სააგენტოს ამ მოხსენებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთავრობას, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამომხმარებლო დანახარჯების ზრდის მთავარ კატალიზატორად მიიჩნევდა. ბრიტანეთის ხელისუფლების აზრით, ამას შეიძლებოდა ქვეყანა რეცესიიდან გამოეყვანა. სხვა რომ არაფერი ითქვას, ოლიმპიური თამაშებისათვის მოსამზადებლად 6 მილიარდი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც, წესითა და რიგით, ბრიტანეთის ეკონომიკისათვის უდიდესი მასტიმულირებელი ეფექტი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ Moody’s-ის ექსპერტები თვლიან, რომ სამომხმარებლო დანახარჯების ზრდა ხანმოკლე იქნება და დადებით გავლენას მხოლოდ ბრენდების მნიშვნელობაზე მოახდენს. ერთადერთი სფერო, რომელიც უეჭველად მოიგებს, ტურისტული, კერძოდ კი სასტუმროების ბიზნესი იქნება. თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტურისტული სფეროს გავლენა ქვეყნის შიდა პროდუქტზე ძალიან მცირე იქნება.
თავისთავად ცხადია, ოლიმპიადა დამატებით შემოსავალს მოუტანს სატრანსპორტო კომპანიებს. თუმცა, ამჯერადაც დიდ და მნიშვნელოვან ხეირზე საუბარი არ არის.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის გარკვეული სფეროები ოლიმპიადისაგან შეიძლება დაზარალდნენ კიდეც. მაგალითად, სამშენებლო სფერო, რომელიც ოლიმპიადის გამო დაგეგმილი დასვენებების გამო გვარიანად მოცდება.
ქვეყნის ხელისუფლება კი, როგორც მოგახსენენთ, დაიმედებულია, რომ ოლიმპიადა ბრიტანეთს, რომელიც რეცესიაში იმყოფება, დადებით და გრძელვადიან ეკონომიკურ ეფექტს მოუტანს. თამაშების პერიოდში სპეციალურად დაინიშნა ბიზნესის განვითარებისაკენ მიმართული კონფერენციები და გამოფენები. ის კომპანიები კი, რომლებიც ლონდონური თამაშებისათვის ობიექტებს აშენებენ, იმედოვნებენ, რომ ნაღვაწით თავს მოიწონებენ და შემდეგი, 2016 წლის ბრაზილიის ოლიმპიადისათვის ახალ კონტრაქტებს ხელს გამოკრავენ.
თავისთავად ცხადია, გამორჩეულ ხეირს ოლიმპიური თამაშებიდან კორპორატიული სპონსორები მიიღებენ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ოლიმპიადას მხოლოდ ერთჯერადი გავლენის მოხდენა შეუძლია, Moody’s-ის სპეციალისტთა აზრით, იგი რეიტინგებზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს. კომპანიები, რომლებიც სპონსორობით ყველაზე დიდ მოგებას მიიღებენ, არინ: Coca-Cola, McDonald's, Lloyds Banking Group, British Airways და BP.
უნდა ითქვას, რომ ლონდონის ოლიმპიადისათვის მზადებას ბრიტანეთის ეკონომიკის მომავლისათვის მნიშვნელოვანი დადებითი მომენტი მაინც ახლავს. ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობა შემდეგ კარგა ხნის მანძილზე იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მზადება კრიზისიდან გამოსასვლელად გამოსადეგ ტრამპლინად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ბრიტანეთის ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული ევროპაში მიმდინარე პროცესებზე. ძალიან ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სანამ ევროპაში კრიზისი იმძვინვარებს, იქამდე ძნელი წარმოსადგენია ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიიდან გამოვიდეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მასშტაბური სპორტული ღონისძიებები ნაკლებად ხდება ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი ფაქტორი. პირიქით, ისინი ხელს უწყობს სახელმწიფო ვალის ზრდას და კრიზისის პროვოცირებას. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდ სპორტულ ობიექტებში ჩადებული ინვესტიციების ამოღება ძალიან გვიან ხდება. ამის ნათელი მაგალითია საბერძნეთი, რომლის ვალების ზრდის ტემპმა 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ გვარიანად მოიმატა.
ბრიტანეთის ეკონომიკა, ცხადია, უფრო ძლიერია და ობიექტების მშენებლობაც უფრო აწონ-დაწონილად მიმდინარეობდა. მაგრამ მაინც, ოლიმპიადის შემდეგ ეკონომიკის გამოცოცხლების არსებული დრაივერები უკვალოდ გაქრება.