა. შედეგად, 1976 წლის შემდეგ ისლანდია პირველი დასავლური ქვეყანა გახდა, რომელმაც ფონდისაგან კრედიტი მიიღო. მისმა მოცულობამ 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.


კრიზისის გამო ისლანდიის შიდა პროდუქტის მოცულობა 20 პროცენტით შემცირდა, ადგილობრივი კრონას კურსი ორჯერ დავარდა, ქვეყნის ეკონომიკა კი 2010 წლის მესამე კვარტლამდე რეცესიაში გადაეშვა. 2009 წლის იანვარში ჰაარდეს მთელი მთავრობა გადადგა და მალე ქვეყანას სათავეში იოჰანა სიგურდარდოტირის მთავრობა ჩაუდგა.


აღსანიშნავია, რომ კრიზისის იარები ისლანდიამ აქამდე ვერ მოიშუშა. ალბათ გახსოვთ, ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისლანდიელები საკუთარ ვალუტაზე უარის თქმას და ქვეყანაში კანადური დოლარის შემოტანას აპირებენ.


ჯერ კიდევ 2008 წლის ბოლოს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მიზანი სამი უმსხვილესი ბანკის ეგზომ შავ დღეში ჩავარდნის მიზეზების შესწავლა იყო. 2 წელში კომისიამ 2000 გვერდიანი დასკვნა დადო, რომელშიც საკმაოდ ბევრი ჩინოვნიკი დაადანაშაულა. მათ შორის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ბიზნესის საქმეთა მინისტრი და ცენტრალური ბანკის თავკაცი. მათ ბრალი კრიზისისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში ედებოდათ.


2011 წლის სექტემბერში დაიწყო სასამართლო პროცესი ჰაარდეს წინააღმდეგ. იგი პირველი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც სასამართლოს წინაშე კრიზისი გამო წარსდგა. საქმეს სპეციალური, ლანდედომურის სასამართლო განიხილავდა, რომელიც მთავრობის წევრთა წინააღმდეგ აღძრული საქმეების განსახილველად 1905 წელს შეიქმნა. აქამდე ეს სასამართლო არასოდეს გამოუყენებიათ.


ჰაარდემ ყველა ბრალდება უმალ უარყო და სასამართლოს ახალი მთავრობის მიერ დადგმული ფარსი უწოდა. მომხრეები მას განტევების ვაცად მიიჩნევდნენ, მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ კარგი იქნება, თუ კრიზისის გამო იგი პასუხს საკუთარი თავით აგებს.


საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. სასამართლოს დიდი დრო არ დასჭირვებია და უკვე აპრილის ბოლოს ჰაარდე თითქმის ყველა ბრალდებით უდანაშაულოდ სცნეს. თითქმის იმიტომ, რომ ჰაარდე მხოლოდ იმაში დაადანაშაულეს, რომ მან სამთავრობო კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რითაც შეიძლებოდა საბანკო სექტორში “ბუშტუკების” წარმოქმნის თავიდან აცილება.


მართალია, ეს ბრალდება ყველამ ფორმალობად ჩათვალა, მაგრამ ჰაარდე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მის გასაჩივრებასაც გეგმავს. საინტერესოა, ისიც, რომ ჯერჯერობით არც ერთი ვითომდა დამნაშავე ჩინოვნიკი არ დასჯილა. როგორც ჩანს, ყოფილი პრემიერი მართალი იყო, როცა სასამართლოს ფარსი უწოდა. ასე რომ, სამართლიანობას მოწყურებული ისლანდიელები პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.