მანანა კობახიძე: IRI და NDI ალბათ უნდა დაფიქრდნენ, ვის ატარებინებენ კვლევებს

მანანა კობახიძე: IRI და NDI ალბათ უნდა დაფიქრდნენ, ვის ატარებინებენ კვლევებს

გუშინ IRI -ს კვლევის შედეგების კომენტირებისას „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ კოალიცია IRI-ს კვლევებს არ ენდობა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან თითქმის მთელს ოპოზიციურ სპექტრს, თუ არ ჩავთვლით ქრისტიან-დემოკრატებს, ამ კვლევის შედეგების მიმართ ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომ, დღეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელის, ლუის ნავაროს განცხადება იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს მხარს უჭერს, ცოტა უნცაური იყო. 

ეს განცხადება ნავარომ ზუგდიდიში ირაკლი ალასანიას  ადგილობრივებთან შეხვედრისას გააკეთა.

„რაც შეეხება რეიტინგებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არის საკითხები რომლებზეც არ გამოგვდის თანამშრომლობა და ასევე არის საკითხები, რომლებზეც ვთანამშრომლობთ „ქართულ ოცნებასთან“. NDI ახორციელებს სხვა პროექტებსაც, რაშიც „ქართული ოცნება“ მხარს გვიჭერს,“- აღნიშნა ნავარომ.

მართლაც ენდობა თუ არა „ქართული ოცნება“ NDI-ს კვლევებს, ამ კითხვით presage.tv-მ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარეს მანანა კობახიძეს მიმართა.

მანანა კობახიძე: „გეტყვით რასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, რა თქმა უნდა, ამერიკულ ინსტიტუტებს ჩვენ ვენდობით და ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ პრეტენზია არ გვაქვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც რეალურად ატარებენ ამ კვლევებს, ანუ უშუალოდ მათ აქვთ კონტაქტი იმ სამიზნე ჯგუფებთან, ვისგანაც ინფორმაციას იღებენ. შეიძლება ამ ორგანიზაციებს აღნიშნული საქმის კეთების დიდი გამოცდილება აქვთ და თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ გამოკვლევებს უნდა ვენდოთ, რადგან ჩვენთვის უცნობია, როგორ ახორციელებენ ისინი ამ კვლევებს, ვინ ახდენს გამოსაკითხი ადამიანების შერჩევას, როგორ მანიპულირებენ ამ მონაცემებით და შემდეგ რას აწვდიან IRI-ს ან NDI-ს. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენს პრეტენზია. მიგვაჩნია, რომ ის შედეგები, რაც დაიდო, არსებულ სიტუაციას აბსოლუტურად არ ასახავს.

როდესაც ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მილიონზე მეტი ადამიანია, არის უკიდურესი სიდუხჭირე და სოციალურად ძალიან მძიმე ფონი, ასეთ სიტუაციაში წარმოუდგენელია, მოსახლეობას „ნაცმოძრაობის“ ნდობა ჰქონდეს და ამ ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდეს. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის ორგანიზაციები (ქართული), რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ, ციფრებით მანიპულირებენ. შესაბამისად, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ კვლევის შედეგებს არ ვენდობით, მაგრამ პრეტენზია გვაქვს არა ამერიკელების, არამედ ჩვენი, ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართ. პროფესიონალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ კვლევებს ობიექტურად ატარებენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს შედეგები, რაც დაიდო, მიმართულია იმისკენ, რომ შექმნან საზოგადოებრივი აზრი, რომ თითქოს მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ ნდობა არსებობს, რაც არ შეესაბამება იგივე კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც ქვეყანა ეკონიმიკური განვითარებით უამრავ სხვა ქვეყანას შორის, პრაქტიკულად, ბოლო ადგილზეა, უმძიმესი ვითარებაა სოციალური თვალსაზრისით, ჯანდაცვის კუთხით და ა.შ.

თქვენ ამბობთ, რომ პრეტენზია გაქვთ ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომლებიც ამ კვლევებს ატარებენ. უკვე მერამდენედ ხდება მსგავსი კვლევები საზოგადოების კრიტიკის საგანი და როგორ ფიქრობთ, ამერიკულმა მხარემ არ იცის ვის უკვეთავს ამ კვლევებს? ანუ მათთვის უცნობია, რომ ეს ადგილობრივი ორგანიზაციები სობიექტურები არიან?

- ზოგადად, როგორც ჩანს, ამ ორგანიზაციების პროფესიონალიზმი არის განმსაზღვრელი, ანუ შესაძლებელია ამ შემთხვევაში დამკვეთები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ ორგანიზაციებში პროფესიონალები მუშაობენ, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, პროფესიონალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან მართვადი ხელისუფლების მიერ და ციფრებით არ მანიპულირებენ.

უხეშ შედარებას მოვიყვან, მაგალითად ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი არიან პროფესიონალები, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან არჩევნების გაყალბებაში. ალბათ, დამკვეთები მაინც უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ ვის ატარებინებენ კვლევებს და ეს მათი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

ქალბატონო მანანა, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ პასიურობასთან დაკავშირებით ხშირად ისმის პრეტენზიები. ფაქტობრივად საზოგადოების ამგვარი განწყობა აისახა კვლევის შედეგში. როგორ ფიქრობთ, კვლევა ამ ნაწილშიც არ ასახავს რეალობას?

- დღევანდელი შეხვედრა, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, არის სწორედ იმის მაგალითი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში აქტიურობა დაიწყო. ეს ძალიან ხალხმრავალი შეხვედრა იყო და ჩვენ უკვე რეგიონებში ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს ვიწყებთ. არჩევნებამდე კიდევ ხუთი თვეა და დამეწრმუნეთ, ნამდვილად დავანახებთ საზოგადოებას იმას, რომ ჩვენ ვართ სერიოზული, რეალური ძალა ხელისუფლების დასამარცხებლად. ეს კვლევები ჩვენ არ გვაშინებს.